დიდი ვაჭრობა კავკასიონის ფონზე

დიდი ვაჭრობა კავკასიონის ფონზე

სამუზეუმო «ჰამერი»

        ობამა - მედვედევის «ისტორიული» შეხვედრა იწყება 6 ივლისს, როდესაც მთავრდება რუსული შეიარაღებული ძალების სწავლებები «კავკასია 2009».
        ბუნებრივია, როგორც მანევრების ჩატარება, ასევე დასრულების თარიღი დიპლომატიურ მუქარად უნდა ჩაითვალოს. არტილერიის ბათქა - ბუთქი კავკასიაში, სადაც შარშან რუსეთმა არა მხოლოდ საქართველო, არა მარტო ჯორჯ ბუში, არამედ ამერიკაც დაამცირა, - ცუდ ფონს შექმნიდა უშუალოდ მოლაპარაკების დროს;
        მაგრამ მოლაპარაკებათა დაწყების დღეს სწავლებების შეწყვეტა დიპლომატიურ ენაზე სათქმელს უკვე მაინც ამბობს და ზედმეტი კომენტარებიც საჭირო აღარ ხდება.
        პრაიმ-ტაიმის ცნობით, სწორედ მოსკოვის შეხვედრის წინ, რუსეთისა და ამერიკის შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბების უფროსთა სიამტკბილური საუბრისას, გენერალმა მაკაროვმა – გენერალ მალენს განუცხადა, რომ რუსეთი აპირებს დაუბრუნოს ამერიკის შეერთებულ შტატებს «ჰამერის» სამხედრო მანქანები, რომლებიც რუსულმა არმიამ შარშან ფოთში ჩაიგდო ხელთ.
        ამ მანქანების გაყვანა ამერიკელებმა, რომლებიც ქართულ არმიასთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებში მონაწილეობდნენ, ომის დაწყებამდე ვერ მოასწრეს.
        ქართულ-ამერიკულ სამხედრო სწავლებებს «დაუყოვნებელი პასუხი» ეწოდებოდა. ეს «დაუყოვნებელი პასუხი» იმაში გამოიხატა, რომ ამერიკელები საქართველოდან სასწრაფოდ გაფრინდნენ, მაგრამ ისე, რომ მანქანების წაყვანა ვერ მოასწრეს. რუსებმა კი «ჰამერები» მოსკოვის მუზეუმში გამოფინეს და თვეობით ტკბებოდნენ ქართველების და ამერიკელების დამცირებით.
        ახლა შეიძლება კიდეც დაუბრუნონ – კეთილი ნების ჟესტის სახით.

შავკანიანი ოფიციანტი და მოსკოვური ნაყინი

        საერთოდ, დიპლომატიის ენას ამგვარი შეხვედრებისას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. რაც უფრო მნიშვნელოვანია მოლაპარაკება, მით უფრო მახვილგონივრულია დიპლომატიური ჟესტი.
        მაგალითად, როდესაც 90-იანი წლების ბოლოს მოსკოვს პრეზიდენტი კლინტონი ეწვია, რუსმა «პროტოკოლისტებმა» ნატოს პირველი გაფართოებისათვის სამაგიერო იმით მიუზღვეს, რომ საშუალო სკოლაში მიიყვანეს, რითაც დასცინეს – პატარა ბავშვებთან ხომ ის ადამიანი საუბრობდა, ვისაც მთელი მსოფლიო აბუჩად იგდებდა მონიკა ლევინსკისთან დაკავშირებული სექსუალური სკანდალი გამო.
        მოსკოვში ობამასაც უმზადებენ სიურპრიზებს, რათა დაამცირონ და მისი ადგილი მიუჩინონ: ამერიკის პრეზიდენტად ზანგის არჩევა რუსებს იმ აზრით არ ეპიტნავათ, რომ მსოფლიოში «ობამამანია» ამერიკის პრესტიჟსა და პოპულარობას ზრდიდა. ამიტომ რუსი დიპლომატები აქაც იგონებენ პატარ-პატარა სისაძაგლეებს: Bბუნებრივია, ბარაკ ჰუსეინ ობამას არავინ ეტყვის «შე ნიგეროო» (თუმცა ყველაზე ცნობილი რუსი პუბლიცისტები წერენ: ამერიკული პოლიტკორექტულობა ჩვენ რატომ უნდა გავიზიაროთ – «ნეგრი» ლიტერატურული რუსული სიტყვააო») მაგრამ ზესახელმწიფოს პრეზიდენტის კანის ფერისა და რასის ხაზგასასმელად სხვა ეშმაკობები არსებობს: პროტოკოლისტებმა მიიღეს მითითება, რომ ოფიციალურ სადილზე ოფიციანტთა უმრავლესობა სპეციალურად მოწვეული ზანგი იყოს, ყველა აპარტამენტში არაბუნებრივად ბევრი თეთრი ფერი სჭარბობდეს და ობამას ხშირად შესთავაზონ ნაყინი, რაც ზანგებისათვის «რასობრივ სასუსნავად» ითვლება.

კრემლის ბაზრობა

        ეს, რაც შეეხება პროტოკოლსა და დიპლომატიურ «ნამიოკებს», შინაარსობრივად კი, ობამასა და მედვედევის შეხვედრა ნამდვილი პოლიტიკური ვაჭრობა იქნება, რომელიც ათწლეულობით განსაზღვრავს მოსკოვისა და ვაშინგტონის ურთიერთობებს.
        ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ის გვაღელვებს, რას მოუტანს სამიტი საქართველოს, თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ დამაიმედებელი ბევრი არაფერია. საქართველო არასდროს ყოფილა ამერიკისათვის არც პირველი, არც მეორე და არც მეათე პრიორიტეტი – მიუხედავად პრეზიდენტ ბუშის პირადი დამოკიდებულებისა.
        მით უმეტეს, ბარაკ ობამას და მის ახალ გუნდს უფრო მნიშვნელოვანი პრიორიტეტები აქვს.
        პირველი: ახლო აღმოსავლეთი, ისრაელი, ირანი და მისი ბირთვული პროგრამა, რასაც განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა ამჟამად ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მიმდინარე პროცესებმა. ამ პრობლემას უმჭიდროესად უკავშირდება წინააღმდეგობათა მთელი კომპლექსი, რომელთა კვანძი გადახლართულია აღმოსავლეთ ევროპასთან, სტრატეგიული შეიარაღების შემცირებასთან, ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებთან და ასე შემდეგ.
        მეორე: ავღანეთი და იქ მიმდინარე სამხედრო ოპერაცია;
        მესამე: ჩრდილო კორეის ბირთვული შიარაღების საკითხი. ირანში ატომურ ბომბს მხოლოდ ახლა ამზადებენ, ხოლო ჩრდილო კორეა უკვე მის გამოცდას ატარებს
        მეოთხე: სტრატეგიული ბირთვული არსენალის შემცირება, რაც ობამასათვის პირადი ინიციატივაა და მისთვის განსაკუთრებით ძვირფასია, - ეს შესანიშნავად იციან მოსკოვში და აუცილებლად გამოიყენებენ
        აი, მხოლოდ ამის შემდეგ მოდის პოსტსაბჭოური სივრცე, რომელზეც ამერიკას ნამდვილად არ სურს ერთიანი მოსკოვური სახელმწიფოს აღდგენა, მაგრამ რუსები უკვე ჩასჩურჩულებენ, რომ საქართველოს 2008 წლის პრეცედენტი «გამონაკლისი იყო» და აღარ განმეორდება – ღირს კი საქართველოსთვის თავის ატკივება და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხების გართულება? ვაშინგტონს ხომ სჭირდება რუსეთის მხარდაჭერა ყველა ჩამოთვლილ თემაზე?
        მოსკოვის შეხვედრა სწორედ ამ ცინიკური ვაჭრობის ფონზე ჩაივლის და ყველა სხვა საკითხში (საქართველოს გარდა) მედვედევი ამერიკელ სტუმარს აგრძნობინებს (შესაძლოა მხოლოდ აგრძნობინოს, ანუ იმედი გაუჩინოს) რომ კომპრომისი შესაძლებელია:
        ირანის წინააღმდეგ სანქციების გარკვეულ გამკაცრებას მოსკოვი მხარს დაუჭერს ისევე, როგორც მხარი დაუჭირა რეზოლუციას ჩრდილო კორეის მიმართ;
        თანხმობას განაცხადებს რუსეთის ტერიტორიის გავლით ავღანეთში სამხედრო ტვირთების გადატანაზე;
        არ გამორიცხავს ბირთვული მუხტებისა და რაკეტების შემდგომ შემცირებას და ასე შემდეგ.
      

  პუტინ-მედვედევის მესიჯი

        არც ერთი ეს საკითხი მოსკოვში, რა თქმა უნდა, საბოლოოდ არ გადაწყდება, მაგრამ მედვედევი (მისი სახით, რასაკვირველია პუტინი) ამერიკელებს უგზავნის მათთვის გასაგებ «მესიჯს», რომ ყოფილი იმპერიის სივრცეზე (მათ შორის საქართველოში) მიმდინარე პროცესებს უფრო გულგრილად მოეკიდონ.
        მეტი არც იქნება საჭირო – საკმარისია ამერიკა აქტიურად აღარ ჩაერიოს (ისევე, როგორ ფაქტობრივად «ხელები დაიბანა» გასული წლის აგვისტოში) და მოსკოვი თავის საქმეს უხმაუროდ თუ ხმაურიანად, სწრაფად თუ ნელა, სამხედრო თუ ენერგეტიკული ძალით, მაგრამ მაინც გააკეთებს.
        ზემოთჩამოთვლილი ამერიკული პრიორიტეტების საწინააღმდეგოდ, რუსეთს სინამდვილეში ერთადერთი ნამდვილი პრიორიტეტი აქვს: პოსტსაბჭოური სივრცე, საიდანაც უკან დახევას იგი არ აპირებს, ხოლო ყველაფერი დანარჩენი მხოლოდ სავაჭრო თემაა.
        ახლა კი დავსვათ მარტივი კითხვა: რამდენ ხანს გაუძლებს ამერიკა და დასავლეთი ასეთ «ცდუნებას», როდესაც მისთვის მეათეხარისხოვანი საკითხების გაცვლას სთავაზობენ პრიორიტეტულ საკითხებში?
        თავს ნუ მოვიტყუებთ!
        ბუნებრივია, ობამა შეეცდება სტატუს-კვოს შენარჩუნებას, ანუ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას არ სცნობს, მაგრამ არც ძალიან გაამწვავებს ამ საკითხს.

საქართველო – ხურდად?

        თუმცა მოსკოვს შემთხვევით არ დაუწყია და დაუმთავრებია სამხედრო მანევრები სწორედ ვიზიტის წინ. ამას მოსკოვშიც არავინ უარყოფს. ცნობილმა ჟურნალისტმა, ოლეგ პანფილოვმა «პრაიმ-ტაიმს» განუცხადა, რომ «მოსკოვის შეხვედრაზე არსებული რეალობის დადასტურების გარდა არაფერი მოხდება. ამერიკა სცნობს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ რუსეთი თავის პოზიციას არ შეცვლის.
        ოლეგ პანფილოვის აზრით, ავღანეთის მიმართულებით სამხედრო ტრანზიტის ნებართვას კომერციული მოსაზრებები უდევს საფუძვლად, ანუ რუსული კლანების დაინტერესება: «საკმაოდ კარგი ფული ღირს ეს ტრანზიტი და ჩვენები ამ ფულს, რა თქმა უნდა, ხელიდან არ გაუშვებდნენ» - აცხადებს პანფილოვი.
        თუმცა იგი აღიარებს, რომ ნატო ასეთ კომერციულ პროექტებს ადრეც სთავზობდა რუსეთს, მაგრამ მაშინ უარს იღებდა. მისი თქმით, მანევრები «კავკასია 2009» «პირველ რიგში გენერალთა ამბიციის გამოხატულებაა».
        «რუსეთი არ მოეშვება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფოს აღდგენის მცდელობას სხვადასხვა მეთოდებით მიუხედავად იმისა, რომ კრემლი იზოლაციაში აღმოჩნდა. ამიტომ პუტინს და მედვედევს ისღა რჩებათ, ახალი «რკინის ფარდა» ჩამოაფარონ რუსეთის საზღვრებს» - ამბობს პანფილოვი «პარიმ-ტაიმთან» საუბარში.
        თუმცა, სტალინის ეპოქისაგან განსხვავებით, «რკინის ფარდის» ჩამოფარება დღეს არც მოსკოვს სურს და არც ვაშინგტონს.