«დიდგორი» - სახალხო პარტიის ნაკლებად საიმედო საარჩევნო ნავსაყუდელი

«დიდგორი» - სახალხო პარტიის ნაკლებად საიმედო საარჩევნო ნავსაყუდელი

        6 სექტემბერს, საღამოს 18 საათზე, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში დასრულდა პოლიტიკური პარტიებისა და ბლოკების რეგისტრაცია. სხვებთან ერთად სარეგისტრაციო განცხადება შეიტანა ზეახალმა ბლოკმა «სახალხო პარტია – დიდგორი», ანუ «სახალხო – დიდგორი».
        როგორც ჩანს, სახალხო პარტიის მოლაპარაკებები სერიოზულ (ანგარიშგასაწევ) პოლიტიკურ ძალებთან გაერთიანების თაობაზე, წარუმატებლად დასრულდა და მისი ლიდერებიც «სიმბოლური ბლოკის» შექმნას დაჰყაბულდნენ.
        ასეა თუ ისე, «სახალხოელებმა» საბოლოოდ მაინც «ისინდისეს» და ე.წ. ბათუმურ ბლოკში არ გაერთიანდნენ; ბლოკში, რომლის მეშვეობით მომავალ პარლამენტში რამდენიმე ადგილი გარანტირებული ექნებოდათ. ეგ არის, «ბათუმური ბლოკის» იდეოლოგია ეწინააღმდეგებოდა მათ პრინციპებს.
        ცოტა არ იყოს, გაუგებარია, რატომ არ სცადა «სახალხომ» ყველა იმ პარტიასთან გაერთიანება, რომლებთანაც ახლო ურთიერთობა ჰქონდა «ეროვნული მოძრაობის» ეპოქაში – მაგალითად, «მერაბ კოსტავას საზოგადოებასთან», «ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიასთან», «ილია ჭავჭავაძის საზოგადოებასთან», «სახალხო ფრონტთან» და ა.შ.
        სრულებითაც არ არის გამორიცხული, აქაც «იდეოლოგიურმა» სხვაობამ იჩინა თავი. ყოველ შემთხვევაში, მოლაპარაკება ასეთი გაერთიანების თაობაზე ნამდვილად მიმდინარეობდა, მაგრამ მამუკა გიორგაძის დასკვნის თანახმად «იმათ პროგრამაში მეტი რომანტიზმი და ნაკლები რეალიზმია».
        ეს ფრაზა ბევრს აუჩუყებდა გულს, ვინაიდან უკვე მრავალი ხვდება (საბედნიეროდ, ახლა მაინც) - 1988 წლიდან «მოძრაობის» მოქმედებაში ნაკლები რომანტიზმი და მეტი პრაგმატიზმი», რომ ყოფილიყო, შესაძლოა საქართველოს ისტორია ისე ტრაგიკულად არ წარმართულიყო, როგორც წარიმართა.
        აქვე შეუძლებელია არ ითქვას ერთი უცნაურობის შესახებაც. მკითხველი ადვილად შეამჩნევდა, რომ «სახალხოელები» ხშირად ამბობენ ასეთ ფრაზას: «სახალხო პარტიის 20 წლის არსებობის განმავლობაში...» «საქართველო 20 წელია იცნობს სახალხო პარტიას»... არადა, 20 წლის წინ «სახალხო» პარტია საერთოდ არ არსებობდა. 1979 წელს, გია ჭანტურიამ და მისმა მეგობრებმა დააარსეს (აღადგინეს) «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია».
        როგორც ჩანს, «სახალხოს» ამჟამინდელი ლიდერები ასე ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სწორედ ისინი არიან ნამდვილი «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია», მაგრამ საეჭვოა, ამგვარმა მცდელობამ შედეგი გამოიღოს. თუმცა, დღევანდელი «სახალხო პარტია» ნამდვილად არის «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» ყოფილი ელიტა. გია ჭანტურიას უდიდესი დამსახურება ქართული პოლიტიკის წინაშე იმაში მდგომარეობს, რომ მან (ერთადერთმა) შეძლო ჩამოეყალიბებინა ნამდვილი პარტია – გამოკვეთილი ლიდერით, ელიტით და მკაცრი იერარქიით. სწორედ ეს «იერარქია» იყო ედპ-ს თავმჯდომარის პოლიტიკური და ორგანიზაციული ნიჭიერების დადასტურება.
        ამ თვალსაზრისით, «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» ნამდვილად შეესაბამებოდა ჭეშმარიტი პარტიის უმთავრეს ნიშან-თვისებას და შეეძლო ხელისუფლებაში მოსვლა ფართო გაგებით – სახელმწიფოს ყველა იერარქიულ საფეხურზე.
        ირინა სარიშვილი-ჭანტურიასა და ედპ-ს ყოფილ ელიტას შორის კონფლიქტმა ეს იერარქია დაანგრია. ახლა კი, ჯერჯერობით ვერ შეიქმნა, ვინაიდან ამას წლები სჭირდება... წლებიც სჭირდება და გია ჭანტურიაც.
        რაც შეეხება «სახალხოს» ალიანსს «დიდგორთან» - შესაძლოა, ეს ედპს ყოფილი ელიტის გამოსათხოვარი ან კარის გაჯახუნება იყოს. «დიდგორის» ხელმძღვანელი გოგი ოჩიაური ცნობილი მოქანდაკეა და «ზვიადისტებში» საკმაოდ დიდი ავტორიტეტის სარგებლობს; უმთავრესად იმის გამო, რომ პრინციპულ პოზიციაზე იდგა 1991-1992 წლების მოვლენებისას, - 1991 წლის 22 დეკემბერს, როდესაც რუსთაველზე უკვე ქუხდა კიტოვანის დაუვიწყარი «ჰაუბიცა», გოგი ოჩიაური ჯერ კიდევ მოქმედი ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, რომ «ხელისუფლების ძალით დამხობა არის უდიდესი შეცდომა, რაც უბედურების მეტს არაფერს მოუტანს ქვეყანასო».
        ძნელი დასაჯერებელია, «სახალხოს» იმ მოვლენებზე თავისი წარმოდგენა და შეხედულება შეეცვალა – უბრალოდ, გოგი ოჩიაური პიროვნულად პატიოსანი კაცია და «სახალხო», შესაძლოა, დიდ პოლიტიკასთან სიმბოლურ-რომანტიული ჟესტით აპირებს გამოთხოვებას.

მერიდიანი, 8 სექტემბერი, 1999 წელი