დემურ დვალიშვილის «ვალებს» ოპოზიციას გაასტუმრებინებენ

დემურ დვალიშვილის «ვალებს» ოპოზიციას გაასტუმრებინებენ

 

    რამდენიმე დღის წინ პროკურატურის პრეს-ცენტრმა გამოაქვეყნა მეტად ნიშანდობლივი და მრავლისმთქმელი განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ «ბოლო დროს კვლავ შეიმჩნევა საზოგადოების ინტერესი ე.წ. «დვალიშვილის «ჟურნალის» მიმართ. ჩვენ მზად ვართ გამოვაქვეყნოთ ეს დოკუმენტი, რათა ბოლო მოეღოს ჭორებს».
    არავითარი «განსაკუთრებული ინტერესი» ამ დოკუმენტის მიმართ «ბოლო დროს» არ შეიმჩნეოდა; პირიქით, საზოგადოებას თითქმის დაავიწყდა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტიც და მისი «დავთარიც», მაგრამ პროკურატურის მიზანი ადვილი «გასაშიფრია». როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ მოვიდა დრო გამოაქვეყნოს «ძლიერმოქმედი კომპრომატი», რათა საბოლოოდ გაანადგუროს პოლიტიკურად ის დაჯგუფებანი, რომლებიც მისთვის პოტენციურად საშიშნი არიან.
    საყურადღებოა, რომ არავითარი საბაბი თითქოს ამჟამად არ არსებობს, ოპოზიცია (როგორც საპარლამენტო, ასევე გარესაპარლამენტო) აქტიურად არ ებრძვის ხელისუფლებას (ყოველ შემთხვევაში, ქუჩებში ბარიკადებს აღარ აშენებს), მაგრამ პოლიტიკურ მოწინააღმდეგეთა დისკრედიტაცია სწორედ მანამ არის აუცილებელი, სანამ ისინი ამ მასალების «საპასუხო პროვოკაციად» და «ცილისწამებად» გამოაცხადებენ.
    საქმე ის გახლავთ, რომ «დვალიშვილის დავთარი» აღნუსხავდა ყოფილი პარლამენტის არა მხოლოდ «უმრავლესობის», არამედ «უმცირესობის» წევრთა აქტიურობას; ეროვნულ ბანკში კრედიტების მოპოვებაზე «მუშაობა» ყოფილ პარლამენტართა საქმიანობის ძირითადი მიმართულება გახდა. ისინი ძალზე ადვილად წამოეგენ ხელისუფლების მიერ ნასროლ ანკესზე და «კაი ფულიც» იშოვეს; მადლიერი ბიზნესმენები, რომლებიც ე.წ. «სავალუტო ბირჟაზე» სპეკულაციების შედეგად მილიონერები გახდნენ, თავიანთ პარლამენტარ (მათ შორის ოპოზიციონერ) კეთილისმყოფელებს «უპატივცემულოდ», რასაკვირველია, არ დატოვებენ.
    დღეს ბევრი ყოფილი «ოპოზიციონერი» თუ ზოგადად «პოლიტიკური მოღვაწე», რომელიც აქტიურად მონაწილეობდა «ეროვნულ მოძრაობაში», სახლშია გამოკეტილი და საერთოდ ჩამოშორდა პოლიტიკას; ზოგიერთი მათგანი კი კვლავ აქტიურობს და შეიძლება პრობლემებიც შეუქმნას ხელისუფლებას; «დვალიშვილის დავთარის» გამოქვეყნება ნათელს მოჰფენს იდუმალებით მოცულ ბევრ «ფინანსურ ოპერაციას». რასაკვირველია, «დავთარში» ყოფილი «უმრავლესობის» წევრებიც არიან, რომლებიც დღესაც აქტიურად მოღვაწეობენ პარლამენტში. მაგრამ ამჟამად პოლიტიკურ სცენაზე თვისობრივად განსხვავებული ვითარებაა. საპარლამენტო უმრავლესობას «დიდმა წმენდამ» შეიძლება კიდეც არგოს და უფრო გააძლიეროს მისი პოზიციები.
    დემურ დვალიშვილი რაციონალისტი იყო. იგი, რასაკვირველია, არ გადადგამდა საბედისწერო ნაბიჯს და თავს არ მოიკლავდა, სრულად რომ არ ჰქონოდა გაცნობიერებული იმ დოკუმენტის ძალა, რომელიც პროკურატურამ ჩაიგდო ხელთ.
    ამდენად, «კომპრომატი» მართლაც «ძლიერმოქმედია» და შეიძლება ნამდვილად სენსაციურად იქცეს. თუ ზოგიერთი მოღვაწის ბოლოდროინდელ საქციელს დავაკვირდებით, უეჭველად შევამჩნევთ, რა უცნაურად «ირხევიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა» - ეს გაურკვევლობისა და (ერთდროულად) შიშის გამოვლინებაა.
    ბოლოს და ბოლოს, არავინ იცის ზუსტად, რა წერია დავთარში (პროკურატურის გარდა) ან კონკრეტულად რომელი საქმეა მასში ასახული რა მონაცემებით, რა შინაარსით, რა საბუთებით. ზოგიერთ პოლიტიკანს ძალიან ძვირად შეიძლება დაუჯდეს «კუპონის ინფლაციურობაზე თამაში» განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ «დვალიშვილის დავთართან ერთად» წინა პარლამენტში ჩატარებული ზოგიერთი კენჭისყრის შედეგებიც გამოქვეყნდება.

«მერიდიანი», 6 დეკემბერი, 1996 წელი.