დევნილთა ყრილობამ ახალი ომისაკენ მოგვიწოდა

დევნილთა ყრილობამ ახალი ომისაკენ მოგვიწოდა

    კვირას მუშაობა დაასრულა საქართველოს დევნილთა ყრილობამ, რომელმაც, როგორც მოსალოდნელი იყო, მიიღო რადიკალური რეზოლუცია აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან რუსეთის «საოკუპაციო ჯარების» გაყვანის მოთხოვნით. პერსპექტივაში იკვეთება რუსეთის ჯარის გაყვანა მთლიანად საქართველოს ტერიტორიიდან. ამ საკითხში შესაშური ერთსულოვნება გამოიჩინა როგორც აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, ასევე «დევნილთა საკოორდინაციო კომიტეტმა», რომელსაც, თავის მხრივ, «უნდობლობა» გამოუცხადა პარლამენტარმა თორნიკე ფიფიამ. მისი აზრით, არანაირ რეზოლუციას და დეკლარაციას აზრი არა აქვს, ვინაიდან «ხელისუფლება მათ არ შეასრულებს, ისევე, როგორც არ შეასრულა უფრო წარმომადგენლობითი ორგანოს - პარლამენტის დადგენილება». ამდენად, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა (თორნიკე ფიფია ირაკლი წერეთლის უახლოესი თანამებრძოლი და თანამოაზრეა) ყრილობას ანტისამთავრობო გამოსვლებისაკენ მოუწოდა, რათა მათ ზეწოლა მოეხდინათ ხელისუფლებაზე და აეძულებინათ იგი, დათმობაზე წასულიყო, ანუ მოეთხოვა რუსეთის ჯარის ენგურის სანაპიროდან გაყვანა.
    ეს მოთხოვნა, რა თქმა უნდა, ლტოლვილთა საერთო განწყობას გამოხატავს, მაგრამ საეჭვოა, დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ მათ რაიმე მასობრივ აქციას მიმართონ. ედუარდ შევარდნაძემ მიაღწია ისეთი ვითარების შექმნას, როდესაც ომი აფხაზეთში არა მხოლოდ მისთვის, არამედ მთლიანად პოლიტიკური ელიტისთვისაა მიუღებელი. ამრიგად, თუ ლტოლვილები «ქუჩაში გავლენ», ისინი მთელ ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს დაუპირისპირდებიან და მათ მოქმედებას დაგმობს არა მხოლოდ ხელისუფლება, არამედ ოპოზიციაც - აქაოდა, «ნავთობსადენის» პროექტი შეიძლება ჩაიშალოსო.
    ამას, რასაკვირველია, კარგად ხვდებიან თავად ლტოლვილები. ბორის კაკუბავას გამოსვლაშიც თუმცა შეფარულად, მაგრამ მაინც გაიჟღერა კომპრომისულმა ნოტამ - იქნებ, პარტიზანული ომი სჯობდესო. თუ ლტოლვილთა მოძრაობა ამ გზას აირჩევს, მაშინ მან არათუ სამშვიდობო ჯარების გაყვანა არ უნდა მოითხოვოს, არამედ პირიქით, ყველანაირად უნდა შეუწყოს ხელი მათ დატოვებას ენგურზე, ვინაიდან პარტიზანულ-დივერსიული ომის წარმოებისას რუსი «მშვიდობისმყოფელების» ენგურთან ყოფნა იმის გარანტიას მაინც იძლევა, რომ ყოველი პარტიზანული აქციის შემდეგ აფხაზები ზუგდიდს არ დაბომბავენ. რუსებს ეს ჯერჯერობით ხელს არ აძლევთ. სამაგიეროდ, პარტიზანები თავისუფლად იმოქმედებენ აფხაზეთის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე - გალიდან სოხუმამდე.
    მოსალოდნელია, რომ ლტოლვილთა უმეტესობა არც ამ გზას აირჩევს, რადგან ფართომასშტაბიანი ომისათვის დღეს საქართველო მზად არ არის. რეალური ომის დაწყებისათვის არც საერთაშორისო პირობები მომწიფებულა, არც ამ საკითხებთან დაკავშირებით მიუღიათ ლტოლვილთა რეზოლუცია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დადგენილებაც არათუ შევარდნაძეს, არამედ მთლიანად ქართულ ისტებლიშმენტს ვერ აიძულებს, «ააყირავოს ნავი», რომელშიც ყველანი ერთად სხედან.

მერიდიანი, 12 აგვისტო, 1997 წ.