დაუსჯელი ბოროტება და გულში ჩაკლული ბოღმა

დაუსჯელი ბოროტება და გულში ჩაკლული ბოღმა - ეროვნული მოძრაობა

დაუსჯელი ბოროტება და გულში ჩაკლული ბოღმა

9 აპრილი უდიდესი მნიშვნელობის ტეხილია საქართველოს უახლეს ისტორიაში. გასულ საუკუნეში პოლიტიკურ პროცესებზე გავლენით  მას ვერც ერთი მოვლენა ვერ შეედრება, გარდა 9 მარტისა.
    ეთნოფსიქოლოგიური ზეგავლენის მხრივ კი 9 აპრილმა გაცილებით დიდი როლი შეასრულა, ვიდრე, ვთქვათ, ილია ჭავჭავაძის მკვლელობამ 1907 წელს, საქართველოს გასაბჭოებამ 1921 წელს, ან 1937 წლის რეპრესიებმა.
    ვიმეორებ: ყველა ამ თვალსაზრისით, 9 აპრილს მხოლოდ 1956 წლის 9 მარტი შეიძლება შეედაროს. მეტიც, 9 აპრილი - 9 მარტის შედეგი იყო. თუმცა ეს სხვა საუბრის თემაა.
   

    10 აპრილსვე ეროვნული ცნობიერების დომინანტი გახდა უდიდესი დამცირების, შეურაცხყოფის გრძნობა, დამძიმებული ყველა იმ კომპლექსით, რაც ქვეცნობიერად ისედაც ახასიათებდა და ახასიათებს ქართულ საზოგადოებას. შეურაცხყოფის მწველმა შეგრძნებამ კიდევ უფრო გააღრმავა და გააძლიერა ეს კომპლექსები.
    მაგრამ მთავარი შეურაცხყოფა კი არ იყო, არამედ ის გარემოება, რომ ეს იყო უპასუხო შეურაცხყოფა ანუ დანაშაული, რომელიც დაუსჯელი დარჩა.
    საზოგადოებრივ ცნობიერებაზე უდიდესი დამანგრეველი ზეგავლენა იქონია იმან, რომ 9 აპრილის შემდეგ საქართველოში, ფაქტობრივად, არაფერი შეცვლილა.
    წარმოვიდგინოთ ასეთი ვითარება: 9 აპრილის შედეგად აგორდა პროტესტისა და წინააღმდეგობის მძლავრი ტალღა მთელს საბჭოთა კავშირში, დაემხო იმპერია და საქართველომ მოიპოვა დამოუკიდებლობა. ამ შემთხვევაში, თვით 9 აპრილის მოვლენა ვეღარ მოახდენდა გამანადგურებელ ზეგავლენას ეროვნულ ცნობიერებაზე. პირიქით, შეარბილებდა კიდეც არასრულფასოვნების შეგრძნებას, ვინაიდან ეს იქნებოდა დასჯილი ბოროტება.
    რეალობაში კი ბოროტებამ იზეიმა: მან ჩაიდინა დანაშაული, რომელიც არ დაისაჯა.
    მართლაც, საქართველოში 9 აპრილის შემდეგ უმალვე არაფერი შეცვლილა. საქართველო იძულებული გახდა, გადაეყლაპა შეურაცხყოფა, გულში ჩაეკლა ბოღმა. ამან დაანგრია ფასეულობათა მწყობრი სისტემა, - ბოროტისა და კეთილის ცნებათა მიმართება, მათი აღქმა, - რისი არსებობაც სასიცოცხლოდ აუცილებელია ყოველი ერის, ყოველი საზოგადოებისა და თითოეული ადამიანისათვის. ბოროტებამ ჩაიდინა დანაშაული, შეურაცხყოფა მიაყენა ქართველს და არ დაისაჯა! ბუნებრივად მოხდა ფასეულობათა მთელი სისტემის დისკრედიტაცია ეროვნულ ცნობიერებაში.
    ოღონდ აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი, ძალზე მნიშვნელოვანი ნიუანსი: რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, რომ ეს იყო კომუნისტური რეჟიმის დანაშაული, - ქართული ეთნოფსიქოლოგია მომხდარს ასე არ აღიქვავდა. ვიყოთ გულახდილნი: ქართულ ცნობიერებაში 9 აპრილის დანაშაული დაუკავშირდა არა კომუნისტურ, არამედ რუსულ ფენომენს და ბუნებრივად გამოიწვია ანტირუსულ გრძნობათა აფეთქება (რომელთაც, რასაკვირველია, სხვა საფუძველიც ჰქონდათ).
    ამდენად, სობჩაკის, სახაროვის თუ სხვა რუს «დემოკრატთა» ძალისხმევას და მათი მხრიდან ამ დანაშაულის დაგმობას არ შეეძლო რაიმე შეეცვალა ეროვნულ განწყობაში. 9 აპრილი აღიქმებოდა როგორც შეურაცხყოფა, რომელიც (უხეშად თუ ვიტყვით), რუსმა მიაყენა ქართველს. რასაკვირველია, იყვნენ ადამიანები, ვინც ასე არ აღიქვავდა მომხდარს, მაგრამ ჩვენ ამჟამად ვსაუბრობთ ეროვნულ, მასობრივ ცნობიერებაზე.
    გარკვეული პერიოდის შემდეგ, სწორედ ფასეულობათა სისტემის დისკრედიტაციისა და ნგრევის შედეგად, მასობრივ განწყობაში ბუნებრივად წარმოიშვა უიმედობის, უილაჯობის, უპერსპექტივობის, ხელჩაქნეულობის განცდა (გავიხსენოთ იმდროინდელი საზოგადოებრივი ატმოსფერო). ეს განცდა კი სულ ადვილად ტრანსფორმირდა ნიჰილიზმში, შემდგომ (შემდეგ ეტაპზე) ცინიზმში, ხოლო ცინიზმიდან - უზნეობამდე, ანუ გაცნობიერებულ ბოროტებამდე ერთი ნაბიჯია.
    საოცარია, - ჯუმბერ პატიაშვილი ჯერ კიდევ 9 აპრილამდე (ორი დღით ადრე) გამოვიდა ტელევიზიით და თქვა: «საფრთხეშია ქართველი ერის თვით ზნეობრივი პოტენციალი». დღემდე ვერ ვხვდები, ეს შემთხვევითი მიგნება იყო, თუ მართლაც განჭვრიტა რა მიმართულებით განვითარდებოდა ცნობიერი პროცესები საქართველოში?
    ამრიგად, ეროვნულ ცნობიერებაზე ზემოქმედების თვალსაზრისით, დადებითი 9 აპრილს არაფერი მოუტანია. პირიქით, უდიდესი დამანგრეველი ზეგავლენა იქონია და კიდევ უფრო გააღრმავა არსებული პრობლემები.
    ტყუილია, თითქოს ვინმეს ჰქონდა «გამარჯვების» შეგრძნება 10 აპრილს, შემდეგ პირველი დღეების ან თუნდაც თვეების განმავლობაში: არა მხოლოდ ქვეცნობიერად, არამედ ცნობიერადაც ბევრი გრძნობდა, რომ ეს იყო უდიდესი დამარცხება.
    გარდა ამისა, სწორედ 9 აპრილის შედეგად შეიქმნა ფსიქოლოგიური ფონი, რისი მეშვეობითაც საქართველოში პროცესების მართვა, საზოგადოების განწყობისა და დამოკიდებულების ფორმირება უაღრესად გაადვილდა. საკავშირო ტელევიზიით გადმოცემულ თუნდაც ერთ სიუჟეტს, ერთ ნაბეჭდ სიტყვას შეეძლო საშინლად არაადექვატური რეაქცია გამოეწვია. გავიხსენოთ თუნდაც, რა რეაქცია მოჰყვა პროვოკატორ ალან ჩოჩიევის წერილს «აფხაზებისადმი». საეჭვოა მას ასეთივე მძვინვარე რეაქცია მოჰყოლოდა, რომ არა 9 აპრილის მოვლენები.
    ანუ 9 აპრილმა დაძაბა ფსიქოლოგიური ფონი საქართველოში, საშინლად დაჭიმა ნერვი, რომელზე სულ მცირე შეხებაც კი საკმარისი გახდა ფეთქებადი, გააფთრებული რეაქციის გამოსაწვევად. ამ შესაძლებლობით შემდგომ მოსკოვის სპეცსამსახურებმა ბრწყინვალედ ისარგებლეს, - როდესაც სჭირდებოდათ საზოგადოებრივი პროცესების მართვა ჩვენს ქვეყანაში და გარკვეული რეაქციების პროვოცირება.
   

    ეს რაც შეეხება ეთნოფსიქოლოგიურ ასპექტს, მაგრამ მოვლენას, რა თქმა, უნდა სხვა ასპექტებიც ჰქონდა. სტრატეგიული და ტაქტიკური თვალსაზრისითაც, 9 აპრილი სერიოზული პოლიტიკური მარცხი იყო: მან შეუდარებლად გააძლიერა სეპარატისტთა პოზიციები აფხაზეთში და ე.წ. «სამხრეთ ოსეთში», აღჭურვა ისინი არა მხოლოდ «კრემლის», არამედ თვით რუსული საზოგადოების მხარდაჭერით.
    გარდა ამისა, 9 აპრილმა გამოიწვია ხელისუფლების სრული დამბლა საქართველოში, მოუსპო მმართველ ელიტას მოსკოვთან პოლიტიკურ «თამაშში» ყოველგვარი მანევრის საშუალება.
    ამასთანავე, 9 აპრილმა შეაგდო საქართველო იმ ტალღაზე, რომელიც (ჯორჯ ბუშ უფროსის თქმით) მსოფლიოში პროცესთა საერთო დინებას ეწინააღმდეგებოდა.
    9 აპრილმა კატეგორიულად გამორიცხა არათუ კომპრომისის შესაძლებლობა, არამედ ყოველგვარი პოლიტიკური ტექნოლოგია და ერთადერთ დომინანტად აქცია ლოზუნგი: «ძირს რუსეთის დამპალი იმპერია». ეს ლოზუნგი საქართველოსათვის ძალზე წამგებიანი აღმოჩნდა საერთაშორისო თვალსაზრისით. ოღონდ იმიტომ კი არა, რომ რუსეთი არ იყო «დამპალი იმპერია», არამედ იმის გამო, რომ ამგვარი ლოზუნგი მიუღებელი იყო დასავლეთისათვის, რომელიც «თავს დაჰკანკალებდა» მიხეილ გორბაჩოვსა და მის ე.წ «პერესტროიკას».
    თავად განსაჯეთ: მაშინ, როდესაც ამერიკელებმა და ევროპელებმა «შვებით ამოისუნთქეს» და მიხეილ გორბაჩოვის წყალობით მოიშორეს ბირთვული ომის, საბჭოთა აგრესიის მაჯლაჯუნა შიში; როდესაც გამოჩნდა პირველი სიმპტომები აღმოსავლეთ ევროპის შესაძლო გათავისუფლებისა; - აი, სწორედ ამ დროს საიდანღაც გამოტყვრნენ ეს «აბეზარი ქართველები» (მათი არსებობა მანამდე თითქმის არც არავინ იცოდა დასავლეთში), «კეთილ გორბაჩოვს» პროვოკაციებს უწყობენ და პერესტროიკის წინააღმდეგ ილაშქრებენ, რითაც აძლიერებენ მოსკოვში იმ ძალებს, რომლებიც ებრძვიან გორბაჩოვს და სურთ მსოფლიო დააბრუნონ ცივი ომის ეპოქაში!
    ასე აღიქვეს დასავლეთში 9 აპრილი და ამიტომაც უწოდა მომხდარს ყველაზე სოლიდურმა, დემოკრატიულმა ფრანგულმა გაზეთმა «მონდმა» - «ბუნტი და პროვოკაცია».
    ამასთანავე, დასავლეთში ძალიან არ მოეწონათ (ეს მათ უმალვე იგრძნეს) თბილისურ მოვლენათა აშკარა ანტირუსული შეფერილობა. ჩვენგან განსხვავებით, ისინი კომუნისტურ ფენომენს არ აიგივებდნენ რუსულ ფენომენთან.
    აქვე ისიც გასათვალისწინებელია, რომ დამკვიდრებული გულუბრყვილო აზრის მიუხედავად, ფრანგები და ინგლისელები (ყოფილი კოლონიური სახელმწიფოები) სრულებითაც არ არიან კეთილგანწყობილნი ეროვნულ მოძრაობათა მიმართ, რაკი რუსეთზე არანაკლები კოლონიური ისტორია აქვთ, თუ მეტი არა. ამითაც იყო განპირობებული ის ზიზღნარევი, გულგრილი რეაქცია, რაც ევროპაში მოჰყვა 9 აპრილს.
    მოკლედ თუ ვიტყვით, 9 აპრილს საქართველომ დააფიქსირა (მსოფლიოს თვალში) მხოლოდ ის, რომ იგი გორბაჩოვის მტერია.
    სინამდვილეში გორბაჩოვი მართლაც დიდი არამზადა და გაიძვერა რომ იყო, ამით თვისებრივად არაფერი იცვლება: მთავარია, როგორ აღიქვავდა მას მსოფლიო.
    და კიდევ ერთი საგულისხმო მომენტი, რასაც მაშინ არავინ მიაქცია ყურადღება: 9 აპრილს საერთოდ არანაირი თანაგრძნობის რეაქცია არ მოჰყოლია ჩრდილოეთ კავკასიაში არც ოფიციალურად, არც არაოფიციალურად. ეს იყო «პირველი ზარი», პირველი შემაშფოთებელი სიმპტომი, რომელსაც საზოგადოება მცირედ მაინც უნდა ჩაეფიქრებინა.
   

    ზემოთთქმულის გათვალისწინებით, შეიძლება მკითხველი გააკვირვოს კიდეც თუ ვიტყვი, რომ ყველა ჩამოთვლილი ნეგატიური ფაქტორის მიუხედავად, ანუ, მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილმა დაამძიმა ეთნოფსიქოლოგიური ფონი, უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ეროვნულ ცნობიერებაზე, პოლიტიკური (სტრატეგიული და ტაქტიკური) თვალსაზრისით გაართულა საქართველოს მდგომარეობა, - ერთი დადებითი შედეგი მას მაინც ჰქონდა: ამ მოვლენის მეშვეობით საქართველომ შეძლო, გამიჯვნოდა კომუნისტურ წარსულს და ყველაზე მთავარი პრობლემის (ტერიტორიული მთლიანობის) თვალსაზრისით დაეფიქსირებინა, რომ თავად არის მსხვერპლი.
    გავიხსენოთ: ჯერ კიდევ 9 აპრილამდე აფხაზ სეპარატისტთა მთავარი თეზისი გახლდათ, რომ ისინი ებრძვიან «სტალინურ საქართველოს». «აიდგილარას» აქტივისტები წერილობით მიმართავდნენ ბალტიისპირეთის სახალხო ფრონტებს და სთხოვდნენ თანადგომას «ქართული სტალინიზმის» წინააღმდეგ ბრძოლაში. გარდა ამისა, თუ გავითვალისწინებთ «მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების გათანაბრების» საქართველოსათვის მომაკვდინებელ, მზაკვრულ, გორბაჩოვისეულ გეგმას, - ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი ძალისხმევა შეიძლებოდა აღქმულიყო, როგორც სწრაფვა «მცირე იმპერიის» შესანარჩუნებლად.
    9 აპრილმა კი, ასე თუ ისე, ისტორიულად დააფიქსირა, რომ საქართველო მსხვერპლი იყო და არა აგრესორი. შემდგომ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, ამ ფიქსაციას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

    და მაინც, თუ სასწორის პინაზე დავდებთ დადებითსა და უარყოფითს, - უეჭველად უარყოფითი გადასწონის. საქართველომ კი შეიძინა ხსენებული «იმუნიტეტი», მაგრამ მისი შეძენა მას მეტისმეტად, არაადექვატურად ძვირი დაუჯდა.
    მაშასადამე, 9 აპრილის უარყოფითი შედეგი განუზომლად უფრო «წონადია», უფრო მეტად განმსაზღვრელია. ამიტომაც, მთლიანობაში, ამ მოვლენას და მის ორგანიზატორებს ისტორიის მსჯავრი არ ასცდებათ.
    ამასთანავე, 50 წლის შემდეგ 9 აპრილი გახდება «თარიღი - დომინანტი» და არა 7 იანვარი ან 27 სექტემბერი, ვინაიდან სწორედ 9 აპრილი იქცა და იქცევა ძირითადი პოლიტიკური ტენდენციისა და პროცესების სიმბოლოდ

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა