დასაფუშად განწირულნი: «წითელი დირექტორები» უფასო კრედიტებს მისტირიან    

დასაფუშად განწირულნი: «წითელი დირექტორები» უფასო კრედიტებს მისტირიან    

 

    ზოგიერთი მეწარმე იმდენად გათავხედდა, უკვე პრეზიდენტის თანდასწრებით ამბობს, რომ არ იხდის გადასახადებს და ამით გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას საგადასახადო კოდექსის მიმართ.
    «ეს კოდექსი შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, მაგრამ სანამ იგი კანონია, კეთილი ინებე და გადასახადი გადაიხადე, თორემ კანონიც თავის სიტყვას იტყვის და მერე გვიან იქნება», - განაცხადა პრეზიდენტმა შევარდნაძემ ერთ-ერთ რადიოინტერვიუში.
    შევარდნაძე კონკრეტულ მეწარმეს გულისხმობდა, რომელიც ბოლო დროს მეტისმეტად გააქტიურდა და ხელისუფლების პოლიტიკის წინააღმდეგ მეწარმეთა «აბუნტება» დაიწყო. რამდენიმე მკვეთრი განცხადებაც გააკეთა საპასუხოდ (ოღონდ, რასაკვირველია, ადრესატის დაუსახელებლად) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი «ამერიკული იმპერიალიზმის ბერკეტად» გამოაცხადა.
    ეს ყოველივე სასაცილო იქნებოდა, სატირალი რომ არ იყოს. საქართველოს ხელისუფლება ვერასდროს დააწესებს გადასახადების ისეთ დონეს, ქართველი მეწარმეებისათვის მისაღები და მოსაწონი რომ გახდეს, ვინაიდან საქართველოში არსებული ანტისახელმწიფოებრივი მენტალიტეტიდან გამომდინარე, ნებისმიერი გადასახადი ქართველ მეწარმეს უდიდეს უსამართლობად მიაჩნია: «მე ფული ვიშოვე და ვიღაცას რატომ უნდა გავუყო?»
    სხვა საქმე იყო კომუნისტური ეპოქა, როცა რაიკომის მდივნისა და «ობხსს»-ის მოქრთამვის გარეშე ვერ «იმუშავებდი». დღეს ბიზნესი ლეგალიზებულია, დაკანონებულია, ამიტომ ქართველ მეწარმეს სახელმწიფოსთვის თუნდაც ნაწილის გადახდა «სახელმწიფო რეკეტად» მიაჩნია.
    სხვა საქმეა, როცა «მხედრიონი» აყაჩაღებდა ან «კანონიერი ქურდები» უსხდებოდნენ წილში. მათი რეკეტი უფრო კანონიერად მიაჩნდა, ვიდრე სახელმწიფოსათვის გადასახადების გადახდა. გადასახადების გადაუხდელობისათვის სასჯელიც მისთვის აბსოლუტურად გაუგებარია: - «როგორ, კაცმა თავისი ფული შეჭამა და ამისთვის ციხეში უნდა ჩასვა?».
    ანუ, ის, რაც ნაშოვნი აქვს, უკვე «თავის ფულად» მიაჩნია, ხოლო სახელმწიფოს მოთხოვნები - უსამართლო ძალადობად. ამიტომ საქართველოში გადასახადების გადაუხდელობისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და თავისუფლების აღკვეთის შემოღება (უფრო მეტად, არსებული კანონმდებლობის ამოქმედება და რეალური გამოყენება) უდიდეს წინააღმდეგობას წააწყდება - უმალვე დაიწყება ლაპარაკი «37 წელზე», ტერორზე და ა.შ.
    ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ორიოდე თვის წინ ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი, ჯონ რაიტი, სწორედ გადასახადების გადაუხდელობისათვის გაუშვეს ოცი წლით «ვირის აბანოში «და ეს არავის გაჰკვირვებია.
    საქართველოში სულ სხვაგვარი დამოკიდებულებაა, რაც ისევ და ისევ ხალხის სახელმწიფოებრივ უკულტურობაზე მეტყველებს. სახელმწიფოს ძირითადი ფუნქცია გადასახადების აკრეფაა. ამის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს. გადასახადის გადახდა არავის არასდროს უხარია, მაგრამ ცივილიზებულ ქვეყნებში, საუკუნეთა განმავლობაში, დიახაც ცეცხლითა და მახვილით მიაჩვიეს მოქალაქეები გადასახადების გადახდას.
    ეს ჩვევა ამერიკელებს, ფრანგებს, გერმანელებს, ბრიტანელებს ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი, ამიტომაც წელიწადში ერთხელ პატიოსნად ავსებენ საგადასახადო დეკლარაციას და ასიდან - ოთხმოცდაათ შემთხვევაში პირნათლად იხდიან გადასახადს.
    ჩვენში კი, ამგვარი რამ ანეკდოტად, სიბრიყვედ აღიქმება, - იმიტომაც ვართ კარგ დღეში.
    საქართველოში არაერთგზის გაიგონებთ ასეთ წინადადებას: «შევამციროთ გადასახადები ოც პროცენტამდე, ამით სახელმწიფო მხოლოდ მოიგებს, ვინაიდან მეწარმეები გადასახადებს აღარ დამალავენ, უკლებლივ შეიტანენ ბიუჯეტში, წარმოებაც განვითარდება, საგადასახადო ბაზა გაფართოვდება, - შედეგად, თუ ბიუჯეტი ამჟამად მილიარდი ლარი გვაქვს, გადასახადების შემცირების შემთხვევაში 5 მილიარდი გაგვიხდება, სახელმწიფოს მეტი საშუალება ექნება დაეხმაროს ლტოლვილებს, პენსიონერებს, დააფინანსოს სოციალური პროგრამები, გააძლიეროს არმია» და ა.შ.
    სინამდვილეში, რა თქმა უნდა, მიზეზი სულ სხვაა: ხელისფლებას არ სჯერა, რომ გადასახადების ოც პროცენტამდე შემცირების შემთხვევაში დამალული გადასახადები ბიუჯეტში შევა, საგადასახადო ბაზა გაფართოვდება, ხოლო ბიუჯეტი ხუთ მილიარდამდე კი არ გაიზრდება, არამედ სწორედ იმ «ოც პროცენტამდე» შემცირდება, ანუ მილიარდის ნაცვლად ორასი მილიონი გახდება.
    ბოლო დროს გააქტიურებულ «მემარცხენე მეწარმეთა» დემაგოგია ამით არ შემოიფარგლება, თურმე საერთაშორისო სავალუტო ფონდი არ აძლევს ქართულ სახელმწიფოს წარმოების განვითარების საშუალებას, ვინაიდან სურს ქვეყანა აქციოს დასავლური საქონლის გასაღების ბაზრად. ესეც წმინდა წყლის სიყალბე და დემაგოგიაა! სინამდვილეში «საწარმოების სტიმულირებაში» მეწარმეები გულისხმობენ ე.წ. «იაფ კრედიტებს», საგადასახადო შეღავათებს, ანუ ფაქტობრივად იმ დროის დაბრუნებას, როცა არსებობდა «გოსპლანი», «გოსსნაბი», მდინარედ მოედინებოდა ნედლეული, სათადარიგო ნაწილები, მაკომპლექტებელი დეტალები, არ იყო საბაჟო რუსეთ-საქართველოს საზღვარზე და ა.შ.
    დღეს, დამოუკიდებელ სახელმწიფოში, იმ დარგთა და წარმოებათა დიდი ნაწილი უპერსპექტივო გახდა, ვინაიდან მსოფლიო ფასებზე ნაკლებად არც ნედლეულს მოგვცემს ვინმე და არც მაკომპლექტებელ დეტალებს.
    რა ვქნათ ახლა, ამის გამო საბჭოთა კავშირი აღვადგინოთ თუ რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შევიდეთ? «წარმოების სტიმულირებასა და დოტაციებს» სწორედ ასეთი უპერსპექტივო საწარმოები მოითხოვენ, ხოლო პერსპექტიულ საწარმოებს ინვესტორი ისედაც გამოუჩნდება.
    დავაკვირდეთ, რამდენი საწარმო ამუშავდა საქართველოში ამერიკული თუ იმავე რუსული კაპიტალის მეშვეობით. სავალუტო ფონდი არ მოგვცემს საშუალებას, ფული, რომელსაც გიხდის, უპერსპექტივო საწარმოებში დააბანდო. «წითელ» მეწარმეებს წარმოების გაიაფებისა და ხარისხის ამაღლებისათვის თავის შეწუხება არ უნდათ.
    რა თქმა უნდა, გაცილებით იოლი გამოსავალია, სოციალური დემაგოგიით აიძულო ხელისუფლება, შეზღუდოს უცხოური საქონლის (კონკურენტული პროდუქციის) შემოტანა ქვეყანაში, დააწესოს მაღალი საბაჟო გადასახადები, რითაც გააძვიროს უცხოური პროდუქცია და აიძულოს ქართველი მომხმარებელი იყიდოს საქართველოში წარმოებული ძვირი და უხარისხო ნაწარმი ნაცვლად უცხოური, იაფი და ხარისხიანისა.
    მოდით, კონკრეტული მაგალითებით ვიმსჯელოთ. ვთქვათ, რომელიღაც ქარხანა საქართველოში აწარმოებს საწერ კალმებს, რომელიც (დოლარზე გადაანგარიშებით) ოცი ცენტი ღირს. იმავდროულად საქართველოში თავისუფლად შემოდის (დავუშვათ) ფრანგული კალმები, რომელიც ათი ცენტი ღირს და ხარისხითაც ბევრად სჯობს ქართველი მეწარმის გამოშვებულ საწერ კალამს. რომელს იყიდის მომხმარებელი? რა თქმა უნდა, ფრანგულს, - იმიტომ, რომ უფრო იაფია და ხარისხიანი.
    არადა, დავაკვირდეთ რა ხდება: საფრანგეთში მუშას, რომელიც ამ საწერ- კალამს აწარმოებს, ფრანგი მეწარმე ოცდაათჯერ, ორმოცჯერ მეტს უხდის, ვიდრე ქართველი მეწარმე თავის მუშას. გარდა ამისა, საფრანგეთიდან საქართველოში საწერი კალმის ჩამოტანაც ხომ ფული ჯდება, ანუ ტრანსპორტირების ხარჯები თვითღირებულებას ემატება და მაინც, ფრანგული კალმისტარი ათი ცენტი ღირს, ქართული - ოცი. რატომ? იმიტომ, რომ ჯერ ერთი, ფრანგი მეწარმე უკეთ ახერხებს შრომის ორგანიზებას; გარდა ამისა, იგი წლების განმავლობაში «ნოლზე» იჯდა. მოგებას მთლიანად წარმოების განვითარებას ახმარდა, რათა წარმოებას ისეთ კონდიციამდე მიეღწია, როდესაც პროდუქცია სულ ათი ცენტი ეღირებოდა. სამაგიეროდ, როდესაც ამას მიაღწია, მერე ბაზარი საფრანგეთშიც დაიპყრო და სხვა ქვეყნებშიც.
    «წითელი» დირექტორისთვის ეს ყოველივე გაუგებარია. მას არც შნო და ნიჭი ჰყოფნის, რათა წარმოების უკეთ ორგანიზებას მიაღწიოს (რატომ უნდა შეიწუხოს თავი, როცა ნაკლები შრომით, პოლიტიკური პროვოკაციებით და დემაგოგიით შეიძლება მოიყვანოს ხელისუფლებაში ე.წ. «მემარცხენეები», რომლებიც პრობლემას სულ ადვილად გადაუწყვეტენ: უბრალოდ, საბაჟო ტარიფების აწევით გააძვირებენ ფრანგულ კალმისტარს) და არც მოთმინების კულტურა აქვს, რათა სიხარბე დაძლიოს, მოგება მთლიანად წარმოების განვითარებას მოახმაროს, რამდენიმე წელი «უკაპიკოდ იყოს», სამაგიეროდ შემდეგ მისი კალმისტარი უფრო ხარისხიანიც გახდეს და სულ ხუთი ცენტი ღირდეს.
    საერთაშორისო სავალუტო ფონდს საყვედური კი არა, მადლობა ეთქმის, რაკი იგი ცდილობს გადაგვაჩვიოს გაიძვერობას, პრობლემების თაღლითური, იოლი გზით გადაწყვეტას და მიგვაჩვიოს შრომას, მოთმინებას, პატიოსნებას, ანუ ყველაფერ იმას, რის გარეშეც საქართველო ცივილიზებული სახელმწიფო ვერ გახდება. ამიტომ დღევანდელმა ხელისუფლებამ მტკიცედ და უშიშრად უნდა განაგრძოს რადიკალური ლიბერალური რეფორმა, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალია ისტორიული ჩიხიდან.

7 დღე, 31 ივლისი, 1998 წ.