დავით გარეჯის ეპოპეა გრძელდება

დავით გარეჯის ეპოპეა გრძელდება

        სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტმა და დიდი ნავთობსადენის მშენებლობის დაწყებამ მრავალი თანამდევი პროცესის დაჩქარება გამოიწვია, მათ შორის არა მხოლოდ დადებითი, პოზიტიური, არამედ ნეგატიური ხასიათის პროცესებისაც.

        მოსკოვი-ერევნის გეოპოლიტიკური ღერძის მონაწილენი გრძნობენ, რომ თუ რამე ხერხს არ მიმართეს, პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს. ამდენად, სულაც არ იქნება გასაკვირი, თუ უახლოეს მომავალში ყველა მათი კოზირი და არგუმენტი ერთად ამოქმედდება. ალბათ, ყველაფერს გაომიყენებენ და გაიხსენებენ – ეგრეთ წოდებული, «თურქი-მესხების» პრობლემის ჩათვლით. არ არის გამორიცხული (როგორც 1988 წელს), სამცხე-ჯავახეთიდან დევნილებმა მოსკოვსა და სტრასბურგში დემონსტრაციებიც მოაწყონ – სამშობლოში დაბრუნების მოთხოვნ:ით.
        სხვათა შორის, ამ პრობლემას კიდევ ერთი ასპექტი აქვს, რასაც ხშირად არ ითვალისწინებენ – იგი ნეგატიურად ზემოქმედებს საქართველოს ურთიერთობებზე თურქეთთან და აზერბაიჯანთან. იმავე დისკურსში უნდა განვიხილოთ ბოლოდროინდელი აჟიოტაჟი საქართველოს მხრიდან – აზერბაიჯანისადმი «ტერიტორიული პრეტენზიების» შესახებ. იგულისხმება დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ის ნაწილი, რომელოიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება.
        აზერბაიჯანული, სომხური და რუსული პრესა აივსო «სენსაციური» სტატიებით ამ თემის ირგვლივ.
        შეგახსენებთ, რომ იგი «არახალია «- 70-იან წლებში საქართველოს ხელისუფლებამ მართლაც მიმართა თხოვნით აზერბაიჯანელ კოლეგებს, გადმოეცათ მონასტრის «აზერბაიჯანული» ნაწილი და, სანაცვლოდ, საქართველო მეზობელ რესპუბლიკას ორჯერ მეტ ტერიტორიას სთავაზობდა საზღვრის სხვა მონაკვეთზე.
        მაგრამ ამ წინადადებას ბაქომ მაშინაც სასტიკი და საკმაოდ მკვახე უარით უპასუხა. ჯერ ერთი, ამ ტერიტორიაზე, რასაც საქართველო სანაცვლოდ სთავაზობდა აზერბაიჯანს, ესოდენ მნიშვნელოვანი ძეგლები არ არის. მაგრამ კიდევ უფრო ნიშანდობლივი იყო მეორე მოტივი: ჰეიდარ ალიევს, რასაკვირველია, მაშინ უკვე ჰქონდა ინფორმაცია, თუ რას პროცესები მწიფდებოდა სომხეთსა და ყარაბაღში. ამდენად, მას კატეგორიულად დაუშვებლად მიაჩნდა ტერიტორიის დათმობის პრეცედენტის შექმნა, მით უმეტეს, გამორიცხულია ეს დღეს – როცა აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
        ანუ «დავით გარეჯის გამთლიანების» მოთხოვნა მხოლოდ მოშხამავს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ მოკავშირესთან და პარტნიორთან, შედეგს კი ვერ მივიღებთ, ვინაიდან სავსებით გამორიცხულია, აზერბაიჯანი ამგვარ გაცვლას დათანხმდეს.
        ქართული მხარის არგუმენტი, რომ «ეს ქართული ძეგლია», ბაქოში აღშფოთებით აღიქმება. აზერბაიჯანელმა მეცნიერებმა უკვე გამოაქვეყნეს რამდენიმე სტატია, რომლითაც ამტკიცებენ, რომ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი «ალბანური კულტურის ნიმუშია», ხოლო ალბანეთი აზერბაიჯანის წინაპარი ქვეყანაა. ამ დისკუსიაში ქართველი მეცნიერების ჩართვა კი საქართველო-აზერბაიჯანის ურთიერთობებს გადაიტანს იმავე პარადიგმაში, რომელშიც მიმდინარეობდა აზერბაიჯანულ-სომხზური დისკუსია 1987 წლიდან – ყარაბაღის სამონასტრო კომპლექსთა «კუთვნილების» თაობაზე.
        თითქოსდა, «საკითხის მხცოლდ დასმა» ბევრს არაფერს დააშავებს და ყველაფერი მართლაც «აზერბაიჯანის კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული», მაგრამ ასეთი «შემარბილებები» განცხადებები საქმეს არ შველის, ვინაიდან თვით საკითხის დასმაც კი ბაქოში ძალიან მტკივნეულად (კიდევ უარესი – შეურაცხმყოფელად) აღიქმება.
        თავის დროზე დავით-გარეჯის თემა ეროვნული მოძრაობის გაღვივების ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდა. 1988 წლის თებერვალში პირველი მრავალრიცხოვანი აქცია უნივერსიტეტის ეზოში ზვიად გამსახურდიამ და გიორგი ჭანტურიამ სწორედ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან საბჭოთა არმიის საარტილერიო სწავლებათა შეწყვეტის მოთხოვნით გამართეს. მართლაც, ამ თემამ ძალიან მნიშვნელოვან პროცესთა კატალიზატორის როლი შეასრულა. თუმცა, ის პროცესები შემდგომში სხვა მოვლენებში გადაიზარიდა და სულ მალე ქვეყანა ისეთ დღეში აღმოჩნდა, რომ დავითგარეჯი აღარავის ახსოვდა.

დილის გაზეთი, 27 მაისი, 2003 წელი