დავით გამყრელიძემ «ოქროს კანონი» დაარღვია

დავით გამყრელიძემ «ოქროს კანონი» დაარღვია

       სკანდალური დაპირისპირება რკინიგზის დეპარტამენტსა და პარლამენტარ დავით გამყრელიძეს შორის კულმინაციას უახლოვდება.
        საქართველოს პრეზიდენტმა აკაკი ჩხაიძის პოზიცია დაიკავა (არც არის გასაკვირი - რკინიგზა ხომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი დარგია და კარგი საბიუჯეტო გადამხდელი) და პარლამენტის წევრს, რომელიც მისი (შევარდნაძის) პარტიის სიით მოხვდა პარლამენტში, ქარაგმულად უსაყვედურა: ძალიან კარგი ბიზნესმენი იყო, მაგრამ რამდენად წარმატებული პარლამენტარია, ეს ჯერ კიდევ ვერ გავარკვიეო.
        ამით ედუარდ შევარდნაძეს უნდოდა ექთვა, რომ პოლიტიკაში ბიზნესმენ დავით გამყრელიძის ჩარევა წარუმატებელი აღმოჩნდა.
        პრეზიდენტი პირველ შეცდომად, უეჭველად თვლის, ცნობილ ხელმოწერებს «კონსტიტუციაში ცვლილებათა შეტანის» თაობაზე. რაც იმთავითვე უპერსპექტივო და კონფლიქტური საქმე იყო - პრეზიდენტი არასოდეს დაუჭერს მხარს ცვლილებებს კონსტიტუციაში, ვინაიდან ამით მისთვის ძალზე არასასურველი პრეცედენტი იქმნება.
        ეს მომენტი კიდევ შეიძლება აიხსნას «სუბიექტური დამოკიდებულებებით» და «სახელისუფლებო ინტერესებით». ხოლო რაც შეეხება «სარკინიგზო სკანდალს» - აქ გამყრელიძემ, რომელსაც სწორედ პოლიტიკური მოტივები ჰქონდა და არა პირადი მატერიალური (ანგარებითი), მართლაც, უმძიმესი შეცდომა დაუშვა: პოლიტიკის «ოქროს კანონია», რომ არ უნდა შეეჭიდო პრობლემას, რომლის დაძლევასაც ვერ შეძლებ.
        აკაკი ჩხაიძის პოზიციები სახელისუფლებო სისტემაში იმდენად მყარია (ზემოხსენებული მიზეზით) რომ მას «ძვრას ვერ უზამს» არათუ საპარლამენტო კომისია, არამედ მთელი პარლამენტიც, ვინაიდან ჩხაიძე უკვე დანიშნულია, ხოლო საფუძველი იმპიჩმენტისათვის არ არსებობს.
        საქართველოში არსებულ «ხელისუფლებათა გამიჯვნის» მოდელი პარლამენტს არ უტოვებს არანაირ სხვა მექანიზმს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზემოქმედებისათვის, გარდა იმპიჩმენტისა, მაგრამ საამისოდ საკმარისი არ არის ის ბრალდებები, რაც ჩხაიძეს კომისიაში წაუყენეს.
        კომისიის გადაწყვეტილება და რეკომენდაცია პრეზიდენტისათვის სავალდებულო არ იქნება. ამრიგად, გამყრელიძე ჩხაიძეს «ვერ წააქცევს» იმ შემთხვევაშიც კი, თუ მთელი პარლამენტი (უპირველესად, პარლამენტის თავმჯდომარის) მხარდაჭერას მიიღებს.
        არადა, ასეთი მხარდაჭერაც ძალზე საეჭვოა იმავე «ხელმოწერებთან» დაკავშირებული ისტორიისა და შემდგომი მწვავე განცხადებების გათვალისწინებით.
        სამაგიეროდ, აკაკი ჩხაიძემ დაუყოვნებლივ იძია შური და კარგა გვარიანი «სამაგიეროც» გადაუხადა დავით გამყრელიძეს: რკინიგზის დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, სადაზღვევო კომპანია «ალდაგს» შეუწყდა ხელშეკრულება, რომელიც მას დიდ თანხას მატებდა ყოველწლიურად: «რკინიგზა» ხომ არა მხოლოდ ბიუჯეტში ერთ-ერთი საუკეთესო «შემტანი» იყო, არამედ იხდიდა სადაზღვევო თანხასაც.
        ახლა «ალდაგის» ხელმძღვანელობამ რამდენიც არ უნდა იყვიროს, ჩვენ რა შუაში ვართო – ამ საქმიდან უკვე არაფერი გამოვა. რკინიგზის დეპარტამენტს სრული უფლება აქვს გაწყვიტოს ხელშეკრულება – მით უმეტეს, კერძო კომპანიასთან აკაკი ჩხაიძემ შესაბამისი («ალდაგისთვის» საკმაოდ საშიში) თემის განვითარებაც დაიწყო: «რატომ უნდა იყოს «ალდაგი» მონოპოლისტი?»
        ეს თემა კერძო კომპანიისათვის საშიშია, ვინაიდან მას, უეჭველად, გამოუჩნდება კონკურენტები. მით უმეტეს, რომ დავით გამყრელიძის პოლიტიკური საქმიანობის შედეგად პარლამენტის მხარდაჭერა უკვე მხოლოდ «ნაწილობრივი» შეიძლება იყოს, პრეზიდენტი აშკარად განაწყენებულია, რკინიგზის დეპარტამენტი კი, - სამკვდრო-სასიცოცხლოდ გადაკიდებული. არ არის გამორიცხული, ჩხაიძეს სხვებმაც მიბაძონ და «ალდაგისაგან» «გათავისუფლება» მოინდომონ.
        აკაკი ჩხაიძის გათვლა საკმაოდ ზუსტი აღმოჩნდა. მიაქციეთ ყურადღება - მეორე დღესვე შეიკრიბა «ალდაგის» ხელმძღვანელობა და, ფაქტობრივად, გაემიჯნა თავის ყოფილ ხელმძღვანელსა და დამაარსებელს: აბა, დავით გამყრელიძემ რაღაცა თქვა, ჩვენ რა შუაში ვართ, მას ხომ მხოლოდ «9 პროცენტიანი» წილი აქვსო დარჩენილი. ჯერჯერობით ეს რბილად, ვუალირებულად ითქვა, მაგრამ როდესაც ზარალი გაიზრდება (ჯაჭვური რეაქციის პრინციპით), სხვა გადამხდელებიც «იხელთებენ დროს» - დამოკიდებულება პარლამენტარსა და ყოფილ პარტნიორებს შორის უეჭველად გამწვავდება: გამომდინარე ქართული მენტალიტეტიდან, მათ შორის, იმ «გაგებიდან», რაც ჩვენებურ ბიზნეს-წრეებში ჩამოყალიბდა. ახლა კაცს რომ დაუპირისპირდები, საქვეყნოდ გამოაჭენებ, გალანძღავ, ბრალდებებს წაუყენებ და ა.შ. ისიც შემოგიტრიალდება და გიპასუხებს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით. აკაკი ჩხაიძე სწორედ ამ პრინციპით მოიმოქმედებდა.
        სწორედ ამაში მდგომარეობდა დავით გამყრელიძის საბედისწერო შეცდომა - მას, ალბათ, მანამდე არ უნდა «გაესროლა», ვიდრე არ დარწმუნდებოდა, რომ ეს გასროლა მომაკვდინებელი იქნებოდა. ამ შემთხვევაში მის ხელთ არსებული დოკუმენტები ვერ ქმნიან «რკინიგზის დეპარტამენტის» უფროსის «წაქცევის» გარანტიას.
        აკაკი ჩხაიძეს კიდევ ერთი ძლიერი კოზირი აქვს; მას აუცილებლად (და გულწრფელად, გამომდინარე საკუთარი ინტერესებიდან) მხარს დაუჭერს რკინიგზის დეპარტამენტის კოლექტივი – მუშა-მოსამსახურენი, მემანქანეები და ა.შ.
        ისინი რეგულარულად იღებენ საკმაოდ მიაღალ ხელფასს, ამას უკავშირებენ აკაკი ჩხაიძის საქმიანობას და თუ ვინმემ მათ უფროსს თითი დააკარა, უეჭველად, გააფთრებით შეუტევენ საპასუხოდ. ეს კი ხელწამოსაკრავი ძალა არ გეგონოთ - საკმარისია რკინიგზა ერთი დღით გაიფიცოს და თითქმის ყველაფერი გაჩერდება საქართველოში; საბიუჯეტო შემოსავლებზე ხომ, საერთოდ, აღარაფერს ვამბობთ. ამიტომ გამყრელიძე-ჩხაიძის დაპირისპირებაში სწორედ გამყრელიძის დამარცხებაა წინასწარ გადაწყვეტილი.
        თუ, რასაკვირველია, მან რაიმე უფრო სერიოზულიო ბრალდებები არ აღმოაჩინა. პოლიტიკის «ოქროს კანონის» დარღვევა ყველასათვის უაღრესად სარისკოა.

მერიდიანი, 16 აგვისტო, 2000 წელი