გურამ თევზაძის მკვლელობა რეზო შავიშვილმა «იწინასწარმეტყველა»

გურამ თევზაძის მკვლელობა რეზო შავიშვილმა «იწინასწარმეტყველა»

        გუშინ, დიდ დიღომში განხორციელებული ტერორისტული აქტი მრავალმხრივ საგანგაშო და შემაშფოთებელიო ფაქტია. პირველი, რაც თვალშისაცემია – ეს არის «წარსულის რეციდივი».
        ერთი წუთით თითქოს დავბრუნდით იმ ატმოსფეროში, როდესაც დაუფარავად, «უნიღბოდ და უშიშრად» ხოცავდნენ თბილისის ქუჩებში პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეებს. გია ჭანტურია, გია გულუა, სოლიკო ხაბეიშვილი... არის თუ არა გურამ თევზაძე იმავე რიგის წარმომადგენელი? ალბათ – არა, მისი მკვლელობა გაცილებით უფრო შემაშფოთებელი მოვლენაა და აი რატომ: საქართველოს თავდაცვის მინისტრის ძმა მოკლეს არა თავზეხელაღებულმა ყაჩაღებმა (რომელთა ვინაობა და «ორგანიზაციული კუთვნილება» ყველამ იცოდა თბილისშიც და მთელს საქართველოშიც), არამედ უმაღლესი კვალიფიკაციის პროფესიონალებმა. ისინი «უდროო დროს» როდი დააჭერდნენ თითს ღილაკს – როგრც ხილიანის ქუჩაზე ან «პირველი პარლამენტის» ეზოში, როდესაც სწორედ მათი არაპროფესიონალიზმის შედეგად, მადლობა უფალს, სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობა ვერ მოხერხდა.
        ამჯერად მართლაც «პროფესიონალები მუშაობდნენ» - ანუ გურამ თევზაძის მკვლელობა არის პირველი «კლასიკური» შეკვეთილი მკვლელობა საქართველოში, რომელმაც შექმნა ერთგვარი დროითი და შინაარსობრივი «წყალგამყოფი» ძველი (1994-1995 წ.) ტერაქტების ეპოქასა და.. (ვაი თუ) თვისებრივად «ახალ ეპოქას» შორის, როდესაც ცნობილი ბიზნესმენების (აგრეთვე იმავე პოლიტიკოსების) «შეკვეთილი» მკველობები, აფეთქება, სადარბაზოებში «მაყუჩიანი იარაღით» დახვედრა და სნაიპერის ზუსტი გასროლით შუბლის გახვრეტა ისეთივე «ჩვეულებრივი» მოვლენა გახდება, როგორც თანამედროვე რუსეთში (განსაკუთრებით მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში), სადაც ყოველდღიურად ხდება ასეთი «შეკვეთილი მკვლელობები», რაც არავის აკვირვებს და აღარ აღელვებს.
        მოსახლეობა ამას უკვე «შეეჩვია», ხოლო ასეულობით «შეკვეთილი მკვლელობიდან» ორი-სამი თუ გაიხსნა.
        «შავი იუმორია», რომ მაგალითად მოსკოვის «კოტლიაკოვის» სასაფლაოზე აფეთქების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიღუპა, ხოლო ამ ტერაქტის აშკარა ორგანიზატორი («ავღანეთში მებრძოლთა ორგანიზაციის» თანათავმჯდომარე), რომელსაც სახლში უპოვეს ზუსტად ის ასაფეთქებელი ნივთიერება – სასამართლომ გაამართლა... სამხილთა არასაკმარისობის გამო!
        სხვათა შორის, უნდა შევურიგდეთ იმ აზრს, რომ რაც უფრო «დემოკრატიული» გახდება სამართალდამცავი სისტემა საქართველოში, რაც უფრო მეტად იქნება დაცული ძიებისას ეჭვმიტანილის უფლებები, მით უფრო გახშირდება ასეთი ტერაქტები.
        ეს არის პარადოქსი, რომელიც თან სდევს ჭეშმარიტ დემოკრატიას და ჭეშმარიტად ჰუმანურ საგამოძიებო სისტემას, ვინაიდან ეს სისტემა არ შეიძლება არ მოქმედებდეს პრინციპით: «სჯობს ათი დამნაშავე გაექცეს სასჯელს, ვიდრე ერთი უდანაშაულო დაისაჯოს შეცდომით ან ყალბი ბრალდებით».
        ამრიგად, მოგვიწევს შევურიგდეთ იმ აზრს, რომ ადამიანის (ეჭვმიტანილის) უფლებათა დაცვის ხარისხი, «უდანაშაულობის პრეზუმფციის» განუხრელი პატივისცემა და ა.შ. და ა.შ. – პირდაპირპროპორციული იქნება საქართველოში «კლასიკური» ტერაქტების და შეკვეთილი მკვლელობების ოდენობისა. სწორედ ამიტომ არის ძალზე ნიშანდობლივი და შემაშფოთებელი გურამ თევზაძის მკვლელობა, რაც, რასაკვირველია, მის კომერციულ საქმიანობას უკავშირდება როგორც საქართველოში, ასევე რუსეთში.
        თევზაძის «ადგილობრივ» მოშუღართ რაც შეეხებათ, - «ძველ კეთილ კომუნისტურ დროში», როცა მილიცია ყველაფერს აკეთებდა, რაც სურდა და რაც სჭირდებოდა, იგი სულ ადვილად გადაწყვეტდა ამ პრობლემას: უბრალოდ დაადგენდა, ვისთან ჰქონდა კონფლიქტი გურამ თევზაძეს (ეს ადვილი საქმეა), შემდეგ დააკავებდა ყველას, გამოიყენებდა «სპეცსაშუალებებს» (აღარ დავაკონკრეტებ) და უეჭველად «გავიდოდა» იმაზე, ვინც შეუკვეთა თევზაძის მკვლელობა.
        დღევანდელ საქართველოში კი ეს შეუძლებელია. ამიტომ ნუ გაგვიკვირდება, თუ პოლიცია და უშიშროება ვერ მოახერხებენ ამ ტერორისტული აქტის გახსნას.
        «ჯვარი სწერია» აკაკი გოგიჩაიშვილს, მაგრამ ძალაუნებურად გახსენდება კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის, რეზო შავიშვილის წინასწარმეტყველური გაფრთხილება: «რაც უფრო მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანია «განაწყენებულთა» რიგი – მით უფრო ძნელია შემდგომ «შემკვეთის» დადგენა».
        როგორც ჩანს, რეზო შავიშვილმა, რომელიც (ამას ცოტამ თუ მიაქცია ყურადღება – ავტ.) საკუთარ თავსაც აიგივებდა გოგიჩაიშვილთან, იგრძნო კრიმინალური ტერორის ახალი ეპოქის მოახლოება საქართველოში. სწორედ რეზო შავიშვილის «კონტროლის პალატა» აწვდიდა აკაკი გოგიჩაიშვილის «60 წუთს» მამხილებელ მასალებს.
        გურამ თევზაძის მკვლელობამ ამ ეპოქის დადგომა დაადასტურა.
        ძრწოდეთ, საქართველოს მოქალაქენო: დაიწყო საქართველოს «პეტერბურგიზაცია» - იმ აზრით, რომ რუსეთის «მეორე დედაქალაქი» - «ბანდიტურ დედაქალაქად» იქცა. თუ ქართულ ეთნოფსიქოლოგიას გავითვალისწინებთ, არ არის გამორიცხული, «მსოფლიო დედაქალაქად» ამ თვალსაზრისით თბილისი იქცეს.
        ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებენ თუ არა «ძალისმიერები» და «სამართალდამცველები» თევზაძის მკვლელობის გახსნას. თუ ვერ შეძლებენ, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თევზაძე «ახალი ეპოქის» პირველი და არა უკანასკნელი მსხვერპლი გახდება: საქართველოში «ბიზნესის» პროცესში ფინანსური უთანხმოების გამო «შეკვეთილ მკვლელობათა» სერიას მხოლოდ სასჯელის გარდაუვალობის შიში და ის «მეხუთე იზოლატორი» აკავებდა, სადაც ეჭვმიტანილს «ბოთლისა» და სხვა «სპეცსაშუალებათა» მეშვეობით სულ მალე «ააჭიკჭიკებდნენ» და უმალ «დააფქვევინებდნენ» ყველაფერს.
        ახლა ადვოკატი თავიდანვე უნდა მონაწილეობდეს დაკითხვაში, ამდენად «ბოთლის» გამოყენება გამორიცხულია და მასთან ერთად დამნაშავეთა სამყაროში «ფართო ბადის» გადატყორცნაც გამოირიცხა, რომელსაც აუცილებლად ამოყვებოდა ან თვით დამნაშავე, ან (ყოველ შემთხვევაში) ის, ვინც ფლობდა საჭირო ინფორმაციას კონკრეტული დანაშაულის შესახებ.
        გარდა ამისა, საქართველოში დაინგრა «ჩვეული და ტრადიციული» კრიმინალური სამყარო, რომელიც ქართველმა მწერლებმა აღწერეს 70-იან წლებში.
        «ძველი ბიჭებისა» და «კანონიერი ქურდების» სოციუმი ასეთ მკვლელობას ვერ (და არ) განახორციელებდა – შემკვეთიც და შემსრულებელიც ამ სოციუმის გარეთ იმყოფებიან. ეს უკვე «ახალი ტიპის ქართველი კრიმინალია» - რაფინირებული, ცივი რაციონალისტი და გარეგნულად ინტელიგენტური, ვინც «იცის თავის საქმე» და მხოლოდ გონივრულ რისკზე მიდის.
        რაც შეეხება მოტივს, გურამ თევზაძე შეიძლება ჩაითვალოს აგრეთვე საქართველოს საბიუჯეტო კრიზისის პირველ მსხვერპლად. «ქართული არმიის თანადგომის საზოგადოებას», რომელსაც თევზაძე ხელმძღვანელობდა, სახელმწიფოსგან ჰქონდა კონსიგნაცია და აფორმებდა კონტრაქტებს კერძო ფირმებთან არმიის სურსათ-სანოვაგით მოსამარაგებლად.
        როგორც ჩანს, სახელმწიფომ (ბიუჯეტმა) ვერ შეძლო ადრე ნაკისრ ფინანსურ ვალდებულებათა შესრულება, რამაც გურამ თევზაძეს გაურთულა ურთიერთობა პარტნიორებთან. ამ უკანასნელთ არ სურდათ მოეთმინათ და თანხას ალბათ პირადად თევზაძეს სთხოვდნენ. ასეთი ფირმა კი ათეულობით იქნებოდა, ანუ «შემკვეთი» სასოფლო-სამეურნეო წარმოების სფეროში უნდა ვეძიოთ, ხოლო კონკრეტული შემსრულებელი შესაძლოა იმავე არმიაში, რომელიც კვლავინდებურად «სავსეა» ყოფილი საბჭოთა არმიის სპეციალისტებით.

7 დღე, 2 ივნისი, 2000 წელი