გორს ნუ ეტყვი უარს, ცეესკო!

გორს ნუ ეტყვი უარს, ცეესკო!

        საქართველოს ახალგაზრდობის ლენინური კომუნისტური კავშირის (დაუვიწყარი აბრევიატურა «ალკკ») ლიდერთა განცხადების თანახმად, დღეს, ორშაბათს, «საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში» შევა ქართველი კომკავშირლების განცხადება პრეზიდენტობის კანდიდატად იგორ გიორგაძის რეგისტრაციის თაობაზე
        როგორც ჩანს, კომკავშირლებს 50 ათასი ხელმოწერის შეგროვება არ გაუჭირდებათ. იგორ გიორგაძის მხარდამჭერი 50 ათასი კომკავშირელი და მოწოდებით, სულიერად კომუნისტი ჩვენს ქვეყანაში ნამდვილად მოიძებნება.
        თუმცა არსებობს სერიოზული იურიდიული წინააღმდეგობა: საარჩევნო კანონის შესაბამისად (ბოროტი ენების მტკიცებით, ეს კანონი სწორედ გიორგაძის ფაქტორის გათვალისწინებით მიიღეს) იგორ გიორგაძეს «ცსკო», უეჭველად, უარს ეტყვის, ვინაიდან საქართველოს უშიშროების ყოფილ შეფს საქართველოში არ უცხოვრია ბოლო ორი წლის განმავლობაში და საკონსულო აღრიცხვაზეც არსად ყოფილა.
        თუმცა «საკონსულო აღრიცხვაზე» იგორი ვერც ავიდოდა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ სამი საზარელი მკვლელობის ორგანიზებაში ედება ბრალი, არამედ იმ უბრალო მიზეზითაც, რომ ბეირუთში, სადაც 1995 წელს იგი რუსეთის დაზვერვის სამსახურის კონსპირაციულ ბინაში «მოაწყო» თბილისის საპატიო მოქალაქემ ევგენი პრიმაკოვმა – საქართველოს საელჩო ან საკონსულო არ არის. იგორ გიორგაძე ასეთ შემთხვევაში ეგვიპტეში უნდა გამგზავრებულიყო და საქართველოს ელჩ აპოლონ სილაგაძისათვის ეთხოვა «შტამპის დარტყმა» დიპლომატიურ პასპორტში, მაგრამ ეგვიპტეს (კემპ-დევიდის გარიგების შემდეგ) არაბები ეჭვის თვალით უყურებენ. გარდა ამისა, ქაიროში ამერიკის სპეცსამსახურებს ტრადიციულად ძლიერი პოზიციები აქვთ (იმავე ანვარ სადათის წყალობით) და სულაც არ იყო გამორიცხული, პროფესორ აპოლონ სილაგაძეს გამოცდილი ჩეკისტი იგორ გიორგაძე კისერზე თოკგამობმული ჩამოეყვანა თბილისის აეროპორტში «სპეცრეისით».
        თუმცა, ძერჟინსკის სკოლაგამოვლილი «იგორი» აბა ასეთ შეცდომას როგორ დაუშვებდა? იმიტომაც არა აქვს «შტამპი» პასპორტში. მოსკოვის რესტორან «პრაღაში» კი ქეიფობდა დროდადრო (საქართველოს უშიშროების ჯიბრზე), მაგრამ თან ბელორუსის უშიშროების სამინისტროთა თანამშრომლები ახლდნენ. ოღონდ ამის შესახებ რუსეთის უშიშროებამ, რასაკვირველია, «არაფერი იცოდა».
        ერთი სიტყვით, «უარს ეტყვის» ეს უსინდისო და «მოქკავშირის» მიერ მოსყიდული ცსკ»-ო. არადა, ნამდვილად საინტერესო იქნებოდა იგორ გიორგაძეს «ზაოჩნად» მიეღო მონაწილეობა არჩევნებში.
        არჩევნების შედეგი და იგორ გიორგაძის მიერ მიღებულ ხმათა პროცენტი გამოავლენდა კლინიკური იდიოტების პროცენტსა და ოდენობას საქართველოში.
        ეს ციფრი კი აუცილებლად ცნობილი უნდა იყოს თუნდაც სტატისტიკური სიზუსტის მოთხოვნიდან გამომდინარე.

მერიდიანი, 7 თებერვალი, 2000 წელი