გიორგი ბარამიძე პოლიტიკურ მიზანშეწონილობას შეეწირება

გიორგი ბარამიძე პოლიტიკურ მიზანშეწონილობას შეეწირება

   

    როგორც ჩანს, «მოქალაქეთა კავშირის» ლიდერს აჭარის ლომის რისხვამ უწია. ტელეინტერვიუში გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ იგი მზად არის გადადგეს თანამდებობიდან თუ მისი პიროვნება ხელს უშლის «ცენტრსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის ურთიერთობათა მოწესრიგებას».
    მანამდე პრეზიდენტმა ბოდიში მოუხადა აჭარის მოსახლეობას იმ განცხადების გამო, რაც ავტონომიის სტატუსს შეეხებოდა. ოღონდ აქ ერთი ნიუანსი აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ: ედუარდ შევარდნაძის ბოდიში ფორმალურად შეეხებოდა არა აჭარის ხელისუფლებას, არამედ აჭარის მოსახლეობას; თუმცა, შინაარსობრივად, ასლან აბაშიძემ ყველაფერი ზუსტად გაიგო. სხვაგვარად საეჭვოა, პირადად გიორგი ბარამიძეს ფრაქციის ლიდერის თანამდებობა ასე ადვილად დაეთმო.
    ასეა თუ ისე, ნებისმიერ შემთხვევაში იგი «მოქალაქეთა» მმართველი გუნდის წევრად დარჩება და დეპუტატის მანდატსაც ვერავინ წაართმევს. თუმცა, მისი გადადგომა თავისთავად საკმაოდ მნიშვნელოვანი და მეტყველი ფაქტი იქნება.
    ეს, რა თქმა უნდა, აჭარის ხელმძღვანელის რეალურ გავლენაზე მიუთითებს. თუმცა, მისი გავლენა მაინც შეზღუდულია, ვინაიდან მეორედ «მოქალაქეები» უბრალოდ უფრო მეტად ფრთხილნი იქნებიან, რათა საბაბი არ მისცენ.
    რაც შეეხება აჭარის სტატუსს ამ საკითხის დღის წესრიგში დასმა გარდაუვალია, ოღონდ არა ავტონომიის გაუქმების ნიშნით, არამედ ცენტრსა და რეგიონს შორის უფლებამოსილებათა გამიჯვნის თვალსაზრისით.
    რაც უფრო მეტად გაიწელება ეს საკითხი, მით უფრო მწვავე იქნება შემდგომი დისკუსია. შესაძლოა პროცესის ინიციირება თვით ოფიციალურმა ბათუმმა მოახდინოს - თუ აჭარის ავტონომიის კონსტიტუციაში მართლაც შევა ცვლილებები, რომელიც დაარღვევს სტატუს ქვოს, მაშინ «მოქალაქეთა კავშირიც» წამოჭრის სტატუსის საბოლოო გარკვევის საკითხს, რაც აჭარის ლიდერს, დღევანდელ პირობებში, ხელს ნამდვილად არ აძლევს.
    მეორეს მხრივ, გიორგი ბარამიძისათვის ეს ყოველივე არ შეიძლება სერიოზულ შეღავათად იქცეს. ის ინტერვიუ, რომელიც მან ერთ-ერთ საინფორმაციო სააგენტოს მისცა, უკვე აქციეს «ისტორიულ მოვლენად». არადა, ბოლოს და ბოლოს, განსაკუთრებული მართლაც არაფერი თქმულა: იკითხა კაცმა - იქნებ სჯობს გავარკვიოთ, ქართველს საქართველოში ავტონომია რა ფორმით უნდა ჰქონდესო. ყოველ შემთხვევაში, ასეთი რამ საქართველოში ადრეც არაერთგზის უთქვამთ და ბოლო წლებშიც, მაგრამ განსაკუთრებული ვნებათაღელვა ამას არ გამოუწვევია;
    თუმცა, პოლიტიკური ტექნოლოგიის თვალსაზრისით, ბარამიძემ ნამდვილად შეცდომა დაუშვა, რადგან მისი განცხადება ობიექტურად ასუსტებს ასლან აბაშიძის ოპოზიციას თვით ბათუმში.
   ავტონომიის გაუქმების იდეა, თვით აჭარის მოსახლეობის უმრავლესობისთვის, რა თქმა უნდა კატეგორიულად მიუღებელია, ამდენად მიუღებელი იქნება აჭარის ელიტისათვისაც. ბარამიძის გადადგომა კი ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან სიმბოლური ნაბიჯი გახდება, რაც რეალურად ბევრს არაფერს შეცვლის.

მერიდიანი, 15 აპრილი, 1998 წ.