გია ჭანტურია მომავლის პოლიტიკოსი იყო

გია ჭანტურია მომავლის პოლიტიკოსი იყო

    რაც უფრო მეტი დრო გადის ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, გია ჭანტურიას მკვლელობიდან, მით უფრო ნათელი ხდება, რომ ეს მეტად მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტი იყო, რომელსაც შორსმიმავალი მიზნები ჰქონდა: 1994 წლის დეკემბერში გია ჭანტურია რომ არ მოეკლათ, «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» დღეს დისკრედიტირებული არ იქნებოდა შიდა უთანხმოებებით. გარდა ამისა, ადრე თუ გვიან «ედპ» მოახერხებდა საკუთარი ხალხის «დაბრუნებას» მთავრობაში და ეკონომიკური რეფორმების სიკეთეც გარკვეულწილად ამ პარტიის დამსახურება გახდებოდა.
    «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» ნამდვილად არ ჰგავდა სხვა ქართულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს, რომლებმაც ვერა და ვერ დაასრულეს სტრუქტურულად ჩამოყალიბების პროცესი და, ფაქტობრივად, ისე დაიშალენ, რომ მათი ხსენებაც აღარაა.
    ედპ, 1988-89 წლიდან, მკაცრად სტრუქტურიზებული, ცენტრალიზებული და დისციპლინირებული პარტია იყო (რაც ძალზე ნიშანდობლივია), თუმცა მაშინ ბევრს სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა, როცა ყვებოდნენ, - «ედპ»-ს მთავარი კომიტეტი «ადგილებზე» დირექტივებს «დახურული პაკეტით» აგზავნის და ფრაქციებს «კრძალავსო».
    არადა, დრომ დაამტკიცა, რომ საქართველოში მკაცრი დისციპლინის გარეშე ნებისმიერი ორგანიზებული გაერთიანება, (პარტია იქნება ეს თუ სხვა რამ) უმალ გადაიქცევა უმაქნის პოლიტიკან-ჭორიკანათა სალაყბოდ.
    მტკიცედ ორგანიზებული, დისციპლინირებული პარტიის ჩამოყალიბება გიორგი ჭანტურიას უდიდესი დამსახურება იყო და ავისმოსურნეებმა სწორედ ეს არ აპატიეს მას. «ედპ»-ს წევრთა უმრავლესობა დღემდე დარწმუნებულია: გიას მკვლელობა კრემლში დაიგეგმა; ისევე, როგორც ილია ჭავჭავაძე მოკლეს უმალ, როგორც კი მან პირველი ნაბიჯები გადადგა ეროვნული პოლიტიკური ორგანიზაციის (იმავე ედპ-ს) ჩამოყალიბებისკენ. ასევე არ აპატიეს გია ჭანტურიას ანალოგიური მცდელობა; მით უმეტეს, როდესაც დარწმუნდნენ: ეს მცდელობა წარმატებით მთავრდებოდა და «ედპ» ნამდვილად იქცეოდა მნიშვნელოვან ძალად.
    პარტიის თავმჯდომარის ძალასა და ავტორიტეტზე მეტყველებს ის პროცესებიც, რომლებიც მისი მკვლელობის შემდეგ დაიწყო - პარტიაში მის გარეშე უმალ ყველაფერი დაიშალა.
    მეორეს მხრივ, გიას მემკვიდრენი (ორივე მხარეს) კარგად უნდა აცნობიერებდნენ, რომ პარტიის დაშლით მათ მნიშვნელოვანი ისტორიული პასუხისმგებლობა იკისრეს - არათუ ვერ შეინარჩუნეს, არამედ საკუთარ კინკლაობას და შეურიგებლობას გადააყოლეს გია ჭანტურიას მიერ შექმნილი მძლავრი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც კეთილისმყოფელ როლს შეასრულებდა ეროვნულ-დემოკრატიული გარდაქმნების პროცესში.
    პოლიტიკის სწავლა შეუძლებელია. პოლიტიკოსის ნიჭი ყველაზე იშვიათია სხვა ნიჭთა შორის. «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარეს» კი ეს ნიჭი უხვად ჰქონდა მომადლებული.

მერიდიანი, 22 აგვისტო, 1997 წ.