გია ჭანტურია: მოკლეს და დაივიწყეს

გია ჭანტურია: მოკლეს და დაივიწყეს

 

    3 დეკემბერს სრულდება ორი წელი «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» თავმჯდომარის, გია ჭანტურიას მკვლელობიდან. დღეს კიდევ უფრო ნათელია, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ აქტს საქართველოში მოვლენათა შემდგომი განვითარებისათვის.
    გია ჭანტურიას მკვლელობის მასშტაბისა და მნიშვნელობის გასააზრებლად სავსებით საკმარისია, დავსვათ კითხვა: რა ვითარება ჩამოყალიბდებოდა დღეს საქართველოში (პოლიტიკური თვალსაზრისით), გია ჭანტურია რომ ცოცხალი ყოფილიყო?
    უპირველეს ყოვლისა, კვლავ მთლიანი და მონოლითური იქნებოდა «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია», რომელიც ამჟამად (განხეთქილების გამო) დასუსტებული და დისკრედიტირებულია. გია ჭანტურია უეჭველად მოახერხებდა რუსეთთან გარდაუვალი დაპირისპირება თავის თავზე აეღო და ერთგვარი «პოლიტიკური მეხამრიდის» როლი შეესრულებინა ედუარდ შევარდნაძის ხელისუფლებისათვის, რომელიც დღეს უკვე მხოლოდ იმიტომ «ყოყმანობს» რუსეთთან ურთიერთობაში ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიღებისას, რომ ამგვარი «პოლიტიკური მეხამრიდი» არ გააჩნია.
    გარდა ამისა, ქართულ (და კავკასიურ) სცენაზე გია ჭანტურიას არსებობის შემთხვევაში გაცილებით გაადვილდებოდა სტრატეგიული კავშირის დამყარება ჩეჩნეთთან (რუსეთის წინააღმდეგ) და ამ ბერკეტის გამოყენება საქართველოს ინტერესების განსახორციელებლად ჩრდილოეთ კავკასიაში. «ეროვნულ-დემოკრატიული პარტია» უეჭველად მოიპოვებდა რამდენიმე «საკვანძო» პოსტს მინისტრთა კაბინეტში და მიმდინარე ეკონომიკური რეფორმაც ძირითადად სწორედ ამ პარტიის ძალისხმევას დაუკავშირდებოდა საზოგადოებრივ ცნობიერებაში.
    გია ჭანტურიას ფიგურა «გააწონასწორებდა» პოლიტიკურ სპექტრს საქართველოში, ჩამოყალიბდებოდა და განუხრელად გააძლიერებდა მემარჯვენე ცენტრისტული დაჯგუფება, «ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის» ავტორიტეტი არ მისცემდა საშუალებას «ქუჩაში» დარჩენილ პარტიებს, რაიმე დესტრუქციული პროცესები წამოეწყოთ საქართველოში და ბრმა იარაღად ქცეულიყვნენ იმავე კრემლის ხელში;
    გია ჭანტურია იქცეოდა სეპარატისტებთან იმ გარდაუვალი, აუცილებელი კომპრომისის გარანტიც, რომლის გარეშე უკვე წარმოუდგენელია აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტა (საქართველოს დამოუკიდებლობის შეულახავად).
    რასაკვირველია, ყოველივე ეს შესანიშნავად იცოდნენ რუსეთის ანალიტიკურ ცენტრებში, სადაც მიმდინარეობს პოლიტიკური პროცესების მომავალი განვითარების მოდელირება და პროგნოზი.
    სწორედ ამიტომ, რათა თავიდან აეცილებინა (ან შეეფერხებინა) საქართველოს «დრეიფი» დასავლეთის მიმართულებით, რუსეთმა გია ჭანტურია მოკლა საქართველოში თავისი ერთგული «გავლენის აგენტის» ხელით.
    «მერიდიანი», 29 ნოემბერი, 1996 წელი.