განძის გატანა: ხელისუფლებას ექსტრემისტი ნაციონალისტების შეეშინდა

განძის გატანა: ხელისუფლებას ექსტრემისტი ნაციონალისტების შეეშინდა

      

        როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლება შეუშინდა განძის გატანასთან დაკავშირებით წინასაარჩევნოდ ვითარების დესტაბილიზაციას და ფაქტობრივად, დაეთანხმა საპატრიარქოს პოზიციას ამ საკითხში.
        ტრიესტის გამოფენა უკვე ჩაიშალა. ასევე ჩაიშლება ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი გამოფენაც; საქართველოს ავტორიტეტი, როგორც ცივილური ქვეყნისა, სერიოზულად შეიბღალა; აქ მხოლოდ გამოფენასა და «კულტურულ თანამშრომლობაში» არ არის საქმე - გამოფენის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, ყველაფერს გააკეთებენ, რათა «შური იძიონ» (დიახაც!) და საქართველოს გაუტეხონ სახელი, როგორც ქვეყანას, რომლის მთავრობა არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. ხელშეკრულების დარღვევა და ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ნებისმიერ შემთხვევაში, ძალზე ცუდი და სამარცხვინო პრეცედენტია - განურჩევლად იმისა, გამოფენას ეხებოდა დოკუმენტი თუ რაიმე ფორმით ეკონომიკურ თანამშრომლობას.
        ასეთ ქვეყანასთან ვინ ითანამშრომლებს ან ვინ აღიქვამს მას საერთოდ სერიოზულად? მით უმეტეს, უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა თვით პრეზიდენტი, რომელმაც ამერიკაში ყოფნისას პირადად მოიწვია ვაშინგტონისა და ჰიუსტონის საზოგადოება ამ გამოფენაზე, მაგრამ ბოლოს და ბოლოს ყველაფერს ეშველება - ჯარიმასაც როგორღაც გადავიხდით, საერთაშორისო ავტორიტეტსაც აღვიდგენთ, ბოდიშსაც მოვიხდით და საერთოდ, ეს ჩვენი «ეროვნული საგანძური» არ არის ამერიკისა და დასავლური ცივილიზაციისთვის იმდენად მნიშვნელოვანი, ამის გამო საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებზე უარი თქვან და საერთოდ გაწყვიტონ ურთიერთობა საქართველოსთან;
        ვიმეორებ, ამას ყველაფერს ეშველება, მაგრამ ჩვენ რა გვეშველება? ანუ, რა ეშველება ამ ქვეყანას, როდემდე უნდა იყოს იგი სიჩლუნგისა და სიბნელის მძევალი? როდემდე უნდა მიმართავდნენ საქართველოში საზოგადოებრივ-ფსიქოლოგიურ პროცესებს პროვინციელები, რომლებიც სწორედ ამ გზით, ამგვარი ხერხებითა და მეთოდებით ცდილობენ სოციალურად თვითდამკვიდრებას?
        განძის საკითხი მათთვის სწორედ სოციალური თვითდამკვიდრების საშუალებაა, ვინაიდან გუშინ სოფლის ღობე-ყორეში დარბოდა ფეხშიშველი, ახლა თბილისში ჩამოვიდა და ცდილობს განძის დაცვით მოიპოვოს «ზნეობრივი უპირატესობა», არადა განძის შესახებ არც რაიმე წაუკითხავს და არც ოდესმე უნახავს იგი;
        განძის დაცვა მათთვის სოციალური არასრულფასოვნების კომპლექსის მოხსნისა «თვითაქტუალიზების» საშუალებაა; ანუ, «მართალია, მე სოციალური კიბის უფრო დაბალ საფეხურზე ვიმყოფები, მართალია, მე «პროვინციელი ვარ, შენ კი «თბილისელი», მაგრამ სამაგიეროდ, მე პატრიოტი ვარ, მე ეროვნულ განძს ვიცავ - ანუ მე შენზე ზნეობრივი ვარ, ვინაიდან შენ (ჩემგან განსხვავებით) განძის ბედი სულაც არ განაღვლებს, - სულაც არ გაწუხებს, რომ განძის საქართველოდან გატანის შემთხვევაში, საქართველოს ღვთისმშობელი მარიამი გაუწყრება, ვისი სათუთი წილხვდომიც არის ჩვენი პატარა, სათაყვანებელი სამშობლო, ხოლო ამერიკაში ქართულ ხატებს ბნელი ძალები, მასონები (არც მასონებზე წაუკითხავს რამე, მაგრამ «იცის», რომ ცუდია) და სხვა ჯურის ანტიქართველები დაეპატრონებიან».
        სწორედ ეს ფენომენი იგულისხმება ბრძნულ გამოთქმაში «პატრიოტიზმი არ უნდა იქცეს უკანასკნელ თავშესაფრად ნაძირალებისთვის», ანუ პატრიოტიზმი არ უნდა იყოს სოციალური არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილი უბადრუკი სუბიექტების თვითდამკვიდრების და «თვითრეაბილიტაციის» საშუალება;
        «პროვინციელი». ამ კონტექსტში აუცილებლად ყოველთვის სოფლიდან ჩამოსულს არ ნიშნავს. თბილისშიც უამრავი «გოიმია», ვინც ასე გაგებული «პატრიოტიზმით», ყალბი რელიგიურობითა და ვითომ ზნეობრივი საზოგადოებრივი აქტივობით ცდილობს სოციალურ თვითდამკვიდრებას.
        თუმცა, ეს ფენომენი შეიძლება ყველა საზოგადოებაში არსებობდეს. უბედურება ისაა, რომ სწორედ ქართული საზოგადოება აღმოჩნდა შინაგანად იმდენად უმწეო, იმდენად სუსტი და მყიფე, რომ მას ვერაფერი დაუპირისპირა.
        ამიტომ ჩვენში «სოციალურად დაჩაგრულთა და არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილთა» აქტივობას შეუძლია ნებისმიერი პროექტი ჩაშალოს. აბა, ერთი გაბედე და ცოტა მკვახედ შეუძახე (რასაც ნამდვილად იმსახურებენ) - უმალვე «ტანჯულის» და «უსამართლოდ დევნილის», «სიმართლისათვის წამებულის» მანტიით მოგევლინება და სოციალურ რევოლუციასაც მოგიწყობს.
        საბედნიეროდ, ამგვარი რამ მხოლოდ საქართველოშია შესაძლებელი, ხოლო კაცობრიობას ეს ფენომენი არ ემუქრება, ამიტომ ნებისმიერ ცივილურ, დემოკრატიულ ქვეყანაში განძის გატანის მოწინააღმდეგეებს სწორედაც ცხვირ-პირს დაუმტვრევდნენ, გამოფენას კი უეჭველად მოაწყობდნენ. ის, რომ თეორიულად შესაძლებელია ექსპონატები (ვთქვათ) ზღვაში ჩავარდეს, - ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ნორმალურმა ქვეყანამ სამუზეუმო პრაქტიკაზე თქვა უარი.

7 დღე
        1999 წლის 2 აგვისტო