გალიაში ჯაბას ნაცვლად ქობალია რომ ჩაესვათ, კაციშვილი ხმას არ ამოიღებდა

გალიაში ჯაბას ნაცვლად ქობალია რომ ჩაესვათ, კაციშვილი ხმას არ ამოიღებდა

  

    რამდენიც უნდა ეცადოს ჯაბა იოსელიანის «საზოგადოებრივი დამცველი», უზენაეს სასამართლოში ორშაბათს დაწყებული პროცესი მაინც აღიქმება, როგორც «იოსელიანისა და სხვათა» სასამართლო, თუმცა, თავად ჯაბა იოსელიანის ადვოკატთა მტკიცებით, ფორმალურად (ოღონდ არა შინაარსობლივად), უფრო ზუსტი იქნებოდა გვეთქვა: «სხვათა და იოსელიანის» სასამართლო. ამ შემთხვევაში შინაარსობლივი მხარე მეტად საგულისხმოა, ვიდრე ფორმალური. ეს წინააღმდეგობა იმ უცნაურობასაც ასახავს, რომელმაც «საუკუნის სასამართლოს» გაშუქებისას იჩინა თავი ქართული და (განსაკუთრებით) რუსული მედიით.
    დავაკვირდეთ: «მხედრიონელების სასამართლოს» მხოლოდ 1995 წლის 29 აგვისტოს ტერორისტულ აქტს უკავშირებენ სახელმწიფოს მეთაურის წინააღმდეგ. არადა ჯაბა იოსელიანს, გიგა გელაშვილს, თემურ ხაჩიშვილსა და სხვებს ბრალად გია ჭანტურიას მკვლელობაც ედებათ. მაგრამ ეს რატომღაც თითქმის არავის ახსოვს - ედპ-ს ყოფილი ლიდერის მეგობრების ჩათვლით. უკანასკნელნი ისე გასუსულან და გატრუნულან, თითქოს გია ჭანტურია მათი კი არა, ჩემი მეგობარი ყოფილიყოს. სადღაა მათთვის დამახასიათებელი მძვინვარება და შეურიგებლობა, რომელსაც ზვიად გამსახურდიასთან დაპირისპირებისას ამჟღავნებდნენ.
    სხვაობის მიზეზი ადვილად ასახსნელია: ექსპრეზიდენტთან დაპირისპირება ადვილი იყო, ვინაიდან მის მიღმა რეალური ძალა არ იდგა, «მრგვალების» უნიათო მმართველობა საშიშროებას ვერ უქმნიდა მოწინააღმდეგეთ. გიგა გელაშვილი კი ციხიდანაც საშიშია.
    პირველივე სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ორწლიანი დუმილის შემდეგ: «აბა, ერთი მომიყვანონ ვინმე და თუნდაც ერთი სიტყვა თქვას ჩვენს წინააღმდეგ...». იგულისხმება: ეს ჩვენი გულადი ოპოზიციონერები, - «ტირანის» წინააღმდეგ ბრძოლისას ასეთი ვაჟკაცები რომ იყვნენ, ძნელად თუ გაბედავენ შეეწინააღმდეგონ უზენაესი სასამართლოს დარბაზიდან აგორებულ ფსიქოლოგიურ ტერორს. ტელევიზიით «ზვიადას» ლანძღვა ადვილი იყო, - დედიშენის შვილი ხარ და ჯაბა იოსელიანზე ან გიგა გელაშვილზე იტყვი რამეს, მაშინაც კი, როდესაც «გალიებში» სხედან.
    «გალიებს» რაც შეეხება, - ეს «სასამართლო რეკვიზიტი» მხედრიონის ელიტამ ძალზე ნიჭიერად გამოიყენა ზემოთხსენებული ტალღის ასაგორებლად. ნორმალური სასამართლო გარჩევა მათთვის მიუღებელიც არის და არაობიექტურიც: მაშინ ხომ მოუწევთ პასუხი გასცენ ელემენტარულ კითხვას: მართლა მოკლეს თუ არა გია ჭანტურია (დავანებოთ თავი შევარდნაძეს)? თუ ბრალდებამ შეძლო იმის დამტკიცება, რომ გია ჭანტურიას მკვლელობა 1994 წლის 3 დეკემბერს «მხედრიონელთა» ორგანიზებული და განხორციელებული იყო, ძალიან ძნელი იქნება უკვე იმგვარი სტერეოტიპის შექმნა, რომ ეს არის «სხვათა და იოსელიანის» პროცესი. აბა რომელი ჭკუათმყოფელი დაიჯერებს ამ სტერეოტიპიდან გამომდინარე დასკვნას? საზოგადოებრივი აზრი ვერ შეეგუება პოსტულატს: «მხედრიონმა კი მოაწყო ტერაქტი, მაგრამ ჯაბამ ამის შესახებ არაფერი იცოდა». ვერ შეეგუება მაშინაც კი, თუ ეს პოსტულატი (თეზა, არგუმენტი) აბსოლუტურად სამართლიანია.
    დიახ, სრულიადაც არ მიმაჩნია გამორიცხულად, სამართლიანი იყოს, ანუ ჯაბა იოსელიანს არ მიუძღოდეს წვლილი გია ჭანტურიას მკვლელობასა და ედუარდ შევარდნაძის აფეთქებაში, მაგრამ მხედრიონის შექმნაში ხომ მიუძღვის წვლილი? - ეს არგუმენტი ქართული სოციუმის ყველა დაჯგუფებისათვის საკმარისი იქნება საბოლოო დასკვნისათვის. თუმცა, დასკვნაც არის და დასკვნაც. დემოკრატიის (მით უმეტეს, ქართული დემოკრატიის) ერთ-ერთი თვისება და განმასხვავებელი ნიშანი ისაა, რომ მასმედია ყოველთვის როდი ასახავს საზოგადოების განწყობას. მით უმეტეს, თუ «საზოგადოებაში» მთლიანად «მოსახლეობას» ვიგულისხმებთ, რაც არასწორი იქნება. განწყობა შეიძლება ერთი იყოს, - მედიაში კი სულ სხვაგვარი სტერეოტიპები დომინირებდეს.
    ამას «საუკუნის პროცესის» პირველი დღეც ადასტურებს: განსასჯელებმა ძალიან ოსტატურად გამოიყენეს «გალიების თემა» მათთვის სასარგებლო საინფორმაციო ფონის შესაქმნელად. ერთმანეთს დაუპირისპირდა ორი მსოფლმხედველობრივი თეზისი: «თუ მართლა ჩაიდინეს დანაშაული (მაგალითად: თუ მართლა მოკლეს გია ჭანტურია - ავტ.) გალიებში უნდა ჩასვან, აბა რესტორანში ხომ არ წაიყვანენ?» მეორე: «გალიებში არ უნდა ჩასვან იმ შემთხვევაშიც კი, თუ მართლა ჩაიდინეს დანაშაული, რადგან ეს ადამიანის უფლებათა დარღვევაა».
    ოღონდ დავაკვირდეთ: პირველი თეზა უფრო «მასისთვისაა» დამახასიათებელი და გასაგები, მეორე - «ელიტისათვის»; მაგრამ ამგვარმა გაყოფამ შეიძლება, არასწორ დასკვნამდე მიგვიყვანოს - განა «გალიების» თემა ესოდენ გამწვავდებოდა საბრალდებო სკამზე «მხედრიონელები» კი არა, «ზვიადისტები» რომ ყოფილიყვნენ? რა თქმა უნდა, არა! სოციუმის დამოკიდებულება სარკისებრად საპირისპირო იქნებოდა, ანუ იმავე ელიტისათვის ლოთი ქობალია (რომელსაც ჟურნალისტ ბოლქვაძის მკვლელობაში ედებოდა ბრალი) ნამდვილად იქნებოდა «გალიაში ჩასმის ღირსი». არავის მოუვიდოდა აზრად მედიით ამის გამო აღშფოთება. მასის დამოკიდებულება უეჭველად საპირისპირო იქნებოდა, მაგრამ იგი მედიამდე ვერ მიაღწევდა. მასმედია საქართველოშიც და სხვა ცივილიზებულ ქვეყნებშიც, უპირველესად, ელიტის აზრს გამოხატავს. მით უმეტეს, იმ პირობებში, როდესაც ელიტის აზრი მასის აზრს უპირისპირდება.
    ზემოთქმულს ბუნებრივად მივყავართ ისევ იმ დასკვნამდე, რომ საქართველოში (ცნობიერ დონეზე) გრძელდება სამოქალაქო ომი, რომელსაც  სოციალურ ფენათა ურთიერთსიძულვილი, ურთიერთდაპირისპირების შინაარსი აქვს.
    მხედრიონი პროცესი ამ სამოქალაქო ომის კიდევ ერთი (მორიგი) აქტია. მხედრიონელები ამას გრძნობენ. ისიც იციან, რომ გია ჭანტურიას მკვლელობაზე ლაპარაკი ხელს არ აძლევთ. მეორე მხრივ, ბრალდებას თუ ჭკუა აქვს, სწორედ 1994 წლის 3 დეკემბრის ტერაქტით უნდა დაიწყოს და არა 1995 წლის 29 აგვისტოს მომხდარი აფეთქებით. ეს უეჭველად გამოიწვევს «კონცენტრირებული სტერეოტიპების» დაშლას და «გუგულებივით მდუმარე» ეროვნულ-დემოკრატებსაც აიძულებს, ხმა ამოიღონ.
    თუმცა, ბრალდებისა და მთლიანად, სასამართლოსთვის ამის მიღწევა არც ისე ადვილი იქნება - მხედრიონელები უეჭველად შეეცდებიან, «გალიებიდან გამოყვანის» მოთხოვნა პროცესის საერთოდ ჩაშლის წინაპირობად აქციონ. რა თქმა უნდა, ხელისუფლება ამ მოთხოვნას არ დასთანხმდება, ვინაიდან ჩვეულებრივი ტიხარი სასამართლო დარბაზში ვერავის მისცემს უსაფრთხოების გარანტიას - საქმე ეხებათ არა უბედურ «ზვიადისტებს», არამედ მართლა «გამკეთებლებს», მართლა «მგლებს», რომელთაც დღესაც ყველაფრის ძალა და უნარი შესწევთ.
    მათთვის იდეალური ვარიანტი იქნებოდა ან სასამართლოზე «შევარდნაძის თემის» მუსირება (დარწმუნებული ვარ ბოლოს შეიძლება ისიც კი ითქვას, - გია ჭანტურიას მკვლელობის თაობაზე შევარდნაძემ იცოდაო) ან პროცესის ჩაშლა და სასამართლო ფარსის დასრულება ცარიელ დარბაზში.
    ცარიელი გალიებით.

7 დღე, 3 დეკემბერი, 1997 წ.