გაეროს რეზოლუციამ აფხაზეთზე, საქართველოს ხელისუფლებას იმედები გაუცრუა

გაეროს რეზოლუციამ აფხაზეთზე, საქართველოს ხელისუფლებას იმედები გაუცრუა

      გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე მოულოდნელი არაფერი მომხდარა. კვლავ დაფიქსირდა რეალობა, რომელიც საქართველოსთვის მეტად არასასურველია: უკლებლივ ყველა გეოპოლიტიკურ ძალას სურს კავკასიაში სტაბილურობის შენარჩუნება, რაც ფაქტობრივად სტატუს-კვოს ნიშნავს
    პირველი სიმპტომი იმისა, რომ გაერო არც ამჯერად მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას «გულზე სალბუნად რომ დაედებოდა მაისის მოვლენებით გამწარებულ საქართველოს» - იყო გენერალური მდივნის სპეციალური მიმართვის ზოგიერთი პასაჟი.
    დამკვიდრებული ტრადიციის შესაბამისად, გაეროს გენერალური მდივანი, უშიშროების საბჭოს სხდომაზე რამდენიმე დღით ადრე მიმართავს საბჭოს წევრებს ე.წ. «სარეკომენდაციო წერილით», რომელშიც გამოთქმულია მოსაზრებები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი პასაჟით კოფი ანანი აღნიშნავდა: «მხარეები კვლავ არ ამჟღავნებენ სურვილს, გადაჭრან წარმოქმნილი პრობლემები ძალადობის გარეშე».
    მაშასადამე, გენერალურმა მდივანმა არა მხოლოდ აფხაზური, არამედ ქართულ მხარესაც დასდო ბრალი მაისის მოვლენათა გამო. არძინბამ შეძლო საქმე ისე წარმოეჩინა, თითქოს მაისის ეთნოწმენდა და ხოცვა-ჟლეტა სამურზაყანოში მხოლოდ და მხოლოდ რეაქცია იყო «ქართველ დივერსანტთა» მოქმედებაზე.
    კიდევ კარგი, გენერალურმა მდივანმა სეპარატისტთა დამსჯელი ექსპედიცია «იძულებით აქციად» არ გამოაცხადა. სხვათა შორის, ტყუილად გვაქვს გაეროს «გენსეკის» მხარდაჭერის იმედი. ახლა ხდება ნათელი, რატომ დაუჭირა მხარი რუსულმა დიპლომატიამ სწორედ მის კანდიდატურას. კოფი ანანის (ისევე, როგორც ყველა შავკანიანს) აქვს ჩაგრული უმცირესობის სინდრომი», ანუ შინაგანად იგი ყოველთვის იმის მხარეს დგება, ვინც გულის სიღრმეში «დაჩაგრულად» მიაჩნია.
    აფსუა სეპარატისტებმა კი ასეთი იმიჯი ერთხელ და სამუდამოდ დაიმკვიდრეს. ამგვარი განწყობის გენერალური მდივანი ხელსაყრელია რუსეთისათვის, რომელიც პოსტსაბჭოურ სივრცეში «ფრაგმენტული იმპერიალიზმის» დოქტრინას ახორციელებს.
    ამრიგად, გაეროს ბოლო რეზოლუცია თუ რაიმე სიახლეს შეიცავს, - ისევ და ისევ საქართველოსთვის წამგებიანს. ასეთი პოზიცია (მათ შორის ჩვენი მეგობრების მხრიდანაც) გასაკვირი არ უნდა იყოს, ვინაიდან ისინი არასდროს არ დაუჭერენ მხარს იმ მოძრაობას, რომელსაც ჩვენ «პარტიზანულს» ვუწოდებთ.
    რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, მათთვის (ისევე, როგორც რუსეთისა და არძინბასთვის) ეს არის «ჩვეულებრივი ტერორიზმი», რაც დასავლეთში მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურად აღიქმება.
    უფრო მეტიც - საქართველოს მხრიდან სახელმწიფო გადაწყვეტილების საფუძველზე სამხედრო ძალის გამოყენება უფრო იქნება გაგებული და მხარდაჭერილი დასავლეთის მიერ, ვიდრე «პარტიზანული მოძრაობისა». ასეთია რეალობა და ამ რეალობის უგულებელყოფა უნდა მოახდინო იმ შემთხვევაში, თუ მისი იგნორირების ძალა შეგწევს და სულაც არ გაღელვებს სხვათა რეაქცია შენს მოქმედებაზე.
    გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა თავისი არსი: ეს არის უაღრესად ბიუროკრატიული სტრუქტურა, რომლის ერთადერთი დანიშნულებაა დააბალანსოს წინააღმდეგობები «დიდ სახელმწიფოებს» შორის; მისცეს მათ საშუალება მოილაპარაკონ და მიაღწიონ კონსენსუსს სხვა ქვეყნების თანდასწრებით. სწორედ «თანდასწრებით» და არა მონაწილეობით, ვინაიდან ხუთ დიდ ქვეყანას (ამერიკას, რუსეთს, ჩინეთს, საფრანგეთს, დიდ ბრიტანეთს), რომელთაც გააჩნიათ ატომური იარაღის დიდი მარაგი, უშიშროების საბჭოში ვეტოს უფლებაც აქვთ.
    სწორედ ამ უფლების გამო, შეუძლებელია უშიშროების საბჭოში «გავიდეს» ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ერთ-ერთ «მუდმივ წევრს» არ ეპიტნავება. მიმდინარეობს ვაჭრობა - ამ შემთხვევაში ვაჭრობა საქართველოს ინტერესთა ხარჯზე.
    უშიშროების საბჭოს რეზოლუციის თითოეული ფორმულირება ამ კომპრომისის გამოხატულებაა - არძინბამ კიდევ ერთხელ დასჯაბნა ქართული დიპლომატია. ტყუილად გვეგონა, რომ «საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჩარევით» მოლაპარაკების პროცესში სეპარატისტებზე ზეწოლას მოვახდენდით.
    მოხდა პირიქით: დღეს გერმანიის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის ელჩები, ისევე როგორც ამერიკის წარმომადგენლები, ასახელებენ იმავე არგუმენტს, რასაც წლიდან-წლამდე იმეორებდა რუსეთი: რაკი ჩვენ შუამავლები ვართ, ვერ დავიკავებთ ცალმხრივად პროქართულ პოზიციას და ვერ დავუჭერთ მხარს რეზოლუციებში ცალმხრივად ანტიაფხაზური ფორმულირებების ჩაწერას, ვინაიდან ამ შემთხვევაში ჩვენი შუამავლობა აზრს კარგავს.
    ეს კვლავ გვაფიქრებინებს, რომ ნამდვილად სჯობდა, «მეგობარ ქვეყნებს» საერთოდ არ მიეღოთ მოლაპარაკებებში მონაწილეობა და განცხადებებით დაკმაყოფილებულიყვნენ.
    სხვათა შორის, «ჟენევის პროცესში» ჩასვლამდე ეს განცხადებები უფრო მეტად პროქართული იყო და გაეროს უშიშროების საბჭოშიც უფრო მეტად გვეხმარებოდა დასავლური დიპლომატია, ვიდრე ამჟამად.
    მაშასადამე, აქაც წავაგეთ. გაუგებარია, საეროთდ რა აზრი ჰქონდა ან მოლაპარაკებათა ჟენევაში გადატანას (სადაც იგი მიმდინარეობს მთელი მსოფლიოს თვალწინ, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე), ან «მეგობარი ქვეყნების» ჩართვას ამ პროცესში, როდესაც ისინი იძულებული არიან «შუალედური» პოზიცია დაიკავონ - წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი შუამავლობა მართლაც ყოველგვარ აზრს კარგავს.
    ამით ჩვენ გავხარჯეთ პოლიტიკური რესურსი, რომელიც შეგვეძლო უფრო აქტიურად გამოგვეყენებინა. ახლა უკვე გვიან არის «მეგობარი ქვეყნების» აღნიშნულ მისიაზე უარის თქმა. ეს მათი შეურაცხყოფა იქნება, რასაც ისინი არ გვაპატიებენ.

მერიდიანი, 3 აგვისტო, 1998 წ.