«გაეროს ეგიდით, ევროთათბირის მონაწილეობითა და რუსეთის შუამდგომლობით»

«გაეროს ეგიდით, ევროთათბირის მონაწილეობითა და რუსეთის შუამდგომლობით»

სიზიფეს შრომა

    გასულ კვირას, ჟენევაში, კვლავ მთელი მსოფლიოს თვალწინ, «გაეროს ეგიდით, ევროთათბირის მონაწილეობითა და რუსეთის შუამდგომლობით» გაიმართა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი.
    ზოგიერთის აზრით, ეს მოლაპარაკება საერთოდ მეტისმეტად «გაიჭიმა დროში», მაგრამ რეალურად, ერთი წელი არც ისე დიდი ვადაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ მაგალითად მოლაპარაკება კვიპროსთან დაკავშირებით უკვე რამოდენიმე ათეული წელია მიმდინარეობს - იმავე გაეროს ეგიდით და იმავე ევროთათბირის მონაწილეობით. შუამავლის ფუნქციას კი ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებს.
    თუმცა, იმ «მოლაპარაკებათა შედეგადაც», რომლის ორასოთხმოცდამეშვიდე რაუნდიც ამას წინათ ჟენევაში შედგა, რეალურად არაფერი შეცვლილა - კვიპროსი კვლავ გაყოფილია ორ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ, რომლებიც ერთმანეთს არ სცნობენ და ერთმანეთისაგან განცალკევებით ვითარდებიან კულტურული თვალსაზრისით.
    მართალია ერთ-ერთი მათგანი მსოფლიოს ჯერაც არ უცვნია, მაგრამ ეს მას დიდად არც აღელვებს - მთავარია «დე ფაქტო», ხოლო «დე-იურე» ოდესმე თავისით მოვა.

    ჟენევის «მორიგ რაუნდზე» მორიგი «წარმატებაც» იქნა მიღწეული. კერძოდ, როგორც საინფორმაციო საშუალებებმა გვამცნეს, აფხაზური მხარე დათანხმდა ფედერაციულ მოწყობას და ამით აღიარა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. თურმე ერთ წვრილმანში ვერ შეთანხმდნენ მხოლოდ - შევიდნენ თუ არა აფხაზური სამხედრო ფორმირებები ერთიანი არმიის შემადგენლობაში. ეს საკითხი გადაიდო «შემდგომი განხილვისათვის». მოსკოვში ოთხშაბათს იწყება მოლაპარაკება ექსპერტთა დონეზე, რომელმაც საბოლოოდ უნდა განსაზღვროს «აფხაზეთის სტატუსი» და ქართველ ლტოლვილთა დაბრუნების ვადები . . . .
    მაგრამ, ამ ეიფორიის ფონზე, რატომღაც არავინ მიაქცია ყურადღება სოკრატ ჯინჯოლიას მრავალმნიშვნელოვან განცხადებას, რომელიც მან ჟენევიდან დაბრუნებისთანავე გააკეთა სოხუმში: «საქართველოსა და აფხაზეთს შორის მოლაპარაკების მორიგ რაუნდზე მიღწეულია მნიშვნელოვანი პროგრესი იმ გზაზე, რომლის საბოლოო მიზანია ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს (საქართველოსა და აფხაზეთის) კონფედერაციის შექმნა».
    მაშასადამე, აფხაზურ მხარეს პოზიცია არ შეუცვლია: იგი კვლავ მოითხოვს იმას, რასაც ყოველთვის მოითხოვდა - კონფედერაციას, რათა დაფიქსირდეს აფხაზეთი, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტი, ხოლო შემდგომ გამოაცხადონ კონფედერაციიდან გასვლა, სრული დამოუკიდებლობა და მოითხოვონ გაეროში გაწევრიანება.
    ისმის ლოგიკური კითხვა: საიდანღა გაჩნდა ტერმინი «ფედერაცია?». საქმე ის გახლავთ, რომ აფხაზური მხარე კვლავ ძალიან ოსტატურად ასრულებს თავის პარტიას. მისი მიზანია, შექმნას ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს და მათი განგრძობაა საჭირო - სინამდვილეში კი, საქმე ადგილიდან არ იძვრის. სწორედ ამ მიზნით, აფხაზური მხარე ჟენევაში დაეთანხმა ფედერაციის იდეას, მაგრამ მთავარი მისთვის იყო არა ფორმა, არამედ შინაარსი - ფედერაციული ურთიერთობების დადგენა მხოლოდ ხელშეკრულების საფუძველზე შეიძლება, აი, სწორედ ეს გახლავთ აფხაზური მხარის მიზანი: საქართველომ აღიარა ამგვარი ხელშეკრულების დადების აუცილებლობა და ამიერიდან იწყება მოლაპარაკებათა ახალი ეტაპი - კონკრეტული ფედერაციული ხელშეკრულების შემუშავებისა.
    ეს ტიტანური სამუშაო კი, ჭეშმარიტად უსასრულო იქნება და «სიზიფეს შრომას» დაემსგავსება. საერთაშორისო სამართალი არ შეიცავს «კონფედერაციის» ან «ფედერაციის» მკაცრ დეფინიციას; ძნელი დასადგენია ის კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს სახელშეკრულებო ურთიერთობათა შინაარსს. უფრო სწორად, კრიტერიუმი პრაქტიკულად დადგენილია, მაგრამ საერთაშორისო სამართლით განსაზღვრული არ არის: ფედერაციის ძირითადი ნიშანია ერთიანი არმია და ერთიანი ფინანსური სისტემა ანუ ერთიანი ვალუტა.
    სიმპტომატურია, რომ აფხაზურმა მხარემ სწორედ იმ დოკუმენტებს არ მოაწერა ხელი, სადაც ამ ფუნდამენტურ საკითხებზე იყო საუბარი ანუ იგი არ დათანხმდა (და არც დათანხმდება არასდროს!) ერთიან არმიას და ერთიან ვალუტას.
    სოკრატ ჯინჯოლიამ და მისმა კოლეგებმა კვლავ დაჯაბნეს ეშმაკობით ქართველი პარტნიორები - მათ, ერთი მხრივ, შეუქმნეს მსოფლიოს ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს მოლაპარაკებებში «გარღვევა მოხდა» და, ამრიგად, საქართველოს მოთხოვნა აფხაზური მხარის წინააღმდეგ სანქციების შემოღების თაობაზე საფუძველს მოკლებულია. ასევე «საფუძველს მოკლებულია» საქართველოს მოთხოვნა მდინარე ენგურიდან რუსეთის ჯარების გაყვანის შესახებ.
    რეალურად კი, აფხაზებს არაფერი დაუთმიათ - ლტოლვილები არ ბრუნდებიან, ენგურზე დგას რუსეთის «სასაზღვრო ჯარი», ხოლო სტატუსის განსაზღვრა უსასრულო მოლაპარაკებების, დისკუსიების, მორიგი რაუნდების, კონფერენციებისა და სემინარების საგანი გახდება.
    ძალზე საყურადღებოა, რომ ყოველივე ამას აფხაზური პრესა და ტელევიზია არავითარ ყურადღებას არ აქცევს - თითქოს ეს მოლაპარაკება აფხაზეთს არც ეხებოდეს. აქედან ჩანს, რომ მოლაპარაკებები მართლაც მხოლოდ «კომუფლიაჟია» სეპარატისტული ზრახვების აღსასრულებლად. ეს თვით აფხაზურ მოსახლეობასაც შესანიშნავად ესმის. ამიტომაც არ იჩენს იგი არავითარ ინტერესს. ხოლო 14 სექტემბერს და 13 იანვარს, როდესაც სიტუაცია რეალურად დაიძაბა და თითქოს ლტოლვილთა დაბრუნების შანსიც გაჩნდა, - აფხაზურმა პრესამ და ტელევიზიამ ნამდვილი ისტერია ატეხა, რადგან ეს უკვე ფუჭი «მოლაპარაკება» კი აღარ იყო, არამედ რეალური ქმედება.
    «ერთიანი ჯარის» აღიარებას, ამ შემთხვევაში, პრინციპული მნიშვნელობა აქვს - ფედერაციის ძირითადი ნიშანი სწორედ ეს არის. კონფედერაციის სუბიექტებს კი პირიქით - ორი სხვადასხვა, დამოუკიდებელი არმია ჰყავთ. იგივე შეიძლება ითქვას ფინანსურ სისტემაზეც. რაც შეეხება ლტოლვილთა დაბრუნებას, როგორი გრაფიკიც უნდა შეიმუშაონ შუამავლებმა, სანამ გალის რაიონს ფაქტობრივად აფხაზური პოლიცია აკონტროლებს, ლტოლვილები გალში არ დაბრუნდებიან, ხოლო რუსეთის წარმომადგენელთა განცხადებანი: «რუსეთი არ დაუშვებს ლტოლვილთა გამოყენებას პოლიტიკური მიზნით» - მხოლოდ ლიტონი სიტყვებია და სხვა არაფერი.
    ერთადერთი იმედისმომცემი ფაქტორი, რომელსაც შეუძლია რეალურად მოახდინოს გავლენა მიმდინარე პროცესებზე, არის მდინარე ფსოუზე რუსეთის მხრიდან საზღვრის ჩაკეტვა, რის შედეგადაც აფხაზურმა მხარემ ვეღარ შეძლო რუსეთში ათეულობით ათასი ტონა ციტრუსის გატანა.
    მაგრამ ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ ეკონომიკური ზეწოლა ვერ მოახდენს რეალურ გავლენას აფხაზ სეპარატისტთა პოლიტიკაზე, ვინაიდან ეს პოლიტიკა მძვინვარე ფანატიზმსა და ქართველთა სახით შექმნილ «მტრის ხატს» ეყრდნობა.
    გარდა ამისა, კვლავ და კვლავ გვიწევს იმ ფაქტის კონსტატირება, რომ კოდორის ხეობას უდიდესი, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისათვის.
    თითქოს არც ჩანს გამოსავალი, და მართლაც «სიზიფეს შრომას» ეწევიან ქართველი დიპლომატები, მაგრამ პოლიტიკაში არასდროს არ იქმნება გამოუვალი მდგომარეობა - გამოსავლის მოსაძებნად მკაცრად განსაზღვრული, მიზანმიმართული, კონცენტრირებული პოლიტიკის გატარებაა საჭირო.

«ივერია-ექსპრესი», 15 თებერვალი, 1995 წელი.