ბრძოლა «მესამე მსოფლიოსათვის»

ბრძოლა «მესამე მსოფლიოსათვის»

 

    სახელმწიფოს მეთაურის გადადგომის თაობაზე გამართული საპარლამენტო დებატების ერთადერთი რეალური შედეგი ის გახდა, რომ ედუარდ შევარდნაძე აღარ გაემგზავრა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის სესიაზე, რომელზეც მისი სიტყვით გამოსვლა იყო დაგეგმილი. ამ თვალსაზრისით «კონსერვატორთა» ლიდერმა, თემურ ჟორჟოლიანმა ფასდაუდებელი სამსახური გაუწია შევარდნაძეს, ვინაიდან მას ნამდვილად არ სურდა გაეროში გამოსვლა ადვილად ასახსნელი მიზეზის გამო:

    რუსეთის პრეზიდენტმა ბორის ელცინმა თავის სიტყვაში დაუფარავად განუცხადა მთელ მსოფლიოს კრემლის საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტის არსებობის შესახებ. ეს პრიორიტეტი, ელცინის თქმით, არის СНГ-ს, ანუ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია.
    საკითხის ამგვარად დასმა დასავლური პოლიტიკური მენტალიტეტისათვის სავსებით მისაღებია, ვინაიდან დასავლეთსაც გააჩნია საკუთარი პრიორიტეტი ანუ «სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესების ზონა» - ახლო აღმოსავლეთი; ხოლო ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ეს არის მთლიანად, დასავლეთ ნახევარსფერო.
    ამრიგად, ელცინის განცხადება არავის აღაშფოთებდა, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამგვარი პრიორიტეტის არსებობა ჯერ კიდევ არ ნიშნავს სრული «კარტ ბლანშის» უზრუნველყოფას, ანუ «ზესახელმწიფოს» უფლებას, იმოქმედოს საკუთარი ნება-სურვილით, ყოველგვარი კანონებისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების იგნორირებით.
    პირიქით - დღევანდელ მსოფლიოში «ზესახელმწიფოს» ცივილიზებულობა უპირველეს ყოვლისა იმით განისაზღვრება, რამდენად ახერხებს იგი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას - საერთაშორისო სამართლის დაურღვევლად.
    მაგალითად, ერაყის მიერ კუვეიტის ოკუპაცია, სტრატეგიული თვალსაზრისით, იყო ყველაზე ძლიერი დარტყმა ამერიკის სასიცოცხლო ინტერესებზე XX საუკუნის განმავლობაში. მიუხედავად ამისა, ბუშის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა, რათა ჯერ გაეროს (ანუ საერთაშორისო თანამეგობრობის) მხარდაჭერა მიეღო და მხოლოდ ამის შემდეგ განახორციელა სამხედრო ოპერაცია.
    ასევე დღესაც - კლინტონის ადმინისტრაცია კუნძულ ჰაიტიზე მოქმედებს სწორედ გაეროს მიერ გაცემული მანდატით. რასაკვირველია, ამაშიც არის პრაგმატული ინტერესი - «ზესახელმწიფოს» პრესტიჟი არ უნდა შეილახოს «მესამე მსოფლიოში», რომლის საბოლოო გადანაწილებისთვის მიმდინარეობს ამჟამად გააფთრებული ბრძოლა.
    რუსეთი ამ ბრძოლაში არ ერევა. მან დაუფარავად აგრძნობინა დასავლეთს, რომ აქვს მხოლოდ ერთი პრიორიტეტი - ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცე, მაგრამ ამ სივრცეში მოქმედებისათვის სრული თავისუფლება მოითხოვა.
    დასავლური საზოგადოების დემოკრატიული ბუნებიდან გამომდინარე, მას არ შეუძლია პოლიტიკური გარიგების აშკარა ობიექტად აქციოს საკაცობრიო ფასეულობანი. ამავე დროს, რუსეთის წინადადება ძალზე მიმზიდველია, ამიტომ იგი რუსეთს სთავაზობს ჩაურევლობას მისი გავლენის სფეროში, მდუმარე თანხმობას თუნდაც ერთიანი სახელმწიფოს აღდგენაზე, ოღონდ ერთი ურყევი პირობით: არ უნდა იქნას დარღვეული ხილული საერთაშორისო- სამართლებრივი ტრადიცია და პროცესი უნდა წარიმართოს მხოლოდ და მხოლოდ ნებაყოფლობითობის საფუძველზე.
    სხვაგვარად რომ ვთქვათ, დასავლეთი რუსეთს არ მისცემს საშუალებას, ამა თუ იმ დამოუკიდებელი ქვეყნის აშკარა ანექსირება მოახდინოს, მაგრამ მზად არის თვალი დახუჭოს შენიღბულ, ფარულ ანექსიაზე - ნახევრადძალისმიერი ეკონომიკური ზეწოლისა თუ სხვა მეთოდების გამოყენებით.
    ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი მოსკოვის ხელში, რა თქმა უნდა, ამ ქვეყნებში სეპარატისტული მოძრაობის მხარდაჭერაა. ზოგადად რომ ვთქვათ, ამ ბერკეტის საშუალებით კრემლი არა მხოლოდ დამოუკიდებელი ქვეყნების ეკონომიკას ანგრევს, არამედ იყენებს მას მთლიანად, მმართველი ელიტის შანტაჟირებისათვის, ვინაიდან ტერიტორიის დაკარგვა (მით უმეტეს, თუ ამ ელიტას არ ჰყოფნის პოლიტიკური ნება - დაასახელოს ჭეშმარიტი აგრესორი) უეჭველად ხდება დაძაბულობის ზრდისა და სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზი.
    ამ მეთოდის განხორციელების მაგალითია საქართველო და აზერბაიჯანი. ბაქოში ხელმოწერილმა შეთანხმებამ (კასპიის ზღვის შელფში ნავთობის მოპოვებასთან დაკავშირებით) და აზერბაიჯანის ეკონომიკაში დასავლური კაპიტალის ინვესტირების პერსპექტივამ იმდენად შეაშფოთა რუსეთი, რომ მან უმალვე აამოქმედა ზემოქმედების «სპეციალური საშუალებანი» და ქვეყანა ტერორისტული აქტებისა თუ ანტისახელმწიფოებრივი სამხედრო გამოხტომების ასპარეზად იქცა.
    დასავლეთი, ყოველივე ამას, რასაკვირველია ხვდება. მაგრამ იგი ხედავს რუსეთის მზადყოფნასაც - მთლიანად «ამოიკვეთოს ფეხი» მესამე მსოფლიოდან, ულაპარაკოდ დათმობის ასპარეზი და გარკვეული ისტორიული პერიოდით «ჩაიკეტოს» ევრაზიის გეოპოლიტიკურ სივრცეში.
    ამჟამად ევროპისა და ამერიკის ანალიტიკურ ცენტრებში სწორედ ამ საკითხზე მსჯელობენ: სტრატეგიული თვალსაზრისით, აძლევს თუ არა დასავლეთს ხელს ამგვარი გარიგება კრემლთან. რუსეთის დაზვერვის მესვეურის - ევგენი პრიმაკოვის გახმაურებული ბროშურა (Реинтеграционный процесс в бывшем СССР - нуждается ли в корректировке курс Запада) იქცა მცდელობად, ამ ანალიზის პროცესში ჩარევისა; რამდენად წარმატებული - ეს ელცინის ვაშინგტონში ვიზიტმა ნათელყო.
    ეჭვგარეშეა, კლინტონთან რუსი ლიდერის მოლაპარაკების მთავარი თემა სწორედ ზემოთაღწერილი გეოპოლიტიკური პრობლემის საბოლოო გადაწყვეტა იყო, ოღონდ ეს პრობლემა განიხილებოდა სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების შემცირების კონტექსტში. ყურადღება მივაქციოთ: ბოლო დროს დასავლურ პრესაში გამოჩნდა შემაშფოთებელი ცნობები იმის თაობაზე, რომ რუსეთი არ ასრულებს თავის ვალდებულებებს ზემძიმე ბალისტიკური რაკეტების მოსპობის თაობაზე.
    სხვათა შორის, იურიდიული თვალსაზრისით, რუსეთისთვის ეს ხელშეკრულება არ ატარებს იმპერატიულ ხასიათს, ვინაიდან იგი ჯერაც არ არის რატიფიცირებული საკანონმდებლო ორგანოს მიერ. ამიტომ, ხელშეკრულების შესრულება მხოლოდ და მხოლოდ აღმასრულებელი ხელისუფლების ნებაზეა დამოკიდებული. ძნელი არ არის იმის განსაზღვრაც, რომ ამ რაკეტების შემცირების ტემპები (რუსეთის გეგმით) პირდაპირ პროპორციული იქნება СНГ-ს ტერიტორიაზე დაწყებული რეინტეგრაციული პროცესის ტემპისა.
    ნუ დავივიწყებთ: ამერიკის შეერთებული შტატების გარშემო, ორივე ოკეანეში, ჯერ კიდევ რამდენიმე ათასი რუსული წყალქვეშა ნავი დაცურავს, რომელთაგან თითოეულს ათეულობით ატომური მუხტი დააქვს და შეუძლია, ეს აყვავებული ქვეყანა ნანგრევებად აქციოს. რუსეთი კვლავ ინარჩუნებს (მით უმეტეს, ელცინის «საესტრადო ნომრების» გათვალისწინებით) «გულკეთილი დათვის» იმიჯს, რომელსაც შეგიძლია ეფერო, მაგრამ თუ გააცოფე - «ბუნჩულა დათუნია» უმალვე მძვინვარე მხეცად იქცევა.

    ამ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში ჩვენმა პატარა ქვეყანამ ჯერ კიდევ ვერ იპოვა თავისი „პარტია“.  შევარდნაძის «ბალანსირების პოლიტიკამ» მხოლოდ ის შედეგი გამოიღო, რომ საქართველოს „ფსონი“ ოდნავ მეტი იყო, ვიდრე სხვა რესპუბლიკებისა; სამაგიეროდ სისხლიც გაცილებით მეტი დაიღვარა.
    იმის გასარკვევად, თუ რატომ არ შედგა გაეროში დაგეგმილი გამოსვლა, ზემოთმოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით შეიძლება გამოვიყენოთ «უარყოფის მეთოდი» და დავსვათ კითხვა: რა შეეძლო ეთქვა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ამ ტრიბუნიდან?
    ელცინის გამოსვლის შემდეგ, რა თქმა უნდა, მისგან ელოდნენ რუსეთის მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე წამოწყებული «სამშვიდობო ოპერაციის» შეფასებას, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტმა თავისი ქვეყნის გეოპოლიტიკური პრიორიტეტის დასაბუთება სწორედ ამგვარ «ოპერაციათა» წარმატებით ახსნა. თუ შევარდნაძე იტყოდა სიმართლეს, ანუ მოახსენებდა მსოფლიო საზოგადოებას, რომ ეს ოპერაცია ჯერჯერობით (ყოველ შემთხვევაში საქართველოსთვის) სრული კრახით დასრულდა, - საკმაოდ მძიმე დარტყმა იქნებოდა რუსეთის ინტერესებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება უნდა მომზადებულიყო საპასუხო დარტყმებისათვის: გამორიცხული არ არის რუსეთს საქართველოშიც ჰყავდეს თავისი «სურეთ ჰუსეინოვი», რომელიც კვლავაც «აიღებს ბაქოს» - მით უმეტეს, ამის გამოცდილება ქართველებსაც გვაქვს. ოპოზიციის დიდი ნაწილის გულწრფელობაში თითქოს ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ბრმა უნდა იყო, რომ ვერ შეამჩნიო საკმაოდ უცნაური არათანმიმდევრულობა და ერთგვარი პოლიტიკური ეკლექტიზმი მისი ერთი ნაწილის მოქმედებაში.
    იმ შემთხვევაში, თუ ედუარდ შევარდნაძე გაეროს ტრიბუნიდან ხოტბას შეასხამდა რუსეთის სამშვიდობო მისიას - იგი ამით აღიარებდა და მიიღებდა მოსკოვის გეოპოლიტიკურ გეგმას და საქართველოც სამუდამოდ «ჩაჯდებოდა» კრემლის მიერ შემუშავებულ სქემაში.
    ამისათვის კი შევარდნაძე ჯერ კიდევ არ არის მზად. არ არის მზად, უპირველეს ყოვლისა, წმინდა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. თუმცა, ისეთი რანგის გამოცდილებისა და წარსულის პოლიტიკოსისთვის, როგორიც ედუარდ შევარდნაძეა, ფსიქოლოგიური ხასიათის სირთულეები მტკიცე გადაწყვეტილებათა მიღებისთვის სერიოზულ წინაღობად ვერ ჩაითვლება. თუ ეს გადაწყვეტილებები აუცილებელია სახელისუფლებო მოსაზრებებიდან გამომდინარე. ამიტომ, უახლოეს ხანებში, შესაძლოა ასეთ გადაწყვეტილებათა მომსწრენიც გავხდეთ.

«7 დღე», 8 ოქტომბერი, 1994 წელი.