ბრიუსელის გამოცდა

ბრიუსელის გამოცდა

      ხუთშაბათს ბრიუსელში დაიწყო საქართველო-ნატოს მოლაპარაკება 19+1-ის ფორმატით. მოვიდა დრო, შევურიგდეთ იმ აზრს, რომ საბჭოთა ეპოქა დამთავრდა. იმავე შემადგენლობით ნატო მოლაპარაკებას აწარმოებს ყველა პოსტსაბჭოურ ქვეყანასთან, ხოლო მთავარი მოლაპარაკებათა ფაქტი კი არ არის, არამედ მათი შინაარსი და შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში, კიდევ უფრო მეტად არგუმენტირებული იქნება საქართველოს დიდი «კეთილისმსურველის» - ანდრანიკ მიგრანიანის აზრი, რომ ნატო დაინტერესებულია არა დსთ-ის ქვეყნების გაწევრიანებით, არამედ მათი მუდმივი (და უშედეგო) სწრაფვით ევროატლანტიკური სივრცის სტრუქტურებისაკენ, რაც მას რუსეთთან მუდმივი ვაჭრობის საშუალებას აძლევს.

  ამჟამინდელი ფორმატი ითვალისწინებს მოლაპარაკებას «ინდივიდუალური პარტნიორობის» გეგმის თაობაზე, რაც პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია «მშივდობისათვის პარტნიორობის» პნროგრამის შემდეგ. მაგრამ თავისთავად ისიც არ შეიცავს არანაირ გარანტიას, ვინაიდან გულისხმობს 29 ურთულესი პირობის შესრულებას, რათა საქართველოს საკითხი საეროთდ მოხვდეს ევროატლანტიკური სივრცის გაფართოების დღის წესრიგში.
        უპირველეს ყოვლისა, ბრიუსელში მოისმენენ იმ ანალიტიკური ჯგუფის ანგაროიშს, რომელიც მაისის დასაწყისიდან იმყოფებოდა საქართველოში და ქართველ კოლეგებთან ერთად ათანხმებდა «ინდივიდუალური პროგრამის» შესწავლის შედეგად წარმოშობილ საკითხებს.
        შეიარაღებულ ძალთა გენერალური შტაბის ინფორმაციით, ქართულ მხარეს ბრიუსელში წარმოადგენს გენშტაბის ოპერატიული დეპარტამენტის უფროსი ვლადიმერ იმნაძე.
        ნიშანდობლივია, რომ ბრიუსელის მოთხოვნით, დელეგაციის შემადგენლობაში შევიდა ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნატოს მესვეურებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბეს თავიანთი პრიორიტეტი საქართველოსთან ურთიერთომოქმედების პროცესში და (ამასთანავე) უმთავრესი კითხვა, რომელსაც აუცილებლად უნდა გავცეთ ერთმნიშვნელოვანი პასუხი: რამდენის გადახდისათვის ვართ მზად, თუ მართლა გვინდა გავწევრიანდეთ ნატოში?
        მაშასადამე, «რამდენს გადაიხდით»? – გვეკითხება ნატო და ეს კითხვა არა მხოლოდ პრაგმატული, არამედ ლოგიკურიცაა. საქმე ის კი არ არის, თითქოს ნატოს გაამდიდრებს ან გააღარიბებს რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი, რაც ნატოს სტანდარტებზე საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ტრანსფორმაციას დასჭირდება. მაგრამ ეს გახლავთ ლაკმუსის ქაღალდი: ქვეყანა, რომელსაც ნატოს «ქოლგის» (ანუ უშიშროების გარანტიათა) მოპოვება სურს, არის თუ არა მზად თავად გაიღოს მნიშვნელოვანი მსხვერპლი – მათ შორის მტკივნეული რეფორმებისა და სოციალური პროგრამების შეკვეცის ხარჯზე.
        ნატო არც სავალუტო ფონდია და არც მსოფლიო ბანკი – იგი ქმნის უსაფრთხოების გარანტიას, რაც ფული ღირს, თანაც დიდძალი ფული – არადა, მას ჩვენს ნაცვლად არავინ გადაიხდის.
        სწორედ ასე უნდა გავიგოთ დღის წესრიგში უმთავრეს საკითხად ფინანსური პრობლემების შეტანა. ნატოს წევრ სახელმწიფოებს (აგრეთვე კანდიდატებს) სთხოვს, სათანადო ყაიდაზე გადააწყოს თავისი სამხედრო და სამოქალაქო ბიუჯეტი. მათ შორის გულისხმება კვოტაც ბიუჯეტში, რომლის დარღვევა ნატოს წესდების დარღვევად ითვლება და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ფინანსური საკითხები პრიორიტეტულად მიჩნეულია პოლიტიკური მოსაზრებებით. თუმცა, 29-კითხვიან პაკეტში არსებობს სხვა მოთხოვნებიც. თანაც არანაკლებ რთულად შესასრულებელი. მაგალითად, თავდაცვის სამინისტროს ქცევა წმინდა სამოქალაქო სტრუქტურად, რაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება «საბჭოთა ტრადიციას».
        გარდა ამისა, იმ ქვეყანაში, რომელსაც ტერიტორიები აქვს დაკარგული, თავდაცვის მინისტრად სამოქალაქო პირის დანიშვნა და თვით უწყებისათვის ყოველგვარი სამხედრო ფუნქციის ჩამორთმევა, არც ისე იოლი საქმეა.
        ამასთანავე, ბრიუსელში მოლაპარაკებებისას საქართველოსაგან ჩვენი პარტნიორები მოითხოვენ არმიის შემცირებას, მის სტრუქტურულ რეორგანიზაციას და ინსტიტუციურ სრულყოფას, თვით სამხედრო ქვედანაყოფთა მართვის საბჭოური სისტემის უარყოფას, საკონტრაქტო სისტემაზე გადასვლას და ასე შემდეგ.
        წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ორდღიანი მოლაპარაკების შედეგი იქნება მნიშვნელოვანი პოლიტიკური დეკლარაცია, რომლითაც დადასტურდება, რომ «ნატოს კარი ღიაა საქართველოსათვის», მაგრამ ამ კარებში შესვლის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოგვცემენ, თუ შესაბამის, არცთუ მცირე და უმტკივნეულო ფასს გადავიხდით.

დილის გაზეთი, 23 მაისი, 2003 წელი