ბორის კაკუბავას ტრაგედია

ბორის კაკუბავას ტრაგედია

 

    ის, რაც რამდენიმე დღის წინ ბორის კაკუბავამ ე.წ. «სახალხო პატრიოტული ძალების» ყრილობაზე განაცხადა, არა მხოლოდ მისი, არამედ მთლიანად ეროვნული მოძრაობის ტრაგედიაა.
    კაკუბავას თქმით, იგი გულწრფელად ნანობს, რომ თავის დროზე საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ იბრძოდა და ახლა ხვდება, რომ ამგვარი ქმედება საბედისწერო შეცდომა იყო.
    ყოველ შემთხვევაში, ასეთი ინფორმაცია (კაკუბავას გამონათქვამების თაობაზე) გაავრცელა ერთ-ერთმა საინფორმაციო სააგენტომ და კაკუბავას ეს ინფორმაცია არ გაუპროტესტებია.
    საინტერესოა, რა ხასიათზე დადგებოდნენ «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» მესვეურები, რომელთა თანამებრძოლ-თანამოაზრედაც კაკუბავა ბოლო მომენტამდე ითვლებოდა? საეჭვოა, თამრიკო ჩხეიძე, რაულ კუპრავა და კახა კახაძე ბორის კაკუბავას ეთანხმებოდნენ. როგორც ჩანს, ეს უკანასკნელი საბოლოოდ წყვეტს ურთიერთობას იმ «მოძრაობასთან», საიდანაც მოვიდა პოლიტიკაში.
    ბორის კაკუბავას ამგვარი ინფანტილიზმი ერთეული შემთხვევა ან გამონაკლისი არ არის ამ მოძრაობისათვის, - იგი საერთოდ დამახასიათებელია ქართული საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტისათვის.
    კაკუბავა ეროვნულ მოძრაობაში აფსუა სეპარატისტებისადმი სიძულვილმა მიიყვანა. ამ სიძულვილში იგი სავსებით გულწრფელი იყო. კაკუბავა აქტიურად მონაწილეობდა აფხაზეთში 1978 წელს გამართულ «პროქართულ» გამოსვლებში სეპარატისტთა მოთხოვნების წინააღმდეგ. როგორც ჩანს, მართლაც გულწრფელი სიძულვილი ამოძრავებდა სეპარატისტებისადმი. მათ კი ეს არ აპატიეს, რამდენიმე თვის შემდეგ «სახელმწიფო ქონების დატაცების» ბრალდებით დააპატიმრეს და ათი წელიც მიუსაჯეს.
    საქმე ის გახლავთ, რომ ბორის კაკუბავა ხორცკომბინატში მუშაობდა. ძნელი წარმოსადგენია, რომ მაშინ (იმ ეპოქაში) ხორცკომბინატის ნებისმიერ მუშაკს, ქართველი იქნებოდა იგი თუ აფსუა, ხელფასზე ეცხოვრა, მაგრამ კაკუბავას დაპატიმრების ნამდვილი მოტივი პოლიტიკური იყო.
    თავდაპირველად კაკუბავა საბჭოთა კავშირისადმი, საბჭოთა წყობისადმი სიძულვილით განიმსჭვალა, ხოლო ვინაიდან აფხაზური სეპარატიზმი ამ წყობის «შემოქმედებად» მიიჩნეოდა (რაც, სხვათა შორის, არცთუ ბოლომდე სიმართლე იყო-ავტ.), ეს ორი ვნება კაკუბავას მსოფლხედვაში შენივთდა, გაერთიანდა და განუყოფელ მთლიანობად იქცა.
    ბუნებრივია, ბორის კაკუბავა ციხიდან კიდევ უფრო გამძვინვარებული გამოვიდა აფსუათა მიმართ. მის გათავისუფლებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ზვიად გამსახურდიამ, რომელსაც შემდგომ კაკუბავა სწორედ იმიტომ დაუპირისპირდა, რომ საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა აფსუებთან კომპრომისზე წასვლა გადაწყვიტა, რაც კაკუბავას ყოვლად დაუშვებლად და გაუმართლებლად მიაჩნდა.
    პრინციპში, იგი არც ცდებოდა.
    ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ნებისმიერი კომპრომისი სეპარატისტებთან მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამდა ყოველთვის წყალს და კატასტროფასთან გვაახლოებდა.
    ბორის კაკუბავას აფსუათა მოთვინიერება კი სურდა, მაგრამ მათ კარგად იცნობდა, ამიტომ ომის დაწყებას შეშფოთებით შეხვდა. დღეს კი, შედეგების გათვალისწინებით, ყველაფერში შევარდნაძეს ადანაშაულებს და ჩვენი უბედურების უმთავრეს მიზეზად საბჭოთა კავშირის დაშლას მიიჩნევს.
    მისი აზრით (ამ აზრამდე, როგორც ჩანს, ბოლო დროს მივიდა), საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო, საქართველო აფხაზეთს არ დაკარგავდა. ეს ილუზია არა მარტო კაკუბავას ახასიათებს, არამედ ბევრ სხვასაც. არადა, ასეთი შეხედულება თავიდან ბოლომდე მცდარია.
    დავუშვათ, საბჭოთა კავშირი არ დაშლილიყო; დავუშვათ საქართველოს მონაწილეობა მიეღო მის ტრანსფორმაციაში ერთიან, ფედერაციულ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ - დედაქალაქით მოსკოვში; დავუშვათ, საერთოდ არ ყოფილიყო «ეროვნული მოძრაობა» საქართველოში, არც 9 აპრილი, არც სხვა რაიმე მოვლენა, რაც რუსეთს გააღიზიანებდა - სულ ერთია, გორბაჩოვ-ლუკიანოვის უმთავრესი პრინციპი მაინც იმოქმედებდა. მათი სტრატეგიის ქვაკუთხედი კი გახლდათ მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების უფლებრივი გათანაბრება, ანუ (საქართველოს შემთხვევაში) ავტონომიათა გამოყოფა საქართველოდან - ჩვენი ქვეყნის ჯერ იურიდიული, შემდეგ კი ფაქტობრივი დანაწევრება ოთხ სხვადასხვა ნაწილად.
    არძინბას ხროვა იეზუიტური პოლიტიკით უეჭველად მოახერხებდა, რომ სრული სუვერენიტეტი (საქართველოსაგან) მოეპოვებინა ისეთ საკითხებში მაინც, როგორიცაა განათლება, მეცნიერება, კულტურა.
    ამის შემდეგ იგი დაიწყებდა აფხაზეთის ისტორიის გაყალბებას, შემდეგ, რაკი საქართველოს ხელისუფლებას ზემოქმედების არანაირი ბერკეტი არ დარჩებოდა, გახსნიდა მეგრულ სკოლებს, ითამაშებდა ქართველი ერის ეთნიკურ სისუსტეებსა და წინააღმდეგობებზე.
    საბოლოოდ, საქართველო მაინც იძულებული გახდებოდა საბჭოთა კავშირიდან გამოსვლა მოეთხოვა, რათა ამ პროვოკაციებისაგან თავი დაეცვა და ქვეყნის მთლიანობა შეენარჩუნებინა.

    წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოსა და აფხაზეთის უფლებრივი «გათანაბრების» პირობებში, აფხაზეთიდან მოსახლეობის გამოძევება არ მოხდებოდა, მაგრამ წლების განმავლობაში ეს მოსახლეობა ჯერ «გამეგრელდებოდა», შემდეგ გააფსუვდებოდა.
    ზუსტად ასეთი ტაქტიკით მოქმედებდა არძინბა გალის რაიონში 1998 წლის მაისამდე.
    ბორის კაკუბავას ეს ყოველივე უნდა ესმოდეს, მაგრამ მისი მიზანია დასაჯოს ხელისუფლება, რომლის მმართველობის პერიოდშიც საქართველომ წააგო ომი აფსუა სეპარატისტებთან და მათ მხარდამჭერ რუსეთთან.
    სხვა მას აღარაფერი აინტერესებს. არადა, ეს მიზანი ისევე მიუღწევადია, როგორც აფხაზეთის დაუყოვნებელი დაბრუნება.
    ბორის კაკუბავას არაფრის დიდებით არ სურს გაიგოს, რომ ლტოლვილთა მასის ქართულ პოლიტიკაში ანგარიშგასაწევ ძალად ქცევის ერთადერთი პირობა საკუთარ ელიტასთან (აფხაზეთის ქართულ ისტებლიშმენტთან) კავშირის შენარჩუნებაა.
    ამ ისტებლიშმენტთან დაპირისპირებით კი ლტოლვილებმა ყველანაირი შანსი დაკარგეს. თამაზ ნადარეიშვილი კაკუბავაზე არანაკლები ფანატიკოსია, მაგრამ მას პოლიტიკოსის თვისებები გააჩნია და ესმის, რა მომენტში რაა შესაძლებელი, და რა - შეუძლებელი.
    ლტოლვილთა მასა ხელისუფლებისათვის საშიში იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ერთიანობას შეინარჩუნებდა ნადარეიშვილის «უმაღლეს საბჭოსთან», რომელიც, თავის მხრივ, საბოლოო მიზნის მისაღწევად იმოქმედებდა პოლიტიკური ტექნოლოგიის კანონთა სრული დაცვით. კაკუბავას არ სურს და არც შეუძლია დაემორჩილოს ამ კანონებს.
    მეორე მხრივ, მისი მცდელობა - 180 გრადუსით შემოტრიალდეს ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ და დისიდენტური საქმიანობის დაგმობით მიაღწიოს მიზანს, აგრეთვე უპერსპექტივოა. ხელისუფლება ამ განცხადებას უმალვე გამოიყენებს კაკუბავას «აგენტობის» დასადასტურებლად, მაშინ, როდესაც ბორის კაკუბავა სინამდვილეში არც გრუ-ს და არც კგბ-ს აგენტი არასდროს ყოფილა. აგენტი რომ ყოფილიყო, ასე ღიად არ განაცხადებდა: საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ბრძოლა შეცდომა იყოო.
    მართლაც, ეს არა მხოლოდ პირადად ბორის კაკუბავას, არამედ თვით ეროვნული მოძრაობის ტრაგედიაა - განურჩევლად იმისა, ვინ როგორ აფასებს ამ ფიგურას, იგი სრულუფლებიანი წევრი და მონაწილე იყო იმ მოძრაობისა, რომელიც 1987 წელს დაიწყო «ილია ჭავჭავაძის საზოგადოების» შექმნით და დასრულდა სრული კრახით.
    კაკუბავას განცხადება სწორედ ამ კრახის მაჩვენებელია. ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ თუ სხვა ლიდერები ანალოგიურ განცხადებას არ აკეთებენ, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ, კაკუბავასაგან განსხვავებით, ყველაფერი არ დაუკარგავთ და «მოძრაობის» შედეგები საკუთარ თავზე არ უგრძვნიათ.

მერიდიანი, 12 ოქტომბერი, 1998 წ.