ბორის ბერეზოვსკიმ საქართველოსკენ რუსული კაპიტალი დაძრა

 ბორის ბერეზოვსკიმ საქართველოსკენ რუსული კაპიტალი დაძრა

  

    გასული კვირის უმნიშვნელოვანესი მოვლენა, უდავოდ, ბორის ბერეზოვსკის ვიზიტი გახდა თბილისსა და წინანდალში. ბერეზოვსკისთან ერთად (რაც ძალზე მნიშვნელოვანია) საქართველოში ჩამოვიდნენ რუსი ბიზნესმენები და საინფორმაციო საშუალებათა ხელმძღვანელები. ამ ორ კორპორაციას (რუსულ ბიზნესსა და რუსულ ტელევიზიას) შორის ზღვარი თანდათან იშლება. ბიზნესი მტკიცედ ჰკიდებს ხელს მასმედიას - ლამის უფრო მტკიცედაც კი, ვიდრე კომუნისტური რეჟიმი. თუმცა, საქართველოსთვის ეს პროცესი იქნებ სასიკეთოც იყოს - აფხაზეთში ომი მათ შორის რუსეთის ტელევიზიამაც წაგვაგებინა. თუ რუსული კაპიტალის გულს მოვინადირებთ (უფრო სწორად, რაიმეთი დავაინტერესებთ), რუსული მასმედიაც ისეთივე რისხვად დაატყდება თავს აფსუა სეპარატისტებს, როგორც ადრე საქართველოს ატყდებოდა.
    სხვათა შორის, ამ გარემოებას არძინბაც ითვალისწინებს, სწორედ ამიტომ ცდილობს როგორმე რუსი კაპიტალისტები აფხაზეთში შეიტყუოს, ოღონდ, რასაკვირველია, არა საქართველოს მიმართ პრინციპული დათმობების ფასად. არადა, ელცინი, რომელსაც ჩრდილოეთ კავკასიაში ვითარების გაუარესების კვალობაზე საქართველოში პლაცდარმი ესაჭიროება, სწორედ ამ სქემას სთავაზობდა შევარდნაძესა და არძინბას. ბორის ბერეზოვსკის ექნებოდა პოლიტიკური უფლებამოსილება, რომელსაც იგი გამოიყენებდა ერთი მხრივ, საკუთარი კორპორაციის, მეორე მხრივ კი ამიერკავკასიაში კრემლის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარე.
    რაც შეეხება იმას თუ ვინ არის და რას წარმოადგენს ბერეზოვსკი, რაც უფრო დრო გადის, ეს ფიგურა მით უფრო იმოსება იდუმალების საფარველით. თავდაპირველად ისე ჩანდა, თითქოს ელცინის გადაწყვეტილება უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ მისი დანიშვნის შესახებ ტაქტიკური ნაბიჯი იყო - გამომდინარე მოსკოვში ფინანსურ კლანთა ბრძოლის ლოგიკიდან; საქართველოში ბერეზოვსკის პირველი ვიზიტის შემდეგ კი ერთი ქართველი «საზოგადო მოღვაწე» აღშფოთებას ვერ მალავდა: წარმოგიდგენიათ, ედუარდ შევარდნაძე საკუთარ რეზიდენციასთან თბილად ჩაცმული შეხვდაო რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს - არადა, ხომ შეუძლებელია საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ბორის ელცინი კრემლთან ასევე თბილად ჩაცმული დახვედროდა? აქ იგულისხმება: ვინ არის ბოლოს და ბოლოს ბორის ბერეზოვსკი?
    სინამდვილეში ვინ არის ბორის ბერეზოვსკი, ძნელი სათქმელია, მაგრამ ის კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს ბორის ბერეზოვსკისგან განსხვავებით სამი მილიარდი დოლარი ნამდვილად არა აქვს. ამდენად, ბერეზოვსკის გავლენა მისი თანამდებობით არ განისაზღვრება (სახელმწიფოებრივ იერარქიაში იგი მართლაც მეხუთეხარისხოვანი ჩინოვნიკია).
    ბორის ბერეზოვსკის რა თანამდებობაც უნდა ეკავოს, ეს არის კაცი, რომელსაც 3 მილიარდი დოლარის ქონება აქვს. გარდა ამისა, არის ებრაელი და შესანიშნავ ურთიერთობას ინარჩუნებს ისრაელსა და ამერიკის ებრაულ ისტებლიშმენტთან; ამრიგად, ბორის ბერეზოვსკის, სათანადო პოლიტიკური გარემოს შექმნის შემთხვევაში, მართლაც ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, ოღონდ ილუზია იქნებოდა იმის იმედად ყოფნა, რომ მისი მილიარდები დაგვეხმარება (როგორც ჩვენში ამბობენ ხოლმე), «დავიბრუნოთ აფხაზეთი».
    არსებობს ზოგიერთი ისეთი პრობლემა, რომლის გადაწყვეტა ფულით შეუძლებელია. დიდი ბრიტანეთიც ბევრს ეცადა ფულით ეყიდა გამარჯვება გენიალურ ნაპოლეონთან, მაგრამ ვერაფერს გახდა, სანამ ველინგტონის გენიამ და გრიუშის სიბრიყვემ უძლეველი მხედართმთავარი ვატერლოოზე არ დაამარცხა.
   

რეზო შავიშვილი ქართული პოლიტიკის საკვანძო ფიგურა ხდება
   

    პარლამენტში კონტროლს პალატის თავმჯდომარის მორიგი გამოსვლა, როგორც ყოველთვის პოლიტიკოსთა და სახელმწიფო მოხელეთა გამძვინვარების მიზეზი გახდა.
    საინტერესოა, რომ რეზო შავიშვილმა ამჟამად არა მხოლოდ სხვადასხვა უწყებას, არამედ კონკრეტულად ნოდარ ჯავახიშვილსაც «დაარტყა», რითაც ამ უკანასკნელის ბედი საბოლოოდ გადაწყდა. რეზო შავიშვილის იმიჯი არანაირ შანსს არ უტოვებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი თითქოს კვლავ აპირებდა მისი კანდიდატურის წარდგენას, კონტროლის პალატის თავმჯდომარისა და «სახალხო ფრაქციის» ერთობლივმა შეტევამ ილუზია და იმედები საბოლოოდ დაასამარა. ამჯერად «მოქალაქეთა კავშირს» განსაკუთრებული აქტივობა არ გამოუჩენია, თუმცა, მისი დამოკიდებულება ჯავახიშვილის მიმართ საყოველთაოდ ცნობილია.
    ნოდარ ჯავახიშვილს ურჩევნია, ფილოსოფიური სიმშვიდით შეხვდეს და შეურიგდეს ბედს. ბედისწერას მართლაც ვერსად გაექცევი. მას საკუთარ კვალიფიკაციაში ეჭვი არ ეპარება და ბუნებრივია, სამუშაოს იშოვის რომელიმე კომერციულ ბანკში. თუმცა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის ხელმძღვანელმა ზაზა სიორიძემ საქართველოს ტელევიზიით გამოსვლისას მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა: «ეროვნული ბანკის სისტემაში აღმოჩენილ დარღვევებს სამართლებრივი ორგანოები სწავლობენ და მოვლენებს ნუ გავუსწრებთო». ნოდარ ჯავახიშვილი საბოლოოდ აღმოჩნდა თამაშგარე მდგომარეობაში. მან შეიძლება თავი მხოლოდ იმით დაიიმედოს, რომ თანამდებობის დაკარგვით შემოიფარგლება მისი სასჯელი.
    რაც შეეხება რეზო შავიშვილს, ერთი ჩვენი კოლეგის თქმისა არ იყოს, მისი «რესპუბლიკური პედანტიზმი» (მისივე პარტიის ძირითადი თვისება) რაღაცნაირად ისე «ჩაჯდა» ქართულ პოლიტიკურ სპექტრში, რომ შავიშვილი დამოუკიდებელ ან ფილოსოფიური ტერმინით თუ ვიტყვით «საკუთრივ ფასეულ» ფიგურად აქცია.
    ეს ფენომენი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა მნიშვნელობა აქვს დემოკრატიულ სისტემაში იმიჯს და რაოდენ ჭკვიანური გადაწყვეტილება მიიღო შევარდნაძემ, როდესაც სწორედ «რესპუბლიკელ შავიშვილს» გადასცა მანდატი კონტროლის პალატის თავმჯდომარის ურთულესი ფუნქციის შესასრულებლად.
    რეზო შავიშვილი თავადვე ამჩნევს, როგორ ტკბება საჯაროდ საკუთარი ძლევამოსილებით. ტელეეკრანზე ეს აშკარად ჩანს, თუმცა რეალური ფუნქციაც ხელს უწყობს, ანუ «ძალაც შესწევს ქადილისა», ოღონდ იგი, სინამდვილეში, მისი პარტიის წევრთა მსგავსად გულუბრყვილო «დემოკრატად» რჩება.
    შავიშვილი მანამდე იქნება «სხივმოსილი და ბედნიერი», სანამ მისი პრინციპულობა პოლიტიკური აქტიურობის ელფერს შეიძენს. ეს თუ შეეშალა რეზოს, - აღარც იმიჯი უშველის და აღარც უმწიკვლო რეპუტაცია.
    დილის გაზეთი, 6 ოქტომბერი, 1997 წ.