ბორის ბერეზოვსკი საქართველოს ყიდვას აპირებს

ბორის ბერეზოვსკი საქართველოს ყიდვას აპირებს

 

    ქართულ ელიტას ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაურკვევია რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, ბორის ბერეზოვსკის «ელვისებურ» ვიზიტთა ნამდვილი, სიღრმისეული მიზანი; თუმცა თავად ბერეზოვსკი საკუთარ მოტივაციას არც მალავს: რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ «კავკასია, ისევე როგორც ცენტრალური აზია, რუსეთის ეკონომიკური ინტერესების სფეროა, ხოლო ეკონომიკა განსაზღვრავს პოლიტიკას».
    თუ გავითვალისწინებთ, რომ რუსი ნუვოროშებისათვის (ბორის ბერეზოვსკი ამ «პარტიის» ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია) სახელმწიფო ინტერესი მხოლოდ პირად ინტერესებთან თანხვედრის შემთხვევაში იქცევა პოლიტიკური მოტივაციის სტიმულად, შეიძლება დავასკვნათ: ბორის ბერეზოვსკი საქართველოში არ ჩამოვიდა და (რასაკვირველია) არც წავიდოდა «ხელცარიელი» - «ევრაზიული დერეფნის» გრანდიოზულ პროექტში რამდენიმე მილიონი «საკუთარი» დოლარის ინვესტირებისა და აქციათა მნიშვნელოვანი ნაწილის დასაკუთრების გარეშე.
    «ევრაზიული დერეფნის» პროექტი თავისთავად დიდი ეკონომიკური სისტემაა, რომელიც რამდენიმე ქვეტექსტისაგან შედგება: საბოლოო ჯამში, ქართული ეკონომიკის ნებისმიერ პერსპექტიულ რგოლში თანხის დაბანდება უეჭველად ნიშნავს «ევრაზიულ დერეფანში» წილის მიღებას; ვგულისხმობ მნიშვნელოვან თანხას, რომელსაც ეკონომიკურ პროცესებზე რეალური ზემოქმედების უნარი გააჩნია; ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბორის ბერეზოვსკიმ უკვე გამოთქვა სურვილი, დააბანდოს მნიშვნელოვანი სახსრები მსუბუქი მრეწველობის საწარმოში. მათ შორის, «მაუდკამვოლის» კომბინატში 1 მილიონი დოლარი, რაც საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ასობით სამუშაო ადგილსა და მზა პროდუქციის ჯერ კიდევ «გაუჯერებელ» რუსულ ბაზარზე გატანას ნიშნავს.
    ბუნებრივია, ბერეზოვსკი, მისი რანგისა და თანამდებობის გათვალისწინებით, ამ ნაბიჯს რუსეთის ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად ვერ გადადგამდა. იგი უეჭველად ცდილობს პირადი ინტერესის ჰარმონიზაციას - სახელმწიფო ინტერესებთან. რუსეთის ხელისუფლება კი ბერეზოვსკის განიხილავს კავკასიაში «ახალი კურსის» სიმბოლოდ. ამ «ახალი რუსული კურსის» შინაარსი მზარდ ეკონომიკურ ექსპანსიაში მდგომარეობს. რუსეთის იმპერიამ კარგა ხანია დაასრულა განვითარება «სივრცეში» და ახლა ცდილობს საკუთარი «გავლენის სფერო» თვისობრივად აითვისოს.
    ეკონომიკური ინტეგრაცია (არა საბჭოური, არამედ ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის საფუძველზე) ნებისმიერ შემთხვევაში ქმედითი საშუალებაა სახელმწიფო ინტერესების დასაცავად; ეკონომიკა ბუნებრივად გადაეჭდო გეოპოლიტიკას, - სარკინიგზო მაგისტრალმა განუზომლად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა, როგორც კი ეკონომიკურო ექსპანსიის ფუნქცია დაიმატა.
    მართლაც, შემთხვევითი არ არის ბერეზოვსკის დაინტერესება აფხაზეთის ტერიტორიაზე გამავალი რკინიგზით. მან კიდევ ერთხელ შესთავაზა ედუარდ შევარდნაძეს, განიხილონ ამ მაგისტრალის ამოქმედების საკითხი. მაგრამ, როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ხელისუფლება კვლავ მჭიდროდ უკავშირებს ერთმანეთს ეკონომიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს (ოღონდ ამ უკანასკნელთა პრიორიტეტით) - «რკინიგზა არ გაიხსნება, სანამ არ დაიწყება ლტოლვილთა დაბრუნება და არ გადაწყდება აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის საკითხი».
    ბორის ბერეზოვსკისთვის ამგვარი ლოგიკა მიუღებელიც არის და გაუგებარიც; მისი მენტალიტეტი არ ცნობს პოლიტიკურ საკითხთა პირველობას და მართალიცაა. მაგალითად, საქართველოს ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, ქართულ მენტალიტეტს ითვალისწინებს, რომლისთვისაც ფაქტი, ანუ დაუყოვნებელი შედეგია მთავარი და არა თუნდაც გენიალური შორსმჭვრეტელური სქემა.
    ამრიგად, ბერეზოვსკის «ნეოიმპერიალისტური» კურსი საქართველოში შეიძლება ვერც განხორციელდეს და ქართულმა რეტროგადობამ გადაარჩინოს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი.

«მერიდიანი», 3 დეკემბერი, 1996 წელი.