ბოლო ბრძოლები სოხუმთან

სეპარატისტებმა ისარგებლეს იმით, რომ ქართულმა მხარემ თითქმის მთლიანად გაიყვანა თავისი შეიარაღებული ფორმირებები სოხუმის შემოგარენიდან

ბოლო ბრძოლები სოხუმთან

გასულ კვირას აფხაზეთის ომმა კულმინაციას მიაღწია. სეპარატისტებმა ისარგებლეს იმით, რომ ქართულმა მხარემ თითქმის მთლიანად გაიყვანა თავისი შეიარაღებული ფორმირებები სოხუმის შემოგარენიდან, ხოლო ტექნიკის უდიდესი ნაწილი - მთლიანად აფხაზეთიდან და ელვის სისწრაფით დაიკავეს ყველა სიმაღლე ქალაქის გარშემო; შემდეგ კი ქალაქშიც იწყეს დივერსიული ჯგუფების შეგზავნა.
    ტაქტიკური თვალსაზრისით, მათი ქმედება საკმაოდ გამართულია - დიდი ქალაქის პირდაპირი შტურმით აღება არ არის ხელსაყრელი, რადგან ასეთ შემთხვევაში შემტევ მხარეს ათიდან-ცხრა მებრძოლი ეღუპება. გაცილებით მომგებიანია პატარ-პატარა ჯგუფების გაფანტვა ქალაქში და მისი ნელ-ნელა დაპყრობა - მოსახლეობაში პანიკის პროვოცირების გზით.
    ამავე დროს, მდინარე კოდორთან კვლავ გრძელდებოდა გააფთრებული ბრძოლები. ქართველი სამხედროები ელოდნენ, რომ ტყვარჩელის დაჯგუფება (სწორედ მისი დესანტი იბრძვის აძიუბჟა-ახალდაბის მონაკვეთზე) ძირითადი ძალების კონცენტრაციას ანუარხუს სტრატეგიულ სიმაღლეზე მოახდენდა, მაგრამ ეს სიმაღლე სულ ადვილად იქნა აღებული ქართული შენაერთების მიერ.
    სამაგიეროდ კოდორის შესართავთან მტერმა მძლავრი დაჯგუფება შექმნა და მისი განადგურება ძალზე გაჭირდა. ამ დაჯგუფებას ფაქტობრივად უკანდასახევი გზა არ აქვს.
    საკმარისია დავხედოთ ფიზიკურ რუკას, რომ დავრწმუნდეთ: ჩრდილოეთით ქედი უკეტავს გზას, სამხრეთით ზღვა, აღმოსავლეთით ოჩამჩირედან წამოსული ქართული ჯარი, ხოლო დასავლეთით - გულრიფში, რომელსაც ქართული მხარე აკონტროლებს. მაგრამ აფხაზეთის რელიეფი ძალზე ხელსაყრელია პარტიზანული ომის წარმოებისათვის. სწორედ ეს იყო და არის სეპარატისტთა უმთავრესი უპირატესობა.
    მრავალი ნიშნის მიხედვით ჩანს: აძიუბჟას დესანტი სწორედ ის შენაერთია, რომელიც თითქოსდა განადგურებულ იქნა ივლისში - ტამიშთან. სინამდვილეში კი, მან მაშინ უბრალოდ თავი აარიდა სრულიად უპერსპექტივო ბრძოლას და, რაკი მისია შეასრულა, ტყვარჩელისაკენ გაიქცა, რათა ორიოდე თვის შემდეგ ახალი ძალით ამოქმედებულიყო.
    აფხაზური წყაროები იუწყებიან, რომ დესანტის შემადგენლობაშია დაახლოებით 500 მებრძოლი. მათი უმთავრესი საბრძოლო იარაღია ნაღმსატყორცნი («რპგ.-7»). ამიტომ რაზმის დიდი ნაწილი ე.წ. «მზიდავებისაგან» შედგება, რომელთა ერთადერთი დანიშნულებაა ნაღმსატყორცნი ჭურვების ზიდვა. მებრძოლთა უმეტესობა პროფესიონალი რუსი სამხედროა. ისინი არავის შემოუგზავნია აფხაზეთში - ყველანი თავისი ნებით ჩამოვიდნენ, მაგრამ არა უანგაროდ. საქმე ის გახლავთ, რომ ამჟამად რუსეთში ათასობით  ოფიცერია უსახლკაროდ დარჩენილი. მათი ოჯახები თითქმის ღია ცისქვეშ ათევენ ღამეს ან «ვაგონეტებში» ცხოვრობენ. ამავე დროს, ეს ოფიცრები ბრწყინვალე პროფესიონალები არიან - თავიანთი საქმე შესანიშნავად იციან. როდესაც აფხაზეთში ომი დაიწყო, მრავალმა მათგანმა უმალვე მიაშურა ამ მადლიან მხარეს. გუდაუთაში კი მათ შეპირდნენ - ოღონდ ქართველები აქედან გაგვაძევებინეთ და მათ სახლ-კარს თქვენ დაგითმობთო. ისინიც იბრძვიან ქართულ მიწაზე - ქართველების წინააღმდეგ, რათა ჩვენს სახლ-კარს და ეზო-კარმიდამოს დაეპატრონონ.

    სოხუმი, ფაქტობრივად, ალყაში აღმოჩნდა: ავტომაგისტრალი კოდორთან არის გადაკეტილი; ზღვას უკვე სეპარატისთა ძალები აკონტროლებენ; ერთადერთი საშველი აეროპორტი იყო, მაგრამ აფხაზებმა ეს არხიც დაგმანეს - მათ ზღვაში გაიყვანეს «გრიფის» ტიპის სამხედრო კატარღა. ეს არის სწრაფმავალი მცირე სამხედრო გემი, რომელიც საათში 32 «კვანძს» ავითარებს და ზღვაში დაახლოებით 6-7 კილომეტრის სიღრმეშია გაჩერებული. როგორც კი მისი მზვერავები დააფიქსირებენ, რომ სოხუმის აეროპორტისკენ თვითმფრინავი ეშვება, იგი ელვის სისწრაფით უახლოვდება ნაპირს 4 კილომეტრამდე (სწორედ ასეთია სითბური რაკეტის მოქმედების რადიუსი), უშვებს რაკეტას, რომელიც თითქმის დაუმიზნებლად ხვდება მიზანს, ხოლო თვითონ კვლავ უკან იხევს ზღვის სიღრმეში.
    ამჯერად აზრი არა აქვს იმაზე მსჯელობას თუ სადამდე შეიძლება მივიდეს აფხაზური მხარის უზნეობა. ყველაზე საკვირველი და აღმაშფოთებელი ისაა, რომ ჩვენ იქ ყველა საშუალება გვქონდა ამის თავიდან ასაცილებლად: ჯერ ერთი, საქართველოს საზღვაო ძალების განკარგულებაშია სამხედრო გემი, რომელზედაც დამონტაჟებულია რამდენიმე «გრადის» ტიპის დანადგარი. სავსებით შესაძლებელი იყო მისი ზღვაში გაყვანა, - სოხუმის აკვატორიაში იგი «გრიფს» ვერ დაეწეოდა, მაგრამ ის კი შეეძლო, არ მიეცა საშუალება აფხაზური კატარღისათვის - ნაპირთან მოახლოებულიყო.
    გარდა ამისა, შეიძლებოდა გამოგვეყენებინა საზენიტო ქვემეხები, რომელთა შორსმსროლელობა 9 კილომეტრს უდრის. სოხუმის აეროპორტის ლოკატორებს კი შეუძლიათ ზუსტად დააფიქსირონ კატარღის ადგილსამყოფელი ზღვაში.
    ბოლო დღეების განმავლობაში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია ცნობამ არძინბას რამდენიმე სატელეფონო ზარის შესახებ. იგი მართლაც განუწყვეტლივ ცდილობდა დაკავშირებოდა ედუარდ შევარდნაძეს და დაუყოვნებელ შეხვედრას სთავაზობდა.
    ძნელი არ არის იმის ამოცნობა, თუ რა ამოძრავებს ამჯერად ამ ნაძირალას: მას სურდა სახელმწიფოს მეთაური როგორმე გაეტყუებინა სოხუმიდან მანამ, სანამ საბოლოო შეტევა დაიწყებოდა, რადგან ედუარდ შევარდნაძის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა. რასაკვირველია, შევარდნაძის სიცოცხლეს თავად არძინბასთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ ამას გარკვეული მნიშვნელობა აქვს რუსეთისათვის, რომელიც გუდაუთის თითოეულ ნაბიჯს მკაცრად აკონტროლებს და განსაზღვრავს. შევარდნაძის დაღუპვა უდიდეს რეზონანსს გამოიწვევდა მთელ მსოფლიოში, რაც არ აძლევს ხელს იმპერიას. თუმცა, თუ სხვა გამოსავალი არ იქნა, კრემლი ამაზეც წავა.

    ამასობაში კი, ზუგდიდში (სენაკის გავლით), დაბრუნდა ექსპრეზიდენტი, რომელმაც მიტინგზე მოუწოდა თავის მომხრეებს, ყველაფერი გააკეთონ რათა გადადგეს შევარდნაძე, დაიცვან სოხუმი და. . . გადაარჩინონ აფხაზი ხალხი.
    ეს ყოველივე სასაცილო იქნებოდა სატირალი რომ არ იყოს. თუმცა შექმნილ ვითარებაში ზვიად გამსახურდია კი არა, შეიძლება სავსებით ნორმალური ადამიანი შეიშალოს ჭკუიდან.
    რუსეთის ტელევიზია კი უკვე ამზადებს საინფორმაციო ფონს მომავალი ტრაგედიისათვის.
    უპირველეს ყოვლისა, მან მსოფლიოს ამცნო: საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა გადაწყვიტა სნგ-ში შესვლა. ამით რუსეთის «საინფორმაციო ცენტრს» იმის ხაზგასმა სურს, რომ მიუხედავად სოხუმის დაცემისა, საქართველო არ ადანაშაულებს რუსეთს და სნგ-შიც კი სურს შესვლა.
    ეს ერთადერთი პრობლემაა, რომლის გადაწყვეტაც იმპერიამ ჯერჯერობით ვერ შეძლო: მისთვის აფხაზეთის ანექსია არ არის საკმარისი - მას სურს, ამავე დროს, საქართველოც შეინარჩუნოს.
    შეიძლება ვივარაუდოთ: კვლავ გაგრძელდება ჩვენში უკვე აღმაშფოთებელი მსჯელობა «კეთილ» და «ბოროტ» რუსეთზე - იმაზე, რომ საწყალ ბორის ნიკოლოძის ძეს «ძალიან უჭირს», მას «ებრძვიან».
    ოღონდ გაურკვეველია, ვინღა ებრძვის რუსეთის იმპერატორს - მისი «მტრები» ხომ მოსკოვის «თეთრ სახლში» არიან გამოკეტილი და არმიაზე ზემოქმედების არანაირი პირდაპირი საშუალება აღარ გააჩნიათ?

«ივერია-ექსპრესი», 28 სექტემბერი, 1993 წელი.