ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო

ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო

    „ჩვენ ვიწყებთ“ - ასეთი სლოგანით ემზადებოდა „ქართული ოცნება“ 27 მაისის აქციისათვის. მთავარი იყო „რას იწყებდნენ“. ამ აქციას ის თავისებურება ჰქონდა, რომ პირველად საქართველოს უახლეს ისტორიაში (არავითარი გადაჭარბება აქ არ არის - სწორედ რომ პირველად!) მრავალათასიანი აქცია მოეწყო არა ხელისუფლების დაუყოვნებელი წასვლის მოლოდინით ან რევოლუციის მზადების პროცესში, არამედ „მხოლოდ“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში.
    მანამდე თუ ვინმე კრებდა რუსთაველზე ან თავისუფლების მოედანზე ასეთი მასშტაბის მიტინგს-იგი ყოველთვის განიხილებოდა, როგორც მზადება რევოლუციიური გარღვევისთვის. არა იმდენად არჩევნებით, რამდენადაც ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობით“. 2007-2009 წლების საპროტესტო აქციების დროს ექსპერტები ამჩნევდნენ, რომ „ხალხის რაოდენობა სულ უფრო კლებულობს“ და ამის მთავარ მიზეზად ასახელებდნენ უიმედობას: ისინი თავიდან მიტინგზე იმისთვის მოდიოდნენ, რომ ხელისუფლება მაშინვე ანუ „დღესვე“ დაემხოთ და რაკი ეს ვერ ხერხდებოდა, ოპოზიციურ ლიდერებზეც უცრუვდებოდათ გული და საპროტესტო მიტინგებზეც. ასე იყო, მაგალითად 2007 წლის 2 ნოემბრის აქციის შემდეგ, როცა ხალხი მიხვდა, რომ ლიდერები მაშინვე სადმე „შევარდნას“ არ აპირებდნენ და რუსთაველიდან - იპოდრომზე ატარებდნენ.
    27 მაისს სრულიად განსხვავებული რამ მოხდა: არავინ ელოდა, რომ ბიძინა ივანიშვილი ან მისი პარტნიორები (თუნდაც ისინი, ვისაც მდიდარი „რევოლუციური გამოცდილება“ აქვთ) თავისუფლების მოედანზე შეკრებული ხალხს პარლამენტის შენობაში „შევარდნისკენ“ მოუწოდებდნენ. ან პრეზიდენტის სასახლისკენ დაძრავდნენ. მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც მოვიდა. ანუ მაინც მოვიდა ის კატეგორია, ვინც მანამდე მხოლოდ რევოლუციურ მიტინგებში მონაწილეობდა და მუდამ სადღაც „შევარდნას“ მოითხოვდა, ხოლო როცა ლიდერები ამ წადილს არ უსრულებდნენ, იმედგაცრუებას და გაღიზიანებას არ მალავდა.
    ბუნებრივია,მიტინგის შემდეგ კვლავ გაიმართა ტრადიციული კამათი „რამდენი ხალხი იყო“, „რამდენი მოვიდა“, და ასე შემდეგ. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, ამბობდნენ, რომ „ამდენი ხალხი საქართველოს საერთოდ არ ახსოვს“, რომ ასეთი რამ თურმე „არ უნახავთ“, რომ „გრანდიოზულმა მიტინგმა ყველა მისი წინამორბედი დაჩრდილა“, „ისტორიაში სწორუპოვრად შევიდა“ და ა.შ. ხელისუფლება და მასთან აფილირებული მედია საშუალებები კი პირიქით, აცხადებდნენ, რომ „ხალხი სინამდვილეში არც ისე ბევრი იყო, მაქსიმუმ 60—70 ათასი“ და ა.შ.
    სინამდვილე და ჭეშმარიტება კვლავ ამ შუალედშია: ხალხი ნამდვილად ბევრი იყო, მაგრამ იმ მოედანს უფრო მრავალრიცხოვანი მიტინგიც უნახავს: 2003 წლის 22 ნოემბერს. რაც შეეხება იმას, რომ „ხალხი რუსთაველზეც იდგა“, გავითვალისწინოთ: 2003 წელს თავისუფლების მოედნის ცენტრში წმინდა გიორგის მონუმენტი არ ყოფილა.
    . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
    თუმცა ამ ყოველივეს მხოლოდ სტატისტიკის და ისტორიული სიზუსტის მოყვარულთათის თუ აქვს მნიშვნელობა: პოლიტიკური თვაკლსაზრისით კი, გადაჭედილი მოედანი, ასევე გადაჭედილი რუსთაველი (ლამის პარლამენტის ყოფილ შენობამდე) მიტინგის ორგანიზატორებს სრულ უფლებას და საშუალებას აძლევთ თქვან, რომ მათ მიაღწიეს იმას, რაც მანამდე ვერავინ შეძლო: ათეულობით ათასი ადამიანი გამოიყვანეს ქუჩაში არა რევოლუციური დაპირებით, არამედ „მხოლოდ და მხოლოდ“ წინასაარჩევნო მიტინგზე.
    თავისთავად ეს უკვე სერიოზული წარმატებაა, მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ სრულებითაც არ ნიშნავს (როგორც არ უნდა ეცადონ ოპოზიციონერები საქმის „გადაწყვეტილად“ წარმოჩენას), თითქოს ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვება ივანიშვილის კოალიციას უკვე გარანტრებული აქვს:
    მიტინგზე მოვიდა თბილისის მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც უკმაუოფილოა. თანაც არა უბრალოდ უკმაყოფილო, არამედ (რაც ძალზე არსებითია ამ დისკურსში) აქტიურად უკმაყოფილო! დავუშვათ 100 000 იყო. თბილისში 800-900 ათასი რეალური ამომრჩეველია. „აქტიურად უკმაყოფილოთა“ გარდა არსებობს კიდევ ის კატეგორია, რომელიც უკმაყოფილოა, მაგრამ მიტინგზე არ დადის, თუმცა არჩევნებზე კოალიციას მისცემს ხმას. მაგრამ აქვე გავითვალისწინოთ, რომ „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ყავს თბილისში თავისი ამომრჩეველი და არც მთლად ისეა საქმე, რომ მას ხმას არავინ მისცემს. მმართველი პარტია აუცილებლად მიიღებს ხმების გვარიან რაოდენობას. რამდენს - ჯერ უცნობია, რადგან თავისი დამოკიდებულება ვერ გაარკვია თბილისელთა იმ (სინამდვილეში ყველაზე მრავალრიცხოვანმა) ნაწილმა, ვინც ე.წ. „მერყევთა“ რიცხვს განეკუთვნება, ანუ ჯერ არ გადაუწყვეტია, - ფიქრობს, აანალიზებს, წონის, აკვირდება და შეიძლება უშუალოდ არჩევნების წინ მიიღოს გადაწყვეტილება.
    ანუ, ივანიშვილის მიტინგზე მსჯელობისას ყველაზე საინეტრესო სწორედ იმის ანალიზია, რამდენად შთამბეჭდავი იქნებოდა ეს აქცია არა „უკმაყოფილო ელექტორატისთვის“ არა იმათთვის, ვინც ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად ხელისუფლების წინააღმდეგ მისცემს ხმას, - რაკი გამწარებული და განაწყენებულია, - არამედ იმ მრავალრიცხოვანი მასისთვის, ვისაც აუცილებლად სჭირდება პოზიტიური პროგრამა, ვინც ხმას აძლევს არა ვინმეს „წინააღმდეგ“ არამედ „მომხრედ“. ეს ამსა მზად არის იქცეს ბიძინა ივანიშვილის მომხრედ და მისცეს ხმა, თუ „ქართული ოცნების“ ლიდერი დაარწმუნებს, რომ მოახერხებს ერთდროულად ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებას და ვითარების გაუმჯობესებას.
    ამ ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა ხმას ივანიშვილს, მაგრამ განსხვავებით ხელისუფლების ასეთივე აქტიური მომხრეებისაგან, არ გამორიცხავს, რომ ხმას ოპოზიციას მიაკუთვნებს. თუმცა არც იმას, რომ ისევ ნაციონალურ მოძრაობას დაუჭიროს მხარი იმ შემთხვევაში, თუ ივანიშვილი მას ვერ დაარწმუნებს პოზიტიური პროგრამის არსებობაში და ისევ ამოქმედდება (როგორც არაერთგზის მომხდარა) „შეჩვეული ჭირის“ ან „ემანდ ეშმას არ წამოვავლოთ ხელი“-ს სინდრომი.
    აი, სწორედ ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილის მიტინგი ერთმნიშვნელოვნად წარმატებული არ ყოფილა. ჯერ ერთი კოალიციის ლიდერი ჯიუტად არ ითვალისწინებს უამრავი ექსპერტის მოსაზრებასა და რჩევას იმის თაობაზე, რომ პოლიტიკოსის გარემოცვა მისი რენომესათვის გადამწყვეტი ფაქტორია. ამას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს იმ გაავებული, განაწყენებული, გაუბედურებული ფენისთვის, ვინც ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, მაინც ოპოზიციას მისცემს ხმას. უფრო ზუსტად, ხმას მისცემს ხელისუფლების წინნაღმდეგ. მაგრამ ეს კატეგორია რომ ქვეყანაში უმრავლესობა იყოს, ჩვენ ახლა უკვე სამოქალაქო ომის პირობებში ვიცხოვრებდით. რეალურად საარჩევნო უმრავლესობას ის ხალხი კი არ შეადგენს, ვინც მიტინგზე მოდის, არამედ ის, ვინც ტელევიზორთან რჩება და მშვიდად, აუღელვებლად აკვირდება მოვლენების განვითარებას.
    სწორედ ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილი შეცდომას-შეცდომაზე უშვებს. თანაც როგორც ტაქტიკურ, ასევე სტრატეგიულ შეცდომებს. აქცენტის გაკეთება მხოლოდ „ცნობად“ სახეებზე სერიოზული პოლტიკოსისთვის დაუშვებელია: ერთია, როდესაც ესა თუ ის „ცნობადი სახე“ ბრჭყვიალა ჟურნალის გარეკანზეა იმპოზანტურად გადაღებული, და სულ სხვაა, როცა იგი პოლიტიკურ გუნდში აღმოჩნდება, ხოლო ეს გუნდი - საარჩევნო სიაში.
    მაგალითად, ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტან კახი კალაძეს რატომღაც მიაჩნია და ბიძინა ივანიშვილსაც აშკარად ასე ჰგონია, რომ დღეს ბევრად უფრო პოპულარულია (არა უბრალოდ ცნობადი, არამედ დადებითი ნიშნით პოპულარული) ვიდრე მანამდე იყო, სანამ იტალიის ნაკრებთან საკუთარ კარში ორ ბურთს გაიტანდა. აბოლუტურად გაუგებარია, რას მატებს იგი საარჩევნო თვალსაზრისით ბიძინა ივანიშვილს. პრესტიჟულობას? მერედა თვით მილიარდერ ივანიშვილს პრესტიჟი აკლია?
    ასეთი ფიგურების ჩამოთვლა კიდევ შეიძლება. არადა ისინი საკმაოდ ბევრნი იყვნენ მიტიონგზე. ეს რაც შეეხება ტაქტიკას ანუ უშუალოდ წინასაარჩევნო მიტინგს. მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისითაც, ბიძინა ივანიშვილის არჩევანი ზემოთხსენებულ „დაკვირვებულ ამომრჩეველში“ გაუგებრობას და მიუღებლობას იწვევს. აბა რა საერთო აქვთ ერთმანეთთან „ლიბერალ“ ლევან ბერძენიშვილს და „ნაციონალისტ“ გუბაზ სანიკიძეს? ზვიად ძიძიგურს და ირაკლი ალასანიას? კობა დავითაშვილს და თინიკო ხიდაშელს?
    მით უმეტეს, რომ ეს ხალხი არაერთგზის შეკრებილა სხვადასხვა კოალიციაში და იოლად დაშლილა კიდეც. სად არის გარანტია, რომ ოქტომბრის არჩევნებისათანავე არ დაიშლებიან და „ერთმაენთს არ დაჭამენ“, როგორც ხშირად ამბობენ ხოლმე წინააღმდეგობრივი კოალიციების თაობაზე? ამ კითხვას არავითარი აზრი არა აქვს აქტიურად უკმაყოფილო ამომრჩევლისთვის, ვინც არანაირ მოსაზრებას არ ითვალსწინებს და ნებისმიერ შემთხევვაში (ვიმეორებ) აუცილებლად ხელისუფლებსი წინაარმეგ მისცემს ხმას ანუ მისი შეფასებით ყველაზე ძკლიერ ოპოზიციონერს დაუჭერს მხარს. ყველაზე „ძლიერად“ კი ბიძინა ივანიშვილი ჩანს. მაგრამ ასეთი და მრავალი სხვა კითხვა ძალზე მნიშვნელოვანია იმ მრავალრიცხოვანი ამომრჩევლისთვის, ვინც გადაწყვეტილებას დაკვირვებით, ფიქრით და ჭოჭმანით იღებს. მისთვის მიუღებელია იმგვარი კოალიციები, რომლებიც სრულიად საპირისპირო მიმართულების, ღირებულებების და იდეოლოგიის ფიგურებისგან შედგება. ოღონდ არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც კარგად ერკვევა პოლიტიკურ კონცეფციებში, ან დიდად ანსხვავებს „მემარცხენეობასა“ და „მემარჯვენეობას“. უბრალოდ, იგი ინსტიქტურად გრძნობს, რომ ეს კოალიცია არჩევნებისთანავე დაიშლება და ბიძინა ივანიშვილიც ვერ შეძლებს („ასეთი გარემოცვის პატრონი“) ვერაფრის გაუმჯობესებას, რაკი ამის საშუალებას სწორედ ის ხალხი არ მისცემს, ვისაც იგი თავისი ლოკომოტივით შეიყვანს პარლამენტში.
    თუ ვინმეს გონია, რომ „ხალხი ბრბოა“ და ამდენს ვერ „ტვინავს“, ანუ მხოლოდ ფოჩიანი კანფეტების დაპირებით შეიძლება უმრავლესობის მიმხრობა - მწარედ ცდება. ივანიშვილის მთავარი პრობლემა სწორედ ისაა, რომ მას არავითარი კონკრეტული პოლიტიკური პროექტი, არავითარი მკაფიო პროგრა (გარდა წმიდა წყლის პოპულისტური ინვექტივებისა) არ გაჩნია. მხოლოდ ამა თუ იმ ფორმით ფულის დარიგების დაპირება არჩევნებს ვერ მოიგებს. აუცილებელია „სიახლის“ განცდა, რისი შექმნაც ივანიშვილმა ჯერ-ჯერობით ვერ მოახერხა და ათასგზის გაკოტრებული პოლიტიკური ლუზერების ირგვლივ შემოკრებით, ვერც მოახერხებს.
   
2012