ბებერი მოჯაჰედინი ბერად აღკვეცას აპირებდა?

ბებერი მოჯაჰედინი ბერად აღკვეცას აპირებდა?

    ჯაბა იოსელიანის განცხადებით, 1995 წლისათვის იგი იმ დასკვნამდე მისულა, რომ მორწმუნე ადამიანი უნდა განერიდოს ამქვეყნიურ ამაოებას და ხორცის გვემაში ჰპოვოს სულიერი სიმშვიდე. თურმე ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვართან უკვე მიმდინარეობდა კიდეც მოლაპარაკება და ეს აქტი რომ რეალურად განხორციელებულიყო, ქრისტიანული სამყარო ზნეობრივი კათარზისის კიდევ ერთ უჭკნობ მაგალითს შეიძენდა.
    ვინაიდან «კანონიერი ქურდების» სოციალური ინსტიტუტი დაახლოებით თანაბრად დამახასიათებელია რუსეთის «დამპალ იმპერიაში» შემავალი ყველა ხალხისათვის, ბატონი ჯაბა ამ სულიერი სწრაფვის პიონერი ვერ გახდა. ქართველებს ამ შემთხვევაში ისევ აფხაზებმა გვაჯობეს; კერძოდ, ლიხნის ეკლესიისა და სრულიად აფხაზეთის წინამძღვარი ბესარიონი, რომელიც შეუვალი ავტორიტეტით სარგებლობს მთელ მართლმადიდებელ სამყაროში ათონის მთიდან – ვლადივოსტოკამდე, ახლო წარსულში «ვსესაიუზნი გიმელი» თუ არა, აფხაზეთ-საქართველოს მასშტაბით საკმაოდ ცნობილი კანონიერი ქურდი იყო. ამდენად, თუ ბატონი ჯაბა მართლაც აღიკვეცებოდა, არ არის გამორიცხული, სამყაროს ეხილა ტიტანთა აღსაწერი სურათი - როდესაც ორი ყოფილი «კანონიერი ქურდი» ერთმანეთს შეხვდებოდა რომელიმე წმინდა ადგილას და ამქვეყნიური ჭმუნვის ამაოებაზე ისაუბრებდა.
    სხვათა შორის, «მხედრიონის» ლიდერებს ჯერ კიდევ 1990 წელს მოუვიდათ მათი აზრით გენიალური იდეა _ ექციათ ორგანიზაცია ქართული სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის «საღვთო ლაშქრად», ანუ საეკლესიო ჯარად. ამ იდეის წარმოშობას, როგორც ჩანს, ხელი იმან შეუწყო, რომ იმხანად ირაკლი წერეთელთან «მხედრიონს» დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და «კონგრესის ჯარად» ქცევის პერსპექტივა გამოკვეთილი არ იყო. ამდენად, ირაკლი წერეთელს ისევ ილია შიოლაშვილი ამჯობინეს, მაგრამ უსპეტაკესმა თანხმობა ვერ განაცხადა, რადგან შორსმჭვრეტელი მრჩევლები აღმოაჩნდა. ამიტომ «საეკლესიო ლაშქარი» - «კონგრესის ლაშქრად» დარჩა.
    ჯაბა იოსელიანის ბერად აღკვეცის შემთხვევაში (ქართული ინტელიგენციისა და სამღვდელოების წრეში მისი ავტორიტეტის გათვალისწინებით), საქართველო სულ მალე იხილავდა ქართული ქრისტიანული რწმენის ხელახალი გაბრწყინების მაგალითებს. ადრე ხომ შეცთომილნი, ცოდვილნი, ნარკომანნი, მკვლელნი და ყაჩაღნი ღვთის ფარასავით დაიძვრებოდნენ ხოლმე ეკლესია-მონასტრებისაკენ, რათა მიებაძათ თავიანთი წინამძღვრისათვის და თავადაც ეპოვათ შვება ღვთისმსახურებაში. არ იქნებოდა გამორიცხული ახალი რუის-ურბნისის საეკლესიო კრება და ქართული მართლმადიდებლობის დიადი რეფორმაცია. კერძოდ, სჯულის კანონის დოგმატთა შეთანხმება ადამიანის სულიერი თავისუფლების (სულიერი დემოკრატიის) პრინციპებთან და ეკლესია-მონასტრებში ყოველგვარი მანკიერების, სიფლიდის, სიცრუის, ფარისევლობის ამოწვა მხურვალე შანთით - ღვთის სადიდებლად და მართლმადიდებლობის განსამტკიცებლად. ქურდული სამყაროს დოგმატებიდან ბევრი შეერწყმებოდა ქრისტიანულ სათნოებას. ამავე დროს, სამართლიანი «საქმის გარჩევის» შედეგად მოისრებოდა უკეთური ყოველი. ხოლო როდესაც (ასი წლის ასაკში) ხორცის გვემითა და ღვთისმსახურებით მორჭმული ჯაბა შეუერთდებოდა ზეციურ საქართველოს - ნეტართა საკრებულოს, ქართული მართლმადიდებელი ეკლესია მას უეჭველად შერაცხდა წმინდანად და უწოდებდა «წმინდა ჯაბრაილს».

მერიდიანი, 19 სექტემბერი, 1997 წ.