ბარიკადები

ბარიკადები - ეროვნული მოძრაობა

ბარიკადები

2 სექტემბრის პროვოკაციის შემდეგ, რუსთაველის გამზირზე ირაკლი წერეთელმა და გია ჭანტურიამ ცალ-ცალკე დაიწყეს მიტინგების გამართვა. მათ შორის უთანხმოება ჯერ კიდევ არ იყო აღმოფხვრილი. როგორც ცნობილია, ედპ-ს ლიდერი, თავის «კონგრესმენ» კოლეგას გამსახურდიასადმი «საეჭვო ლოიალობაში» სდებდა ბრალს. თუმცა, 2 სექტემბრის მოვლენამ წერეთელი საბოლოოდ გამიჯნა პრეზიდენტისაგან. მისი ძირითადი თეზისი იგივე გახლდათ: «ქართველ ხალხს საბჭოური არჩევნებისათვის ბოიკოტი უნდა გამოეცხადებინა, - მხოლოდ კონგრესი უნდა აერჩია და მაშინ ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ვინაიდან მთელ მსოფლიოს ეცოდინებოდა, რომ ეს ხელისუფლება არ არის ქართველი ხალხის არჩეული».
    ედპ-ს შტაბ-ბინასთან მუდმივად ირეოდნენ პარტიის აქტივისტები და «ელიტარული ინტელიგენციის» წარმომადგენლები. გამაყრუებელი ხმით გაჰყვიროდა მეგაფონი. საათობით იმეორებდნენ 2 სექტემბრის ინციდენტის დეტალებს. ანუ, თუ როგორ შეიკრიბნენ პარტიის წევრები და მხარდამჭერები «ჩვეულებრივ საინფორმაციო მიტინგზე» და როგორ დაარბია ისინი «ურჩხულმა, რომლის აგონია უკვე დაიწყო».
    ირაკლი წერეთელმა «იმელის» წინ სამშენებლო ნაგავი დააყრევინა და მას «ბარიკადა» უწოდა. იმავე დღეს, რუსეთის ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში მან ნიშანდობლივი განცხადება გააკეთა: «Если в Грузии не будeт установлена демократия, ни о какой независимости не может быть и речи».
    ეს იყო ერთგვარი გამოხმაურება იმდროინდელი ბობოქარი დისკუსიისა: ჯერ დამოუკიდებლობა თუ ჯერ დემოკრატია?
    ამ დისკუსიას იმთავითვე საშინელი პროვინციალიზმის ელფერი დაჰკრავდა: რაკი «დამოუკიდებლობაში» ვგულისხმობთ «სახელმწიფოებრიობას», მაშინ ჯერ სახელმწიფო უნდა გაგაჩნდეს (როგორც ასეთი) რათა შემდგომ იმ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვაზე და სხვა დემოკრატიულ ღირებულებებზე ილაპარაკო.
    მეორეს მხრივ, დემოკრატია ხომ იგივე «ხალხის მმართველობაა» ანუ, ისევ და ისევ სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. მაშასადამე დემოკრატია და დამოუკიდებლობა ერთი მედლის ორი მხარეა და მათი დაპირისპირება იმთავითვე სიბრიყვე იყო. თუკი სახელმწიფო არ გაგაჩნია, მის «დემოკრატიულ მართვაზე» საუბარი აშკარა დემაგოგიაა.
        ისტორიულად ისიც უეჭველია, რომ ხშირად სახელმწიფოებრივი დაფუძნების პროცესში ტოტალიტარული მეთოდები უფრო შედეგიანია და მიზანშეწონილი. ეს ობიექტური რეალობაა – განურჩევლად იმისა, რამდენად მისაღებია ამგვარი რამ თავად ავტორისათვის. მაგალითად, სომხებს ასეთი დისკუსია სასაცილოდ არ ეყოფოდათ მაშინ, როდესაც «ძირითადი ეროვნული ინტერესის» დასაკმაყოფილებლად იბრძოდნენ. სხვა საქმეა, საქართველოსათვის რაში მდგომარეობდა ეს «ძირითადი ეროვნული ინტერესი» - მაგრამ ამის თაობაზეც ბევრად ქვემოთ.

    ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამაც ააგო «ბარიკადა» შტაბბინის წინ. ოღონდ გია ჭანტურიას ბარიკადა უფრო «რესპექტაბელური» იყო - ნაგავი კი არ დაყარა რუსთაველზე, არამედ ბეტონის ფილები მოატანინა და კოხტად დააწყობინა გზის სავალ ნაწილზე.
    ამ ბარიკადასთან მწვავე დისკუსიები მიმდინარეობდა. ედპ-ს წევრთა უმთავრესი თეზისის თანახმად, სანამ საქართველოში უცხო ქვეყნის ჯარი დგას, ეროვნულ სუვერენიტეტსა და სახელმწიფოებრიობაზე ლაპარაკი ზედმეტია.
    (მიაქციეთ ყურადღება: ეს ფუნდამენტური დებულება მომდევნო წლებში ამ პარტიის წევრებს აღარ გახსენებიათ არც გაყოფამდე და არც გაყოფის შემდეგ. გავიდა 1992 წელი, 1993, 1994, 1995, 1996, 1997, 1998, 1999 და ედუარდ შევარდნაძეს რომ არ გახსენებოდა სტამბულის სამიტზე, - ამათ ალბათ საერთოდ აღარც გაახსენდებოდათ. შემდეგ 2000, 2001, 2002, 2003. . . . და ა.შ.)
    გია ჭანტურია ხშირად გამოდიოდა სიტყვით თავისი კაბინეტიდან - შტაბბინასთან გამართული რადიოქსელით: «. . . . .მეგობრებო, მე გამსახურდიას არ შევურიგდები, - ბოლოს და ბოლოს გადადგეს და მერე შევურიგდები!».
    იმავე რადიოქსელით გადაიცა ანდრეი სახაროვის ცოლის, ელენა ბონერის «მიმართვა ქართველ ხალხს». ამ დედაკაცს საბჭოთა პერიოდიდან - მთელი ცხოვრების განმავლობაში გაჰყვა სიძულვილი ქართველი ხალხისადმი. მცირე ხნით ადრე რუსულ პრესაში იგი წერდა : «Президентство в Грузии Ггамсахурдия озночает одно: Россия теряет кавказ. и ей надо во всём поддержать Армению, чтобы не превратится в геополитичесское ничтожесство». 1991 წლის სექტემბერ-ოქტომბრის მოვლენების დროს კი თავს იკატუნებდა და მისთვის ჩვეული ყალბი პათეტიკით მოუწოდებდა «კეთილშობილ ქართველ ხალხს, არ შერიგებოდა გამსახურდიას დიქტატურას, ვისაც არაერთგზის უღალატია თავისი მეგობრებისათვის».
    აქ მთავარი ის კი არ არის, მართლა უღალატა თუ არა გამსახურდიამ «მეგობრებს» (იგულისხმება დასავლელ ჟურნალისტებთან დაკავშირებული სამარცხვინო ინციდენტი) არამედ ელენა ბონერის მოტივაცია.
    «ქართველი ხალხისადმი მოწოდებიდან» მცირე ხნის შემდეგ, 1991 წლის 27 დეკემბერს, როცა თბილისში უკვე ძმათამკვლელი ომი მძვინვარებდა, ნიუ-იორკში, სახაროვისათვის მიძღვნილი პრემიის მისაღებად მყოფმა ელენა ბონერმა ღია წერილით მიმართა ბორის ელცინს: «ამაზე ხელსაყრელი დრო აღარ გვექნება, საქართველოში ომია, სასწრაფოდ აღიარეთ «სამხრეთ ოსეთის» დამოუკიდებლობა». ამითაც თვალნათელია, რა ამოძრავებდა მას (და არა მხოლოდ მას), როდესაც უველანაირად უწყობდა ხელს საქართველოში დაპირისპირების გამძაფრებას.
    თუმცა, გია ჭანტურიასა და მისი პარტიის წევრებს უხაროდათ - «სახაროვის ცოლი მხარს გვიჭერსო».
    აქ უკვე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ თვით სახაროვმა უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს, ცნობილი ფრაზით «მცირე იმპერიის» შესახებ. და ამაშიც იგრძნობოდა იმ დედაკაცის «ხელი».

    ოპოზიციის პარალელურად, ზვიად გამსახურდიაც მართავდა ყოველდღიურ მიტინგებს «მთავრობის სასახლესთან». ეს მიტინგები უარეს მარაზმში გადაიზარდა: მართლაც საშინელი სანახავი იყო გასაცოდავებული, გაძვალტყავებული ხალხი, მათ შორის ქალები, მოხუცები, დიდწილად პროვინციალები ან დაბალი სოციალური ფენების წარმომადგენლები («სვეტები» ძირითადად თბილისი ზღვაზე ან «რესპუბლიკის მოედანზე» იკრიბებოდნენ), რომელთაც გულწრფელად სჯეროდათ, რომ «სამშობლოს ინტერესებს იცავდნენ» გამსახურდიასა და მისი რეჟიმის დაცვით; რომ ეროვნულ პრეზიდენტსა და, მისი სახით, ეროვნულ საქმეს  ედგნენ მხარში, - საქართველოს თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, როდესაც გამოდიოდნენ იმ მიტინგებზე, ლაპარაკობდნენ და ჰყვებოდნენ ათასგვარ სისულელეს.
    ზოგჯერ გამსახურდიაც შეუღრენდათ ხოლმე : «დავიღალეთო?!» - რას ქვია დაიღალეთ, ეს იგივეა, ჯარმა რომ დაიჩივლოს ბრძოლისას: «დავიღალეო».
    ისიც უნდა ითქვას, რომ გამსახურდიასათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი იყო ასეთი «საპასუხო მიტინგების» ორგანიზება. ამას თავისი დანიშნულება ჰქონდა: წინააღმდეგ შემთხვევაში, სიგუასა და კიტოვანს მიეცემოდათ საშუალება ეთქვათ: «ხომ ხედავთ, გამსახურდიას მხარს აღარავინ უჭერს – სადღაა ის 87 პროცენტი?». რაკი მიტინგები იმართებოდა, ამას ვეღარ ამბობდნენ. სამაგიეროდ, სხვა არგუმენტს მიაგნეს: «ეგ ხალხი კი არა გონებადაბნელებული ბრბოა».
    არადა, ჭკუათმყოფელი ადამიანი იმთავითვე უნდა მიმხვდარიყო, რომ ამ ვითარებაში ხელისუფლების ძალით დამხობა უეჭველად, უეჭველად გამოიწვევდა სამოქალაქო ომს. სხვა საქმეა, ეს გამართლებული (მიზანშეწონილი) იყო თუ არა. ანუ «ღირდა თუ არა» გადატრიალებით მიღებული შედეგი იმ ფასად, რა ფასადაც იგი ქვეყანას დაუჯდა. პოლიტიკა კი «ფასის» ზუსტად განსაზღვრის ხელოვნებაცაა.
    იმდროინდელ «ოპოზიციას» ვერაფრის დიდებით ვერ შეაგნებინებდი, რომ გამსახურდიას ნამდვილად ჰყავდა სავსებით გულწრფელი მომხრეები (იდიოტები თუ გონიერნი - არა აქვს მნიშვნელობა), რომლებიც ამას ასე ადვილად არ შეურიგდებოდნენ და იბრძოლებდნენ ბოლომდე. შედეგად ქვეყანა კიდევ უფრო დაიქცეოდა.
    ამას მაშინ ვერავის შეასმენდი. თუთიყუშებივით იმეორებდნენ ერთი და იმავეს: «ხა-ხა-ხა, რა სისულელეა, მაგას მხარს ვინ დაუჭერს, პირველ გასროლაზე გაიქცევა და ყველას მეორე დღეს დაავიწყდება».
    იყვნენ ისეთებიც, რომელთაც შესანიშნავად ესმოდათ «რა დაჯდებოდა», მაგრამ პირადად მათ «უღირდათ», - ოღონდ კი საკუთარი ბოღმა და ფანატიკური სიძულვილი დაეკმაყოფილებინათ.
    რამდენიც არ უნდა ეყვირათ ჭანტურიას აქტივისტებს «ჩაუშესკუ, ჩაუშესკუ!!!», ეს შედარება იმთავითვე თითიდან გამოწოვილი იყო. ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ, რუმინელ დიქტატორს დამხობისას მხარს არავინ უჭერდა საკუთარი სპეცსამსახურის («სეკიურიტატეს») გარდა. ამიტომ მის დამხობას სამოქალაქო ომი არ მოჰყოლია და არც მოჰყვებოდა. საქართველოში კი თვისებრივად სხვა ვითარება გახლდათ.
    ამას რომ ეუბნები, «ანტიზვიადისტები» ღიზიანდებიან - იწყებენ საკუთარი ხალხის ლანძღვას: «რა დებილი და დეგენერატი ხალხის შვილები ვყოფილვართო». მაგრამ ასეა თუ ისე, რაც გვყავდა ეს ხალხი გვყავდა – სხვა ხალხი ხომ არ გვყოლია?! თუმცა, შეფასებას რა მნიშვნელობა აქვს. რაც მთავარია, გამსახურდიას მთელს ქვეყანაში უამრავი მომხრე ეგულებოდა. ამიტომ, მოწოდება «გადადგეს პრეზიდენტი» - იმთავითვე იყო მოწოდება სამოქალაქო ომისაკენ.
    არც ეს დებულება შეიცავს რაიმე შეფასებას (დადებითს ან უარყოფითს). უბრალოდ, ვახდენ ფაქტის კონსტატირებას: თუ პრეზიდენტის მხარდამჭერთა რიცხვი ნულზე არ არის დასული (როგორც ეს იყო რუმინეთში, ჩაუშესკუს დროს ან სომხეთში, მას შემდეგ რაც ლევონ ტერ-პეტროსიანმა გამოაქვეყნა ცნობილი მიმართვა - კომპრომისის აუცილებლობის თაობაზე), მაშინ მისი ძალადობრივი დამხობა ან თუნდაც ნებაყოფლობითი გადადგომაც კი, აუცილებლად გამოიწვევს უმწვავეს სამოქალაქო დაპირისპირებასა და სამოქალაქო ომს.
    ქართული ეთნოფსიქოლოგიური თავისებურებებისა და მენტალიტეტის გათვალისწინებით ეს ელემენტარული, ობიექტური რეალობა კიდევ უფრო გარდაუვალ და მძვინვარე ხასიათს იძენდა.
    მთლიანობაში კი, დღემდე რატომღაც მხოლოდ იმ იდიოტებზე ლაპარაკობენ, გამსახურდიას მომხრეთა მიტინგებზე რომ გამოდიოდნენ «სიტყვით» და მართლაც ათას სისულელეს როშავდნენ. არადა, სამართლიანობა და ობიექტურობა მოითხოვს ითქვას: არც მეორე მხარე გამოირჩეოდა ნაკლები ეგოიზმით, ფანატიზმითა და გონებრივი სიჩლუნგით.

    შეგახსენებთ იმდროინდელ თეზისს: «რაც არ უნდა გააკეთოს ოპოზიციამ, ყოველგვარ შედეგზე მაინც ხელისუფლება აგებს პასუხს».
    სხვას რომ თავი დავანებოთ, ამ უზნეო თეზისიდან უდავოდ გამომდინარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში ხელისუფლებასაც აქვს უფლება, ნებისმიერი უზნეობა ჩაიდინოს, ყველაფერზე ხელი მოაწეროს, ყოველგვარი მეთოდი გამოიყენოს, რათა ოპოზიცია დაამარცხოს და მისი ხელისუფლებაში მოსვლა (ანუ გამარჯვება) არ დაუშვას.
    რატომაც არა? თუკი რაც არ უნდა ჩაიდინოს ოპოზიციამ, რა მეთოდებიც არ უნდა გამოიყენოს, რაც არ უნდა იკადროს, ყველაფერზე მაინც ხელისუფლება აგებს პასუხს, მაშინ მას (ხელისუფლებას) რატომ არა აქვს უფლება, ყოველგვარი დანაშაული ჩაიდინოს, რათა ოპოზიციის გამარჯვება არ დაუშვას?
    გარდა ამისა, შეგახსენებთ, რომ იმ ხალხს, ვინც 1991 წელს ამ უზნეო თეზისს ქადაგებდა, იგივე თეზისი რატომღაც 1993 წლის შემდეგ აღარ გახსენებია, როდესაც აფხაზეთის დაკარგვასა და საქართველოს ისტორიულ დამარცხებას მხოლოდ „შეიარაღებული ზვიადისტური ოპოზიციის  მოღალატურ მოქმედებას“ აბრალებდა.

 

 «აბა ყოფილიყო? აბა ყოფილიყო?!!!» - იტყვის ყოველივე ამის პასუხად  «ანტიზვიადისტი» და თითქოს მართალიც იქნება, ვინაიდან იმ მარაზმის მოთმენა, რაც გამსახურდიას რეჟიმის პირობებში ხდებოდა საქართველოში, ნამდვილად ძალიან ძნელი იყო. მაგრამ ჯერ ერთი, ამ მაქსიმის ავტორებმა («გამსახურდია აღარ უნდა ყოფილიყო და ქვეყანას იგი ნებისმიერ ფასად უნდა მოეშორებინა») კეთილი ინებონ და დაამტკიცონ, რომ ის უბედურება, რაც გამსახურდიას დამხობასა და (გარდაუვალ) სამოქალაქო ომს მოჰყვა, «ნაკლები ბოროტება» იყო ქვეყნისათვის იმასთან შედარებით, რაც მის ხელისუფლებაში დარჩენას მოჰყვებოდა.
    და მეორე, რაც მთავარია: საკითხი ასე კი არ უნდა დაისვას: «აბა ყოფილიყო». რა თქმა უნდა «არ უნდა ყოფილიყო». მაგრამ «არ უნდა ყოფილიყო» იმ აზრით, რომ არ (ვერ) უნდა მოსულიყო ხელისუფლებაში!!! ხოლო იმისათვის, რათა გამსახურდიას ძალაუფლება ხელთ ვერ ჩაეგდო, საზოგადოების გონიერ ნაწილს, მის ელიტას, ისტებლიშმენტს, ე.წ. «ელიტარულ ინტელიგენციას» ყველაფერი უნდა ეღონა, რათა არ დაეშვა 9 აპრილი და სხვა, შესაბამისი პროცესები 1988-1989 წლების მიჯნაზე!
    ურყევად დარწმუნებული ვარ: რომ არა 9 აპრილის სისხლიანი პროვოკაცია (რომელიც მთლიანობაში «მოძრაობამ» მოაწყო და არა მხოლოდ გამსახურდიამ), ზვიად გამსახურდია ჯერ უზენაესი საბჭოს თავჯდომარე, ხოლო შემდეგ პრეზიდენტი ვერ გახდებოდა.
    მაგრამ ქართულმა ელიტამ არაფერი გააკეთა 9 აპრილის თავიდან ასაცილებლად. ანუ ჯერ თავისი უნიათობით განაპირობა გამსახურდიას გახელისუფლება და მხოლოდ ამის შემდეგ მოინდომა მისი ძალით დამხობა, რაც (იმთავითვე ცხადი იყო) ეროვნულ – სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უდიდესი, დამანგრეველი შედეგების გარეშე უკვე ვეღარ მოხერხდებოდა.
    შედეგი კი მართლაც გამანადგურებელი აღმოჩნდა.
    ახლა იმის ლაპარაკი, დამხობის შემდეგ გამსახურდიამ ბრძოლას თავი რატომ არ დაანებაო, - ელემენტარული დემაგოგიაა. არა მხოლოდ გამსახურდია, არამედ ნებისმიერი სხვა ქართველი პოლიტიკოსი მის ადგილზე მოიქცეოდა ზუსტად ასევე (რაკი თავი სრულიად მართლად მიაჩნდა) და უბრძოლველად არ დათმობდა საკუთარ პრიორიტეტს. მით უმეტეს, რომ უამრავი მომხრე ჰყავდა, რომლებიც არათუ მის მხარდამჭერ მიტინგებს მართავდნენ 1992 წლის 7 იანვრის შემდეგ, არამედ «ტყვიაზე მიდიოდნენ».
    აბა რომელი პოლიტიკოსი (მით უმეტეს ქართველი) აღიარებს ასეთ პირობებში თავის ისტორიულ დამარცხებას და უჩუმრად განერიდება ასპარეზს სამუდამოდ, რათა ისტორიულ ტაკიმასხარად იქცეს? - არც ერთი!!!

    «მშვიდობიანმა» დაპირისპირებამ რუსთაველის გამზირზე 20-21 სექტემბრამდე გასტანა. გია ჭანტურიას დაპატიმრების შემდეგ «მთავარი მოქმედი გმირი» ირაკლი წერეთელი გახდა. იგი დღენიადაგ იმეორებდა მეგობართა და თანამებრძოლთა წრეში: «პროკურატურას ჩემი დაპატიმრების სანქცია უკვე გაცემული აქვს, მაგრამ ვერ მომიხელთესო».
    20 სექტემბრის ღამეს წერეთელმა «იმელში» პარტიის წევრთა მორიგი შეკრება მოაწყო. ზვიად გამსახურდიას მან «გარეწარი» უწოდა. თუმცა, იქვე შენიშნა, რომ მაინცდამაინც არც სიგუა–კიტოვანის სჯეროდა და განსაკუთრებით ინტელიგენციის აქტივობა აღიზიანებდა: «თუ გამსახურდიას გადადგომის შემდეგ ესენი კიდევ დაიწყებენ უზენაესი საბჭოს არჩევნებზე ლაპარაკს, მე ამ არჩევნებს ჩავშლი - ჩავატარებ ისეთ აქციას, რომ თბილისში შემოვა რუსის ჯარი».
    წერეთელმა იქვე მოუწოდა პარტიის აქტივისტებს, გადაეკეტათ ცენტრალური ქუჩების უმრავლესობა «თორემ გამსახურდია სხვაგვარად ვერ გა-დად-გე-ბა». შემდეგ კი ისინი გააფრთხილა: «დღეს ღამით მოსალოდნელია ჩვენი შტაბბინის დარბევა - მზად იყავით!»
    იმ საღამოს «ზვიადისტთა» მიტინგს 5 ათასამდე სოხუმელი შეუერთდა. შუაღამისას ისინი იმელისკენ დაიძრნენ, წერეთლის ბარიკადები ძალით აჰყარეს, ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის წევრებს თავპირი დაამტვრიეს, შტაბბინა დალეწეს და ბრძოლით დაიკავეს. ირაკლი წერეთელს ფეხი მოსტყდა და გამძვინვარებულ ბრბოს ძლივს გაასწრო.

    მეორე დილით ოპოზიციამ ტელევიზიასთან დაიწყო შეკრება. გვარდიაც ჩამოვიდა შავნაბადადან. ტელევიზიის «შემოქმედებითი კოლექტივი» იმ დროს საპროტესტო აქციებს მართავდა დემოკრატიის მოთხოვნით. გვარდია და მხედრიონის ნარჩენი მათ დასაცავად, რა თქმა უნდა, არაფერს დაიშურებდნენ. იმავდროულად, ტელევიზიის დაკავება (ნებისმიერი საბაბით) უკვე ნიშნავდა სახელმწიფო გადატრიალების დასაწყისს.
    საერთოდ, ოპოზიცია – ტელევიზიას უცნაურ მოთხოვნას უყენებდა: «დაგვითმეთ საეთერო დრო». 5 წლის შემდეგ, როდესაც «ზვიადისტებმა» ტელერადიოკომიტეტის ხელმძღვანელობას ანალოგიური მოთხოვნა წაუყენეს, მათ სავსებით მართებულად უპასუხეს: «რას ქვია დრო დაგითმოთ და პირდაპირ ეთერში კამერასთან დაგსვათ, - ასეთ მოთხოვნას მსოფლიოში არც-ერთი ტელეკომპანია არ დააკმაყოფილებს. კეთილი ინებეთ, ჩაატარეთ პრეს-კონფერენცია და ჩვენი ჟურნალისტები გააშუქებენ».
    მაგრამ იმ დროს (1991 წელს) ამგვარი მოთხოვნა ბუნებრივად ეჩვენებოდათ. მართლაც, რამდენიმე ოპოზიციონერი «ანტიზვიადისტი» პირდაპირ ეთერში გამოვიდა და არსებულ რეჟიმს «უზნეო» უწოდა.

    მას შემდეგ, რაც კიტოვანმა ტელევიზია დაიკავა, ქალაქში დაიწყო მცირე შეტაკებები გამსახურდიას მომხრე გვარდიელებს (ქობალიას რაზმის წევრებს) და კიტოვანის გვარდიელებს შორის. ეს სამოქალაქო ომის ერთგვარი «უვერტიურა» გახლდათ. დაახლოებით იმ დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთის განყოფილებამ, რომელსაც დავით ზეიკიძე ხელმძღვანელობდა, გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც იგი «ნეიტრალიტეტს» აცხადებდა დაპირისპირებაში. ეს პირდაპირი მოწოდება იყო ზოგადად, მილიციის ათასობით თანამშრომლისადმი.
    ტელევიზიის შენობასთან ყოველდღიურად იმართებოდა მიტინგები. უნივერსიტეტის კიბეებზე «ელიტარული ინტელიგენცია» აწყობდა სალონურ აქციას.
    ცალყბად და საკმაოდ გულგრილად დაპირისპირებაში საპატრიარქოც ჩაერია. მისი შუამავლობით მოწყობილ მოლაპარაკებაზე მიღწეული შეთანხმების შესაბამისად, თენგიზ კიტოვანისა და ვაჟა ადამიას შეიარაღებული ფორმირებები თბილისიდან უნდა გასულიყვნენ.
    ვაჟა ადამია მერაბ კოსტავას ეზოში მართავდა საპროტესტო შიმშილობას - პრეზიდენტის გადადგომის ან მისი უფლებამოსილების შეკვეცის მოთხოვნით. ოღონდ, ამავე დროს, ადამია ცდილობდა კიტოვანს მეტისმეტად არ დაახლოებოდა და ოპოზიციის მიმართ ერთგვარი დისტანცია შეენარჩუნებინა.
    საპატრიარქოს შუამავლობით კიტოვანმა ნამდვილად გადაწყვიტა თბილისიდან გასულიყო. თუმცა, ამის მიზეზი კათალიკოს - პატრიარქისადმი განსაკუთრებული პატივისცემა როდი იყო: ტელევიზიის წინ შეკრებილი ოპოზიციონერები გარკვეულწილად შეშფოთდნენ. ბევრი მათგანი ყრუდ გმინავდა: «კიტოვანს ძალები არა ჰყავს და რას აგვიყოლიაო». ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ გააკეთა განცხადება, რომლითაც (მათივე განმარტებით) «მკვეთრად ემიჯნებოდნენ ყველა ძალას». მაგრამ უკვე გვიან იყო.
    ამ განცხადებასთან დაკავშირებით, შეგახსენებთ აგრეთვე გია ჭანტურიას წერილს ციხიდან - საკუთარი პარტიის წევრებისადმი: «ვინც ნაბიჯს გადადგავს სტაბილიზაციისაკენ, თავის თავს დააყენებს პარტიის გარეთ».
    ჭანტურიას წერილი უდავოდ იმას ნიშნავს, რომ ედპ-ში შესაბამისი განწყობა ნამდვილად არსებობდა. ანუ პარტიის ელიტის ერთი ნაწილი ეჭვობდა (არც თუ უსაფუძვლოდ): «ვაითუ კიტოვანმა და სიგუამ კრემლის დაწერილი სცენარის განხორციელებაში ჩაგვითრიონო».
    ქალბატონმა ირინამ, როგორც ჩანს, ეს დაუყოვნებლივ ჩააწვეთა ყურში თავის თანამეცხედრეს, რასაც, თავის მხრივ, მკვეთრი რეაქცია მოჰყვა ციხიდან, ვინაიდან ამ განწყობის (კრემლის მიერ აშკარად მართვადი დესტაბილიზაციის შიშის) განხორციელება და «სტაბილიზაციისაკენ ნაბიჯის გადადგმა» ხომ იმას ნიშნავდა, რომ ბატონი გია ციხეში უნდა დარჩენილიყო. მას კი ციხეში დარჩენა სულაც არ უნდოდა.
    ზემოთთქმული ძალიან საინტერესო ეპიზოდია ამ პარტიის ისტორიაში. მათ შორის იმ განხეთქილების გათვალისწინებით, რაც «ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიაში» 5 წლის შემდეგ მოხდა.

    ბოლოს და ბოლოს, კიტოვანმა ტელევიზია დატოვა და თბილისის ზღვაზე გადაინაცვლა - «დისლოკაციის» ახალ ადგილას. მას უმალვე ალყა შემოარტყა ლოთი ქობალიას სამხედრო შენაერთმა. ბევრი თვლის, რომ ეს იყო ზვიად გამსახურდიას უკანასკნელი შანსი. მას შეეძლო ებრძანებინა ქობალიასათვის კიტოვანის პოზიციებზე შეტევის განხორციელება. ძალები დაახლოებით თანაბარი ჩანდა. მაგრამ ქობალიას უკეთესი პოზიცია ეკავა. თბილისში დარჩენილმა «ანტიზვიადისტებმა» უმალვე იგრძნეს, რომ კიტოვანის გვარდიის განადგურება მათ დაპატიმრებას ან პოლიტიკურ სიკვდილს ნიშნავდა. ამიტომ, რუსთაველზე მძლავრი საპროტესტო აქციები მოეწყო.
    გამსახურდიამ ვერ გასცა თბილისის ზღვაზე შეტევის ბრძანება. ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქ ნოდარ ნათაძის აქტიურობამ შეასრულა. რაც შეეხება ზვიად გამსახურდიას მოტივაციას, - იგი არც თუ მნიშვნელოვანია. შესაძლოა მართლაც მოერიდა სისხლისღვრას და არ გააკეთა ის, რაც მისმა მოწინააღმდეგეებმა დეკემბრის ბოლოს ადვილად «იკისრეს» ან უბრალოდ შეეშინდა.
    მეორეს მხრივ, თუ ქობალია დაიწყებდა შეტევას თბილისის ზღვაზე, საქმეში უეჭველად ჩაერეოდა რუსის ჯარი (კერძოდ, ავიაცია) - მოსკოვი არ დაუშვებდა კიტოვანის გვარდიის განადგურებას, რომელზეც დიდ იმედს ამყარებდა.

    რუსთაველის გამზირზე შეტაკება კი სროლაში გადაიზარდა. შედეგად, პრეზიდენტის მომხრე დაიღუპა. იგი სამ დღეში იმ ადგილიდანვე გაასვენეს და გამსახურდიამ თქვა; «აი, ჩვენი მოწმე იმისა, თუ ვინ ისროდა სინამდვილეში». მართალია, გადატრიალების შემდეგ ტელევიზიით ხშირად უჩვენებდნენ კადრებს, თუ როგორ ისროდა ავტომატი უზენაესი საბჭოს შენობის ფანჯრიდან, მაგრამ «ზვიადისტთა» მტკიცებით, ეს ფუჭი ტყვიები იყო და არა საბრძოლო, ხოლო მეორე (ოპოზიციის) მხრიდან საბრძოლო ვაზნებით «მუშაობდნენ». ასეა თუ ისე, უდავო ფაქტია, რომ იმ ღამეს სწორედ ხელისუფლების მომხრე დაიღუპა და არა ოპოზიციონერი.
    4-5 ოქტომბრის მოვლენათა შემდეგ, ოპოზიცია გაფაციცებით ელოდა გვარდიის ჩამოსვლას თბილისის ზღვიდან მაგრამ ამაოდ. როგორც ჩანს, სიგუა-კიტოვანმა ვითარება საკმარისად «მომწიფებულად» არ ჩათვალეს.
    იმ დღეებიდან, მცირე ხნით, მერყევი წონასწორობა დამყარდა. კიტოვანი კვლავ თბილისის ზღვაზე იყო გამაგრებული. დაახლოებით მაშინ მოხდა მნიშვნელოვანი ინციდენტი: უცნობი პირები თავს დაესხნენ რუსეთის ჯარის ერთ-ერთ სამხედრო ობიექტს. ცოლ-შვილის თვალწინ მოკლეს რუსი ოფიცერი და გაიტაცეს ავტომანქანა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ კვალი თბილისის ზღვისკენ მიდიოდა. თუმცა, დაბეჯითებით მხოლოდ ერთი რამის თქმა შეიძლება: საზარელი მკვლელობა იმ დროს უკვე აგორებული კრიმინალური ანარქიის გამოვლინება გახლდათ.
    ათასობით რუსმა ოფიცერმა, რომლებიც საქართველოსა და თბილისში მსახურობდნენ, ამ ინციდენტის გამო რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მოაწყო. მიცვალებული «მთავრობის სასახლესთან» (9 აპრილის ტრაგედიის ადგილას) დაასვენეს და  მიტინგიც გამართეს.
    ეს უკვე ქართული ეროვნული მოძრაობის კრახი იყო.

გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა