ბალცეროვიჩის სტუმრობა ნუ გგონიათ ხუმრობა

ბალცეროვიჩის სტუმრობა ნუ გგონიათ ხუმრობა

     

        ცნობილი პოლონელი ეკონომისტი, პოლონეთის ეკონომიკური «სასწაულის» ავტორი, ლეშეკ ბალცეროვიჩი ოთხი დღის განმალვობაში იმყოფებოდა საქართველოში. პრეზიდენტისა და სახელმწიფო მინისტრის გარდა, იგი რამდენიმე მინისტრს შეხვდა.
        ქართველებს გვჩვევია ყველაფრის გაზვიადება, მაგრამ ზოგჯერ მეორე უკიდურესობაში ვვარდებით.
        სინამდვილეში, ლეშეკ ბალცეროვიჩის მისია მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როდესაც ქვეყანას ჰაერივით სჭირდება საინვესტიციო კლიმატის გაუმჯობესება.
        არადა, ეი-ი-ეს-თელასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ამბები კვლავინდებურად ადასტურებს, რომ ზოგიერთი ჩინოსანი (და არა მხოლოდ ჩინოსანი) ყველაფერს აკეთებს ამ «იმიჯის» საბოლოოდ დასამარხად.
        ლეშეკ ბალცეროვიჩი დღეს საქართველოსათვის დაახლოებით იმავე ფუნქციას ასრულებს, რასაც ცნობილი ეკონომისტი ლიი იოკოკა ასრულებდა 1990 (!) წელს ყაზახეთში, როდესაც ნურსულთან ნაზარბაევის მრჩევლად დაინიშნა.
        იმ ეპოქაშიც კი (ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში) ცნობილი ეკონომისტის დანიშვნამ გადაწყვიტა ინვესტიციათა მოსაზიდად აუცილებელი ნდობის საკითხი.
        ლეშეკ ბალცეროვიჩი თანამედროვე დასავლეთისთვის დაახლოებით ისეთივე «ნიშანდობლივი» ფიგურაა, როგორც ლიუდვიგ ერჰარდი იყო 50-იან წლებში.
        ბალცეროვიჩის «მრჩევლობა» ადასტურებდა და ადასტურებს, რომ საქართველოში, ასე თუ ისე, გრძელდება «საბაზრო» რეფორმები, ხოლო ქვეყანა რჩება «ღია საზოგადოებად».
        მოგეხსენებათ, თურქმენეთში ლეშეკ ბალცეროვიჩს არაფერი ესაქმება, ვინაიდან ნიაზოვის სამეფო «დახურული საზოგადოებაა».
        მიუხედავად ატეხილი დავიდარაბისა, ბალცეროვიჩი, უკანასკნელი ცნობებით, არსად წასვლას არ აპირებს. მით უმეტეს, რომ საქართველოში მოღვაწეობა მისთვის დიდი ვერაფერი ტვირთია და არც რაიმე სერიოზულ პრობლემას უქმნის.
        ჯერ ერთი, იგი პირადად არ მუშაობს საქართველოში, არამედ პერიოდულად ჩამოდის თბილისში. ეს სავსებით ნორმალური და მიღებული პრაქტიკაა - ნურც იმას დავივიწყებთ, რომ ლეშეკ ბალცეროვიჩი პოლონეთის ეროვნული ბანკის პრეზიდენტია.
        მის არყოფნაში კი თბილისში მუდმივად მუშაობს უმაღლესი კვალიფიკაციის ეკონომისტთა ჯგუფი, რომელთაც ნათლად წარმოუდგენიათ, როგორია «ბალცეროვიჩის რეკომენდაციები». ამ ჯგუფის არსებობა უეჭველად მეტყველებს, რომ ბალცეროვიჩი მართლაც რეგულარულად იღებს და სწავლობს ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესების შესახებ.
        იმავდროულად, პოლონელ ეკონომისტს ჯერ არც ერთი მოძრაობა არ გაუკეთებია, რაც მისი ფიგურის ამა თუ იმ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან ასოცირების საშუალებას შექმნიდა.
        აქვე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მოქმედი თითქმის ყველა მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ძალა ცდილობდა ბალცეროვიჩის ანგაჟირებას. უკანასკნელი მოვლენებიც (გავრცელებული ხმები ბალცეროვიჩის შესაძლო «გადადგომის», ანუ საქართველოდან წასვლის შესახებ) ამას ადასტურებს.
        ლეშეკ ბალცეროვიჩის მოღვაწეობის ამჟამინდელი ეტაპი ემთხვევა ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ ინტრიგათა კასკადს: იწყება ბრძოლა 2002 წლის ბიუჯეტის გარშემო. მრავალი თვალსაზრისით, ეს გარდამტეხი წელი იქნება 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
        ბალცეროვიჩის ბოლოდროინდელი განცხადებები, ისევე, როგორც მისი პოზიცია ზოგადად, უეჭველად იმაზე მეტყველებს, რომ «საბიუჯეტო კონფლიქტში» იგი მხარს უფრო მაჭავარიან-ნოღაიდელის ტანდემს დაუჭერს, ვინაიდან ყოველთვის მოითხოვდა «რეალური ბიუჯეტის» შექმნას, გადასახადების შემცირებასა და მცირე ბიზნესის წახალისებას.
        ბალცეროვიჩი ნამდვილ მონეტარისტი და ლიბერალია - მისი ფილოსოფიაა სახელმწიფო (მათ შორის სოციალური) ხარჯების მაქსიმალური შეზღუდვა და პიროვნული ინიციატივისათვის აუცილებელი საუკეთესო «საწყისი პირობების» შექმნა.
        ბალცეროვიჩის «არწასვლა» კი მხოლოდ თეთრი სახლის დანიშნული ხელფასით (არცთუ მცირე თანხით) როდია განპირობებული. როგორც ჩანს, ეს ქვეყანა მას «უიმედოდ» მაინც არ მიაჩნია.

დილის გაზეთი, 15 აგვისტო, 2001 წელი