ბათუმური ალტერნატივა, ანუ როგორი არ უნდა იყოს საარჩევნო კანონი

ბათუმური ალტერნატივა, ანუ როგორი არ უნდა იყოს საარჩევნო კანონი

        აღორძინების კოალიციამ შიდა «ჯიკავ-ჯიკავისა» და თენგიზ ჯგუშიას (უკვე მერამდენედ) «გაიმასქნების» შემდეგ, როგორც იქნა, დაიკავა კონსოლიდირებული პოზიცია საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
        ბათუმში შობილი მრავალფეროვანი ოპოზიცია ახალი პოლიტიკური ტალღის აგორებასა და მისი («აღორძინების») კეთილშობილი, ბრძენი, განათლებული ამომრჩევლის მძვინვარების გამოწვევას ცდილობს, რათა როგორმე შენიღბოს სამარცხვინო (მისთვის, მაგრამ არა ქვეყნისათვის) ფაქტი, რომ, სინამდვილეში, ეშინია საპრეზიდენტო კანდიდატურის წამოყენებისა 9 აპრილის არჩევნებში, ანუ კანდიდატი საერთოდ არ ჰყავს (სინამდვილეში) და თავად მხოლოდ ერთი რეგიონული ელიტის კერძო ინტერესებს ემსახურება
        ამ ელიტის ლიდერს, ასლან აბაშიძეს, საქართველოს პრეზიდენტობა აზრადაც არ მოსდის, ხოლო ჯუმბერ პატიაშვილი შევარდნაძისათვის მხოლოდ «სპარინგ-პარტნიორად» გამოდგება»
        მიუხედავად ამისა, «აღორძინების» იურიდიული ხერხემალი ახალ საარჩევნო კანონს ამუშავებს და უკვე წინადადებებიც მზად აქვს. ამ წინადადებათა გაცნობა გვარწმუნებს, რომ «აღორძინება» პარლამენტში, როგორც იმერეთში იტყვიან, «საგლახაოდ» არის მოსული ან მოქალაქეთა კავშირი მთლად გამოთაყვანებული ჰგონია. ყოველ შემთხვევაში, «სმკ» თუ ამ მოთხოვნებს გაიზიარებს, მართლა გამოთაყვანებული იქნება და ნამდვილად დაიმსახურებს ისტორიის სანაგვეზე გადაგდებას.
        «აღორძინების» წინადადებებს, სინამდვილეში, დემოკრატიასთან არაფერი აქვს საერთო. ისინი მიზნად ისახავენ დააფუძნონ საქართველოში ისეთი საარჩევნო კანონი, რომელიც უზრუნველყოფს ოლიგარქიას, ანუ ჩვენი უზნეო და უტვინო «პოლიტოკრატიის» ბატონობას.
        «უმცირესობის» იურიდიულმა ხერხემალმა, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ისეთი «საარჩევნო კანონი» და საარჩევნო კომისიათა დაკომპლექტების ისეთი წესი მოიფიქრა, რომლებიც გამორიცხავს «უმრავლესობის» უმრავლესობას საარჩევნო კომისიაში და უზრუნველყოფს მის (ანუ უმცირესობის) უმრავლესობას.
        ერთი სიტყვით, ქართული პოლიტტერმინოლოგიით თუ განვსაზღვრავთ, «აღორძინების» იდეოლოგებმა ისეთი ცვლილებები შესთავაზეს პარლამენტს, რომელიც საარჩევნო კომისიაში ნაცვლად «პოზიციის» უმრავლესობისა, «ოპოზიციის» უმრავლესობას უზრუნველყოფს.
        გენიალური მიგნებაა!
        თანაც, იმას კი არ ამბობენ, რომ დავუშვათ «ყველა პარტიას ჰყავდეს წარმომადგენელი საარჩევნო კომისიაში», არამედ მოქალაქეთა კავშირს ჰყავდეს – 1, ხოლო ე.წ. «ამღორძინებელ ოპოზიციას» 5 წარმომადგენელი – მხოლოდ იმის გამო, რომ «აღორძინება» იმთავითვე აბსურდული კოალიცია იყო, მასში შედიოდნენ თითქოსდა სრულიად შეუთავსებელი იდეოლოგიის პარტიები და (მსოფლიოს ისტორიაში არნახული ფაქტია) არჩევნების დასრულებისთანავე დაიშალნენ 5 სხვადასხვა ფრაქციად.
        მაშასადამე, რაც უფრო აბსურდულია პოლიტიკური კონგლომერატი, მით უფრო, ძლიერი პოზიციები უნდა ჰქონდეს საარჩევნო კომისიაში.
        თუ «თანასწორობა» და «დემოკრატიაა», მაშინ რატომ არ მოსწონს «აღორძინებას» 1992 წლის საარჩევნო კანონი, რომელიც უზრუნველყოფდა უკლებლივ ყველა პარტიის თანაბარ წარმომადგენლობას საარჩევნო კომისიაში? იმიტომ, რომ, სინამდვილეში, «დემოკრატიის» ბედი კი არ აღელვებს, არამედ საკუთარი პრიორიტეტისა.
        უმცირესობა საკუთარი კორპორაციული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს! მას რომ დემოკრატიის ბედი აღელვებდეს, უპირველეს ყოვლისა, დემოკრატიის ელემენტარული ნორმების დამკვიდრებაზე იმ რეგიონში იზრუნებდა, სადაც არჩევნები საერთოდ არ ტარდება, «საარჩევნო კომისიათა» დაკომპლექტებაზე ხომ საუბარი ზედმეტია.
        იგივე თვისებრიობის გამო მოითხოვენ აბსოლუტურად არადემოკრატიულ წესს დეპუტატთა ცვალებადობისა საარჩევნო სიაში, როდესაც ეს ხდება არა რიგითობის, არამედ ვითომდაც «სურვილის» მიხედვით. თუმცა, იმთავითვე ცხადია, ვის «სურვილზეა» საუბარი: «...მე არ მინდა დეპუტატობა, - აგერ თენგოს უნდა...»
        ერთი სიტყვით, «მოქკავშირის» არადემოკრატიულობა სრულებითაც ვერ შენიღბავს იმ რეალობას, რომ საკუთარი პრიორიტეტის დამკვიდრებას ცდილობს უფრო არადემოკრატიული ძალა, რომელიც შინაარსობრივად არანაირ პოზიტიურ მუხტს არ ატარებს, ვინაიდან შეუთავსებელი პიროვნებებისა და შეუთავსებელიო პოლიტიკური კონცეფციების ხელოვნურად შექმნილი კონგლომერატია.

მერიდიანი, 24 იანვარი, 2000 წელი