ბათუმი შეტევაზე გადადის   

ბათუმი შეტევაზე გადადის   

 

    მორიგი სკანდალი თბილისისა და ბათუმის ურთიერთობებში (რაც ბოლოდროინდელ მოვლენათა ფონზე სავსებით მოსალოდნელი იყო) უეჭველად ასლან აბაშიძის «დაბრუნებას» უკავშირდება.
    აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ უბრუნდება «ასპარეზს». როგორც ჩანს, გულის «შუნტირების» ოპერაციამ მის შეხედულებებსა და განწყობაზე იოტისოდენა ზეგავლენა ვერ მოახდინა. წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელი ასახსნელია, რატომ გაახსენდა ბათუმის მერს სწორედ ახლა, რამდენიმე თვის შემდეგ, ურეკის შეხვედრა, რომლის დროსაც თითქოს პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატი როსტომ დოლიძე მას „აჭარის ხელისუფლების დამხობას სთავაზობდნენ“.
    ამ ბრალდებით «ოფიციალური ბათუმი» ცდილობს კვლავ იგდოს ხელთ ინიციატივა, რომელიც ფრაქცია «აღორძინების» ფაქტობრივი დაშლისა და ედუარდ სურმანიძის განდგომის შემდეგ ხელიდან გაუსხლტა. «თავისუფალი ეკონომიკური ზონა» ინიციატივის მოსაპოვებლად საკმარისი არ იყო, ვინაიდან, როგორც ჩანს, ამ საკითხში თბილისური ისტებლიშმენტი (მცირე გამონაკლისის გარდა) საბოლოოდ გაერთიანდა, რაკი იგრძნო, «საიდან უბერავს ქარი».
    რაც შეეხება ბათუმის მერს, იგი ამ ბრალდებით აჭარის ხელისუფლებისადმი თავისი ლოიალობის დადასტურებას ცდილობს, თუმცა მის განცხადებას ძალზე შორს მიმავალი შედეგები შეიძლება მოჰყვეს, ვინაიდან ასეთი ბრალდება «ხუმრობა საქმე» არ არის. ან ყოველ შემთხვევაში, არ უნდა იყოს ქვეყანაში, რომელსაც ცივილიზებულობასა და დემოკრატიულობაზე აქვს პრეტენზია. ძნელი საწინასწარმეტყველო არაა, რომ სკანდალს მოჰყვება ურთიერთბრალდებათა «აფეთქება» პრესაში და პარლამენტის სხდომაზე, რაც ნამდვილად არ შეუწყობენ ხელს საზოგადოების «კონსოლიდირებას» აფხაზური პრობლემის მკვეთრი გამწვავების წინ.
    ამ კონფრონტაციით უეჭველად ისარგებლებს რუსეთი - იმ დროს, როდესაც საბოლოოდ ჩაიშალა გროზნოს გავლით კასპიის ნავთობის დასავლეთში ტრანსპორტირების გეგმა (ეს პროცესი 1 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო); საქართველოში ვითარების დესტაბილიზაციით კი «დასავლური» მარშრუტის მიზანშეწონილებაც ეჭვქვეშ დადგება. ძნელი სათქმელია, ბათუმის ყოფილი მერის განცხადებიდან რამდენად «გამოდნება» ამგვარი გართულება, მაგრამ რაღაც ძალზე სერიოზული რომ არის ჩაფიქრებული, ცხადია.
    ზოგადად, თბილისსა და ბათუმს შორის ურთიერთობა კვლავინდებურად ბუნდოვანი და გაურკვეველია. ეს გაურკვევლობა მიანიშნებს, რომ, არათუ არ გადაწყვეტილა, არც კი დაწყებულა სერიოზულად მსჯელობა აჭარის სტატუსზე საქართველოს შემადგენლობაში.
    აჭარის ხელისუფლება თავად არაფერს სთავაზობს თბილისს (არ სურს ინიციატივა მისგან მოდიოდეს), ამავე დროს უარყოფს თბილისის წინადადებასაც, რაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის ამაღლებას გულისხმობს, - ოღონდ საქართველოს სამხარეო მოწყობის კონტექსტში.
    ფარული (თუ უკვე აშკარა) დაპირისპირების, გაუთავებელი ბრალდებებისა და სკანდალების თავი და თავი სწორედ აქ უნდა ვეძიოთ - აჭარის სტატუსის გაურკვევლობაში, რაც ერთგვარ ნევროზულობას იწვევს თბილისშიც და ბათუმშიც. სანამ ეს საკითხი არ გაირკვევა, «პოლიტიკური ნევროზი» ვერ მორჩება და ქვეყანაც მუდმივ დაძაბულობაში იქნება.
    აქ ბევრი რამ «ცენტრზეა» დამოკიდებული: მან უნდა გამოიჩინოს სიმტკიცე, ერთმნიშვნელოვნად დასვას საკითხი და აჭარის ისტებლიშმენტი აიძულოს პირდაპირ თქვას - რა სურს ბოლოს და ბოლოს.

მერიდიანი, 22 ოქტომბერი, 1997 წელი