ახლოვდება უმწვავესი კრიზისი

ახლოვდება უმწვავესი კრიზისი

 

    საზოგადოებრიობისა და თვით პოლიტიკური ელიტისათვის შეუმჩნევლად, საქართველო მიუახლოვდა და თითქმის გადალახა უხილავი ზღვარი, რომლის მიღმა მძლავრი კრიზისი და ახალი, შეურიგებელი დაპირისპირებაა მოსალოდნელი.
    საუბარი შეეხება ახალი კონსტიტუციის მიღებას. ალბათ ყველას ახსოვს, რომ დღევანდელი პარლამენტი, მისი არჩევის წინა პერიოდში, ჩაფიქრებული იყო, როგორც «დამფუძნებელი კრება», რომელსაც უნდა მოეხდინა ახალი ქართული სახელმწიფოს დაფუძნება. ანუ, მისი უმთავრესი ფუნქცია სწორედ ახალი კონსტიტუციის მიღება უნდა ყოფილიყო.
    სამწუხაროდ, რამოდენიმე მიზეზის გამო, პარლამენტმა ეს ფუნქცია ვერ შეასრულა და არა თუ ვერ შექმნა წინაპირობა ახალი სახელმწიფოს დაფუძნებისათვის, არამედ, როგორც ჩანს, თვით უმთავრესი დოკუმენტის - კონსტიტუციის მიღებაც კი ეჭვქვეშ დგება.

    პირველი პრობლემა საქართველოს ახალი კონსტიტუციის შემუშავების პროცესში იყო იმ ძალთა წინააღმეგობის დაძლევა, რომელთაც 1921 წლის კონსტიტუცია ლამის დოგმატად აქვთ ქცეული და ამ დოგმაში რაიმე ცვლილების შეტანას გააფთრებულ წინააღმდეგობას უწევენ.
    ეს ძალები უეჭველად ჩაუდგებოდნენ ხელისუფლებას თვისობრივ, შეურიგებელ ოპოზიციაში, თუ დაინახავდნენ, რომ მათი მოთხოვნები იგნორირებულია. ამგვარი დაპირისპირება კი, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში ჯერ კიდევ მძვინვარებდა სამოქალაქო ომი და ექსპრეზიდენტის შეიარაღებული ფორმირებები თანდათან ძლიერდებოდნენ - დიდ საფრთხეს უქადდა არა მხოლოდ სახელმწიფოს მეთაურს, არამედ მთლიანად, ამჟამინდელ ხელისუფლებას.
    მეორე მხრივ, 1921 წლიდან - დღემდე ქვეყანამ იმდენად ღრმა და ყოვლისმომცველი ცვლილება განიცადა, რომ ძველი კონსტიტუციის მხოლოდ გადამუშავებით, მასში შესწორებების შეტანით, შეუძლებელი იყო ახალი რეალიების შესაბამისი იურიდიული სისტემის შემუშავება. მაგრამ კომპრომისი მაინც მოიძებნა - დაიწყო მუშაობა «1921 წლის კონსტიტუციის ახალი რედაქციის» შემუშავებაზე, რითაც დაკმაყოფილდა პოლიტიკური სპექტრის ამ ნაწილის ამბიცია, მაგრამ შინაარსობრივად მუშაობა მიმდინარეობდა სწორედ ახალი კონსტიტუციის შემუშავებაზე.
    1993 წელს შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ, რომელსაც თვით სახელმწიფოს მეთაური ჩაუდგა სათავეში, იმთავითვე არარეალური მიზანი დაისახა - შეეჯერებინა რამოდენიმე კატეგორიულად განსხვავებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი კონცეფცია და სარეფერენდუმოდ (ჯერ პარლამენტისა და შემდეგ ხალხისთვის) წარედგინა ერთიანი პროექტი.
    თვით ამგვარი მიზანსწრაფვა სავსებით გასაგები და გარკვეულწილად კეთილშობილურიც კი იყო, რადგან ერთიანი პროექტი ხელს შეუწყობდა ქვეყანაში სამოქალაქო თანხმობისა და საზოგადოებრივი კონსენსუსის მიღწევას. მაგრამ თავიდანვე ნათელი გახდა, რომ ეს ვერ მოხერხდებოდა ერთი ფუნდამენტური მიზეზის გამო: კონსტიტუცია არის ე.წ. «დიდი საზოგადოებრივი შეთანხმების პროდუქტი» - იგი ბუნებრივად, უმტკივნეულოდ იქმნება იმ პირობებში, როდესაც საზოგადოების ყველა ფენა, ყველა სოციალური შრე შეთანხმებულია რამოდენიმე უზოგადეს პრინციპზე (უმთავრეს ღირებულებებზე) მაინც. საქართველოში კი ამგვარი შეთანხმება არ მომხდარა. თითქოს გამაერთიანებელი «დამოუკიდებლობის იდეა» უნდა ყოფილიყო, მაგრამ СНГ-ში გაწევრიანებამ და «პოლიტიკურ რუსოფილთა» მძლავრი ფენის წარმოშობამ თვით ამ იდეასაც კი შესძინა ორაზროვნება.
    საკონსტიტუციო კომისიაში გაწევრებული დეპუტატები მაინც უფრო თავიანთ პარტიებს წარმოადგენდნენ, ვიდრე საზოგადოებრივ შრეებს. სწორედ ამიტომ, მიმდინარეობდა დისკუსია თვით უზოგადეს პრინციპებზეც კი - აღარაფერს ვამბობ სხვა ხარისხის დებულებებზე.
    და მაინც, მიუხედავად ყოველივე ამისა, საკონსტიტუციო კომისიამ მოახერხა ერთიანი პროექტის შემუშავება - იგი აპრობირებულია ამერიკის შეერთებულ შტატებში კომპეტენტურ სპეციალისტ-კონსტიტუციონალისტთა მიერ. ეს ე.წ. «ერთიანი პროექტი» ერთგვარი პოლიტიკური კონსენსუსის შედეგიც იყო. იგი გულისხმობდა კომპრომისს ორი ურთიერთდაპირისპირებული კონცეფციის მომხრეთა შორის, რომელთაგან ერთი მოითხოვდა საქართველოში საპარლამენტო რესპუბლიკის დაფუძნებას, ხოლო მეორე - მძლავრი საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებას.
    ეს უაღრესად პრინციპული, შეიძლება ითქვას - სახელმწიფოებრივად სასიცოცხლო საკითხია, ვინაიდან პრეზიდენტის ინსტიტუტის შემოღებაზე ან უარყოფაზე დიდად არის დამოკიდებული მომავალი სახელმწიფოს თვისებრიობა, მისი ყველა სხვა ინსტიტუტის, იურიდიული თუ სამართლებრივი სისტემის მიმართება სახელმწიფოებრივ მექანიზმებთან, სოციალურ შრეებთან, ადმინისტრაციულ ერთეულებთან და სხვა.
    გამომუშავებული «ერთიანი პროექტი», შეიძლება ითქვას, უფრო «პარლამენტარისტთა» გამარჯვებაა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ იგულისხმებოდა პრეზიდენტის საყოველთაო სახალხო არჩევნები - მას, როგორც ინსტიტუტს, ეზღუდებოდა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და თვით სახელმწიფოებრივ მექანიზმზე რეალური ზეგავლენის საშუალება.
    თუმცა, აქვე შეიძლება ვივარაუდოთ: სახელმწიფოს მეთაურისათვის, რომელიც თავდაპირველად დათანხმდა ამ კომპრომისს და, ამავე დროს, თავს თვლიდა რეალურ პრეტენდენტად პრეზიდენტის პოსტზე - მთავარი სწორედ ეს დროებითი კონსენსუსი იყო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა სტრატეგიულ შეთანხმებას.
    თუ პარლამენტში უმრავლესობას «შევარდნაძის პარტია» მოიპოვებდა, «საყოველთაო სახალხო» კენჭისყრის წესით არჩეულ პრეზიდენტს იგი უეჭველად მიანიჭებდა «დამატებით უფლებამოსილებას». მაგრამ საქმეც სწორედ ის გახლავთ, რომ მომავალი არჩევნების შედეგთა წინასწარ განჭვრეტა მეტად ძნელია - ელექტორატი ამჟამად «ამოუცნობ მდგომარეობაში» იმყოფება და მისი მომავალი განწყობა დიდად იქნება განპირობებული მეორეხარისხოვანი, ხშირად შემთხვევითი გარემოებებით.
    ალბათ სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ საკონსტიტუციო კომისიაში მიღწეული დროებითი კომპრომისი დაირღვა, პრესაში გაჩნდა ცნობა «ალტერნატიული პროექტის» შესახებ, რომელიც აგებულია ერთი ფუძემდებლური იდეის დომინანტზე: საქართველოში ძლიერი (შეიძლება ითქვას ძალზე ძლიერი) საპრეზიდენტო მმართველობის შემოღებაზე.
    და თუ ასეა, არც ის იქნება ძნელი განსაჭვრეტი, რომ საპრეზიდენტო მმართველობის მომხრეთა დიდი უმრავლესობა, რომელიც საკონსტიტუციო კომისიაშია წარმოდგენილი და, თავის დროზე, სწორედ თავიანთი ლიდერის წინადადებით დათანხმდა კომპრომისს «პარლამენტარისტებთან», - ამჟამად რადიკალურად შეიცვლის პოზიციას. თავის მხრივ, «გერმანული მოდელის» მომხრენიც შეიცვლიან პოზიციას და დაუბრუნდებიან «საწყის მდგომარეობას».
    ამრიგად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ საკონსტიტუციო კომისია, საბოლოო ჯამში, შეიმუშავებს ორ, თვისებრივად განსხვავებულ პროექტს. ეს კი უეჭველად ნიშნავს რეფერენდუმზე ორივე ამ პროექტის გატანას და ელექტორატის დაყენებას მისთვის ძალზე მძიმე ალტერნატივის წინაშე.
    საქმე ის გახლავთ, რომ კონსტიტუციის არჩევა (არა დამტკიცება, არამედ არჩევა) რეფერენდუმის გზით - მრავალი ხიფათის შემცვლელია. თუ მოსახლეობის აზრი დაახლოებით თანაბრად გაიყო, ეს შექმნის წინაპირობას ახალი სამოქალაქო ომისთვის საქართველოში (მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენი პოლიტიკური ელიტის უკომპრომისობასა და ეგოიზმს).
    მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ თუკი არსებობს გარანტია მოსახლეობის მიერ თვისობრივი არჩევანის გაკეთებისა (ანუ დიდი უმრავლესობით ერთ-ერთი პროექტის მიღებისა), - ეს ნამდვილად სჯობს ეკლექტური, უპრინციპო პოლიტიკურ კომპრომისზე დაფუძნებული კონსტიტუციის მიღებას.
    მეორე სერიოზული პრობლემაა ყოფილი ავტონომიების ბედი ანუ საქართველოს ტერიტორიული მოწყობის საკითხი. პოლიტიკოსთა დიდი ნაწილი მხარს უჭერს საქართველოს დაყოფას ისტორიულ მხარეებად, რათა ამ გზით გაანეიტრალონ აფხაზეთის, აჭარისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემა, რომლებიც, ფაქტობრივად, გაუტოლდებიან თავიანთი უფლებამოსილებით (მეტ-ნაკლები ხარისხით) საქართველოს სხვა მხარეებს.
    მაგრამ ე.წ. «ასიმეტრიული ფედერალიზმის» იდეა კატეგორიულად ეწინააღმდეგება სეპარატისტთა მისწრაფებებს. სწორედ «ასიმეტრიული ფედერალიზმის» იდეა აიძულებს მათ (დიდწილად), უარყონ თვით ფედერაციის იდეა და მოითხოვონ კონფედერაცია. თუმცა სამხარეო მოწყობაც, საქართველოს ეთნიკური მრავალფეროვნების გათვალისწინებით, მრავალ ხიფათსა და «დაყოვნებული მოქმედების ნაღმს» შეიცავს. იმავე დროს, სწორედ ყოფილი ავტონომიების პოზიცია აფერხებს კონსტიტუციის მიღებას, რადგან კონსტიტუციის რეფერენდუმით დამტკიცება იმ პირობებში, როდესაც საქართველოს სახელმწიფოებრივი იურისდიქცია არ ვრცელდება ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილზე - ქმნის საქართველოს იურიდიული დანაწევრების საშიშროებას.
    ამ მიზეზთა ერთობლიობას მივყავართ იმ მდგომარეობამდე, როდესაც საკონსტიტუციო პროცესი უახლოვდება საშიშ ზღვარს. როგორც ცნობილია, კანონით პარლამენტში კონსტიტუციის განხილვას 6 თვე სჭირდება, რის შემდეგაც იგი რეფერენდუმზე უნდა იქნას გატანილი და (წინასწარი ჩანაფიქრით) სწორედ ამ ახალ კონსტიტუციაზე დაყრდნობით ჩატარდეს არჩევნები. მათი ჩატარება კი (ობიექტური მიზეზების გამო) ოქტომბრის თვეზე უფრო გვიან - შეუძლებელია.
    სწორედ ამიტომ, თუ პარლამენტში კომპრომისი ვერ გამოიძებნა (რის იმედსაც მხოლოდ შევარდნაძის ოსტატობა და ლავირების უნარი თუ ტოვებს), საქართველო უახლოვდება უმწვავეს კრიზისს. . . . .

«ივერია-ექსპრესი», 21 თებერვალი, 1995 წელი.