ახალქალაქის პროვოკაცია თავდაცვის მინისტრ დათო თევზაძის წინააღმდეგ იყო მიმართული

ახალქალაქის პროვოკაცია თავდაცვის მინისტრ დათო თევზაძის წინააღმდეგ იყო მიმართული

      ჯავახეთში დატრიალებული ამბები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად ძლიერ მოწინააღმდეგესთან გვაქვს საქმე რუსული სპეცამსახურების სახით.
    არა და არ წყდება საქართველოს წინააღმდეგ მათ მიერ ზუსტად ჩაფიქრებული და განხორციელებული პროვოკაციები. ეს არც უნდა იყოს გასაკვირი, - ზოგიერთებს სასაცილოდ არ ყოფნიდა ის, რომ მოსკოვში, სპეციალური სამსახურის შესაბამის განყოფილებაში ყოველდღიურად იკრიბება ჯგუფი, რომელიც სპეციალურად «საქართველოზეა დასპეციალიზებული».
    ანალოგიური ჯგუფები მუშაობენ სხვა მიმართულებითაც - იქნება ეს ყირგიზეთი, ლიტვა თუ ლატვია . . . . მათი ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი მიზანი ის გახლავთ, როგორმე დაძაბონ ვითარება, მოახდინონ დაპირისპირების პროვოცირება, აამოქმედონ «მართვადი ქაოსის» სისტემები და მოიშორონ არასასურველი მოღვაწეები. სწორედ ასეთი პროვოკაცია განხორციელდა ჯავახეთში.
    ოპერაციის მიზანი იყო საქართველოს თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძის დისკრედიტაცია და შესაძლოა («საუკეთესო შემთხვევაში») თანამდებობიდან განთავისუფლება.
    თავდაცვის მინისტრი, განსხვავებით მისი რუსი წინამორბედებისაგან, მოსკოვში «ყელში ყავთ გაჩხერილი». სწორედ ამიტომ ჩაიფიქრეს ეს მზაკვრობა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ საქართველოს საარტილერიო ბრიგადა ახალქალაქისაკენ დაიძრა მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნა შესაბამისი შეთანხმება ჯავახეთში განლაგებულ 62-ე რუსულ მოტომსროლელთა დივიზიის ხელმძღვანელობასთან.
    თევზაძეს იმედი ჰქონდა, (რაც მისი უმძიმესი შეცდომაა), რომ რაკი საკითხი შეთანხმდა რუსული დივიზიის სარდლობასთან, მაშასადამე, საარტილერიო ბრიგადის გადაადგილება და თვით სროლებიც უმტკივნეულოდ ჩაივლიდა, მაგრამ მოტყუვდა, - რუსებმა, როგორც ყოველთვის, გვიმუხთლეს და ქართული საბრძოლო შენაერთი სომეხ ექსტრემისტებს შეატოვეს.
    კიდევ კარგი, ბოლო წუთს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო და ბრიგადა შემოატრიალა. პოლიციამ დააკავა ყაჩაღური ბანდის ორი წევრი. ისინი სეპარატისტული ორგანიზაცია «ჯავახკის» წევრები იყვნენ, სხვები კი სომხეთიდან იყვნენ შემოსულნი; რუსი სამხედროების ქმედება რომ პროვოკაცია იყო, იქედანაც ჩანს, თუ როგორ მოიქცნენ ისინი დაპირისპირების დაწყებისთანავე: როგორც კი სომეხმა ექსტრემისტებმა ქართული შენაერთი უღელტეხილზე შეაჩერეს, უმალვე მოეხსნა დაცვა რუსულ სამხედრო საწყობს და სეპარატისტულმა ხროვამ მისი ძარცვა დაიწყო.
    ისევე, როგორც გუდაუთაში, 1992 წელს.
    ერთი სიტყვით, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რათა, როგორც მინიმუმ, დავით თევზაძეს დაკისრებოდა პასუხისმგებლობა «კიდევ ერთი ცხელი წერტილის» წარმოშობისათვის, ხოლო რუსეთის სპეცსამსახურის პროგრამა - მაქსიმუმი ახალი ომის გაჩაღება იყო საქართველოსთვის და მთელი სამხრეთ კავკასიისთვის - სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში.
    ნებისმიერ შემთხვევაში, თუ პრეზიდენტის (ისევე, როგორც მთლიანად, პოლიტიკური ელიტის) რისხვა თევზაძის წინააღმდეგ აღმოჩნდებოდა მიმართული, ესეც კარგი «შედეგი» იქნებოდა.
    აქვე უნდა ითქვას, რომ სომეხი ექსტრემისტები რუსეთის სპეცსამსახურებთან ტანდემში მოქმედებდნენ.
    ახდა იმ პოლიტოლოგთა წინასწარმეტყველება, რომელნიც ყველას აფრთხილებდნენ, რომ კოჩარიანის მიერ განხორციელებულ «სამთავრობო გადატრიალებას» უეჭველად მოჰყვებოდა ვითარების დაძაბვა სამხრეთ კავკასიაში; აბა, ტყუილად ხომ არ შეცვალეს ტერ-პეტროსიანი კოჩარიანით?

მერიდიანი, 17 აგვისტო, 1998 წელი