ახალი ხელისუფლების ახალი შეცდომები

ახალი ხელისუფლების ახალი შეცდომები

        გუშინ პრეზიდენტობის ყველაზე რეალურმა (ფაქტობრივად, უეჭველმა) კანდიდატმა მიხეილ სააკავშილმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს მონაწილეობა საპრეზიდენტო არჩევნებში.

            ეს მოწოდება (განსაკურთებით, მისი ტონალობა) იმას ნიშნავს, რომ ახალ ხელისუფლებას არა აქვს სრული გარანტია მოსახლეობის აქტივობისა (ამა თუ იმ მიზეზით) 4 იანვარს, მაგრამ იმასაც ნიშნავს, რომ ახალგაზრდა მთავრობა (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით «ახალგაზრდა») არ აპირებს ბიულეტენების «ჩაყრას», რათა კონსტიტუციური კვორუმი უზრუნველყოს. პირიქით, იგი დაინტერესებულია, ამ თვალსაზრისით, არჩევნები მართლაც უნაკლო იყოს და საერთაშორისო დამკვირვებლებს, ისევე, როგორც «შინაურ ოპონენტებს» სალაპარაკო არ მიეცეთ.
          მაგრამ, სხვა მხრივ, ახალი ხელისუფლება მეტისმეტად რომანტიკულად მოქმედებს და საქართველოს სპეციფიკას არ ითვალისწინებს. გასაგებია, რომ იგი ცდილობს დაუდასტუროს ცვლილებათა მოლოდინით გათანგული საზოგადოების მნიშვნელოვან (თანაც ყველაზე აქტიურ) ნაწილს, რომ არ მოერიდება რადიკალურ ზომებს, მაგრამ საქართველოს სპეციფიკა და გ ამოცდილება სხვას მოითხოვს.
          ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს საზოგადოებაში ედუარდ შევარდნაძის «ბალანსირების პოლიტიკას» სტრატეგიული საკითხებში ხომ ალტერნატივა უბრალოდ არც ჰქონდა. ახალი ხელისუფლება ამ ბალანსს არღვევს. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბედისწერა (ერთ-ორ წელიწადში), როცა ეიფორია ამოიწურება) – ძალიან მძიმე იქნება.
          მაგალითად, «ერთიანი ნაციონალური მოძრაობის» ლიდერმა გუშინ განაცხადა, რომ ედუარდ შევარდნაძის მთავარი პრობლემა (რუსეთთან მიმართებაში) მისი «არაშეთანხმებადობა» იყო. მართლაც, შევარდნაძე ყოველთვის ცდილობდა ისეთი ვალდებულება ეკისრა, რაც «შიდაპოლიტიკურ ბალანსს» არ დაურღვევდა. კლასიკურ მაგალითად შეიძლება დავასახელოთ სოჭის შეთანხმება აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნებისა და რკინიგზის აღდგენის შესახებ. აფხაზური მხარე სულაც არ ეწინააღმდეგებოდა გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნებას (მათი შერჩევით) _ ოღონდ, მხოლოდ და მხოლოდ, აფსუანური იურისდიქციის ქვეშ.
          ედუარდ შევარდნაძემ შესანიშნავად იცოდა, რა რეაქციას გამოიწვევდა ეს აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებაში, ამიტომ შეთანხმებას კი მიაღწია, მაგრამ რეალურად არ შეასრულა.
          როგორ მოიქცევა მის ადგილას მიხეილ სააკაშვილი? როგორც ჩანს, ის განაახლებს რკინიგზის მოქმედებას, თუნდაც გალის რაიონში ლტოლვილთა დაბრუნების სანაცვლოდ _ იურისდიქციის აღდგენის რეალური გარანტიების გარეშეც. ამით დაარღვევს შევარდნაძის ბალანსს, მისი «არაშეთანხმებადობის» ტრადიციას, მაგრამ ამას რა მოჰყვება საქართველოში, ძალიან ძნელი განსაჭვრეტია. შეიძლება არც არაფერი მოჰყვეს თვით დაღლილ-დაქანცულ ლტოლვილთა და აფხაზეთის დისკრედიტებული ლეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ, შესაძლოა, მათი ინტერესები დაემთხვეს სხვა გავლენიანი ძალების ინტერესებს (რასაც ყოველთვის ითვალისწინებდა შევარდნაძე) და შედეგი მართლაც ძალიან მძიმე იყოს.
          სწორედ ამიტომ არის უდიდესი რისკი შევარდნაძის ბალანსის დარღვევა ყველა სფეროში. მეორე მაგალითია მერაბ ჟორდანიასთან დაკავშირებული ინციდენტი, რასაც, აგრეთვე, შეიძლება გრძელვადიანი თვალსაზრისით, საკმოად მძიმე შედეგი მოჰყვეს ახალგაზრდა და გამოცუდელი ხელისუფლებისათვის.
          განა ედუარდ შევარდნაძემ არ იცოდა, რა ხდებოდა ფეხბურთის ფედერაციაში? თუ შევარდნაძეს ვინმე დააბრალებს მატერიალურ ინტერესს ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, არა! მაგრამ საქართველოს მრავალწლიანმა პრეზიდენტმა ისიც კარგად იცოდა, რომ მერაბ ჟორდანია არა მხოლოდ თავად მოქმედებდა, არამედ «სხვასაც აჭმევდა». მის უკან მძლავრი კორპორაცია დგას, რომელიც ასე ადვილად მომხდარს არ შეურიგდება და (აჭარის ელიტისა არ იყოს) საკმაოდ ქმედითი ბერკეტებიც აქვს ვითარებაზე ზემოქმედებისათვის _ ამაში სულ მალე დავრწმუნდებით. ხერხები და არგუმენტები კი, გარწმუნებთ, მოიძებნება _ დღეს თუ არა ხვალ, როცა ახალი მთავრობა (მისი არაკორუფცირებულობის, გულწრფელობისა და მონდომების მიუხედავად) ვერ შეძლებს მოსახლეობას გაუმართლოს ის აბსოლუტურად არარეალური სოციალური იმედები, რაც «ვარდების რევოლუციას» დაუკავშირდა.
          კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია «ზვიადისტების» შემორიგება. ედუარდ შევარდნაძემ თუ ლოთი ქობალია არ შეიწყალა, ამის მიზეზი მისი პიროვნული აკვიატება როდი იყო: ეს სიმბოლური აქტი იქნება, რაც ძალიან გააღიზიანებს არა მხოლოდ ჟურნალისტ დათო ბოლქვაძის ახლობლებს, არამედ საკმაოდ გავლენიან სოციალურ ჯგუფებს, რომლებიც მონაწილეობდნენ 1991-1992 წლების დაუვიწყარ მოვლენებში. მთლიანობაში, თითქმის ყველა სფეროში ედუარდ შევარდნაძემ გარკვეული «ინტერესთა წონასწორობა» შექმნა და დონ-კიხოტური შეტევით მისი დარღვევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში, უმძიმესი შედეგის გარეშე, რადგან ეს «დაბალანსება» და «წონასწორობები», ინტერესთა «შეკავება-დაპირისპირების» სისტემები, ხშირ შემთხვევაში, ობიექტურ საფუძველს ეყრდნობა და იმ საზოგადოების შინაარსს ასახავს, რომელშიც შეიქმნა. მაგრამ, როცა ბევრ, თითქოს, მოუზომავ მესიჯებს შორის ისმის სრულიად მოულოდნელი ფრაზა: თბილისში გაზრდილი კაცია გიორგი აბაშიძე... ჩნდება იმედი, რომ ამ არაორდინარულ ლიდერს, სწორედ დონ-კიხოტური და დინამიური მანევრები უხდება, რომელიც თავისი შოკური ეფექტებით ახალ რეალობებს ქმნის.

დილის გაზეთი, 19 დეკემბერი, 2003 წელი