ახალი რეგლამენტი და ძველი ტრადიცია

ახალი რეგლამენტი და ძველი ტრადიცია

 

    საქართველოს პარლამენტი ახალი რეგლამენტითა და ძველი, უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციებით აგრძელებს მუშაობას. თითქოს ორი წელი არც ისე დიდი ვადაა ტრადიციის ჩამოსაყალიბებლად, მაგრამ როგორც ჩანს, ძალაუფლებრივ სისტემაში ტრადიციები უფრო სწრაფად ყალიბდება. ახალმა რეგლამენტმა ბევრი რამ მხოლოდ გარეგნულად შეცვალა - შინაარსობრივად კი, ჩვენი საკანონმდებლო ორგანო კვლავაც ქართული საზოგადოებრიობის სარკეა. ყველა ის მანკიერება, რომელიც მთლიანად საზოგადოებისათვის არის დამახასიათებელი - უმალვე აისახება ამ სარკეში.

    კენჭისყრის პროცედურამ ხუთი საათისათვის გადმოინაცვლა. პარლამენტარებს აქვთ საშუალება (ისევე როგორც ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში), არ დაესწრონ პლენარულ სხდომებს, არ მიიღონ მონაწილეობა კანონპროექტთა განხილვაში (თუკი საკითხისადმი ჩამოყალიბებული დამოკიდებულება აქვთ) და მხოლოდ კენჭისყრისას მივიდნენ პარლამენტში.
    ამ პროცედურამ მუდმივი დაძაბულობა დარბაზში ერთგვარად განმუხტა - ის დეპუტატები რომლებიც მხოლოდ რეგისტრაციის და შემდგომი საჯარო გაკიცხვის შიშით მიდიოდნენ პარლამენტში და კანონპროექტთა განხილვისას დროის მოსაკლავად სხვადასხვა «ბრძნული შენიშვნების» გამოთქმით ერთობოდნენ - ახლა უკვე აღარ მოდიან საღამოს ხუთ საათამდე, მაგრამ ზოგიერთს, ეტყობა, იმდენად გაუჯდა «ძვალ-რბილში» ძველი ჩვევა, რომ ახლაც დილიდან ჯდება სხდომათა დარბაზში და თუ შენიშვნებს ვერ მოიფიქრებს - სახეზე უსაზღვრო სევდა და სულიერი ქენჯნა აღებეჭდება.
    თუმცა, არსებობენ დეპუტატები, რომლებიც მართლაც კომპეტენტურნი არიან და დიდი წვლილიც შეაქვთ «კოლექტიური გონის» მიერ საერთო ინტელექტუალური ნაყოფის გამომუშავებაში. მაგრამ მათი უბედურება სხვაა. მაგალითად, ქართლოს ღარიბაშივილი, რომელიც ყოველთვის აქტიურად მონაწილეობს ხოლმე დისკუსიაში - ამჯერად მხოლოდ მაშინ დაესწრო «კერძო დეტექტური საქმიანობის» შესახებ კანონის განხილვას, როდესაც ეს კანონი მესამე(!) მოსმენით იხილებოდა. მაგრამ ბატონმა ქართლოსმა მისთვის ჩვეული პრინციპულობით ისეთი შენიშვნების კორიანტელი დააყენა, არათუ მესამე, არამედ პირველი მოსმენის დროსაც ძნელი გადასაწყვეტი რომ იქნებოდა. ამასთან დაკავშირებით, ღარიბაშვილის კოლეგამ, გერმანე ფაცაციამ სპიკერს ხუმრობით უსაყვედურა - ეს კაცი რამდენიმე თვით СНГ-ს კომიტეტში ჰყავთ გამწესებული და ხომ ხედავთ მესამე მოსმენას ძლივს ესწრებაო.
    კანონი კი მიიღეს, მაგრამ ღარიბაშვილის შენიშვნები იმდენად «სერიოზული» იყო, რომ კერძო დეტექტივები სულ მალე აღმოჩნდებიან სემიონისეული შტირლიცის ვითარებაში.

    პარლამენტარები კვლავაც არ ღალატობენ ძველ ტრადიციას, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს არჩევის პირველივე დღეს ჩამოყალიბდა - ჩხუბობენ პირდაპირ სხდომათა დარბაზში (ხშირად, მუშტისა და პულტის გამოყენებითაც) მაგალითად, ორმა დეპუტატმა საბავშვო ბაღის აღსაზრდელებივით (ეს სკამი არა ჩემი - არა ჩემიაო) იჩხუბეს ფოიეში. მეორე წყვილმა პირდაპირ ცენტრალურ ტრიბუნასთან «გაარკვია ურთიერთობა». ყოველივე ამას ისევ და ისევ ტრადიციისამებრ, სპიკერის გულისამაჩუყებელი რეპლიკები და «დაშოშმინების პოლიტიკის» გაგრძელება მოჰყვა.
    რაც შეეხება თვით საპარლამენტო დისკუსიებს, - ყველაზე საინტერესო ამბები კვლავინდებურად «სხვადასხვას» დროს ხდება. სწორედ ამ დროს წამოიჭრა პარტიზან ზურაბ სამუშიას დაპატიმრების საკითხი. სამუშიას დაპატიმრება უარყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ და უშიშროების სამსახურმა. მაგრამ თენგიზ სიგუა კვლავინდებურად ამტკიცებდა, რომ არიან მოწმეები, რომლებმაც ნახეს ზურაბ სამუშია ციხის საკანში. ეს დაადასტურა კიდეც დეპუტატმა გია გვაზავამ, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, პირადად ესაუბრა ამ მოწმეებს.
    პარლამენტის სპიკერი, შემდეგ კი ვიცე-სპიკერი ხელმეორედ დაუკავშირდნენ სამართალდამცავ ორგანოებს. უშიშროების სამსახურის თავმჯდომარე იგორ გიორგაძემ ხელმეორედ კატეგორიულად უარყო სამუშიას დაპატიმრების ფაქტი, რაზეც მურმან ომანიძემ შენიშნა: „როდესაც ქართულმა სპეცსამსახურებმა დილარ ხაბულიანი (ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი) მოიტაცეს მოსკოვიდან, მაშინდელი პროკურორი რაზმაძეც ასევე უარყოფდა - მე არაფერი ვიციო“.
    თენგიზ სიგუა კი კვლავინდებურად დაჟინებით იმეორებს: სამუშია დაპატიმრებულია და იმყოფება ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე სპეციზოლატორში. იგი დაპატიმრებულია უშიშროების სამსახურის მუშაკების მიერ. სავარაუდოდ, სახელმწიფოს მეთაურის დავალებით.
    ამ ფაქტის გამჟღავნება კი, სიგუას აზრით, ხელისუფალთ ხელს არ აძლევთ, ვინაიდან სამუშია გმირია ხალხის თვალში და მისი ადგილსამყოფელის გამჟღავნება ლტოლვილთა რისხვას გამოიწვევდა.
    ვახტანგ გოგუაძე ცოტა არ იყოს შეშფოთდა კიდეც და დეპუტატებს შესთავაზა - ახლავე გამოჰყავით დეპუტაცია და თავად შეამოწმეთ ყველაფერიო. რაზედაც ირაკლი მელაშვილმა მიუგო: «რომელი საგამომძიებო ორგანო მე ვარ, ციხე-ციხე ვიარო და საკნები ვამოწმო»
    გია გვაზავამ კი პარლამენტარებს მოუთხრო, რომ მოწმეები კვლავინდებურად ამტკიცებენ: ჩვენი თვალით ვნახეთ სამუშია ციხის საკანში, ველაპარაკეთ ფანჯრიდან. იგი მოინახულა მეუღლემ, უგზავნიდა საკვებს, არსებობს სამუშიას წერილი, რომელიც მან ციხიდან გამოაგზავნა და ასე შემდეგ.
    ყოველივე ისეთ ელფერს იძენს, რომ სერიოზული სკანდალია მოსალოდნელი. თუ სამუშია დაკავებულია და ამას სამართალდამცავი ორგანოები მალავენ, მაშინ საქართველოში მართლაც «ოცდაჩვიდმეტი წელი» დამდგარა. მაგრამ არის სიმპტომები, ისიც ვივარაუდოთ, რომ აქ ან გაუგებრობასთან, ან გრანდიოზულ პროვოკაციასთან გვაქვს საქმე.
    ალბათ სამართალდამცავმა ორგანოებმა (ისევე როგორც სადეპუტატო კომისიამ) ყურადღებით უნდა დაკითხონ ის მოწმეები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ თავად ესაუბრნენ და ნახეს სამუშია და თუ ისინი კვლავაც დაადასტურებენ ნათქვამს, მაშინ უნდა ჩატარდეს სამართალდამცავი ორგანოების ე.წ. «საშუალო რგოლის» მკაცრი შემოწმება. ალბათ საკითხის გასაღები სწორედ ამ რგოლში იმალება. თუ (ვიმეორებ) სამუშია მართლაც იმყოფებოდა ციხის საკანში იმ დროს, როდესაც მისი ბედით პარლამენტი იყო დაინტერესებული, ვერც ერთ პოლიციელი ან უშიშროების მუშაკი ვერ გაბედავდა მასზე ხელის აღმართვას. იქნებ მას წასვლის საშუალება მისცენ, რაკი დავთრებში არ გაუტარებიათ? თუ ასეა, გასაგებია რატომაც უარყოფენ - რადგან ნებისმიერ შემთხვევაში ესეც კანონის დარღვევა იქნებოდა.
    ზურაბ სამუშიას ინციდენტი და მასთან დაკავშირებული საპარლამენტო დავიდარაბა იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენს ახლადშობილ სახელმწიფოში ბევრი რამ სერიოზულ შესწავლასა და ცვლილებას მოითხოვს.

«ივერია-ექსპრესი», 28 თებერვალი, 1995 წელი.