„ახალი პრეზიდენტი“ - მაღალი, წარმოსადეგი, ბრძენი და ნიჭიერი

„ახალი პრეზიდენტი“ - მაღალი, წარმოსადეგი, ბრძენი და ნიჭიერი

        ერთდროულად ორმა პოლიტიკოსმა – ყოფილმა პრეზიდენტმა შევარდნაძემ და ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა ილაპარაკა საქართველოს მომავალი ლიდერის იდუმალ კანდიდატურაზე.
        შევარდნაძის თქმით, მას ჰყავდა შერჩეული ვიღაც ექიმი, რომელიც ადამიანის ყოველმხრივ შემკულობის იდეალურ ვარიანტს წამოადგენდა როგორც გარეგნული, ასევე შინაარსობრივი თვალსაზრისით.
        შევარდნაძეს არ დაუსახელებია, ვის გულისხმობდა, ხოლო რაკი ერთადერთი ნიშანი ექიმობა იყო, ჟურნალისტებმა ყველა ცნობილი ექიმი გამოჰკითხეს, თუმცა ვერაფერს მიხვდნენ.
        ცნობილი ჩინური გამოთქმაა, რომ «ძალიან ძნელია ეძებო შავი კატა ბნელ ოთახში. მით უმეტეს თუ იგი იქ არ არის და არც ოდესმე ყოფილა». შევარდნაძის მემკვიდრეეებზე საუბარი უბრალოდ სასაცილოა. ორჯერ უფრო სასაცილოა მისი რებუსების ამოხსნა, თუ ვის გულისხმობდა ყველა ღირსებით შემკულ «მემკვიდრეში».
        ერთხელ კი აქვს ნათქვამი «მენაღარიშვილზე ვფიქრობდიო» (ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პროფესიით ექიმია და კომუნისტების დროს ჯანდაცვის მინისტრიც იყო), მაგრამ ირაკლი მენაღარიშვილი ყველა ნიშანს არ აკმაყოფილებს. მაგალითად უცხოელი არ არის – თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრი კი იყო.
        უფრო მეტად სავარაუდო კი ისაა, რომ შევარდნაძე ამ შემთხვევაში უბრალოდ გვაბოლებდა ყველას. სააკაშვილმა ერთხელ გაიხსენა, რომ კონკრეტულად მისთვის ექსპრეზიდენტს ხუთჯერ მაინც აქვს ნათქვამი «ჩემს შემდეგ პრეზიდენტი შენ უნდა იყოო».
        სხვადასხვა დროს მან იგივე უთხრა ზურაბ ჟვანიას, ნინო ბურჯანაძეს, გია ჭანტურიას, სულხან მოლაშვილს და ვის აღარ . . . . ანუ უფრო სავარაუდოა, რომ ედუარდ შევარდნაძე ამ შემთხვევაში «ადამიანი არავის» გულისხმობდა და არა რომელიმე კონკრეტულ ფიგურას.
        საკუთარი თავის გარდა საპრეზიდენტო სავარძელში მას საერთოდ ვერავინ წარმოედგინა. ამიტომაც ასახელებს ვიღაც ამოუცნობ იდეალურ პიროვნებას, რაკი იდეალური ღმერთია მხოლოდ და შევარდნაძემ ის მაინც იცოდა, რომ მეორედ ამ ქვეყანას საქართველოს პრეზიდენტის სავარძლის დასაკავებლად არ მოვიდოდა.
        რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის განცხადებას - «იდეალური პიროვნების» დასახელებამდე მანაც სინანულით აღნიშნა, რომ თავად არ შეუძლია იბრძოლოს პრეზიდენტობისთვის, რაკი სამოსახლო ცენზი არ უწყობს ხელს. თუმცა პრემიერობაზე უარს ნამდვილად არ იტყვის. «იდეალური პიროვნება», რომელიც საზღვარგარეთიდან უნდა მოევლინოს ქვეყანას მას არ დაუსახელებია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ალბათ პირადად იცნობს, რაკი ნაცნობობის საკმაოდ ფართო წრე ჰყავს. მათ შორის, განსაკუთრებით ევროპაში. და ამ წრეში ალბათ ბევრია იმ თვისებების მატარებელი ადამიანი, რომელიც, მისი აზრით, საქართველოს პრეზიდენტობისთვისაც იქნება შესაფერისი.