ახალი მთავრობა – კარგად დავიწყებული ძველი; საბიუჯეტო კრიზისმა აპოგეას მიაღწია

ახალი მთავრობა – კარგად დავიწყებული ძველი; საბიუჯეტო კრიზისმა აპოგეას მიაღწია

     გასულ კვირას პარლამენტში მთავრობის დამტკიცების პროცესი ძირითადად დასრულდა. ყველა «საკვანძო მინისტრი» (სახელმწიფო მინისტრის ჩათვლით) უკვე დამტკიცებულია, მათ შორის (რაც მთავარია), ძალოვანი მინისტრები. ბუნების დაცვის, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ენიჭებათ. ამრიგად, საქართველოს უკვე ჰყავს «ახალი მთავრობა», რომლის პერსონალური შემადგენლობა, კაცმა რომ თქვას, «კარგად დავიწყებული ძველია». მთავარი ის არის, ეყოფა თუ არა «ძველ-ახალ» მთავრობას აუცილებელი გადაწყვეტილების მიღების შნო (ნება) იმ ვითარებაში მაინც, როდესაც უკვე დასრულდა «დიდი საარჩევნო ციკლი» საქართველოში, ხოლო უახლოეს არჩევნებამდე წელიწადნახევარი დარჩა?
  მდგომარეობა ქვეყანაში კვლავინდებურად უმძიმესია. შეიძლება ითქვას, კატასტროფულია. საბიუჯეტო კრიზისმა აპოგეას მიაღწია. დავალიანება უკვე 350 მილიონ ლარს უდრის. ერთი სიტყვით, ვიღუპებით...
        თუმცა, ელემენტარულად, რაციონალური იქნებოდა საღად შევაფასოთ სიტუაცია, თორემ ხვნეშა-გოდებით, უეჭველად ისარგებლებენ ე.წ. «მემარცხენე ძალები», რომელთაც არაფერი შეუძლიათ ძველი სოციალისუტრი მარაზმის ილუზორული (თანაც, სწორედ ილუზორული) აღდგენის გარდა.
        საქართველოში ნამდვილი საბიუჯეტო კრიზისი მძვინვარებს. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, რომ რაოდენ პარადოქსულადაც უნდა ჟღერდეს, არანაირი ეკონომიკური კრიზისი ქვეყანაში არ არის. ინფლაცია კვლავ მიზერულია, სურსათის ნაკლებობაზე ლაპარაკი ზედმეტია, უმუშევრობის დონე სრულიად «ნორმალურია» იმის გათვალისწინებით, რომ დაინგრა ერთიანი საბჭოთა სახელმწიფო ერთიანი ეკონომიკური სივრცით, კოოპერაციის უმაღლესი დონით – აქედან გამომდინარე, გაჩერდა ე.წ. საკავშირო დაქვემდებარების ყველა საწარმო (აბა, როგორ გვინდა?), რომლებიც საბჭოთა პერიოდში ძირითადად დოტაციური იყო და ა.შ.
        1994 წლიდან საერთაშორისო სავალუტო ფონდის ზეწოლით (კიდევ კარგი) ხელისუფლება იძულებული გახდა განეხორციელებინა ფართომასშტაბიანი პრივატიზება, შეეწყვიტა ემისია, დაეწყო ეკონომიკის რესტრუქტურიზაცია, მოეხდინა მიწის პრივატიზება და ა.შ.
        ბევრი რამ, რაც გაკეთდა, ნამდვილად გასაკეთებელი იყო. თუმცა რეფორმებს თან სდევდა ძალზე მტკივნეული სოციალური შედეგები, მაგრამ ესეც გარდაუვალიოა – რეფორმა უმტკივნეულოდ არასოდეს არსად გატარებულა და არც გატარდება – ეს განვითარების კანონია.
        თითქოსდა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ 1998 წლისათვის თავი იჩინა ორმა უმძიმესმა პრობლემამ. ჯერ ერთი, ქართველი მწარმოებელი კვლავინდებურად ორიენტირებული იყო (მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქციის თვალსაზრისით) რუსეთზე.
        ამიტომ, როდესაც რუსეთი დაანგრია «ჩერნომირდინის პირამიდამ» და, შესაბამისად, ბაზარიც «გაუფასურდა», საქართველოს ექსპორტმაც იკლო. ეს, შეიძლება ითქვას, ობიექტური მიზეზია, თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ქართველ მწარმოებელს ან არ სურს (ვინაიდან ამისთვის შრომაა საჭირო), ან ეზარება ორიენტაციის შეცვლა.
        თუ ასე გაგრძელდა, პრობლემა არასოდეს გადაიჭრება. შესაბამისად, 1998 წლიდან, რუსეთიდან საქართველოსაკენ დაიძრა იაფფასიანი პროდუქცია, რამაც (საზღვართა დაუცველობის გათვალისწინებით) დაანგრია ადგილობრივი ბაზარი. სწორედ საზღვრების დაუცველობაა მეორე ძირითადი მიზეზი საბიუჯეტო კრიზისისა საქართველოში.
        სასაცილოა რეფორმათა წარმატებაზე ფიქრი იმ ქვეყანაში, რომელიც ვერ იცავს ეკონომიკურ საზღვარს და სადაც იმპორტის 40-50 პროცენტი აღურიცხავია. ასეთი სახელმწიფო დღემდე რომ არ დაინგრა, ეს უნდა გვიკვირდეს და არა ის, რომ მას საბიუჯეტო პრობლემები აქვს.
        მივაქციოთ ყურადღება: საგადასახადო დეპარტამენტი ბოლო დროს ახერხებს ადგილობრივი მწარმოებლების რეგულარულად დაბეგრას. სამაგიეროდ, არა და არ ხერხდება «საბაჟოს გეგმის» შესრულება. შესაბამისად, უცხოელი დონორები აღარ გვაძლევენ შეპირებულ (ბიუჯეტში გათვალისწინებულ) გრანტებს, ესე იგი პრობლემა პრობლემას ემატება, აუცილებელი ხდება სეკვესტრი – ინვესტორთა მოზიდვა საერთოდ შეუძლებელია და ა.შ. არადა, ინვესტიციათა მოზიდვა განვითარებადი ქვეყნისათვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ვერ დამისახელებთ «ლიბერალური რეფორმის» თუნდაც ერთ წარმატებულ მაგალითს, რომ ამ წარმატების 70 პროცენტი (მინიმუმ) ინვესტიციათა დიდი რაოდენობის მოზიდვით არ იყოს განპირობებული. ასე იყო თავის დროზე სამხრეთ კორეასა და სინგაპურში, ასეა პოლონეთსა და უნგრეთში, მაგრამ ყველა ეს ქვეყანა იმას მაინც ახერხებდა, რომ თავისი საზღვრები გაეკონტროლებინა. საქართველო ამასაც ვერ ახერხებს – რომელი ინვესტორი ჩადებს კაპიტალს იმ ქვეყანაში, რომლის ეკონომიკური საზღვრები «მოღიავებულია», ხოლო საბაჟოზე «ძაღლი პატრონს ვერ ცნობს?».
        მაშასადამე, საქართველოს ფუნდამენტური ეკონომიკური და სახელმწიფოებრივი პრობლემა ეკონომიკური საზღვრების დაუცველობაა. ეს არის საფუძველთა-საფუძველი. სწორედ ეს მანკი უშლის ხელს ბიუჯეტის შევსებას, ერთი მხრივ, საბაჟო შემოსავლებით, მეორე მხრივ, წარმოების განვითარებითა და დასაბეგრი ბაზის გაფართოებით, ვინაიდან კონტრაბანდა ანგრევს ადგილობრივ ბაზარს და სპობს მეწარმეობის მოტივაციას.
        როგორ გადავწყვიტთო ეს პრობლემა? არის ორი გზა. პირველი: მტკიცედ დავიცვათ სახელმწიფო საზღვარი, ანუ მივცეთ საშუალება მებაჟეს, დადგეს იქ,ს ადაც უნდა იდგეს წესით, და სადაც გადის ქვეყნის სახელმწიფო საზღვარი. მაგრამ ეს აბსოლუტურად არარეალურია, ვინაიდან, მაგალითად, როკის გვირაბთან საქართველოს საბაჟოს გასახსნელად აუცილებელია ოს სეპარატისტებთან ომის განახლება და მათი დამარცხება. ასევე, სხვა რეგიონებშიც, სადაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია მხოლოდ ფორმალურად ვრცელდება.
        მეორე გამოსავალი: თუ სახელმწიფოს არ შეუძლია დაიცვას საზღვარი, მაშინ მან უნდა დააწესოს ისეთი სასჯელი კონტრაბანდისათვის, რომ ამ საქმიანობიოს სურვილი მოუსპოს ქვეყნის ათეულ ათასობით მოქალაქეს, რომლებიც წლების განმალვობაში სწორედ კონტრაბანდით ცხოვრობენ და ეს პროფესიად გაიხადეს. თუ ნებისმიერი ოდენობის კონტრაბანდისათვის დაწესდება დაახლოებით ისეთივე სასჯელი, როგრც ნ არკოტიკულიო ნივთიერების შემოტანისათვის, საბიუჯეტო კრიზისის პრობლემა საქართველოში თანდათანობით «ამოიწურება».
        მაგრამ ამის გაკეთება ხელისუფლებისათვის არანაკლებ სარისკოა, ვიდრე ოს სეპარატისტებთან ომის განახლება, ვინაიდან პირველ ეტაპზე, უეჭველად, გამოიწვევს ათასობით ადამიანის (კონტრაბანდისტების) ციხეში გამომწყვდევა,ს შესაბამისად, დაიძაბება პოლიტიკური ვითარებაც საქართველოში, ვინაიდან ციხეში მყოფთა ახლობლები, ნათესავები, ოჯახის წევრები ნებისმიერ «რევოლუციას» მხარს დაუჭერენ. სწორედ ეს ფაქტორი მოქმედებდა 1991 წელს და ზვიად გამსახურდიას უდიდესი შეცდომა ჯერ კიდევ 1990 წლის შემოდგომაზე ფართომაშსტაბიანი ამნისტიის გამოუცხადებლობა იყო.
        ის, ვინც ქუჩაში გამოვა, ნამდვილ მოტივს კი არ დაასახელებს, არამედ მაშინ გაახსენდება, ვთქვათ, აფხაზეთი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და ა.შ.
        მაგრამ თუ ახალმა მთავრობამ ეს ზომები არ გაატარა – ამ ქვეყანას აღარაფერი ეშველება და საბიუჯეტო კრიზისი სულ მალე გადაიზრდება არათუ ეოკნომიკურ, არამედ სახელმწიფოებრივ კრიზისში.

მერიდიანი, 29 მაისი, 2000 წელი