«ახალი მანდატი» - ქართველ-აფხაზთა თავსატეხი

«ახალი მანდატი» - ქართველ-აფხაზთა თავსატეხი

 

    დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მოსკოვის «სამიტზე» საქართველოს წინადადებების მიღება რეალურად აფხაზეთში ბევრს ვერაფერს შეცვლის და (ისევე, როგორც უამრავი ადრე მიღებული გადაწყვეტილება) მხოლოდ ქაღალდზე აღნუსხულ დეკლარაციად დარჩება.
    ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ფორმალური თვალსაზრისითაც კი, სახელმწიფოს მეთაურთა საბჭოს ვერდიქტი ბევრს არაფერს ნიშნავს. აფხაზეთის თაობაზე მიღებული დოკუმენტის თანახმად, დღემდე მდინარე ენგურზე დისლოცირებული სამშვიდობო კონტინგენტის მოქმედების ზონა უნდა ყოფილიყო გალის რაიონი ომამდე არსებულ საზღვრებში. გარდა ამისა, «მშვიდობისმყოფელებს» ენიჭებათ «პოლიციური ფუნქცია» და ეკისრებათ ვალდებულება, დაიცვან გალის რაიონში დაბრუნებული ლტოლვილები, უზრუნველყონ ამ ადგილებში ყველა სხვა ლტოლვილის უვნებელი დაბრუნება.
    ერთი შეხედვით, ეს გადაწყვეტილება ძირფესვიანად ცვლის ვითარებას კონფლიქტის ზონაში. მაგრამ დოკუმენტში არის პუნქტი, რომელიც ყოველივეს არარაობად აქცევს. კერძოდ, ესენგეს გადაწყვეტილება მოითხოვს, რომ სამშვიდობო კონტიგენტის ხელმძღვანელობამ ერთი თვის ვადაში მხარეებთან შეთანხმებით(!) მოამზადოს გეგმა, თუ როგორ განხორციელდეს რეალური ცვლილება სამშვიდობო ოპერაციაში. მაშასადამე ჯარის ღალიძგაზე გადასაადგილებლად საჭიროა აფხაზური მხარის თანხმობა - წინააღმდეგ შემთხვევაში, ცვლილება არ განხორციელდება.
    ლაპარაკიც ზედმეტია იმაზე, რომ არძინბა და მისი მომხრეები არაფრის დიდებით ახალ მანდატს არ დაეთანხმებიან და ყველაფერს გააკეთებენ, რათა იგი არ განხორციელდეს. სეპარატისტებისთვის ამას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს: თუ რუსეთის ჯარი ღალიძგაზე გადაინაცვლებს. მაშინ გალის არხის მარჯვენა სანაპიროზე აგებული მძლავრი საფორტიფიკაციო ნაგებობები «უშიშროების ზონაში» დარჩება. არადა, სამხედრო თვალსაზრისით სეპარატისტებისთვის ეს ძალზე მძლავრი ზღუდე იყო ქართული არმიის შესაკავებლად.
    აფხაზი ლიდერები უკვე აკეთებენ ისტერიულ განცხადებებს, რომ «არ დაუშვებენ» სამშვიდობო ძალთა ფუნქციების გაფართოებას. ამან შეიძლება გამოიწვიოს მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება და შეიარაღებული შეტაკებაც კი, რასაც აფხაზთა ტრადიციულად მხარდამჭერ ჩრდილოკავკასიელ ხალხთა მძაფრი რეაგირება მოჰყვება. ამ შემთხვევაში ელცინს სერიოზული პრობლემები შეექმნება საკუთარ ოპოზიციასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას - იგი იძულებული გახდება, აუხსნას ოპონენტებს, თუ რატომ უნდა ჩაებას რუსეთი ახალ ომში (ამჯერად აფხაზების წინააღმდეგ) მაშინ, როდესაც რის ვაი-ვაგლახით დაასრულა ომი ჩეჩნეთში? არძინბას ეს მომენტიც გათვალისწინებული აქვს.
    როგორც ჩანს, ედუარდ შევარდნაძის გეგმაში იგულისხმება, რომ ერთი თვის ვადაში რუსეთი აიძულებს ოფიციალურ სოხუმს, მიიღოს ახალი მანდატი და დაეთანხმოს გალის რაიონის (ფაქტობრივად) საქართველოს იურისდიქციაში მოქცევას.
    რუსეთს საამისოდ ყველა საშუალება და ბერკეტი გააჩნია. მას შეუძლია შეუწყვიტოს აფხაზეთს ელექტროენერგიის მიწოდება სოჭიდან, საერთოდ აღკვეთოს მიმოსვლა ფსოუს საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და არ შეუშვას სოხუმის პორტში თურქეთის გემები. ბლოკადის გამკაცრება მართლაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს აფხაზეთის მოსახლეობას, მაგრამ საეჭვოა, ამის შემდეგაც არძინბა ნებაყოფლობით დათანხმდეს ახალი მანდატის განხორციელებას, რადგანაც შიშობს, რომ გალის რაიონზე კონტროლის დაკარგვა მთელი აფხაზეთის დაკარგვის დასაწყისი გახდება.

მერიდიანი, 1 აპრილი, 1997 წ.