აჭარის «თავისუფალი ზონა» და საქართველოს ინტერესები

აჭარის «თავისუფალი ზონა» და საქართველოს ინტერესები

აჭარაში შექმნილი ვითარება კვლავ გვაფიქრებინებს დავუბრუნდეთ ამ საკითხს. მით უმეტეს, რომ სიტუაცია თანდათან რთულდება - იმ თვალსაზრისით, რომ აჭარის დღევანდელი მმართველი ელიტა და მისი ლიდერი ნელ-ნელა უახლოვდებიან ზღვარს, რომლის მიღმა უკვე სეპარატიზმი იწყება.
    ხაზს ვუსვამ: ეს ზღვარი ჯერ-ჯერობით გადალახული არ არის, მაგრამ მიზანმიმართულად იქმნება ისეთი ფსიქოლოგიური ფონი, რომელიც უახლოეს მომავალში შეიძლება იქცეს პოლიტიკური კონფლიქტის წარმოშობის წინაპირობად.
    საბედნიეროდ «აფხაზეთის გაკვეთილმა» ბევრი რამ ასწავლა საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ ეს პოლიტიკური კონფლიქტი შეიარაღებულ, სისხლიან სახეს უკვე აღარ მიიღებს, მაგრამ ბათუმსა და თბილისს შორის თვით პოლიტიკური დაპირისპირებაც უმძიმესი შედეგების მომტანია ქართული სახელმწიფოებრიობისათვის.
    ბოლო დროს ასლან აბაშიძის უმთავრესი არგუმენტი «ცენტრალური ხელისუფლების» წინააღმდეგ იმაში მდგომარეობდა, რომ იგი აჭარის «თავისუფალ ეკონომიკურ ზონად» გამოცხადებას მოითხოვს, ხოლო «ზოგიერთ თანამდებობის პირს თბილისში» ეს არ სურს და ყოველნაირად ცდილობს, ხელი შეუშალოს ამ მამულიშვილური საქმის განხორციელებას.
    შეიძლება ვივარაუდოთ: ამ «ზოგიერთ თანამდებობის პირში» იგულისხმება სახელმწიფოს მეთაურიც, რადგან თუ დღევანდელი სუბორდინაციის თავისებურებებს გავითვალისწინებთ, ვერც ერთი თანამდებობის პირი თბილისის სახელისუფლო ოლიმპზე ვერ შეძლებს რაიმე პროცესის შეფერხებას ან სტიმულირებას საქართველოში - ედუარდ შევარდნაძის თანხმობის გარეშე.
    მაშასადამე, ბოლო დრომდე, შევარდნაძე აჭარაში ამგვარი ზონის გამოცხადების წინააღმდეგი იყო. მიაქციეთ ყურადღება იმ გარემოებას, რომ ბათუმში «პორტო-ფრანკოს» გამოცხადება მოხდა მხოლოდ მას შემდეგ და მაშინ, როდესაც ასლან აბაშიძემ თავისი ცნობილი დემარშები განახორციელა იმ «ზოგიერთი თანამდებობის პირის» წინააღმდეგ, რომლებიც კატეგორიული წინააღმდეგნი არიან თურმე იმისა, აჭარა იქცეს «ერთიანი, ძლიერი და აყვავებული საქართველოს დედაბოძად».
    არადა, ამ თეზისს იმთავითვე უნდა დავეფიქრებინეთ - მაინც რატომ უნდა ყოფილიყვნენ თბილისში ამის წინააღმდეგნი?
    ეს თემა დაუყოვნებლივ, სიხარულით აიტაცა რუსულმა პრესამ. «კომსომოლსკაია პრავდამ», «მოსკოვსკიე ნოვოსტიმ» და სხვა «დემოკრატიულმა» გამოცემებმა (თითქოს სწორედ ამას ელოდნენო) დაიწყეს საკმაოდ გაცვეთილი, მაგრამ უაღრესად ქმედითი სტერეოტიპის შექმნა: პროგრესულად მოაზროვნე, რეფორმატორი «რეგიონული ლიდერი» მოითხოვს ეკონომიკური რეფორმების გატარებას, თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამოცხადებას, - ერთი სიტყვით, გული პროგრესისა და აყვავებისათვის უძგერს, ხოლო «ცენტრი», რომელშიც რეტროგრადები მოკალათებულან - ამის წინააღმდეგია.
    ამთავითვე აღვნიშნავ, რომ ეს სტერეოტიპი თავიდან ბოლომდე ყალბია, თუმცა აქვე დავამატებ: ცნებები «რეტროგრადი», «კომუნისტური ნომენკლატურა» და ა.შ. რა თქმა უნდა, სავსებით მიესადაგება თბილისის უმაღლეს მმართველ ეშელონთა ყველა წარმომადგენელს - თითო ოროლა შემთხვევითი გამონაკლისის გარდა, მაგრამ ეს ჯერ კიდევ იმას არ ნიშნავს, თითქოს ეს ნომენკლატურა კონკრეტულად ამ საკითხში (აჭარაში «თავისუფალი ეკონომიკური ზონის» გამოცხადებასთან დაკავშირებით) - უეჭველად ტყუის, ხოლო «რეფორმატორულად და პროგრესულად» განწყობილი აჭარის ლიდერი უდავოდ მართალია.
    კიდევ ერთხელ მივაპყრობ მკითხველის ყურადღებას რუსული პრესის რეაქციაზე - მაინც რატომ მოეწონათ მათ აჭარაში «თავისუფალი ეკონომიკური ზონის» იდეა იმდენად, რომ ესოდენ ყურადღებას აქცევენ? ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მათ არც ერთხელ არ დაუჭერიათ მხარი საქართველოსათვის, მისი ერთიანობისა და აღორძინებისათვის. პირიქით, - უკლებლივ ყველა სტატია, რომელიც ამ «დემოკრატიულ» გაზეთებში იბეჭდებოდა, მიმართული იყო სწორედ საქართველოს დაშლისა და დაკნინებისაკენ. გავიხსენოთ თუნდაც მათი პოზიცია აფხაზეთის კონფლიქტის დროს. ან დღეს, როცა ლტოლვილთა დაბრუნების პროცესი ჩაიშალა - ისინი ყოველნაირად, ყველა გზითა და საშუალებით იცავენ სეპარატისტთა ინტერესებს, ცდილობენ, ხელი შეუშალონ საქართველოს აღორძინებას და ამით, რა თქმა უნდა, საკუთარი ქვეყნის პოლიტიკას გამოხატავენ.
    ისმის კითხვა: თუ აჭარაში «თავისუფალი ეკონომიკური ზონის» გამოცხადება საქართველოს აღორძინებას, მის გაძლიერებას, გაერთიანებას აყვავებას და ბედნიერებას ნიშნავს - მათი საერთო სტრატეგიული დოქტრინის საწინააღმდეგოდ, - რაღა ამ იდეას დაუჭირეს მხარი რუსმა ჟურნალისტებმა ესოდენ აქტიურად? მაშასადამე, მათ ამ იდეაში დაინახეს რაღაც ისეთი, რაც სავსებით ეთანადება მათსავე მისწრაფებას - როგორმე მიაღწიონ საქართველოს დასუსტებასა და დაქუცმაცებას, «ყურით მიაბან» იგი კრემლის ტახტს.
    თავისთავად «თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში» ცუდი ან საშიში (სტაბილური და დემოკრატიული ქვეყნისათვის) არაფერია: მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია გამოცხადებული ამგვარი ზონა - განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, რომლებიც მოგვიანებით დაადგნენ საბაზრო რეფორმათა გზას.
    «პორტო ფრანკოების» გამოცხადება ხელს უწყობს ერთგვარი «პრაქტიკული მნიშვნელობის» ეკონომიკური ექსპერიმენტის ჩატარებას, ალტერნატიული ეკონომიკური სისტემის ჩამოყალიბებას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ა.შ.
    მრავალ ქვეყანაში ამ ზონამ უდავოდ გაამართლა, მაგრამ აქ არის ორი ურყევი პირობა: გამონაკლისის გარეშე, თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამოცხადება ხდება მხოლოდ იმ ქვეყანაში, რომელიც ეროვნულ-სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით სტაბილურია და რომლის ერთიანობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. მეორე: თავისუფალი ეკონომიკური ზონის გამოცხადება (ანუ განსაკუთრებული საბაჟო სისტემის, საგადასახადო წესების და ა.შ.) დაფუძნება ხდება იმ სახელმწიფოში, რომელიც ერთი ეკონომიკური სისტემიდან გადადის მეორეში და გარკვეულ რეგიონებს აძლევს საშუალებას, უფრო სწრაფად განვითარდეს ამ მიმართულებით, ანუ გაუსწროს ქვეყანას (მთლიანად) - ეკონომიკური რეფორმების გატარებაში, რათა შემდგომ, რეგიონის გამოცდილება, ის ეკონომიკური სისტემები, რომლებიც რეგიონში იქნა აპრობირებული, მთელს ქვეყანაში იქნეს განხორციელებული.
    არა მგონია ასლან აბაშიძეს სწორედ ეს მისწრაფება ჰქონდეს: მიუხედავად თბილისის ხელისუფლების საერთო «პარტოკრატიულობისა», მთავრობის მცირე რეფორმატორული ნაწილის ძალისხმევით მთელს საქართველოში, ასე თუ ისე, დაიწყო ეკონომიკური რეფორმების განხორციელება -  შემცირდა ინფლაცია, იწყება მასობრივი პრივატიზაცია და ა.შ.
    სინამდვილეში, ასლან აბაშიძისა და მისი მრავალრიცხოვანი «მრჩევლების» იდეა აჭარაში «თავისუფალი ეკონომიკური ზონის» გამოცხადების შესახებ ობიექტურად საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არის მიმართული. ვამბობ «ობიექტურად», რადგან ჯერ-ჯერობით მინდა ვიფიქრო, რომ ასლან აბაშიძეს ალბათ ატყუებენ, შეცდომაში შეჰყავთ, ხოლო თავად ის გულწრფელია და მრავალი სიკეთე სურს საქართველოსათვის.

    საქმე ის გახლავთ, რომ საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისათვის, სადაც მხოლოდ ახლა ყალიბდება ნაციონალური, დამოუკიდებელი ეკონომიკური სისტემა, რომლისთვისაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს ერთიანი ეკონომიკური ველის შექმნას და (რაც მთავარია) რომლის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი შენობა, პოლიტიკური თვალსაზრისით, ძალზე მერყევ საფუძველზე დგას და დიდადაა დამოკიდებული მეზობელი ზესახელმწიფოს კეთილგანწყობაზე - ამგვარი ზონის შექმნა შეიძლება გახდეს არა ეკონომიკური აღორძინებისა და აყვავების, არამედ დაშლისა და საბოლოო განადგურების წინაპირობა.
    რას ნიშნავს თავისუფალი ეკონომიკური ზონა? - ეს უეჭველად ნიშნავს ამ ტერიტორიაზე მთელს ქვეყანაში მოქმედი ეკონომიკური კანონმდებლობის გაუქმებას და განსაკუთრებული პირობების შექმნას უცხოელი ინვესტორებისათვის, სხვა ქვეყნის ეკონომიკური სისტემებისათვის. არ არის ძნელი იმის განჭვრეტა და დანახვა, რომ ეს «სხვა ქვეყანა», უპირველეს ყოვლისა, რუსეთი იქნება, რომელიც ამ გზით შეეცდება დაასუსტოს «ერთიანი ეკონომიკური ველი» საქართველოში - ხელი შეუწყოს მისი ერთ-ერთი კომპონენტის განკერძოებას, გამოცალკევებას, რათა შემდგომ, ეს ეკონომიკური დაპირისპირება პოლიტიკური კონფლიქტის წინაპირობად აქციოს.
    ამჯერად არ შევუდგები დეტალიზაციას, თუმცა შეიძლება ამ პოლიტიკის კონკრეტული ფინანსურ-ეკონომიკური მექანიზმების წინასწარი განჭვრეტაც. ერთს ვიტყვით მხოლოდ: ზემოთ აღწერილი პრობლემა არის კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რისი გაგებაც და დაჯერებაც არაფრის დიდებით არ გვსურდა ბოლო წლებში: ერთიანისა და მისი შემადგენელი ნაწილის ინტერესები ყოველთვის არ ემთხვევა ერთმანეთს, ამიტომ ერთიანის დასაშლელად, მესამე ძალას ყოველთვის შეუძლია ხელოვნურად გააძლიეროს ნაწილი - ერთიანის საზიანოდ. მაგალითად: გააძლიეროს რეგიონი - ცენტრის წინააღმდეგ ან პიროვნული ინტერესი - ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესის საზიანოდ.

«ივერია-ექსპრესი», 5 აპრილი, 1995 წელი.