აჭარის განტოლება

აჭარის განტოლება

    სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება თენგიზ ასანიძის სატუსაღოდან გამოშვების შესახებ პირველი შემთხვევაა მთელი ამ წლების განმავლობაში, როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარევა საქართველოს საშინაო საქმეებში ჩვენი ქვეყნისათვის არა მხოლოდ პოლიტიკურად სასიკეთო, არამედ ხელშესახები შედეგით დასრულდა.
    თავისთავად, რა თქმა უნდა, ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს და არანაკლებ საინტერესოა, რომ ეს მოვლენა დაემთხვა აჭარასთან დაკავშირებით ახალი ხელისუფლების ძალისხმევას.
    ასლან აბაშიძის სრულიად გაუგებარი კომენტარი სტრასბურგის ვერდიქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ ცხადყოფს: აჭარის ლიდერს, ჯერჯერობით, არა აქვს გამომუშავებული არანაირი სტრატეგია იმ მდგომარეობიდან გამოსასვლელად, რომელშიც თავი თვითონ ჩაიყენა:
    სპექტაკლი ასანიძის მანქანებით გამოყვანისა და თბილისში სასწრაფოდ მისი გადაფრენის ორგანიზებით მხოლოდ აძლიერებდა საინფორმაციო წნეხს, რომელსაც აჭარის ხელისუფლება (ესეც ცხადია) ვერ უძლებს და ვერც გაუძლებს, სანამ თამაშის შესაბამის წესებს არ აღიარებს.
    აქ საუბარია არა მხოლოდ ცენტრალური ხელისუფლების მიერ შეთავაზებულ თამაშის წესებზე, არამედ, მთლიანად, ახალ სისტემაზე, რაც რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა. მედია სივრცე, რასაკვირველია, სისტემის განუყოფელი ნაწილია. კიდევ უფრო მეტიც: ასლან აბაშიძემ თვითონ, საკუთარი «ტექნოლოგიით» შექმნა თენგიზ ასანიძისაგან ისეთი მონსტრი, რომლის გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებრივ წარმოსახვაში მისი ადგილი მანვე უნდა დაიკავოს.
    ასეა თუ ისე, «ასანიძის საქმე» საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების ყველაზე დიდ წარმატებად იქცა თბილისი-ბათუმის დაპირისპირების მთელი პერიოდის განმავლობაში.
    აქ ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ასლან აბაშიძემ, როგორც ჩანს, მხოლოდ ევროპის სასამართლოს როდი გაუწია ანგარიში. ზოგიერთი კომენტარი მეტყველებდა, რომ მისი იგნორირებაც შეეძლო, მაგრამ სტრასბურგის სასამართლოს ვერდიქტი ძალიან სერიოზულ არგუმენტად იქცა პრეზიდენტისთვის და აჭარაში კიდევ უფრო გაძლიერდა პროცესი, რომლის შეჩერება ასლან აბაშიძეს უკვე აღარ ძალუძს: ეს გახლავთ მისი სახელისუფლებო სისტემის თანდათანობითი გამოფიტვა.
    თვით აჭარის მმართველ ელიტაში აღარ არის ერთიანობა და ძველებური სიმტკიცე ავტონომიური რესპუბლიკის მრავალწლიანი მმართველის საქმიანობასთან დაკავშირებით. აჭარის ისტებლიშმენტიც იწყებს ფიქრსა და შფოთს იმის თაობაზე, თუ რამდენს დაკარგავს ამ დაპირისპირებით. უმალვე წარმოჩინდა აგრეთვე, რომ თბილისმა პრობლემას დროზე «მიუსწრო», _ როდესაც მას ჯერ არ ჰქონდა გადალახული პარტიკულარიზმის ზღვარი.
    უმალვე ჩაერთო ზემოქმედების სხვა ბერკეტებიც: პრეზიდენტის წარმომადგენლები ფოთის პორტსა და სარფის საბაჟოზე დავით ახალაია და ვასილ სანოძე აცხადებენ, რომ აჭარაში მათ ხელს აღარავინ უშლით, რათა თავიანთი ფუნქცია სრულფასოვნად შეასრულონ. რაც იმას ნიშნავს, რომ, როგორც მინიმუმ, დასრულდა აჭარის საბაჟოებზე დემპინგის ეპოქა. წინათ ერთ-ერთი მთავარი პრობლემა სწორედ უთანაბრო საბაჟო განაკვეთების დაწესებით ტვირთების მოზიდვა იყო. ყოველ შემთხვევაში, პრეზიდენტის წარმომადგენლებს თუ ყველა დოკუმენტაციის შემოწმების საშუალება ექნებათ, ამის გამორიცხვა მოხერხდება.
    ჯერჯერობით გადაუწყვეტელია მთავარი პრობლემა: აჭარაში აკრეფილი თანხების თბილისში გადმორიცხვის საკითხი. ეს სახსრები კვლავინდებურად ადგილზე აკუმულირდება და თითქოს არ ჩანს მექანიზმი მათი მოზიდვისა, მაგრამ პრეზიდენტის წარმომადგენლების ჩართვა ასლან აბაშიძის საათივით აწყობილ სისტემაში, ადრე თუ გვიან, უეჭველად იმ «ტროას ცხენის» როლს შეასრულებს, რომელიც მის სისტემას მთლიანად დაანგრევს. მით უმეტეს, რომ სულ მალე ამუშავდება ახალი პარლამენტი. მას შეუძლია მიიღოს ისეთი კანონები, რომლებიც აჭარის ტერიტორიაზე გამავალი რესურსების კონტროლის სრულიად ახალ სისტემას შექმნის.
    ასეთ შემთხვევაში, დემპინგური საბაჟო ტარიფების გამორიცხვის პარალელურად, თვით ბიზნესმენებისთვის აღარ იქნება ხელსაყრელი ავტონომიის ტერიტორიაზე ტვირთის გამოტარება, თუ მისი განბაჟებისთვის გადახდილი თანხა რეალურად არ ჩაირიცხება ცენტრალურ ბიუჯეტში.
    ამრიგად, ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოიმუშავა ასლან აბაშიძის რეჟიმთან დამოკიდებულების განტოლება, რომელიც გულისხმობს რეჟიმისა და მისი მეთაურის მუდმივი «ძაბვის ქვეშ ყოლას» (რეალურად ყოველგვარი ძალისმიერი მეთოდის გამორიცხვით), ამავდროულად, აქტიურ მუშაობას აჭარის საზოგადოებასთან (რომელიც, საბედნიეროდ, ქართული საზოგადოების განუყოფელი ნაწილია) და შესაბამისი სოციუმის თანდათანობით შემცირებას.
    ყველაფრის მიუხედავად, რაოდენ არაპოპულარულადაც არ უნდა ჟღერდეს, ფორმულა მაინც უტოვებს შანსს ასლან აბაშიძეს, მიიღოს სტრატეგიული კომპრომისი თბილისისაგან, თუ მასთან ერთად მიიღებს თამაშის წესებს, რომლებსაც (პირველად 1991 წლიდან) თავად ვეღარ აწესებს.

24 საათი
    13 აპრილი, სამშაბათი, 2004 წელი