აფხაზური ჩიხი

აფხაზური ჩიხი

მოსკოვში განახლდა ქართულ-აფხაზური მოლაპარაკების მორიგი რაუნდი - რუსეთის შუამავლობით. მხარეთა პოზიციები იოტისოდენად არ შეცვლილა - ქართული მხარე აფხაზებს სთავაზობს საქართველოს ფედერაციული რესპუბლიკის სუბიექტის სტატუსს. ამ პროექტის თანახმად, აფხაზეთს საქართველოს შემადგენლობაში უფრო მეტი უფლება ექნება, ვიდრე, ვთქვათ, აჭარას ან «სამხრეთ ოსეთს» - განუზომლად უფრო მეტი, ვიდრე იმერეთს ან კახეთს. მაგრამ იგი მაინც იქნება საქართველოს (თუნდაც ფედერაციულის) განუყოფელი ნაწილი.
    არძინბასათვის ეს წინადადება კატეგორიულად მიუღებელია. ანუ, მისთვის საერთოდ მიუღებელია საქართველოსთან ასოცირება, მაგრამ იგი ითვალისწინებს რეალობას და ამიტომაც გვთავაზობს კონფედერაციას.
    «აფხაზური პროექტის» თანახმად, საქართველო და აფხაზეთი დებენ ე.წ. «სამოკავშირეო ხელშეკრულებას» და ქმნიან «საკავშირო სახელმწიფოს», რომელიც (ყოფილი «ჩეხეთ-სლოვაკეთის» მსგავსად) შემდგარი იქნება ორი თანასწორი სუბიექტის - საქართველოსა და აფხაზეთისაგან. ამ «ერთიან სახელმწიფოს» რომლის სახელწოდებაც დამატებით უნდა განისაზღვროს, ექნება პარიტეტულ საწყისებზე შემდგარი «საკავშირო ორგანოები», რომლებიც კონსენსუსის წესით მიიღებენ გადაწყვეტილებებს.
    რა თქმა უნდა, არძინბა არც ამაზე დათანხმდებოდა, მაგრამ საერთაშორისო სამართალი მისგან კატეგორიულად მოითხოვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას. არძინბამ ისიც შესანიშნავად უწყის, რომ თუ «საქართველო-აფხაზეთის სამოკავშირეო საბჭო», მართლაც შეიქმნება, ამით საქართველო აღიარებს აფხაზეთის «თანასწორსუბიეტურობას», ხოლო საქართველო-აფხაზეთის კონფედერაცია კი, ადრე თუ გვიან, უეჭველად დაიშლება ისევე, როგორც დაიშალა «ჩეხეთ-სლოვაკეთი» ორ დამოუკიდებელ, სუვერენულ სახელმწიფოდ.
    სწორედ ამით აიხსნება ის გარემოება, რომ აფხაზები დღესვე არ მოითხოვენ დამოუკიდებლობის აღიარებას და საქართველოსთან კონფედერაციულ ურთიერთობებზე აცხადებენ პრეტენზიას. მათ შესანიშნავად იციან: პოლიტიკა შესაძლებლის ხელოვნებაა, დღეს უნდა მოითხოვო მხოლოდ ის, რაც შეიძლება მიიღო კიდეც. ხოლო ის, რაც სინამდვილეში გსურს და გინდა, შეიძლება მოითხოვო «ხვალ».
    ამავე დროს, თუ საქართველოს ხელმძღვანელობა ამ წინადადებებს არ მიიღებს, რეალურად ბევრი არაფერი შეიცვლება. უბრალოდ, დაფიქსირდება ის მდგომარეობა, რომელიც ამჟამად არსებობს, ანუ აფხაზეთის რეალური, ფაქტობრივი დამოუკიდებლობა საქართველოსგან.
    არაერთგზის თქმულა, რომ დე-ფაქტო რეალობა გამუდმებით მიისწრაფის იურიდიული ლეგიტიმაციისაკენ. ანუ ის, რაც არსებობს ფაქტობრივად (მიუხედავად ამ ფაქტის წარმოშობის უკანონობისა), საბოლოო ჯამში იურიდიულად კანონიერიც ხდება.
    ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში არ ცნობდნენ ისრაელსა და საბჭოთა კავშირს, მაგრამ საბოლოოდ იძულებულნი იყვნენ რეალობა ეღიარებინათ, რაკი რეალობის იურიდიული იგნორირება თვით სამართლისა და სამართლებრიობის დისკრედიტაციას იწვევს საბოლოო ჯამში.
    ამრიგად, საქართველოსათვის აფხაზ სეპარატისტთა წინადადებები მიუღებელია. ამავე დროს, არსებულ რეალობასთან შერიგებაც ამ რეალობის აღიარებას ნიშნავს, ანუ საქართველო იძულებული და ვალდებულია, მიიღოს ქმედითი ზომები რეალობის შესაცვლელად.
    ედუარდ შევარდნაძეს არაერთგზის განუცხადებია: თუ პრობლემა არ გადაწყდა მშვიდობიანი ხერხებით, მაშინ საქართველო იძულებული გახდება გამოიყენოს ძალა პრობლემის გადასაწყვეტად. მაგრამ შევარდნაძეს ამგვარი «გადაწყვეტა» ნამდვილად არ სურს - არა იმიტომ რომ სისხლისღვრას ერიდება, არამედ მოსალოდნელი შედეგების გამო. არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ახალი «აფხაზური კამპანია» ისეთივე შედეგებით არ დამთავრდება, როგორც 1993 წელს. ანუ, უფრო უარესი შედეგებით.
    ვლადისლავ არძინბას არაერთგზის განუცხადებია: «თუ საქართველო კვლავ შეეცდება ძალით დაიპყროს აფხაზეთი, მაშინ აფხაზური არმია ენგურზე უკვე აღარ შეჩერდება».
    რუსეთი, რომლის მიმართ «კომპრომისებზეცაა» აგებული მთელი ჩვენი ბოლოდროინდელი პოლიტიკა, ამ ვარიანტს ნამდვილად არჩევს საქართველოსთან საპასუხო კომპრომისზე წასვლას.
    ბოლოს და ბოლოს, რაში მდგომარეობს რუსეთის ინტერესი საქართველოში? - კრემლს უბრალოდ სურს არ დაუშვას საქართველოს ქცევა «უცხო» გეოპოლიტიკური გავლენის პლაცდარმად. მისთვის, რა თქმა უნდა, უმჯობესია ამ მიზანს მიაღწიოს არა საქართველოსათვის აფხაზეთის დაბრუნებით (რასაც შევარდნაძე მოითხოვს), არამედ აფხაზეთში ახალი ომის პროვოცირებით, ნავთობსადენის მშენებლობის ჩაშლით, «აფხაზური არმიის» მიერ ენგურის გადმოლახვითა და საქართველოს აოხრებით.
    ეს სრულიადაც არ არის შეუძლებელი - ე.წ. «ყარაბაღის შეიარაღებულმა ძალებმა» ლამის ნახევარი აზერბაიჯანი დაიპყრეს, მაგრამ საერთაშორისო საზოგადოებას განსაკუთრებული პროტესტი არ გამოუთქვამს. თუ საქართველო კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ჯარების გაყვანას მოითხოვს, რათა შემდგომ (რუსეთის «ნეიტრალიტეტის» იმედად) აფხაზეთის ძალით დაბრუნება სცადოს, რუსეთი სწორედ ასე მოიქცევა: თვალთმაქცურად გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს, სინამდვილეში კი ყველანაირად დაეხმარება არძინბას საქართველოს დამარცხებაში. ჩეჩნეთი აქ არაფერ შუაშია - რუსი იდეოლოგები სულ ადვილად და უსირცხვილოდ განაცხადებენ, რომ «ჩეჩნეთში კონსტიტუციური წესრიგის დამყარება სხვაა, ხოლო საქართველო-აფხაზეთის ომი - სულ სხვა».
     ამიტომ, საქართველოს პრეზიდენტი რუსეთს არ ენდობა და სწორადაც იქცევა. დარწმუნებული ვარ, ელცინს, ჩერნომირდინსა და გრაჩოვს არაერთგზის ფარულად უთქვამთ (ან შემოუთვლიათ) შევარდნაძისათვის - რაკი აფხაზები კომპრომისზე არ მოდიან, მოითხოვე ჩვენი სამშვიდობო ჯარების გაყვანა, ჩვენც გავალთ და მერე «თქვენ იცითო». მაგრამ ეს წაქეზება (ვიმეორებ) ნამდვილად თვალთმაქცობაა! ელცინს სინდისი სრულიადაც არ დაუშლის შემდეგ «მხრები აიჩეჩოს» და თქვას (ისევე, როგორც 1993 წლის სექტემბერში:) რა გიყოთ ჩემო საყვარელო ქართველებო, მე კი ძალიან მინდოდა დაგხმარებოდით, მაგრამ «რეაქციულმა ძალებმა» არ მომცეს ამის საშუალება, -ხომ ხედავთ, ისინი მეც მებრძვიანო.
    ელცინს ოპოზიცია რომ არ ჰყოლოდა, იგი მას თავად მოიგონებდა, რადგან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალის არსებობა ქვეყნის შიგნით მას საგარეო ასპარეზზე ფართო მანევრის საშუალებას აძლევს.
    ყოველივე ზემოთთქმულის გამო, ედუარდ შევარდნაძე რუსეთთან ურთიერთობისას საკითხს შემდეგნაირად სვავს: თუ თქვენ გულწრფელად გსურთ დაგვეხმაროთ, მაშინ ჯერ აღადგინეთ საქართველოს იურისდიქცია გალის რაიონში; დააბრუნეთ იქ ქართველი ლტოლვილები, ქართული ადმინისტრაცია, ხოლო სამშვიდობო ძალები განალაგეთ არა მდინარე ენგურზე, არამედ მდინარე ღალიძგაზე.
    სწორედ ამის თაობაზე მოილაპარაკეს თბილისში ვიქტორ ჩერნომირდინმა და ედუარდ შევარდნაძემ. მაგრამ რუსეთის პრემიერს იმედი ჰქონდა, რომ ამ გეგმას არძინბას თანხმობით განახორციელდებდა. აკი თქვა კიდეც: მე ვიპოვი იმ სიტყვებს, რომლებიც ვლადისლავ არძინბას დასარწმუნებლად არისო საჭირო.
    არადა, ასეთი სიტყვები ბუნებაშია არ არსებობს! არძინბამ, რა თქმა უნდა, მტკიცე უარი განაცხადა ჩერნომირდინ-შევარდნაძის გეგმაზე და რუსეთის ხელმძღვანელობას დაემუქრა: თუ იგი გალის რაიონში სამშვიდობო ძალების ფუნქციის შეცვლას გაბედავს, აფხაზები რუსეთის ჯარს წინააღმდეგობას გაუწევენ და «აგრესორებად» გამოაცხადებენ - რუსეთი, ჩეჩნეთის დარად, პარტიზანული წინააღმდეგობის ახალ კერას მიიღებს.
    საქართველოში რატომღაც დამკვიდრებულია აზრი, თითქოს არძინბა რუსეთის მონაა და კრემლიდან მიღებულ ყველა გადაწყვეტილებას უსიტყვოდ ასრულებს და შეასრულებს.
    მაგრამ ეს სტერეოტიპი ძირშივე მცდარია. სინამდვილეში, კავკასიის მთიელებს (მათ შორის აფხაზებს) რუსების გაცილებით ნაკლებად ეშინიათ, ვიდრე ჩვენ - ქართველებს. ამიტომ, თუ რუსეთი საქართველოს დაეხმარება, აფხაზები რუსების ჯარს ისევე დაუწყებენ ომს, როგორც ჩეჩნები ებრძვიან. ხოლო რუსეთის ხელმძღვანელობა ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდება: თავი დავანებოთ ზიუგანოვ-ზატულინ-ბაბურინის ხროვას, რომელიც ერთ ვაი-უშველებელს ატეხს. მაგრამ ის პოლიტიკური ჯგუფებიც კი, რომლებიც საქართველოს მიმართ მეტ-ნაკლებად ლოიალურად არიან განწყობილნი და სეპარატისტებს მხარს არ უჭერენ (ან, ყოველ შემთხვევაში, ნეიტრალური პოზიცია უკავიათ), ვერაფრის დიდებით ვერ გაიგებენ, რატომ უნდა იომოს რუსეთმა - საქართველოს ნაცვლად? თუნდაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სამართლიანი საქმე იყოს, რატომ უნდა დაიხოცონ ამ საქმისთვის რუსი ჯარისკაცები? განა ჩეჩნეთში დაღვრილი სისხლი არ კმარა რუსეთისათვის? და ა.შ.
    გარდა ამისა, მტკიცე «პროტესტს» განაცხადებენ გაეროს სამხედრო დამკვირვებლები, რომელთაც სულ არ ანაღვლებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. მათ მხოლოდ ერთი იციან - 1994 წლის მაისში ხელმოწერილი იქნა ორმხრივი ხელშეკრულება «კონფლიქტის ზონაში» სამშვიდობო ოპერაციის შესახებ და სამშვიდობო ძალების ფუნქციის შეცვლა ამ ხელშეკრულების დარღვევა იქნება. ანუ (რაოდენ პარადოქსულადაც უნდა მოგვეჩვენოს) ამ შემთხვევაში გაერო აფხაზების მოკავშირეა.
    რუსეთის მხრიდან რაიმე ძალისმიერი ქმედება აფხაზეთის მიმართ, უდიდეს აღშფოთებას გამოიწვევს აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში, სადაც აფხაზთა მონათესავე ადიღური ტომები ცხოვრობენ.
    ჩეჩნეთში მძვინვარე ომის პერიოდში ეს სრულიადაც არ აძლევს ხელს ელცინსა და მის გუნდს.
    რაც შეეხება «ბლოკადას» და ამ გზით არძინბას იძულებას, წავიდეს დათმობაზე, - ესეც არარეალურია, რაკი აფხაზები და მათი მხარდამჭერები თურქეთში ყველაფერს გააკეთებენ, რათა რუსეთს მთელს მსოფლიოში სახელი გაუტეხონ, როგორც «პატარა ხალხის მახრჩობელას».
    სხვათა შორის, რუსეთის საზღვაო ფლოტის მიერ აფხაზური პორტების ბლოკირებამ მსოფლიოში საკმაოდ უარყოფითი რეაქცია გამოიწვია - პრესა გაივსო გულისამაჩუყებელი სტატიებით, თუ როგორ იტანჯებიან აფხაზი ბავშვები შიმშილით და როგორ უკრძალავენ რუსი მესაზღვრე-მეზღვაურები კეთილშობილ მეცენატებს ამ ბავშვებისათვის წამლის ჩატანას აფხაზეთში.
    მაშასადამე, გვსურს ამის აღიარება თუ არა, პრობლემა ყველა თვალსაზრისით ჩიხში მოექცა: საქართველოს არ შეუძლია მოითხოვოს სამშვიდობო ჯარების გაყვანა და პრობლემის ძალისმიერი გზით გადაწყვეტა, ვინაიდან არავითარი გარანტია არა აქვს იმისა, რომ რუსეთი კვლავ არ უმუხთლებს და ზურგში დანას არ ჩაარტყავს; თავად რუსეთს, თუნდაც სურდეს საქართველოსათვის აფხაზეთის დაბრუნება (ჩვენს ქვეყანასთან სტრატეგიული კავშირის დამყარების საფასურად) - ამის გაკეთება არ ძალუძს შიდა და გარე პოლიტიკური მიზეზების გამო. «პრობლემის გაყინვა», ანუ ყველაფრის უცვლელად დატოვება საქართველოს ხელს არ აძლევს, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღვნიშნე, რაც უფრო დიდხანს ფიქსირდება აფხაზეთი, როგორც ფაქტობრივად დამოუკიდებელი სახელმწიფო, მით უფრო იზრდება მისი იურიდიული ლეგიტიმურობა. გარდა ამისა, ათი წლის შემდეგ ლტოლვილები აფხაზეთში აღარც ისურვებენ დაბრუნებას.
    მაშ სად არის გამოსავალი! ჩემი ღრმა რწმენით, ერთადერთი გამოსავალია პირდაპირო მოლაპარაკება აფხაზეთთან! საქართველოს ერთადერთი კოზირი, მისი უკანასკნელი იმედი არის ის გარემოება, რომ არძინბასა და მის გუნდს სრულიადაც არ სურს აფხაზეთი იხილონ რუსეთის შემადგენელ ნაწილად (ეს განასხვავებს აფხაზეთს დნესტრისპირეთის, სამხრეთ ოსეთისა და ყირიმისაგან) ზოგიერთისათვის ალბათ დაუჯერებელია, მაგრამ არძინბას მართლა უნდა აფხაზეთი აქციოს სრულიად დამოუკიდებელ ქვეყნად.
    ქართული საზოგადოება კი ბოლოსდაბოლოს უნდა მიხვდეს, რომ საქართველო ვერ შეძლებს ერთდროულად დამოუკიდებლობისა და სრული ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას.

«მსგეფსი», 29 ნოემბერი, 1995 წელი.