«აფხაზური კვანძის» გახსნა კვლავ იგვიანებს

«აფხაზური კვანძის» გახსნა კვლავ იგვიანებს

 

    ენგურის აუზში დისლოცირებული რუსეთის «სამშვიდობო ძალების» სარდალმა დორია ბაბენკოვმა ბოლო წლებში რუსი გენერლებისათვის ზოგადად დამახასიათებელი პოლიტიკური ნიჭი გამოამჟღავნა და საკმაოდ მახვილგონივრული ინტრიგა განახორციელა. სააგენტო «ინტერფაქსისათვის» მიცემულ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ «არც ქართული და არც აფხაზური მხარეები არ გამოეხმაურნენ მის წინადადებას, შექმნილიყო საინიციატივო ჯგუფი, რომელიც მოამზადებდა სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლისა და მათი მოქმედების არეალის გაფართოების გეგმას».
    საქართველო, რა თქმა უნდა, სისხლხორცეულად იყო დაინტერესებული ამ მუშაობის დაწყებით. როგორც ჩანს, თბილისში ვერ გაითვალისწინეს, რომ მოლაპარაკება უშუალოდ ბაბენკოვთან უნდა ეწარმოებინათ.
    მიუხედავად ამისა, შინაარსობლივად გენერალ ბაბენკოვის განცხადება სრული სიყალბეა, რომლის მეშვეობით რუსეთი ცდილობს, თავიდან აიცილოს პასუხისმგებლობა ესენგეს სამიტის გადაწყვეტილებათა შეუსრულებლობაზე. ფორმალურად ეს გადაწყვეტილება რუსეთს არც არაფერს ავალდებულებდა - დოკუმენტში შავით თეთრზე ეწერა, რომ სამშვიდობო ოპერაცია უნდა გაფართოვდეს (გეოგრაფიულად და შინაარსობლივად) მხოლოდ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე. ერთი რამ იმთავითვე ნათლად ჩანდა: ოფიციალური სოხუმის წარმომადგენლები თანხმობას არაფრის დიდებით არ განაცხადებდნენ და სამშვიდობო ოპერაცია ჩაიშლებოდა. რასაკვირველია, ეს ედუარდ შევარდნაძემაც იცოდა და პარლამენტის ხელმძღვანელმაც. სწორედ ამიტომ იყო მიღებული ესენგეს სამიტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ცნობილი «კონცეფცია», რომელიც საპარლამენტო ოპოზიციამ «ანტირუსულ დოკუმენტად» გამოაცხადა.
    ბაბენკოვის ინტრიგას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არაადეკვატური რეაქცია მოჰყვა. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე უფლებას იტოვებს, სამშვიდობო ძალთა მანდატის დასრულებამდე ამ ჯარების სარდლის შეცვლა მოითხოვოს; არადა, დორია ბაბენკოვის გადაყენება საქართველოს კომპეტენციაში არ შედის. საქართველომ შეიძლება მოითხოვოს მთლიანად სამშვიდობო ძალების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან (იურიდიულად ამის უფლება გვაქვს), მაგრამ კონკრეტულად სარდლის დანიშვნა - ეს უკვე რუსეთის თავდაცვის მინისტრის პრეროგატივაა.
    დორია ბაბენკოვთან კონფლიქტი კიდევ ერთი გამოხატულებაა იმ უიმედო და უპერსპექტივო მდგომარეობისა, რომელიც აფხაზეთში შეიქმნა (რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ამ მდგომარეობის საქართველოსათვის უპერსპექტივობას). ვლადისლავ არძინბა და მისი გარემოცვა, რომელიც აფხაზურ მოსახლეობაში სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს, არც ერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან. გალის რაიონს სეპარატისტებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს არა მარტო იმიტომ, რომ გალში ლტოლვილთა დაბრუნების შემთხვევაში ეს რაიონი ქართულ ფორპოსტად იქცევა. სეპარატისტებისათვის კიდევ უფრო მტკივნეული დარტყმა იქნება კონტროლის დაკარგვა ენგურჰესის სამართავ პულტზე, რომელიც გალის რაიონში მდებარეობს. ამრიგად, გალის რაიონის დაბრუნებით «აფხაზური კვანძი» ფაქტობრივად გაიხსნება. ეს სოხუმშიც კარგად იციან და უომრად ენგურს არ დათმობენ.

მერიდიანი, 2 მაისი, 1997 წ.