აფხაზური ენდშპილი - ახალი ეთნოწმენდა

აფხაზური ენდშპილი - ახალი ეთნოწმენდა

   

        გალის ტრაგედია აფხაზეთის ომის ენდშპილად, ვინ იცის, იქნებ მის საბოლოო წერტილადაც იქცა.
    სამურზაყანოში დაბრუნებული 30-40 ათასი ქართველი კვლავ დევნილია; გადაიწვა თითქმის ყველა ქართული სოფელი; რუსეთის ეგრეთ წოდებულ «მშვიდობისმყოფელთა», აგრეთვე რუსეთის ტელევიზიისა და ოფიციალური პირების ცინიზმმა აპოგეას მიაღწია.
    ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, აღშფოთებას იწვევს. ამაზე აუღელვებლად ლაპარაკი შეუძლებელია. თითქმის ფიზიკურადაც გრძნობ, შხამითა და ბოღმით როგორ გევსება გული, მაგრამ ემოციები არას გვარგებს - საჭიროა მკაცრად უემოციოდ, რაციონალურად, ცივი გონებით გავაანალიზოთ, თუ რა მოხდა და რატომ.
    იმთავითვე (როგორც ხანგრძლივი ანალიზის განვრცობა და ფიქრის შედეგი) უნდა აღინიშნოს, რომ ვლადისლავ არძინბა უაღრესად ჭკვიანი, ძლიერი, ეშმაკი მოწინააღმდეგეა, რომლის «ფეხებით ჩამოკიდება და ქვეშ ცეცხლის შენთება» ნამდვილად ღვთისნიერი საქმე იქნებოდა, მაგრამ რაკი ამის საშუალება, უნარი და შნო არა გვაქვს, მის გონებამახვილობასა და ნიჭიერებას ანგარიში აუცილებლად უნდა გავუწიოთ.
    სეპარატისტთა ლიდერის ჭეშმარიტად სატანისტური ტალანტის მაგალითად მაისის მიწურულს განხორციელებული ოპერაციაც იკმარებდა, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მიზანი ჰქონდა.
    სოხუმი დიდი ხნის განმავლობაში შეშფოთებით ადევნებდა თვალს გალის რაიონში ქართული მოსახლეობის კვლავ მომრავლებასა და მოძლიერებას. მართალია პარტიზანთა მოქმედებაც აწუხებდათ, გარკვეულ პრობლემებსაც უქმნიდათ, მაგრამ პარტიზანებმა ვერ მოახერხეს ნამდვილად სერიოზულ პრობლემებად ქცეულიყვნენ სეპარატისტული რეჟიმისთვის. არძინბას ხროვა უფრო მეტად თვით მოსახლეობის დაბრუნებითა და მოძლიერებით იყო შეშფოთებული, ხოლო «ტერორისტებზე» ლაპარაკი მხოლოდ დიპლომატიური ხრიკია, რათა შესაბამისი საინფორმაციო ფონი შეემზადებინათ გარდაუვალი «ეთნიკური წმენდისათვის».
    ნუ დავივიწყებთ, რომ გალის რაიონში მოსახლეობის სტიქიური დაბრუნება იმდენად არძინბას «კეთილი ნების გამოვლენა» არ იყო, რამდენადაც ობიექტური რეალობის შედეგი: სეპარატისტები მთლიანად მაინც ვერ აკონტროლებდნენ სამურზაყანოს.
    ობიექტურად შეუძლებელია 30-40 მილიციელით უზარმაზარი რაიონის გაკონტროლება, სადაც ომამდე 100 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. აფსუა მილიციელები დროდადრო თავს ესხმოდნენ ქართულ სოფლებს, მუდმივად ატერორებდნენ მოსახლეობას, კლავდნენ მშვიდობიან, უმწეო ადამიანებს, მაგრამ სამურზაყანოელნი მაინც ვერ დააშინეს იმდენად, რომ მშობლიურ მიწაზე დაბრუნების სურვილი აღარ ჰქონოდათ.
    მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ სავალალო მდგომარეობას, რომელშიც ლტოლვილები ცხოვრობენ საქართველოს სხვა რეგიონებში. ბევრ მათგანს აფხაზთა ტყვიით სიკვდილი ერჩია შიმშილით სიკვდილს. გალში ასი ათასი ქართველის დაბრუნებისას (არადა, დაბრუნებული მოსახლეობის რაოდენობა დღითი დღე იზრდებოდა), აფსუები აფხაზეთში კვლავ უმცირესობა გახდებოდნენ - ასი ათას ქართველთან შედარებით.
    სამურზაყანოს არძინბა ვერ აკონტროლებდა, - ამის ნიშანია თუნდაც ადგილობრივი არჩევნების გამართვა აფხაზეთის ყველა რაიონში, გალის გარდა. სეპარატისტთა ხროვა არ იყო დარწმუნებული, რომ აიძულებდა სამურზაყანოელებს, სასურველი კანდიდატისთვის მიეცათ ხმა, ამიტომაც გადაიდო არჩევნები გალის რაიონში.
    ლტოლვილთა დაბრუნებამ სეპარატისტთა დაპყრობილ (თუმცა, მხოლოდ ნაწილობრივ კონტროლირებად) ტერიტორიაზე მოსალოდნელი შედეგი გამოიღო: უბედური გალელები არძინბამ «სისხლიან კოზირად» აქცია, რომელიც ოსტატურად გამოიყენა კიდეც საქართველოს წინააღმდეგ. დადასტურდა თამაზ ნადარეიშვილის სიმართლე: არძინბასთან მოლაპარაკებას აზრი არა აქვს. მისი მძვინვარე ფანატიზმი გამორიცხავს ყოველგვარ კომპრომისს, ყოველგვარ დათმობას და საერთოდ, ეს პიროვნება აშკარად ავადმყოფია. ასეთი დონის ფანატიზმი შეუძლებელია, ფსიქიკურ გადახრაში არ ვლინდებოდეს. რუსული პრესის ცნობით, 80-იანი წლების დასაწყისში არძინბა მოსკოვის ერთერთ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობდა. მისი ფსიქოზი უცნაური და ნიშანდობლივი ხასიათისა იყო. შიზოფრენიული კრიზისის პერიოდში არძინბა ამტკიცებდა, რომ მასში ზის ვიღაც უცხო ადამიანი, ვინც ცდილობს, ძალით შეასწავლოს «ვეფხისტყაოსანი». იმ დროს იგი რუსთაველის პოემის დიდ მონაკვეთებს ამბობდა ზეპირად. რა თქმა უნდა, ქართულ ენაზე.
    ჰოდა როგორ გგონიათ, ამ გიჟსა და გადარეულს რამეს შეასმენ? ოღონდ ვლადისლავ არძინბას ავადმყოფობა, მისი მძვინვარე ფანატიზმი განსაკუთრებული თვისებისაა: იგი არ უშლის ხელს არძინბას, იმოქმედოს ჭკვიანურად, ეშმაკურად, მახვილგონივრულად, გაიძვერულად, ანუ აშკარა სულიერი ავადმყოფობა არ გამოიხატება შეცდომებში. ესეც,
    რასაკვირველია, შეიძლება ფენომენად ჩაითვალოს. თუმცა, «აფხაზური სეპარატიზმი» თავისთავად ძალზე თვითმყოფადი და მრავალი თვალსაზრისით უნიკალური ფენომენია.
    ოპერაციას გალიდან ქართველების გასაყრელად არძინბა დიდხანს ამზადებდა. დარწმუნებული ვარ, საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ აფხაზეთის ეგრეთ წოდებული, «შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები», არამედ სეპარატისტთა ყველა საბრძოლო შენაერთი, ყველა შეიარაღებული აფსუა, ვისაც იარაღის ტარება შეეძლო, ყველა საარტილერიო დანადგარი და ჯავშანმანქანა თუ ტანკი, რაც კი გააჩნიათ.
    არძინბასთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო კიდევ ერთხელ ფსიქოლოგიურად დაეთრგუნა საქართველო. მისთვის ძალიან საშიში იქნებოდა, თუ სამურზაყანოელთა წინააღმდეგობა დიდხანს გასტანდა, ხანგრძლივ პოზიციურ ბრძოლებში გადაიზრდებოდა. ამიტომ მოუყარა თავი ყველა ძალას, რომელიც კი გააჩნდა და ერთი მძლავრი დარტყმით გადაწყვიტა პრობლემა სამხედრო თვალსაზრისით.
    რა თქმა უნდა, ძალები არათანაბარი იყო. სამურზაყანოში სულ რაღაც სამასიოდე (იქნებ ესეც გადაჭარბებული ციფრია) პარტიზანი იბრძოდა 1500-2000 კარგად გაწვრთნილი და ბრძოლებში ნაცადი სეპარატისტის წინააღმდეგ.
    მიუხედავად ამისა, სამართლიანობა და ობიექტურობა (რაოდენ მტკივნეულიც უნდა იყოს) მოითხოვს ითქვას, რომ პარტიზანებმა ვერავითარი სერიოზული წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს მტერს და პირველი შეტევისთანავე უკან დაიხიეს; ფაქტობრივად, ისინი უკან გამოიქცნენ მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად; მიატოვეს იარაღი, საბრძოლო მასალები და წინასწარ გათხრილი სანგრებიც.
    საბრძოლო შეფარდება ხუთი-ერთთან ან თუნდაც შვიდი-ერთთან სწორად ორგანიზებული, მედგარი თავდაცვის დროს, შეტევაზე გადმოსულ მტერს არ მისცემდა საშუალებას ასე ადვილად გადაეწყვიტა საბრძოლო ამოცანა, ყოველ შემთხვევაში, თაგილონთან, ნაბაკევთან და სხვა სოფლებთან ხანგრძლივი სისხლისმღვრელი ბრძოლები უნდა გამართულიყო და სეპარატისტებს, სულ რაღაც 12 საათის განმავლობაში, ენგურამდე ვერ უნდა მიეღწიათ.
    რა თქმა უნდა, არძინბამ ისიც კარგად გათვალა, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ნაკადი ზუგდიდისა და წალენჯიხის რაიონებში საქართველოს დეპრესიულ ატმოსფეროს გააძლიერებდა, - აიძულებდა ხელისუფლებას, კარდინალური ზომები მიეღო.
    მაგრამ, რომ არა აფსუათა ესოდენ თვალსაჩინო სამხედრო წარმატება, რომ არა პარტიზანთა მიერ თითქმის წინააღმდეგობის გარეშე პოზიციათა მიტოვება, საეჭვოა, ირაკლი მენაღარიშვილს გაგრის უმძიმესი, სამარცხვინო «ოქმისათვის» მოეწერა ხელი.
    ედუარდ შევარდნაძე უბრალოდ, არ გაგზავნიდა მას ამ ოქმის ხელმოსაწერად თუ დარწმუნდებოდა, რომ პარტიზანებმა შესძლეს სერიოზული წინააღმდეგობის შედეგად ბრძოლები გადაეზარდათ ხანგრძლივ პოზიციურ ომში.
    თუ ისინი ამას მოახერხებდნენ (სამწუხაროდ, ვერაფერი მსგავსი ვერ მოახერხეს - ავტორი), პირველად 1992 წლიდან შეიქმნებოდა ვითარება, როდესაც დრო სეპარატისტთა წინააღმდეგ იმუშავებდა.
    პირველად დაფიქსირდებოდა, რომ აფხაზეთში (თვით აფხაზეთში) მოქმედებს ორი მხარე: აფხაზური მხარე და ადგილობრივი (ხაზგასმა ჩემია - ავტორი) ქართული მხარე. ამ გარემოების დაფიქსირებას კი უდიდესი მნიშვნელობა ექნებოდა პოლიტიკური თვალსაზრისით. ოფიციალურად საქართველოს შეიარაღებული ძალები არ მიიღებდნენ მონაწილეობას კონფლიქტში - რასაც საერთაშორისო დამკვირვებლებიც დაადასტურებდნენ. მაშასადამე, საჭირო იყო პარტიზანებს რამდენიმე დღე მაინც გაეძლოთ, მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად არ დაეტოვებინათ პოზიციები და ხანგრძლივ, სისხლისმღვრელ, მომქანცველ ბრძოლებში ჩაეთრიათ მოწინააღმდეგე, რომლის ცოცხალი ძალის დანაკარგი დღითი დღე გაიზრდებოდა, რაკი არძინბა იძულებული გახდებოდა ეჩქარა და ჯარებისათვის განუწყვეტელი შეტევის ბრძანება მიეცა. შემტევი მხარე კი ათჯერ მეტს კარგავს, ვიდრე მომგერიებელი.
    ასე რომ მომხდარიყო, საქართველოს მიეცემოდა საშუალება მსოფლიოს ყურადღება მიექცია გალში მიმდინარე მოვლენებზე. აშკარა ტყუილია, თითქოს პარტიზანებმა პოზიციები დატოვეს გაგრის ოქმზე ხელმოწერის შემდეგ! როდესაც გაგრაში ირაკლი მენაღარიშვილი და კახა თარგამაძე ჩავიდნენ, აფსუებს გალში საქმე უკვე «მოთავებული» ჰქონდათ. «ოქმი» მათთვის მხოლოდ პროპაგანდისტული საშუალება იყო, რათა ჯერ ერთი მთელი მსოფლიოს თვალწინ დაედასტურებინათ, რომ საქართველო და აფხაზეთი ერთობლივად არიან მზად, აღკვეთონ საბრძოლო მოქმედებათა ესკალაცია გალის რაიონში, ანუ პასუხისმგებლობაზე თუ იქნება ლაპარაკი, იგი ორივე მხარეს უნდა დაეკისროს. გარდა ამისა, გაგრის ოქმით, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ იგი აკონტროლებს გალის რაიონში მოქმედ ქართულ ფორმირებებს, ანუ იმავე პარტიზანებს. ამ აღიარებას აფსუები მომავალში ყოველთვის გამოიყენებენ საქართველოს საწინააღმდეგოდ.
    ამრიგად, გაგრის შეხვედრა არძინბას წინასწარ, ჯერ კიდევ შეტევის დაწყებამდე ჰქონდა დაგეგმილი. მან წინასწარ გათვალა, რომ აფხაზურ ფორმირებათა სწრაფი წარმატების კვალობაზე, როდესაც 10 ათასობით ლტოლვილი მოაწყდებოდა სამეგრელოს, საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდებოდა, «ხავსს მოსჭიდებოდა», როგორც არაერთგზის მომხდარა 1992-1993 წლებში,
    რაოდენ მწარეც უნდა იყოს, როგორც უნდა გვახრჩობდეს ბოღმა, მაინც ძნელია ხელისუფლებას უსაყვედურო: როდესაც მეომარი მტერს წინააღმდეგობას ვერ უწევს, ხელისუფლება და დიპლომატია უძლურია, რამე იღონოს!
    რაც შეეხება «ტანკებსა და არტილერიას», ბოლოს და ბოლოს, ტანკები აფხაზეთის რელიეფის გათვალისწინებით საამისოდ სრულებით უსარგებლო იყო 1992-1993 წლებში და რაღა აფხაზებს გამოადგათ? რატომ არ დაინაღმა ქართული სოფლების მიმდებარე ტერიტორია 4 წლის განმავლობაში? ნუთუ, დრო საკმარისი არ იყო? რაც შეეხება არტილერიას, ნაღმსატყორცნები პარტიზანებსაც შეიძლებოდა ჰქონოდათ - საქართველოს სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი მას უხვად აწარმოებს. 4 წლის განმავლობაში თითო-თითოდ რომ შეეტანათ მსხვილ კალიბრიანი ნაღმსატყორცნები, მთელს საარტილერიო ბატარეებს შექმნიდნენ, მაგრამ ვიყოთ გულწრფელნი და ვაღიაროთ - ტანკებმაც და არტილერიამაც ქართულ ფორმირებებზე უპირველესად სწორედ ფსიქოლოგიური ზემოქმედება მოახდინეს, თორემ აგერ, ჩვენს თვალწინ, ჩეჩნებს რუსებმა არა თუ ტანკებითა და არტილერიით, - სტრატეგიული ავიაციითაც ვერაფერი დააკლეს.
    აფსუები თაგილონსა და სხვა ქართულ სოფლებში შედიოდნენ მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მათ არტილერიით გადაწვავდნენ და გადაბუგავდნენ. რაც მთავარია, მოსახლეობასთან ერთად, ქართული ფორმირებებიც ტოვებდნენ პოზიციებს, ამიტომ მოწინააღმდეგის დანაკარგი არცთუ ისე დიდია, როგორც ჩვენ გვინდა წარმოვადგინოთ.
    გაიძვერა არძინბამ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში 9 თებერვლის შემდეგ ობიექტურად წარმოშობილი პოლიტიკური ფონიც ძალიან ზუსტად გათვალა და გამოიყენა. რუსეთთან დამოკიდებულებაში არსებული დაძაბულობის შედეგად ქართულ საზოგადოებას, რომელსაც რუსული ფენომენისადმი ტრადიციული, ლამის მისტიკური შიში აქვს, შეექმნა არცთუ მთლად უსაფუძვლო შთაბეჭდილება, რომ ეგრეთ წოდებული «მშვიდობისმყოფელები» აფსუებს ეხმარებოდნენ. ყოველ შემთხვევაში, კონფლიქტის ზონაში გაატარეს სეპარატისტთა სამხედრო ტექნიკა და არტილერია. ამ ბრალდებებს რუსეთის «სამშვიდობო ძალთა შტაბის» ძალზე ნიშანდობლივი პასუხი მოჰყვა: «ქართულ-აფხაზური კონფლიქტის უშიშროების ზონა გაყოფილია ორ ნაწილად. ჩრდილოეთ ზონაში (გალის რაიონში) აფხაზურმა მხარემ შემოიყვანა სამხედრო ტექნიკა, ხოლო სამხრეთ ზონაში (ზუგდიდის რაიონში) - ქართულმა მხარემ. ანუ, რუსეთის სამშვიდობო ძალებმა დააფიქსირეს, რომ ორივე მხარემ დაარღვია შეთანხმება, ორივე მხარემ შემოიყვანა სამხედრო ტექნიკა კონფლიქტის ზონაში, მაგრამ რუსეთის სამხედრო კონტინგენტი «ცეცხლის გახსნით დაემუქრა მხარეებს თუ რომელიმე მათგანის სამხედრო ტექნიკა გადაკვეთდა უშიშროების ზონათა საზღვარს, ანუ მდინარე ენგურს»;
    ადამიანს შეიძლება ბოღმით გული გაგისკდეს ამ დემაგოგიური არგუმენტის მოსმენისას: ვითომ არ იციან რუსეთის «სამშვიდობო ძალების» შტაბში, რომ საბრძოლო მოქმედებები სწორედ უსაფრთხოების ზონის ჩრდილოეთ ნაწილში, ანუ გალის რაიონში მიმდინარეობდა. აფხაზურ მხარეს სულაც არ დასჭირდებოდა ენგურის (უსაფრთხოების ზონათა) საზღვრის გადალახვა, ვინაიდან, მისი მიზანი ხომ სწორედ გალის რაიონში ეთნიკური წმენდის ჩატარება იყო. ენგურის გადალახვა ქართულ მხარეს დასჭირდებოდა, რათა სამურზაყანოს უბედურ ქართველობას მიხმარებოდა, - მაშასადამე, რუსების მუქარა საქართველოს ეხებოდა და არა სეპარატისტებს.
    რა უნდა ექნა ამ შემთხვევაში ხელისუფლებას? მოდით, გულდადინჯებით, უემოციოდ (ძნელია, მაგრამ მაინც) ვიმსჯელოთ იმ ვითარების გათვალისწინებით, რაც რეალურად შეიქმნა გალის რაიონში 25 მაისისათვის: აფსუები მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გამოყენებით წარმატებით უტევენ ქართულ სოფლებს, რუსი «მშვიდობისმყოფელები» კი საქართველოს ემუქრებიან, რომ ენგურზე ქართულ არმიას უბრძოლველად არ გაატარებენ.
    რა უნდა ეღონა ხელისუფლებას? გაეცა ბრძანება - ქართულ არმიას დაერტყა რუსეთის ჯარისთვის და ძალით შეჭრილიყო სამურზაყანოში? ამგვარ ქმედებას არც ერთი ეგრეთ წოდებული, «მეგობარი ქვეყანა» არ მოგვიწონებდა - აბა, რუსეთთან ომის დაწყებას ვინ მოგიწონებს?! უმალვე დაფიქსირდებოდა: საქართველომ დაარტყა რუსეთის ჯარს, რომელიც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში მედიატორის როლს ასრულებს ოთხმხრივი შეთანხმების შესაბამისად. ეს უკანასკნელიც იძულებული გახდა, საპასუხო ზომები მიეღო. არ იყო გამორიცხული ზუგდიდის დაბომბვა ზღვიდან და ჰაერიდან შესაბამისი შედეგებით. არძინბას ერთ-ერთი მიზანი სწორედ რუსეთ - საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირება იყო.
    სეპარატისტებს არც მოსკოვის პოლიტიკა ეხატებათ მაინცდამაინც გულზე, ვინაიდან კრემლი ცდილობს, აფსუეთის ბლოკადით საქართველო სტრატეგიულ დათმობებზე დაიყოლიოს.
    მეორე შესაძლო გამოსავალი ის იყო, რომ 24 მაისს ქართულ სოფლებზე შეტევის დაწყებისთანავე საქართველოს პრეზიდენტს გაეკეთებინა მკვეთრი განცხადება, დაეგმო რუსეთის სამშვიდობო ძალთა უმოქმედობა და მოეთხოვა მათი დაუყოვნებლივ გაყვანა კონფლიქტის ზონიდან.
    მაგრამ სამშვიდობო ძალთა გაყვანა არც ისე ადვილია, როგორც ზოგიერთს წარმოუდგენია. ამას დრო და შესაბამისი დიპლომატიური ძალისხმევა სჭირდება. ამ დროის განმავლობაში კი რუსები აფსუებთან ერთად მორიგ სპექტაკლს გაითამაშებდნენ - სამშვიდობო ძალთა იარაღი სეპარატისტთა ხელში აღმოჩნდებოდა, ხოლო რუსეთის სამშვიდობო ძალებს, ფაქტობრივად, შეიძლება, მხოლოდ ენგურის მარცხენა სანაპირო დაეტოვებინათ.
    აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ, რა თქმა უნდა, უმალვე გაიხსნებოდა საზღვარი ფსოუზე - ესეც არძინბას ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი იყო.
    მაშასადამე, ყველა შემთხვევაში, შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი რეალური გამოსავალი ის ჩანდა, რაც სინამდვილეში გაკეთდა: გაგრის ოქმის ხელმოწერა, რუსებისადმი ვედრება და საბრძოლო მოქმედებათა შეწყვეტა.
    სულ სხვა საქმე იქნებოდა, ქართული ფორმირებები სამურზაყანოში მედგარ წინააღმდეგობას თუ გაუწევდნენ მტერს და შეძლებდნენ ომის გადაზრდას ხანგრძლივ, მომქანცველ, პოზიციურ ბრძოლებში, მაგრამ ვაი, რომ. . . . . . .
    ალბათ, მოვიდა დრო, გულზე ხელი დავიდოთ და ვიკითხოთ: შეგვიძლია წარმოვიდგინოთ (ვთქვათ) გუდაუთის რაიონში, სადაც 60 ათასი აფსუა ცხოვრობს, ნებისმიერი ქვეყნის თუნდაც რუსეთის, ამერიკის, გერმანიის, ჩინეთის უძლიერესი არმია შევიდეს და ისე თავისუფლად იპარპაშოს, როგორც ორიოდე ათასმა აფსუამ - 100 ათასიან სამურზაყანოში? წარმოუდგენელია! ამიტომ, თუ ერს წინააღმდეგობის, ბრძოლის, თავგანწირვის უნარი არ გააჩნია - ხელისუფლებები თუნდაც ყოველწლიურად ცვალოს, მაინც არაფერი ეშველება.
    გალის რაიონში არძინბამ თავისი უპირველესი და იქნებ უკანასკნელი კოზირი გამოიყენა: 40 ათასი ქართველი, რომელიც სამურზაყანოში დაბრუნდა, საქართველოს ხელისუფლებაზე ზემოქმედების, ჩვენს ქვეყანაში ახალი სამოქალაქო ომის პროვოცირების, სამეგრელოში სოციალური აფეთქების უმძლავრესი ბერკეტი და დეტონატორი იყო.
    ამ დეტონატორმა, ჯერჯერობით, ვერ იმოქმედა. თუმცა, არავინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები უახლოეს მომავალში. ვიმედოვნოთ, სამეგრელოში გადმოსული ლტოლვილები არძინბასაც და მის უკან მდგომ ძალებსაც უმთავრეს ნატვრას არ აუსრულებენ. მაშასადამე, რჩება ორი გზა:
    პირველი: საქართველოს ხელისუფლებამ, აფხაზეთიდან დევნილებმა არათუ უნდა შეასუსტონ, არამედ უნდა ისარგებლონ იმით, რომ გალში აღარ დარჩა «მძევლად» მშვიდობიანი მოსახლეობა და კიდევ უფრო უნდა გაააქტიურონ პარტიზანული მოძრაობა - სისხლი გაუშრონ აფსუებს; არ მისცენ მათ მშვიდობიანი ცხოვრების საშუალება. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაამაგროს ენგურისპირა რაიონები: იმ შემთხვევაში, თუ აფსუები უკვე «საქართველოს ტერიტორიაზე» მოინდომებენ «დივერსანტთა» ბაზების განადგურებას და ენგურს გადმოლახავენ, მათ საკადრისი პასუხი უნდა მიიღონ. თუ ამასაც ვერ შევძლებთ (ვინც არ უნდა დაეხმაროს აფსუებს), მაშინ საერთოდ არ ვყოფილვართ ერი და ჩვენს არსებობას აზრი არა აქვს.
    ნუთუ 250 ათას დევნილში, თუნდაც 1000 ბროძლისუნარიანი მეომარი არ მოიძებნება (თუ დანარჩენ საქართველოს არ ჩავთვლით), ვინც აფსუა ფაშისტებს გალის რაიონში მაინც თავიანთ გადამწვარ ნასახლარებზე წინაპართა საფლავებთან მშვიდი ცხოვრებისა და მოლხენის საშუალებას არ მისცემს?!
    მეორე გამოსავალი კი (თუ მიუხედავად ყველაფრისა, მაინც «სამშვიდობო» გზას ვირჩევთ) ის არის, რომ ბოლოს და ბოლოს, უნდა ვაღიაროთ: აფსუა ერის დამარცხება შესაძლებელია მხოლოდ იმ პირობით, თუ სეპარატისტები ერთიანად ამოწყდებიან. ამის თავი, უნარი და შესაძლებლობა საქართველოს რომც ჰქონდეს - მე-20 საუკუნის ბოლოს (ცამდე მართლებიც რომ ვიყოთ) არა თუ რუსეთი, მთელი მსოფლიო არ მოგვცემს უფლებას, მთელი ერი ამოვწყვიტოთ.
    სხვა გზა კი ძალით პრობლემის მოგვარებისა არ არსებობს. ნუ მოვიტყუებთ თავს, თითქოს პრობლემის არსი არძინბას მძვინვარე ფანატიზმია. 80 ათასი აფსუა 80 ათასი არძინბაა. აფსუა ერის ელიტაში ისეთებიც არიან (მაგალითად, სერგეი შამბა), რომლებთან შედარებით ვლადისლავ არძინბა «საქართველოს გულმხურვალე პატრიოტად» შეიძლება მოგვეჩვენოს!
    რა ვქნათ, ასეთია რეალობა. ამ გიჟებსა და გადარეულებს, მაინც ვერაფერს შეასმენ. თუ გაქვს შნო და უნარი, თუ გარემო პირობები გიწყობს ხელს - უნდა «გადაუარო», თუ არადა, რეალური კომპრომისი უნდა ეძებო.
    სტატუს-კვოს აღდგენა უკვე შეუძლებელია და გალში რომც აღდგეს 20 მაისამდე არსებული მდგომარეობა - არავითარი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ ერთი წლის შემდეგ იგივე არ განმეორდება, ოღონდ, ბოლოს და ბოლოს, დეტონატორი აფეთქდება და საქართველოს ხერხემალში (სამეგრელოში) გადაამტვრევს. ამის საშიშროება ახლაც არსებობს. ამიტომ, თუნდაც რადიკალური ნაბიჯების გადადგმა, კონფლიქტის სრულმაშსტაბიანად მოსაწესრიგებლად დაუყოვნებლივ საჭიროა.
    ძნელი მისახვედრი არ არის, რომ გალში «სპეცოპერაცია» საქართველოს ხელისუფლების პოზიციათა შესასუსტებლადაც განხორციელდა. არც ის არის ძნელი მისახვედრი, ვის «უკაფავენ გზას» და ვის პოზიციებს აძლიერებენ მომავალი არჩევნების წინ.
    რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ «ოპოზიციას» - დღეს რომ ენა დაუგრძელებია, «ხელისუფლებამ 5 წლის განმავლობაში ჯარი ვერ შექმნაო» , - ეს დიდწილად მისივე «დამსახურებაა», ვინაიდან, ხელისუფლება იძულებული იყო არმიის გასაძლიერებლად განკუთვნილი თანხები სოციალური პრობლემების გადაჭრაზე დაეხარჯა, რათა სოციალური დემაგოგია შეერბილებინა.

დილის გაზეთი, 1 ივნისი, 1998 წელი