აფხაზმა სეპარატისტებმა მოლაპარაკების განახლება იკადრეს

აფხაზმა სეპარატისტებმა მოლაპარაკების განახლება იკადრეს

        გუშინ სოხუმში ქართულ-აფხაზური მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი შედგა, რომელშიც ამჯერად სახელმწიფო მინისტრი ავთანდილ ჯორბენაძე მონაწილეობდა საგანგებო საქმეთა მინისტრთან – მალხაზ კაკაბაძესთან ერთად. თავისთავად, საინტერესოა ის ფაქტი, რომ სეპარატისტებმა «იკადრეს» მოლაპარაკების განახლება.

        თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს, თითქოს სოხუმი დათმობაზე წავა რომელიმე კარდინალურ საკითხში. სოხუმი ისევ მოითხოვს კოდორის ხეობიდან საქართველოს შეიარაღებულ ძალთა გაყვანას. წინააღმდეგ შემთხვევაში კი «სამხედრო ოპერაციით» იმუქრება. თუ სარწმუნო წყაროებს ვენდობით, ჯორბენაძემ და ჯერგენიამ მოილაპარაკეს, რამდენიმე კვირის შემდეგ ერთმანეთს კოდორის ხეობაში შეხვდნენ და იქ განაახლონ დიალოგი ხეობაში პატრულირების თოაბაზე.
        იმავდროულად, ჯერგენია ადასტურებს, რომ აფხაზეთისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ ვინ აწარმოებს მოლაპარაკებას «თბილისის სახელით»: სეპარატისტები ასლან აბაშიძისადმი პატივისცემას ადასტურებენ, მაგრამ სკეპტიკურად უყურებენ «გარღვევის პერსპექტივას» მოლაპარაკებებში. გასათვალისწინებელია შიდაპოლიტიკური ვითარებაც აფხაზეთში – არძინბა, როგორც ჩანს, მართლაც, უმძიმეს დღეშია. სეპარატისტები «საპარლამენტო არჩევნების» ჩატარებას გეგმავენ. ჯერგენია საგონებელშია ჩავარდნილი: მას აშკარად სურს არძინბას დაცარიელებული «ტახტის» ხელში ჩაგდება, მაგრამ, რაკი «პრეზიდენტი» ჯერ ისევ ცოცხალია, ჯერგენიას მომხრეთა კონსოლოდირებამ აფსუეთის პარალმენტის არჩევნებისას შეიძლება არძინბას მომხრეების გაღიზიანება გამოიწვიოს. ამ სიტუაციაში ჯერგენიას ერთადერთი გამოსავალი რჩება: ბოლომდე უკომპრომისო პოზიცია დაიკავოს თბილისთან მოლაპარაკებებში და, იმავდროულად, მეტისმეტად არ გააღიზიანოს საერთაშორის არბიტრაჟი».

დილის გაზეთი, 12 თებერვალი, 2002 წელი