აფხაზთა ლიდერი ლტოლვილთა დაბრუნებას დამოუკიდებელ აფხაზეთში აპირებს

აფხაზთა ლიდერი ლტოლვილთა დაბრუნებას დამოუკიდებელ აფხაზეთში აპირებს

       გაეროს გენერალური მდივნის პირადი წარმომადგენელი აფხაზეთის მოწესრიგების საკითხში, ლივიუ ბოტა აგრძელებს დიპლომატიურ «მიეთმოეთს» თბილისსა და სოხუმს შორის.
    ჯერჯერობით მის ძალისხმევას რამდენადმე მნიშვნელოვანი დადებითი შედეგი საქართველოსათვის არ მოუტანია და არც მოუტანს, ვინაიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამშვიდობო კონცეფცია გაეროს წინა გენერალური მდივნის (სხვათა შორის, აგრეთვე «პატარა ხალხის» წარმომადგენლის) ბუტროს ბუტროს გალის წინადადებებს ეფუძნება, რომლითაც გაერო ფაქტობრივად საქართველოსა და აფხაზეთის «თანასწორუფლებიანობას» აღიარებდა.
    კოფი ანანის გენერალურ მდივნად არჩევის შემდეგ ამ ორგანიზაციის პოზიცია იოტისოდენად არ შეცვლილა. რასაკვირველია, რომელიმე პიროვნების (თუნდაც გენერალური მდივნის) პირადი ნება ვერაფერს გახდებოდა, რომ არა უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორის არსებობა, - გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრთა შორის უკვე დამყარდა გარკვეული კონსენსუსი ამ საკითხთან დაკავშირებით.
    1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ დამყარებული «ბალანსის» დარღვევა კი არავის სურს. სწორედ ეს გარემოება გახლავთ საფუძველთა - საფუძველი ნებისმიერი დიპლომატიური ძალისხმევისა გაეროს მხრიდან.
    ერთადერთი, რაც არღვევს ამ ბალანსს და სერიოზულ «შეშფოთებასაც» კი იწვევს უშიშროების საბჭოში, არის პარტიზანთა მოქმედება, რომლებიც საბედნიეროდ არ სცნობენ ბინძურ გარიგებებს საქართველოს ინტერესთა ხარჯზე და როგორც ოტობაიას ინციდენტმა დაადასტურა (სადაც რამდენიმე აფხაზი ფაშისტი მოკლეს), გულმოდგინედ აგრძელებენ თავიანთ მამულიშვილურ საქმეს.
    არაფერი სხვა არძინბასა და მის ხროვას არ აღელვებს. ერთადერთი მათი პრობლემა სწორედ პარტიზანებია, ვინაიდან «ბლოკადა» ზღაპარია და რეალურად არ ხორციელდება.
    პარტიზანთა აქტიურობამ უკვე აიძულა არძინბა განეცხადებინა «ლტოლვილების დაბრუნება» გალის რაიონში. მისი «დიდსულოვნება» გამოწვეულია სურვილით, კვლავ აქციოს ეს ტერიტორია ბუფერად აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის, გამოიყენოს ლტოლვილები «ცოცხალ მასად», - მძევლებად, ვისაც ადვილად აქცევს პარტიზანთა საწინააღმდეგო ფაქტორად, ვინაიდან პატრიოტი მებრძოლების ყოველი გააქტიურების შემდეგ მოაწყობს ღონისძიებას «დაბრუნებული ლტოლვილების» წინააღ!მდეგ.
    არძინბას აშკარად აქვს იმედი, რომ ამჯერად გალში დაბრუნებული ქართველი ლტოლვილი აფხაზეთის ჭეშმარიტი მოქალაქე გახდება და დაიწყებს პარტიზანთა «დაბეზღებას», რათა თავი გადაირჩინოს ფაშისტების ეგზეკუციისაგან.
    სეპარატისტთა აზრით, დღეს საამისოდ «შესანიშნავი პირობები» არსებობს, ვინაიდან ლტოლვილი მოსახლეობა «მომწიფდა» გააფხაზებისა და «აფხაზეთის მოქალაქეობისათვის».
    რასაკვირველია, გამწარებული, სახლ-კარ დაკარგული ადამიანი, თუ რაიმეს შესთავაზებენ, ყველაფერს დათანხმდება; მით უმეტეს, როცა საქართველოს იმედი უკვე აღარ აქვს.
    ლტოლვილებს დარჩათ მხოლოდ ორი გზა:. ან თვითონ აიღონ ხელში იარაღი და პარტიზანთა მხარდამხარ იბრძოლონ ან შეურიგდნენ არძინბას იურისდიქციას და იქცნენ მის მოქალაქეებად.
    ეს ცვლილება არძინბამ შესანიშნავად იგრძნო და ლტოლვილებსაც სწორედ ამიტომ «დაუტკბა».
    მან იგრძნო, რომ ლტოლვილთა მნიშვნელოვანი ნაწილი შემრიგებლურად არის განწყობილი. ამასთან ერთად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ძალზე საყურადღებო ფაქტი: ლტოლვილების დაბრუნება აფხაზეთში, პრობლემის გადაწყვეტას არათუ არ ნიშნავს, არამედ პირიქით, - გაართულებს კიდეც.
    ერთადერთი გამოსავალია იურისდიქციის აღდგენა და ლტოლვილთა მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნება გათავისუფლებულ ტერიტორიაზე.
    რასაკვირველია, მოლაპარაკებათა თემატიკის შეცვლა და მთავარი აქცენტის გადატანა «იურისდიქციის საკითხებზე» სეპარატისტებს არ ეპიტნავებათ, მაგრამ კიდევ უარესია, რომ ეს არ მოსწონთ შუამავლებსაც - არა მარტო რუსეთს, არამედ დასავლეთის ქვეყნებს, რომლებსაც ჩვენივე ბრძნული გადაწყვეტილებით ეს მისია დავაკისრეთ.
    შუამავალი კი ვალდებულია ნეიტრალური იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის შუამავლად ვერ ჩაითვლება.
    მიუხედავად ამისა, სხვა გამოსავალი უბრალოდ არ არის.
    რაკი არძინბა გვთავაზობს ლტოლვილების დაბრუნებას გალის რაიონში, ერთადერთი, რაც ამ პროვოკაციულ წინადადებას შეიძლება დავუპირისპიროთ, არის იურისდიქციის აღდგენის მოთხოვნა.
    ყველა ლტოლვილმა, ვინც არძინბას იურისდიქციაში დაბრუნებას გადაწყვეტს, უნდა იცოდეს, რომ პასუხს აგებს მხოლოდ საკუთარი თავის წინაშე, - პარტიზანებისათვის ყოველმხრივ დახმარება უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს კიდეც.
    სხვა ბერკეტი სეპარატისტებზე ზემოქმედებისათვის ჯერჯერობით არ არსებობს. რამდენიც არ უნდა ეცადონ სეპარატისტები, მაინც ვერ დაფარავენ იმ უდავო ფაქტს, რომ პარტიზანების მოქმედება ზღუდავს არძინბას იურისდიქციას სამურზაყანოს ტერიტორიაზე.
    სწორედ მათი ქმედების, მათ მიერ განხორციელებული აქციების შედეგად, სეპარატისტები გალიდან ღამ-ღამობით ცხვირის გაყოფას ვერ ბედავენ. ყოველ შემთხვევაში, თავისუფლად ვერ «დაპარპაშობენ» გალის რაიონში, ვინაიდან ყველგან შეიძლება უწიოთ შურისმაძიებელთა ტყვიამ.
    არძინბას მთელი პოლიტიკა სწორედ ამ პატრიოტული მოძრაობის აღმოფხვრისკენაა მიმართული, რაც, საბედნიეროდ, ჯერჯერობით მაინც ვერ მოახერხა.
    ლტოლვილთა უმრავლესობას ისღა დარჩენია, ყოველმხრივ დაეხმაროს მათ, თავადაც შეუერთდეს პარტიზანულ მოძრაობას, რის შედეგადაც იგი ფაქტობრივად უძლეველი გახდება. პარტიზანთა ძალა იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზებს სამურზაყანოში «თავდაცვითი მოტივაციაც» აღარ გააჩნიათ.
    აქედან გამომდინარე, ხელისუფლების მხრიდან ყველაზე მეტად გამართლებული ქმედება იქნებოდა სეპარატისტებთან მოლაპარაკების შეწყვეტა ან ამ მოლაპარაკების გაგრძელება ძალიან დაბალ დონეზე და იმავდროულად, პარტიზანებისათვის დახმარების გაძლიერება.
    სეპარატისტები ასეთ ზეწოლას დიდხანს ვერ გაუძლებენ. მათი უმრავლესობა რუსეთში ან სხვა ქვეყნებში გადაიხვეწება.
    არძინბას «ბოევიკების» შეკრებაც უჭირს. პარტიზანები არ უნდა გადავიდნენ სხვა რაიონებში (ჯერჯერობით) და არ უნდა დაესხან თავს მშვიდობიან აფხაზ მოსახლეობას. მათი მოქმედების არეალი სამურზაყანო უნდა იყოს, სადაც აფხაზეთის ბედი წყდება.

მერიდიანი, 27 აგვისტო, 1999 წელი