აფხაზეთში მარცხის ტექნოლოგია

აფხაზეთში მარცხის ტექნოლოგია

მიზეზი

    აფხაზეთის საკითხი დღეს საქართველოსთვის უმთავრეს პრობლემად აღიქმება. მთელი ქვეყანა დაძაბულად ადევნებს თვალყურს, როგორ ვითარდება სამშვიდობო პროცესი, რომელზედაც ესოდენ დიდ იმედებს ვამყარებდით.
    სამწუხაროდ, სასიხარულო და მისასალმებელი ჯერ არაფერი გვაქვს - რუსეთის სამშვიდობო ჯარები დღეს, ფაქტობრივად, სასაზღვრო ჯარის ფუნქციას ასრულებენ - გალის რაიონში ისინი მოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ აფხაზურ მხარესთან შეთანხმების საფუძველზე, ანუ ამა თუ იმ სამშვიდობო ოპერაციის განხორციელების შესახებ წინასწარ აცნობებენ გუდაუთის ხელმძღვანელობას.
    მაგალითად: რუსმა სპეციალისტებმა მხოლოდ ის ტერიტორია განაღმეს გალის რაიონში, რომლის განაღმვის უფლებაც აფხაზებმა მისცეს. გენერალმა იაკუშევმა კი, «იტარ-ტასისათვის» მიცემულ ინტერვიუში განაცხადა: «ჩვენ ჯერ-ჯერობით გავათავისუფლეთ ნაღმებისაგან მხოლოდ ძირითადი მაგისტრალები და სამშვიდობო ჯარების დისლოკაციის ადგილები, ვინაიდან სხვა ტერიტორიების განაღმვის უფლება აფხაზურ მხარეს არ მოუცია(?!)»
    ეს სიტყვები ყველაზე ზუსტი ილუსტრაციაა იმისა, თუ როგორ ვითარდება სამშვიდობო პროცესი და ამ ეტაპისათვის რა შედეგს მიაღწია ჩვენმა ძალისხმევამ - შეგვექმნა აფხაზეთში გაეროსა და რუსეთის ურთიერთქმედების განსაკუთრებული მოდელი.

     შეუძლებელია, შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციას თავისი სავსებით კონკრეტული მიზეზი არ ჰქონდეს. ამ მიზეზის აღმოჩენისა და გამოკვლევის გარეშე კი, გამოსავალს ვერ ვიპოვით და კვლავინდებურად დავრჩებით იმ ჩიხში, რომელშიც ვიმყოფებით.
    უპირველეს ყოვლისა, გავიხსენოთ, რა ითვლებოდა და ითვლება პრიორიტეტად აფხაზეთის პრობლემის გადაწყვეტისას - ლტოლვილთა დაბრუნება!
    ე.ი. საქართველოს ხელისუფლება (თუკი მას აფხაზეთში საკუთარი იურისდიქციის აღდგენა ამ გზით სურდა) ვალდებული იყო შეექმნა ისეთი სამშვიდობო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფდა ლტოლვილთა უსაფრთხოებას.
    სამწუხაროდ, მან ეს პროცესი იმთავითვე სრულიად უპერსპექტივო მიმართულებით წაიყვანა - სცადა, რუსეთის შეიარაღებული ძალები გაეროს კონტროლისათვის დაექვემდებარებინა და ისე გამოეყენებინა.
    რუსეთი, რა თქმა უნდა, არ დაუშვებდა აფხაზეთში რომელიმე სხვა ქვეყნის საჯარისო კონტინგენტის შეყვანას. მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, მისთვის თვით გაეროსა და სამხედრო მეთვალყურეების რეგიონში ყოფნაც მიუღებელი იყო.
    ზოგიერთმა შეიძლება დასვას კითხვა: თუ ასეა, მაშინ რატომ ცდილობდა რუსეთი «გაეროს დროშის», ანუ საერთაშორისო საზოგადოებრიობის მანდატის მიღებას - აფხაზეთში სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებისათვის?
    საქმე ის გახლავთ, რომ რუსეთს აშკარად არ სურდა და არც შეეძლო ხელი შეეშალა საქართველოს მცდელობისათვის, მოეხდინა პრობლემის გლობალიზაცია. მაგრამ ერთის მხრივ მისი მთავარი ამოცანა იყო არ დაეშვა ამ რეგიონში რომელიმე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალა, ხოლო მეორეს მხრივ, მიეღო ის საკმაოდ სოლიდური თანხა, რომელიც გაეროს მიერ სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებისათვის იქნებოდა გამოყოფილი. ანუ რუსეთი შეურიგდა რეალობას - «ნაკლები ბოროტების» პრინციპით და შეეცადა მაქსიმალური მოგებაც მიეღო.
    ამავე დროს, მის ხელთ იყო აფხაზურ მხარეზე ზემოქმედების ყველა ბერკეტი: ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც გაეროს ეგიდით დაიდებოდა (ეს ასეც მოხდა), იქნებოდა მხოლოდ და მხოლოდ შეთანხმება ჯარების დაშორიშორების, «სამშვიდობო დერეფნის შექმნის» და ამ დერეფანში ფაქტობრივად «სასაზღვრო ჯარების» შეყვანის შესახებ.
    ეს სისტემა, რა თქმა უნდა, ვერ უზრუნველყოფდა ლტოლვილთა დაბრუნებას 12 კილომეტრიან ზოლს მიღმა, ხოლო «კოდორის პრობლემამ» კი (რომელიც აგრეთვე წინასწარ იქნა განსაზღვრული და გათვლილი) თვით გალის რაიონშიც შეაფერხა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბრუნება.
    ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ პასუხისმგებლობა სამშვიდობო ოპერაციის ჩაშლისათვის დაეკისრება რუსეთს. ეს ძირშივე მცდარი აზრია. შემუშავებული დოკუმენტების თანახმად, რუსეთი პასუხს აგებს მხოლოდ და მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტაზე, ვინაიდან მოლაპარაკება ლტოლვილთა დაბრუნების თაობაზე გაეროს ეგიდით მიმდინარეობს. ეს ორგანიზაცია კი ყველაფერს გააკეთებს, რათა პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს და «დამნაშავესაც» ადვილად იპოვის: გენერალმა ვიდეგარდმა უკვე განაცხადა, რომ სამშვიდობო პროცესის შეფერხების მთავარი მიზეზი კოდორის ხეობაში ქართული ჯარების ყოფნაა, რომელთა გაყვანაც, მაისის შეთანხმების თანახმად, დღემდე უნდა მომხდარიყო.
    ჩვენ არა და არ გვინდა გავიგოთ, გავითავისოთ, დავიჯეროთ, რომ რუსეთი არ დაუშვებს გაეროს მიერ ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე წარმატებული სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას. ეს ძალზე «საშიში» პრეცედენტი იქნებოდა СНГ-ს წევრი სხვა ქვეყნებისთვის, რომელთაც წარმოშობილი (პროვოცირებული) სამხედრო კონფლიქტების მოგვარებაში რუსეთის პრიორიტეტის აღიარება არ სურთ.
    რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების მცდელობა, კონფლიქტი მოეგვარებინა საერთაშორისო ორგანიზაციების, გაეროს, დასავლეთის მეშვებით, თუ პერსპექტიული არა, ლოგიკური მაინც იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ამ სისტემიდან გამოირიცხებოდა რუსეთი და ჩვენი ქვეყანა მოახდენდა იმ ყველასთვის ცნობილ ფაქტზე აპელირებას, რომ სწორედ რუსეთი ეხმარებოდა მთელი ომის განმავლობაში აფხაზ სეპარატისტებს, სწორედ იგი ამარაგებდა გუდაუთას ტყვია-წამლით, საწვავით, სურსათ-სანოვაგით, სწორედ რუსეთიდან იგზავნებოდნენ «ბოევიკთა» რაზმები საქართველოს ტერიტორიაზე და ა.შ.
    მაგრამ როდესაც კონფლიქტის მოგვარებას რუსეთის მეშვეობით, რუსეთის სამხედრო ძალის გამოყენებით ცდილობ და, ამავე დროს, არაფრით არ გსურს მიიღო თამაშის ის «წესები», რომელსაც იგი გთავაზობს - ეს უკვე გაუგებარია და ამ «გაუგებრობის» შედეგია სწორედ დღეს ენგურის ხიდთან შექმნილი ვითარება.
    რას სთავაზობდა რუსეთი საქართველოს? - მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ (რაკი აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ): რუსეთს აფხაზეთში სურდა იმავე სქემის გამეორება, რომელიც მან ე.წ. «სამხრეთ ოსეთში» განახორციელა. ანუ პირდაპირი, უშუალო ხელშეკრულების დადება საქართველოსთან და აფხაზეთთან არათუ გაეროს, არამედ თვით СНГ-ს მონაწილეობის გარეშეც.
    ეს სქემა სავსებით შეესაბამება იმ არადეკლარირებულ, მაგრამ რეალურად არსებულ სტრატეგიულ მიზნებს, რომლებსაც რუსეთი ისახავს ამ სივრცეში.
    შესაძლოა ეს მიზნები ჩვენთვის მიუღებელი იყოს, მაგრამ მაშინ გაუგებარია, რატომღა ვქმნით ისეთ სისტემას აფხაზეთში, რომლის დამსხვრევა უკვე აღარ შეგვეძლება?! - თუ ვინმეს ჰგონია, საქართველოს შეეძლება უარი თქვას დაწყებულ სამშვიდობო პროცესზე, - მწარედ შემცდარა!
    დავუშვათ, ჩვენმა ქვეყანამ მოითხოვა სამშვიდობო ჯარების გაყვანა კონფლიქტის ზონიდან. მაგრამ საქმე ის გახლავთ რომ ეს იქნება უნდობლობის გამოცხადება არა მხოლოდ და არა იმდენად რუსეთის, რამდენადაც თვით გაეროს მიმართ, რომელიც «წინ დაგვიდებს» ჩვენს მიერ ხელმოწერილ დოკუმენტებს და მათში დაფიქსირებულ, ჩვენს მიერვე «დარღვეულ პუნქტებს». ამის შემდეგ კი, ეს ორგანიზაცია უკვე ყველაფერს გააკეთებს, რათა მისცეს რუსეთს საშუალება - დააფიქსიროს მსოფლიო საზოგადოების წინაშე, თუ «ვინ თქვა უარი პრობლემის სამშვიდობო გადაწყვეტაზე» - შესაბამისი სამხედრო და პოლიტიკური შედეგებით.
    აქვე იმის თაობაზეც ვიტყვი, თუ რატომ იწვევს ასეთ ნდობას ე.წ. «ცხინვალის ვარიანტი» და რატომ მჯერა, რომ ამ ვარიანტის განხორციელების შემთხვევაში რუსეთი, რომელმაც ამდენჯერ მოგვატყუა, შეასრულებდა თავის სიტყვას.
    საქმე ის გახლავთ, რომ ამ შემთხვევაში რუსეთი იმოქმედებდა იმავე მერკანტილური პოლიტიკური მოსაზრებიდან გამომდინარე: რამდენადაც იგი არ დაუშვებდა გაეროს მიერ СНГ-ს სივრცეზე წარმატებული სამშვიდობო ოპერაციის განხორციელებას, იმდენადვე არ დაუშვებდა ამ ოპერაციის წარუმატებლობას იმ შემთხვევაში, თუ იგი განხორციელდებოდა მისი უშუალო (და გაეროსაგან დამოუკიდებელი) მონაწილეობით.
    ანუ მიზეზი იგივეა: ეს იქნებოდა პრეცედენტი სხვებისათვის, ეს იქნებოდა მთელი მსოფლიოს თვალწინ, ევრაზიის ამ სივრცეზე რუსეთის პრიორიტეტის, მისი გავლენის დადასტურება!
    საქართველოს კი ყოველთვის დარჩებოდა საშუალება, იმ შემთხვევაში, თუ ლტოლვილები ვერ დაბრუნდებოდნენ, განეცხადებინა თავისი «იმედგაცრუების» შესახებ და უკვე ამის შემდეგ მიემართა მსოფლიო თანამეგობრობისა და გაეროსათვის.
    მაგრამ ვიმეორებ: რუსეთი ამას არ დაუშვებდა (რაკი მისი პასუხისმგებლობა პერსონიფიცირებული იქნებოდა) და ყველაფერს გააკეთებდა საქართველოს ინტერესების თუნდაც ნაწილობრივ, მაგრამ მაინც დაკმაყოფილებისათვის.
    ამბობენ: პოლიტიკაში გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობსო. ჩვენს შემთხვევაში ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი ჩიხიდან გამოსვლა გვსურს, უკან დასახევი გზა უნდა ვეძიოთ.

«ივერია-ექსპრესი», 2 სექტემბერი, 1994 წელი.