აფხაზეთში 1994 წლის სიტუაცია განმეორდა

აფხაზეთში 1994 წლის სიტუაცია განმეორდა

 

    გალში დატრიალებული მორიგი ქართული ტრაგედია ადასტურებს, რომ 1993 წლის შემდეგ, თვისებრივად, პრობლემის გადაწყვეტასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა არცერთი თვალსაზრისით, - დაწყებული სამხედრო ასპექტიდან, ქართველთა ბრძოლისუნარიანობიდან, დამთავრებული საერთაშორისო რეაქციით.
  ნიუ-იორკში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, კენიის წარმომადგენელმა (!) გულგრილი ტონით წაიკითხა უშიშროების საბჭოს განცხადება, რომელშიც არცერთი სიტყვა არ არის ნათქვამი «ეთნიკურ წმენდასა და ქართული მოსახლეობის გენოციდზე». გამოთქმულია მხოლოდ «შეშფოთება» გალის რაიონში სამხედრო შეტაკებათა გამო, თითქოს ეს შეტაკებები ორივე მხარის ინიციატივა ყოფილიყო, თითქოს პარტიზანული რაზმები ადგილობრივ მოსახლეობას არ შეექმნა თავდაცვის მიზნით. თითქოს გალში არ შეჭრილა ათასობით დამსჯელი სპეცნაზელი.
    ერთი სიტყვით, ჩვეულებრივი დიპლომატიური ტერმინოლოგიაა: «მოვუწოდებთ მხარეებს - გამოიჩინონ კეთილგონიერება, თავშეკავება. . . შეწყდეს ცეცხლი» და ა.შ.
    არ გეგონოთ, აქ მხოლოდ რუსეთის წარმომადგენლის ხელი ერიოს. ე.წ. «საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფის» სხვა წევრებსაც განსაკუთრებული ინტერესი, თანადგომა ან თუნდაც თანაგრძნობა არ გამოუმჟღავნებიათ.
    აფხაზურმა მხარემ შეძლო მთელი მსოფლიოს თვალწინ დაეფიქსირებინა, რომ გალში ჩატარდა «სპეცოპერაცია» დივერსანტთა წინააღმდეგ. რომ არა დივერსანტები - არ იქნებოდა დამსჯელი ექსპედიცია;
    თქვენ წარმოიდგინეთ, ამ სტერეოტიპისა ბევრს თბილისში სჯერა და უკვე გაისმის ყრუ ბრალდებები პარტიზანთა წინააღმდეგ, მაგრამ სინამდვილეში, პარტიზანთა მოქმედება მხოლოდ საბაბი იყო . . . . დამსჯელ ექსპედიციის ნამდვილი მიზეზი უფრო ღრმადაა საძიებელი. სოხუმში დიდი ხანია შეშფოთებით ადევნებენ თვალს ქართული მოსახლეობის სტიქიურ დაბრუნებას გალის რაიონში. დაბრუნებულ ქართველთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. თანაც, ეს მოსახლეობა ქართულ ორიენტაციას ინარჩუნებდა . . . . «მეგრული სკოლების» გახსნამ შედეგი არ გამოიღო, საქართველოს პოზიციები გალში სულ უფრო ძლიერდებოდა, ამოქმედდა ტრანსპორტი, მოსახლეობა თავისუფლად დადიოდა, ზუგდიდსა და გალს შორის, საქართველოს ხელისუფლება ბიუჯეტიდან აფინანსებდა და ახორციელებდა კიდეც პროგრამებს გალის რაიონში სოფლის მეურნეობისა თუ სხვა დარგების განვითარებასთან დაკავშირებით.
    ერთი სიტყვით, გალის რაიონი თანდათან საქართველოს სახელმწიფოებრივ არეალში ექცეოდა, რისი დადასტურებაც გახდა ერთ-ერთ სოფელში გამართული მარულა და ქართული დროშის აღმართვა.
    ამ პროცესებს აფსუების ხელისუფლება ვერ აკონტროლებდა, ვინაიდან 1994 წელს გაფორმებული «შეთანხმების შესაბამისად გალის რაიონი მთლიანად გამოცხადდა «უშიშროებისა და შეზღუდული შეიარაღების ზონად», ხოლო ორმოცდაათიოდე აფსუა მილიციელი უზარმაზარ რაიონზე კონტროლს, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებდა.
    ამიტომ არძინბამ აუცილებლად ჩათვალა გალში მორიგი მაშტაბური ეთნოწმენდის მოწყობა და უნდა ითქვას, რომ პარტიზანებმა (რაოდენ ძნელი სათქმელიც უნდა იყოს) მას შესანიშნავი საბაბი შეუქმნეს და იმავდროულად სრულებით ვერ გათვალეს საკუთარი შესაძლებლობები.
    გალში პარტიზანული მოძრაობის დაწყებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნებოდა აზრი, თუ ქართული შეიარაღებული ფორმირებები შემდგომ აფხაზური შენაერთების ფართომაშსტაბიანი შემოტევის უკუგდებას ან შეკავებას შესძლებდნენ, რაც სხვათა შორის, სამხედრო თვალსაზრისით, სრულებითაც არ იყო შეუძლებელი.
    თუ არძინბას სადამსჯელო ექსპედიციის მონაწილეთა რაოდენობა 800-ს აღწევდა, ხოლო პარტიზანთა რაოდენობა 250-300 მებრძოლი იყო, თავდაცვითი ბრძოლის სწორი ორგანიზების შემთხვევაში სეპარატისტებს ასე ადვილად ენგურამდე ვერ უნდა ერბინათ.
    თუმცა ახლა, ყოველდღე ამაზე მსჯელობა და დამნაშავის ძიება ძალიან გვიან არის. ხელისუფლების კრიტიკაც უაზრობაა. ელემენტარული სამართლიანობა მოითხოვს ითქვას: რუსეთთან ომს ენგურის აუზში იგი ვერ დაიწყებდა.
    ამრიგად, დავუბრუნდით ვითარებას, რომელიც 1994 წლის დასაწყისში გვქონდა: ირაკლი მენაღარიშვილისა და სერგეი შამბას ხელმოწერილმა დოკუმენტმა ქართული დიპლომატიის კრახი დაადასტურა. დოკუმენტის შინაარსს მნიშვნელობა არა აქვს. თავისთავად ის ფაქტი, რომ შეთანხმებას (ოქმს) სეპარატისტებთან საგარეო საქმეთა მინისტრი აწერს ხელს - მრავლისმეტყველია.
    ანალოგიურ ვითარებაში აღმოვჩნდებით მანამ, სანამ მოვახდენთ რეალობის იგნორირებას: აფხაზეთის პრობლემა ფუნდამენტური თვალსაზრისით გადაუწყვეტელია და (რაც მთავარია) დრო მუშაობს საქართველოს საწინააღმდეგოდ.
    თუ ამჯერად სამეგრელოში არ დაიწყო მასობრივი არეულობა (არადა, ასეთი საშიშროება ნამდვილად არსებობს) ხელისუფლება უბრალოდ იძულებული გახდება მიიღოს რაიმე კარდინალური გადაწყვეტილება საერთოდ, აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს ისეთი დეტონატორია, რომელიც ადრე თუ გვიან უეჭველად ააფეთქებს ვითარებას ქვეყანაში.
    მაგრამ, სამწუხაროდ, ხელისუფლება სწორედ ამ კარდინალური ნაბიჯების გადადგმას ვერ ბედავს. არ სურს პასუხისმგებლობის თავზე აღება, არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება, შედეგად კი ის მიიღო, რომ გალში დატრიალებული ტრაგედიის შედეგად პრეზიდენტის ავტორიტეტი დაეცა ყველაზე დაბალ ნიშნულამდე 1992 წლის შემდეგ.
    არძინბას ეს მომენტიც კარგად ჰქონდა გათვლილი - საქართველოს შიდა წინააღმდეგობებზე თამაში სეპარატისტთა უცთომელი სტრატეგია იყო ყოველთვის. მდგომარეობა ესოდენ სავალალო შედეგით არ დასრულდებოდა, პარტიზანებს უფრო ძლიერი წინააღმდეგობა რომ გაეწიათ მომხდურთათვის, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში საარტილერიო დაბომბვებს უეჭველად მოჰყვებოდა ლტოლვილთა ნაკადის ზრდა და ხელისუფლების პრობლემათა დამძიმება.
    თუ მომხდარის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს «დროის გაყვანის» ტაქტიკას, რათა თავიდან აიცილოს კარდინალური, არაპოპულარული, მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, მაშინ არ არის გამორიცხული ბოლოს და ბოლოს, ისეთი აფეთქება მოხდეს, რომელსაც ეს ხელისუფლება საერთოდ გადაჰყვება.
    ფაქტობრივად, ერთი ალტერნატივა არსებობს მხოლოდ: ან მოვითხოვოთ სამშვიდობო ჯარების გაყვანა, დავიწყოთ ახალი, ფართომაშსტაბიანი ომი აფხაზეთის დასაბრუნებლად ან (თუ ამისთვის არა ვართ მზად) შევურიგდეთ იმ აზრს, რომ აფხაზეთი აღარასოდეს იქნება «ჩვენი» იმ აზრით, როგორც ეს ქართულ საზოგადოებას ესმის და წავიდეთ რეალურ კომპრომისზე სეპარატისტებთან.
    ყველა სხვა გამოსავალი სინამდვილეში ჩიხისაკენ მიდის. მაგალითად, თუ საქართველოს ხელისუფლება შეეცდება აღადგინოს 20 მაისამდე არსებული სტატუს-ქვო, ოღონდ თავად აღკვეთოს პარტიზანთა მოქმედება (რათა არ განმეორდეს ის, რაც მოხდა) - სამოქალაქო ომი გარდაუვალი გახდება, ამიტომ სულ ერთია, ისევ ზემოთხსენებული ალტერნატივას ვუბრუნდებით.
    რუსეთი სოხუმზე ზეწოლას ვერ გააძლიერებს, - განურჩევლად იმისა, რა დათმობაზე წავა რუსეთისადმი საქართველო ან ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი. კომპრომისი შეიძლება მხოლოდ თვით აფსუებთან მოიძებნოს.
    საქართველომ დაუყოვნებლივ უნდა თქვას უარი რუსეთის შუამავლობაზე, გაიყვანოს რუსის «სამშვიდობო ჯარები», სცნოს აფხაზეთის დამოუკიდებლობა გუდაუთიდან - ღალიძგამდე, შემოიერთოს უშუალოდ გალის რაიონი, დააბრუნოს ლტოლვილთა ნაწილი აფხაზეთში, როგორც საქართველოს (და არა აფხაზეთის) მოქალაქეები.
    რა თქმა უნდა, მძიმეა, მაგრამ როდესაც ათასხუთასი წლის წინ რომაელს გერმანული ხმალი მეტისმეტად მძიმე საწონად მოეჩვენა ოქროს საწონ სასწორის პინაზე, გამარჯვებულმა შეახსენა: «ვაი დამარცხებულს!»

7 დღე, 27 მაისი, 1998