აფხაზეთის ტრაგედია გაგრაში დაიწყო

აფხაზეთის ტრაგედია გაგრაში დაიწყო

  

    1993 წლის 27 სექტემბერს ხანგრძლივი, სისხლისმღვრელი ბრძოლების შემდეგ დაეცა სოხუმი. აფხაზეთის დედაქალაქის დაცემის დღეს უკვე ოთხი წელია, გლოვით აღნიშნავს საქართველო, მაგრამ რატომღაც ყველას დაავიწყდა, რომ 3 ოქტომბერი ჩვენი ქვეყნისთვის კიდევ უფრო ტრაგიკული თარიღია.
    1992 წლის ამ დღეს, აფსუა სეპარატისტთა და ჩრდილოეთ კავკასიელ ბოევიკთა ბანდებმა შეძლეს აეღოთ გაგრა და დაეწყოთ აფხაზეთის ქართველობის გენოციდის პირველი აქტი. ადგილობრივი ქართველი მეომრების, გვარდიისა და მხედრიონის მცირე ნაწილმა თავი შეაკლა მტერს და ბოლომდე იბრძოლა, სანამ ბრძოლა შეიძლებოდა. მაგრამ ძალიან ბევრი უბრძოლველად გარბოდა და მდინარე ფსოუს მიღმა რუსეთს აფარებდა თავს. სეპარატისტებმა გაგრის სტადიონზე სასაკლაო მოაწყვეს და მოკვეთილი თავებით ფეხბურთი ითამაშეს, ბავშვები გააუპატიურეს... ერთი სიტყვით, ყველანაირად გამოამჟღავნეს თავიანთი პირუტყვული ბუნება, რასაც «სამართლიანობის აღდგენას» უწოდებდნენ.
    გაგრის ტრაგედიას წინ უძღოდა რუსული დიპლომატიის ტრიუმფი - 2 სექტემბრის ხელშეკრულება მოსკოვში. ბორის ელცინმა იმ დღეს შესანიშნავი «სპექტაკლი» დადგა საქართველოს, აფხაზეთის და ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკათა ხელმძღვანელების მონაწილეობით. თვით ხელშეკრულებას დიდი ზარ-ზეიმით მოეწერა ხელი, თუმცა არც ერთ ხელმომწერს (ქართველების გარდა) იოტისოდენად არ ეპარებოდა ეჭვი, რომ იგი არ შესრულდებოდა. 3 სექტემბრიდანვე აფხაზებმა დაიწყეს მზადება გაგრის აღებისათვის. იმთავითვე ცხადი იყო, რომ სტრატეგიული თვალსაზრისით მათ სწორედ ჩრდილო-დასავლეთისაკენ უნდა განეხორციელებინათ დარტყმა, რათა მოეპოვებინათ საერთო საზღვარი რუსეთთან და შემოეზიდათ იარაღი, შემდგომ გაძლიერებულიყვნენ, დაეგეგმათ და განეხორციელებინათ სოხუმის აღების ოპერაცია.
    ამ მომენტში აფხაზ სეპარატისტებს უდიდესი დახმარება (ისევე, როგორც მთელი ომის განმავლობაში) გაუწია რუსეთის ტელევიზიამ. სწორედ მან შექმნა ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს 2 სექტემბრის ხელშეკრულება ქართულმა მხარემ დაარღვია, ხოლო აფხაზები «კონტრშეტევაზე გადავიდნენ», გაგრაც აიღეს და ლესელიძეც. რუსეთის ტელეარხ РТР-ის საინფორმაციო პროგრამის წამყვანი ღიმილით აუწყებდა ტელემაყურებელს: «ბორის ელცინი გაგრის ამბებთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა ედუარდ შევარდნაძეს და შეახსენა მას 2 სექტემბრის ხელშეკრულების შესრულების აუცილებლობა». ესე იგი აფხაზებმა გაგრა აიღეს, ხოლო ბორის ელცინი ქართველებს საყვედურობდა.

        4 ოქტომბერს, რიყეზე გამართულ მიტინგზე შევარდნაძემ განაცხადა: «არასდროს ვყოფილვარ ასე უსინდისოდ მოტყუებული». იგი, რასაკვირველია, ბორის ელცინსა და ზოგადად რუსეთს გულისხმობდა, თუმცა ამ უკანასკნელს ეყო პოტენცია, თითქმის ერთი წლის შემდეგ (1993 წლის ივლისში) ზუსტად ასეთივე ხერხით მოეტყუებინა საქართველო, რასაც სოხუმის ტრაგედია მოჰყვა.
    ფუჭია ყოველგვარი გამოძიება გაგრის ტრაგედიის მიზეზთა გამოსაკვლევად. გაგრის დაცემა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სამოქალაქო ომი მძვინვარებდა. არმიის ნაცვლად «ლაშქარი» გვყავდა. არანაირი მართვა არ არსებობდა, სრული ქაოსი და განუკითხაობა სუფევდა - გარდაუვალი იყო.
    თუმცა, ალბათ მაინც შეიძლებოდა მტრის შეჩერება დროებით ისეთ ადგილებში, სადაც ხიდის აფეთქებას ორიოდე ნაღმი და ელემენტარული ჭკუა სჭირდებოდა, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემდა დროულად გახიზნულიყო.
    სამხედრო თვალსაზრისით გაგრის აღებისათვის მნიშვნელოვანი ძალა იყო თითქოს საჭირო. არადა სინამდვილეში აფხაზებმა ოპერაცია განახორციელეს ერთადერთი ტანკით (!) და ორასიოდე კაცით, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ბრძოლის ჟინი და ნება მათ მეტი ჰქონდათ, ვიდრე გაგრის დამცველებს. სწორედ ამიტომ დაიკარგა გაგრა, მოგვიანებით კი სოხუმიც.

მერიდიანი, 20 ოქტომბერი, 1997 წ.