აფხაზეთის პრეზიდენტობა, როგორც სასიკვდილო განაჩენი

აფხაზეთის პრეზიდენტობა, როგორც სასიკვდილო განაჩენი

   გასულ კვირას «თავისუფალ აფხაზეთში» რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ პარასკევ დღეს კენჭისყრის დანიშვნა ცოტა არ იყოს უცნაურად გამოიყურება. მით უმეტეს ჩვენი რეგიონისთვის (ყოფილი საბჭოთა კავშირისთვის) დამახასიათებელი ტრადიციის გათვალისწინებით: არჩევნები ხომ თითქმის ყოველთვის და ყველგან შაბათ-კვირას ინიშნება?
        მაგრამ აფხაზებმა გადაწყვიტეს, კენჭისყრა მაინცდამაინც 26 აგვისტოს დაენიშნათ, როდესაც სამი წელი შესრულდა დიმიტრი მედვედევის ცნობილი განცხადებიდან - «ყურიან-ფეხებიანად დამოკიდებულთა» დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ. ეს, ერთის მხრივ, პადხალიმაჟია, მაგრამ მეორეს მხრივ, უბადრუკად ქარაგმული მინიშნებაც: «სამი წლის წინ ჩვენ დამოუკიდებლები გავხდით და არა რუსეთის ფედერაციის ნაწილიო».
        არჩევნების შედეგი იმდენად არ არის საინტერესო, რამდენადაც ზოგიერთი «მშრალი» სტატისტიკური მონაცემი. აფხაზეთის «ცსკ» - ს ცნობით, კენჭისყრაში 75 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა! ეს ციფრი ნამდვილი სენსაციაა!!! თანაც იმავე აფხაზურ კომისიას თუ დავუჯერებთ, ხსენებული 75 000 ამომრჩეველთა თითქმის 70 პროცენტია!!! K
        კი მაგრამ, თუ ასეა, რამდენი ადამიანი ცხოვრობს საერთოდ ამ «დამოუკიდებელ და ბედნიერ რესპუბლიკაში?» გამოდის, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, არა უმეტეს 130 ათასისა. ესეც სულ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში. ხედავთ თურმე როგორ გაუბედნიერებია აფხაზები დამოუკიდებლობას და მედვედევის აღიარებას?! ერთ-ერთ ბლოგერს წამოსცდა: «აფხაზები სულ 60 ათასი დავრჩითო საკუთარ ქვეყანაში».
        დანარჩენები სად არიან? რა თქმა უნდა რუსეთში! ამ მარტივი მათემატიკიდან კი ის დასკვნაც გამომდინარეობს, რომ სომხები და რუსები (სხვათა შორის გალელი ქართველებიც) ერთად აფხაზებზე მეტნი არიან და ეს სხვაობა ყოველი არჩევნებისთვის იზრდება არა აფხაზების სასარგებლოდ. მოდი და ნუ დაიჯერებ, რომ აფხაზი ერი მართლა დეგრადაციისა და გადაგვარების გზას დაადგა. განსაკუთრებით სწორედ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მედვედევმა «გააბედნიერა» სამი წლის წინ.
        რაც შეეხება კანდიდატებს, მათი საცოდავობით შეიძლება დაიწვას ადამიანი: არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ერთ-ერთ მათგანს წინასაარჩევნო შეკრებისას დაუსვეს კითხვა: «ვინ ხოცავს აფხაზეთში მაჰმადიანებს?». იგულისხმებიან ე.წ. «მოჰაჯირები», ანუ მე-19 საუკუნეში რუსეთის მიერ სამშობლოდან გაძევებულთა შთამომავლები.
        ხედავთ? თურმე ვიღაცა «ხოცავს» ამ ხალხს: სნაიპერები ესვრიან, ქუჩაში ხვდებიან, მანქანებს უფეთქებენ, ცემითაც კი კლავენ. ამის შესახებ რუსული მედია არაფერს იუწყება, აფხაზ ჟურნალისტებს კი მოსკოვის გაღიზიანებისა ეშინიათ. ვინ შეიძლება მათ ხოცავდეს ქათმებივით? მხოლოდ ის, ვისაც მოჰაჯირების დაბრუნება არ უნდა! ესე იგი რუსული სპეცსამსახურები, მათი მსტოვრები და მკვლელები, რომლებიც ყველა მკვლელობის შემდეგ გუდაუთის ბაზაზე იმალებიან და სამხედრო თვითმფრინავით რუსეთში ბრუნდებიან, რათა მეთაურებს წარმატებული ოპერაციის შემდეგ პატაკი ჩააბარონ და «დამსახურებული შვებულება» იქვე, სოჭში ან (ეყოფათ თავხედობა) იმავე ბიჭვინთაში გაატარონ. აბა ერთი უბატონოდ გასცეს ვინმემ ხმა!
        ბუნებრივია, აფხაზეთში იმასაც კითხულობენ, მართლა «თავისი სიკვდილით მოკვდა» სერგეი ბაღაფში თუ «წაეხმარენ პატარას?». ალბათ უფრო წაეხმარენ: შემთხვევით ხომ არ აუკრძალეს ისრაელში წასვლა ოპერაციის გასაკეთებლად – მაინცდამაინც მოსკოვში უნდა გაიკეთოო.
        არადა, ის პრობლემები, რის გამოც ბოლოს მოსკოვი ბაღაფშს აუხირდა, არსად გამქრალა: რუსეთი კვლავინდებურად მოითხოვს აფხაზური მხარისგან მიწის თავისუფალი ყიდვა-გაყიდვის დაკანონებას. მეტი არც არაფერია საჭირო, რათა აფხაზები ავსტრალიელ პაპუასთა რანგში გადაიყვანონ: ხომ წერდა აფხაზი და ქართველი ხალხების «დაუძინებელი მეგობარი» ეპიფანცევი: «აფხაზები ვალდებულნი არიან დემოგრაფიულ ინტეგრაციაზე დაგვთანხმდენო». რა არის ეს «დემოგრაფიული ინტეგრაცია?» რა და 5 პროცენტი აფხაზებისა – აფხაზეთში! ბაღაფში რომ არ დათანხმდა, იმიტომაც «გაუკეთეს ოპერაცია» და იგივე ელის ნებისმიერ ახალ პრეზიდენტს.
        ფაქტიურად, აფხაზური «ცსკ» - ს საბოლოო ცნობა სასიკვდილო განაჩენის ტოლფასია! პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს, დგება არჩევანის წინაშე: ან რუსულ ზღვაში საბოლოო ჩახრჩობა ან «მოულოდნელი ავადმყოფობა» და საოპერაციო მაგიდა მოსკოვის კლინიკაში.
        მაგრამ ჩვენ რაღა ვქნათ თუ ეს მათი არჩევანია? ვერაფერს ვერ ვიზამთ გარდა შვებისმომგვრელი ქართული ანდაზის გახსენებისა: «გზაც იქით ჰქონიათ და კისერიც უტეხიათ!»

        უკანასკნელი ცნობებით, ალექსანდრე ანქვაბმა ხმების 55 პროცენტი მიიღო და აფხაზეთის მესამე პრეზიდენტი გახდა. ყველაფრით ჩანს, რომ რუსეთმა ამ შემთხვევაში იგივე ტექნოლოგია გამოიყენა, რომელსაც უკრაინაში იყენებდა: იანუკოვიჩს ისე უჭერდა მხარს, რომ თვითონ არ ჩანდა და თვალის ასახევვად ტიმოშენკოს «ეთამაშებოდა». ასევე, აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კრემლს ყველაზე მეტად სწორედ ანქვაბის გამარჯვება აწყობდა, მაგრამ შამბასაც «ეთამაშებოდა» და პოლიტტექნოლოგებსაც უგზავნიდა.
        შამბას გამარჯვება თუ ვინმეს აძლევდა ხელს, (რაოდენ უცნაურიც არ უნდა ყოფილიყო) პირველ რიგში სწორედ ჩვენ – საქართველოს, რადგან შამბას არჩევა მოსკოვსა და სოხუმს შორის ურთიერთობებს კიდევ უფრო გაამწვავებდა: შამბა ძველი აფხაზი ნაციონალისტია, არძინბას თანამებრძოლია და მისი მიზანი აფხაზეთში მოჰაჯირთა დაბრუნებაა, რაც რუსეთს ძალიან არ მოსწონს. ანქვაბი კი ამ და ბევრ სხვა საკითხში უფრო მორჩილი და დამჯერე იქნება.
        საკითხავია, რას შეპირდა ალექსანდრე ანქვაბი პატრონებს პრეზიდენტობის სანაცვლოდ? მოსკოვი რომ მასზე მუშაობდა იქედან ჩანს თუნდაც, რომ რუსეთში მცხოვრებმა აფხაზურმა დიასპორამ დიდი უმრავლესობით მას მისცა ხმა. ისევე, როგორც აფხაზეთში მცხოვრებმა რუსებმა და სომხებმა. მათთან რუსულმა სპეცსამსახურებმა ჭკვიანურად იმუშავეს: «გარედან» არ ჩანდა, თუმცა «შიგნით» ჩუმ-ჩუმად «ურჩევდნენ», ხმა ვისთვის უნდა მიეცათ.
        უახლოეს მომავალში ანქვაბს სამკვდრო – სასიცოცხლო არჩევანის წინაშე დააყენებენ: დააკანონოს მიწის თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა აფხაზეთში, ესე იგი მიჰყიდოს საკუთარი სამშობლო რუს ოლიგარქებსა და «გაზპრომს», ან ისევე დაამთავროს, როგორც ბაღაფშმა. თუ დათანხმდება, აფხაზები გადაემტერებიან სამკვდროდ. თუმცა რუსი «მეგობრები» აუცილებლად ურჩევენ: თანამემამულეთა გადაკიდება ერჩიოს, რადგან კარგ დაცვას გამოუყოფენ. პუტინის რისხვისგან კი ვერავინ და ვერაფერი დაიცავს

2011