აფხაზებს «ქართული ინტიფადა» სერიოზულად აშინებთ

აფხაზებს «ქართული ინტიფადა» სერიოზულად აშინებთ


   

    მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი ჩანაფიქრით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების მიზნით შექმნილ ე.წ. საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში სერგეი შამბასაც უნდა მიეღო მონაწილეობა, სეპარატისტთა «საგარეო საქმეთა» მინისტრი თბილისში არ ჩამოვიდა, რაც (ზოგიერთი ცნობით) მისი ქართველი კოლეგის ერთგვარი გამოფხიზლებით აიხსნება.
    ირაკლი მენაღარიშვილი დღემდე «რატომღაც» ვერ ხვდებოდა, რომ შამბასთან ყოველი კონტაქტი სეპარატისტულ რეჟიმს საშუალებას აძლევს დააფიქსიროს საერთაშორისო სამართალსუბიექტურობა.
    აბა, სხვას რას უნდა ნიშნავდეს «საგარეო საქმეთა მინისტრების» შეხვედრა, თანაც ჟენევაში - მთელი მსოფლიოს თვალწინ?! იმედი ვიქონიოთ, ეს სწორედ ასეა და შამბას ჩამოუსვლელობა რაიმე სხვა მიზეზით არაა განპირობებული.
    შამბას მაგივრად თბილისში ვინმე ქეცბა გვესტუმრა. ეს ქეცბა, როგორც ჩანს, აფხაზური ელიტის წევრთა იმ კატეგორიას განეკუთვნება, რომლის თაობაზეც არძინბამ თბილისში ყოფნისას საქართველოს პრეზიდენტს უთხრა: «აფხაზეთში არიან რადიკალურად განწყობილი ძალები, რომელთა დარწმუნება კომპრომისისა აუცილებლობაში ძალზე ძნელიაო». ქეცბას თავხედობამ მართლაც ყოველგვარ ზღვარს გადააჭარბა. როგორც აღმოჩნდა, იგი საქართველოს დედაქალაქში მხოლოდ იმისათვის ჩამოვიდა, რათა საკოორდინაციო საბჭოს ტრიბუნა (ეს ტრიბუნა ჩვენვე შევუქმენით) გამოეყენებინა და გაეროს წარმომადგენლების, აგრეთვე საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩთა თანდასწრებით გამოეთქვა «პროტესტი ქართული დივერსიული ჯგუფების მოქმედების გამო».
    აქედან დასკვნა: ქართველმა პარტიზანებმა, ბოლო დროს მართლაც ივაჟკაცეს და სეპარატისტებს აგრძნობინეს, რომ აფხაზეთში ომი 1993 წლის 30 სექტემბერში არ დამთავრებულა - ომი გრძელდება და გაგრძელდება სანამ არ აღდგება სამართლიანობა.
    არძინბას ხროვა აშკარად მიხვდა, რომ ქართველი პარტიზანების სახით მძლავრი ფაქტორი გაჩნდა. უფრო ზუსტად, ეს ფაქტორი ადრეც არსებობდა, მაგრამ ისეთი ძალა და მნიშვნელობა არასდროს შეუძენია, როგორც ახლა. სამწუხაროდ, მაშინ, როცა პარტიზანები მშობლიურ მიწაზე იღუპებიან, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე თამაზ ნადარეიშვილი რადიო «თავისუფლებისათვის» მიცემულ ინტერვიუში აცხადებს: აფხაზეთის ლეგიტიმურ სტრუქტურებს სპეციალური რაზმები ჰყავთ ჩამოყალიბებული, მაგრამ ისინი პარტიზანულ მოძრაობაში არ მონაწილეობენ, ვინაიდან ჩვენ არ გვინდა სამშვიდობო პროცესს ხელი შევუშალოთო.
    გაუგებარია, აბა, რისთვის სჭირდებათ ეს სპეცდანიშნულების რაზმები ან ვის უნახავენ? სეპარატისტებთან მრავალწლიანმა მოლაპარაკებამ ცხადყო: არავითარ დათმობაზე ისინი არ მიდიან და არც წავლენ. ერთადერთი, რამაც არძინბას რეჟიმს რეალურ კომპრომისზე წასვლა შეიძლება აიძულოს, არის ძალა, არის ქანცგამცლელი პარტიზანული ომის გაჩაღება აფხაზეთში, განუწყვეტელი დივერსიები, რომელთა შედეგად დაფიქსირდება ის რეალობა, რომ არძინბას ხელისუფლება ფიქციაა.
    თამაზ ნადარეიშვილისავე ინფორმაციით, ამჟამად გალისა და ოჩამჩირის რაიონებში აფსუები, ფაქტობრივად აღარ ცხოვრობენ. ტყვარჩელშიც დაცარიელდა - ომამდე 40 ათასი ცხოვრობდა, ახლა კი 35 ათასამდე კაცი გუდაუთასა და გაგრაში გადასახლდა. ზემოთქმულის დასტურად ერთი ფაქტიც გამოდგება: ოჩამჩირის რაიონში იმდენად უმართავი სიტუაცია სუფევს, რომ აჩიგვარასა და გუდავას მაცხოვრებლები აფხაზურ ადმინისტრაციას თხოვნით მიმართავენ, მათ დასაცავად, გარკვეული საფასურის ფასად ე.წ. აფხაზური შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილიდან 40-კაციანი ჯგუფი გამოიყოს. გალში ღამ-ღამობით, ფაქტობრივად, პარტიზანთა «იურისდიქცია» მოქმედებს. აფხაზური მილიცია შებინდებისთანავე გარბის ოჩამჩირეში.
    საქართველოს ეძლევა შანსი, როგორიც ოთხი წლის განმავლობაში არ ჰქონია: შექმნას აფხაზეთში ისეთი ვითარება, როდესაც თავად სეპარატისტები საქართველოსთან თუნდაც მნიშვნელოვანი კომპრომისის ხარჯზე სტაბილურობის მიღწევით იქნებიან დაინტერესებულნი.
    ჯერ-ჯერობით კი ამის ნიშნებიც არ არის. პარტიზანებს ოფიციალური სტრუქტურები არ ეხმარებიან. ისინი მხოლოდ საკუთარ ვაჟკაცობას ეყრდნობიან და ამდენად ეს მოძრაობა აღნიშნულ მასშტაბებს ვერ იძენს.
   
   
   

მერიდიანი, 26 იანვარი, 1998 წ.