აფხაზებმა რუსები კიდევ ერთხელ გადააგდეს.

აფხაზებმა რუსები კიდევ ერთხელ გადააგდეს.

       

        უბრალოდ საოცარია, რა ადვილად ატყუებენ რუსებს აფხაზები. მით უფრო იმ ფონზე, რომ ჩვენ ეს არ გამოგვდიოდა და არ გამოგვდის. ვგულისხმობ სახელმწიფო პოლიტიკას. ალბათ თვით რუსეთის ხელისუფლების ბრალია, რაკი თვითონ ჩაიგდეს თავი იმგვარ მდგომარეობაში, როდესაც ჯუჯა «სახელმწიფო» როგორც უნდათ ისე ათამაშებს და რა პროვოკაციასაც უნდა, იმას უწყობს. თანაც, სერიოზული შედეგებით რუსეთის «ზესახელმწიფოს» საერთაშორისო პრესტიჟისათვის.
        ბოლო მაგალითია სკანდალი, რომელიც სოხუმში, 30 დეკემბერს ჩატარებული ე.წ. «ერთობლივი კომისიის» სხდომასთან დაკავშირებით აგორდა. სერგეი ლავროვს წლის შემაჯამებელ პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს, მართალია თუ არა, რომ «ქონებრივი საკითხების» განსახილველად შექმნილმა კომისიამ მიიღო აშკარად ნაცისტური გადაწყვეტილება: არ განიხილოს რუსეთის იმ მოქალაქეთა საჩივრები, რომლებიც წარმოშობით ქართველები არიან.
        ასეთი რამ ევროპაში გერმანული ნაციზმის განადგურების შემდეგ არ მომხდარა: რომ სახელმწიფოს საკუთარი მოქალაქეები ეთნიკური ნიშნით გაეყო: აი ამათ საჩივრებს განვიხილავ, ესენი კი ჩემი მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან და მათი უფლებების დარღვევა არ მაღელვებსო. ბუნებრივია, ლავროვმა, ჩვეული უტიფრობით უარყო და განაცხადა: «კომისია ყველა იმ მოქალაქის უფლებათა დარღვევას განიხილავს, ვისაც აფხაზეთში ბინა წაართვეს; ჩვენ მათ ეთნიკური ნიშნით არ ვყოფთო».
        არადა, მინისტრის ეს განცხადება პირდაპირ ეწინააღმდეგება აფხაზეთში ე.წ. რუსეთის საელჩოს მეორე მდივნის, დიმიტრი ვიშერნიოვის სიტყვებს. კომისიის სხდომაზე მან პირდაპირ თქვა: «ერთობლივი გადაწყვეტილებით, რუსეთის ეთნიკურად ქართველი მოქალაქეების საჩივრები არ განიხილება». გამოდის, მინისტრი მისმა ხელქვეითმა ჩააგდო უხერხულ მდგომარეობაში? რუსულ სახელმწიფო წრეეებში რომ სრული «ბარდაგია», ახალი არ არის, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო პროვოკაციასთან გვაქვს საქმე, რომელიც აფხაზურმა მხარემ მოუწყო «კეთილისმყოფელ» რუსეთს ჩვეული გაიძვერობითა და ეშმაკობით:
        სინამდვილეში, აფხაზებს ბინების დაბრუნება არავისთვის არ უნდათ: არც ქართველებისთვის და არც რუსებისთვის. 1992-1993 წლებში სეპარატისტებმა არა მხოლოდ ქართველების, არამედ რუსების (სომხების, ბერძნების, ესტონელების და ა.შ) ეთნიკური წმენდაც განახორციელეს, რათა აფხაზეთში უმრავლესობად ქცეულიყვნენ. უბრალოდ, თუკი ქართველები ძალით გაყარეს, რუსებს და სხვებს ისეთ პირობებს უქმნიდნენ, რომ თვითონ დაეტოვებინათ «სუვერენული აფხაზეთი».
        პრეზიდენტ მედვედევის მიერ აფხაზეთის «დამოუკიდებლობის» აღიარების შემდეგ კი ბევრმა რუსმა დაბრუნება მოითხოვა, თუმცა ნურას უკაცრავად: მათ ბინებში უკვე აფხაზები ცხოვრობენ ან თურქეთში გადასახლებული მოჰაჯირებისთვისაა ის ბინები გადანახული.
        აფხაზურ მხარეს აწყობს რუსეთი ჩააყენოს ისეთ მდგომარეობაში, მოსკოვს სულ თავის მართლება უხდებოდეს: ჩვენ ქართველების კი არა, მხოლოდ ეთნიკური რუსების დაბრუნებას ვითხოვთო. არადა, ასეთი თავის მართლება «გერმანული ნაციზმის დამამარცხებელი» ქვეყნისთვის უბრალოდ სამარცხვინოა! ეს რუსეთს იმავე ნაცისტურ გერმანიას უტოლებს. ამ მიზნით სეპარატისტებმა შემდეგი პროვოკაცია განახორციელეს: საელჩოს მეორე მდივანს ათქმევინეს, რომ კომისია ეთნიკური ქართველების საჩივრებს არ განიხილავდა. ხოლო თუ ვიშერნიოვი ამგვარ განცხადებას არ გააკეთებდა, მაშინ კომისია საერთოდ არ შეიკრიბებოდა. მაგრამ რომ გააკეთა, რუსეთი მაინც დაზარალდა!
        რაც შეეხება თვით კომისიას, ჯერ ჯერობით მან მხოლოდ 40 საჩივარი მიიღო განსახილველად (ალბათ მომჩივნებს წინასწარ სისხლის ჯგუფს და თავის ქალის მოყვანილობას უმოწმებდნენ, როგორც ნაცისტები ჰიტლერულ გერმანიაში – «ქართველი არ გაგვეპაროსო») და «სისხლით სუფთა რუსების» მხოლოდ 6 საჩივარი დააკმაყოფილეს!
        6 საჩივარი ათეულობით ათასიდან!!! თანაც, არ იკითხავთ როგორ დააკმაყოფილეს? – ბინებს კი არ უბრუნებენ, არამედ პირდებიან: რუსეთი რომ მიმდინარე წელს მილიარდებს გადმოგვირიცხავს საქართევლოს ჯინაზე, ამ მილიარდებიდან გარკვეულ ნაწილს ახალი სახლების ასაშენებლად დავხარჯავთ, იმ სახლებში თურქეთიდან გადმოსახლებულ მოჰაჯირებს შევასახლებთ და ბინებს თქვენც გიწყალობებთო.
        მერედა რუსეთს რომ არ მოეწონოს მისი ფულით თურქეთიდან «მოჰაჯირთა» ჩამოსახლება? არ მოეწონება და ის 6 რუსიც უბინაოდ დარჩება. მორჩა და გათავდა.
        ერთმა ჭკვიანმა რუსმა 200 წლის წინ თქვა, რომ ამ ქვეყანას ორი მთავარი პრობლემა აქვს: ცუდი გზები და იდიოტები.
        გზებთან დაკავშირებით, უკეთესობისკენ ბევრი არაფერი იცვლება.

2011