აფხაზების სასაზღვრო თავნებობას რუსეთი მალე ინანებს

აფხაზების სასაზღვრო თავნებობას რუსეთი მალე ინანებს

 

        როგორც ცნობილია, რუსეთის ფედერალური სასაზღვრო სამსახურის დირექტორის მოადგილის, ალექსანდრე მანილოვის თანმხლები ქართული დელეგაცია აფხაზურმა მხარემ «რესპუბლიკაში» არ შეუშვა. ისიც ცნობილია, რომ რუსულ მხარეს ამ დროს აზრადაც არ მოსვლია ელემენტარული ზრდილობა და დიპლომატიური სოლიდარობა გამოეჩინა – უარი განეცხადებინა აფხაზეთში შესვლაზე და გადაედო მოლაპარაკებები; თავის მხრივ, არც გელა ხუციშვილს (საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეს) განუცხადებია, რომ ასეთ შემთხვევაში რუს გენერალს აფხაზეთში შესვლას უკრძალავს.
        ასეთი განცხადება, საერთოდ, რუსულ-ქართული მოლაპარაკებების ჩაშლას გამოიწვევდა, რაც თბილისს ნამდვილად არ აძლევდა ხელს, ვინაიდან რუსეთის სასაზღვრო ჯარების გაყვანა საქართველოდან ჩვენი ქვეყნისათვის არცთუ წამგებიანი პირობებით ხდება.
        რაც შეეხება სეპარატისტთა უარს, არა მგონია აქ რაიმე განსაკუთრებული პოლიტიკური ჩანაფიქრი ყოფილიყო – უბრალოდ, არძინბა მოერიდა საკუთარი ხალხის გაღიზიანებას 14 აგვისტოს (ომის დაწყების დღეს) აფხაზეთში ქართველი სამხედროების შეშვებით.
        დელეგაციის მიღება (ყველაფერ სხვას რომ თავი დავანებოთ) უეჭველად სუფრით დამთავრდებოდა - არძინბა კი მოერიდა სეპარატისტული მოსახლეობის გაღიზიანებას, რათა არავის ეთქვა: «ნახეთ, - ომის დაწყების მეშვიდე წლისთავზე ქართველები დაპატიჟა და აქეიფაო», რაც, სხვათა შორის, იმასაც ნიშნავს, რომ არძინბას ავტორიტეტი აფხაზეთში სულაც არ არის ისეთი შეუვალი და უეჭველი, როგორც თვითონ ცდილობს წარმოაჩინოს. ეს გადაწყვეტილებაც «შიდა დისკუსიის» შედეგი იქნებოდა, თორემ რატომ განაცხადებდნენ წინასწარ თანხმობას შეხვედრაზე (მათ ხომ შესანიშნავად იცოდნენ, რომ შეხვედრა იმ დღეს უნდა გამართულიყო?).
        ასეა თუ ისე, შინაარსობრივად, სოხუმში გამართული რუსულ-აფხაზური მოლაპარაკებების შედეგად ბევრი არაფერი შეცვლილა, - არძინბამ დაადასტურა არაერთგზის ნათქვამი: ქართველ მესაზღვრეს (ანუ საქართველოს მესაზღვრეს) აფხაზეთში არ შეუშვებენ (ამის სიმბოლოც იყო გელა ხუციშვილისათვის ნათქვამი უარი), აფხაზეთის სასაზღვრო აკვატორიას გააკონტროლებენ ე.წ. აფხაზეთის საზღვაო ძალები. აფხაზი «მესაზღვრეები» დაიცავენ აგრეთვე «საზღვარს» საქართველოსა და რუსეთთან (ენგურსა და ფსოუზე); არძინბას რჩება რუსი მესაზღვრეების მთელი უძრავი ქონება, რაც ბუნებრივია, ვინაიდან რუსები უძრავ ქონებას (ყაზარმებს, სხვა სახის ინფრასტრუქტურას) თითქოსდა ზურგზე ვერ მოიკიდებდნენ, მაგრამ მათ (თუ მოინდომებდნენ) ნამდვილად შეეძლოთ გასვლის წინ გაენადგურებინათ ეს ინფრასტრუქტურა - როგორც საქართველოს სხვა ტერიტორიაზე მოიქცნენ.
        რუსი მესაზღვრეები აფხაზეთს საბოლოოდ 1 ნოემბრისათვის დატოვებენ – იგულისხმება მათი ოჯახის წევრთა გაყვანაც აფხაზეთის ტერიტორიიდან. რუსულ-ქართული შეთანხმებით, მოძრავი ქონება თან უნდა გაიტანონ, რასაც ალბათ, მხოლოდ ნაწილობრივ თუ განახორციელებენ, - ბევრ რამეს სეპარატისტებსაც დაუტოვებენ. ასეა თუ ისე, პირველად, 200 წლის განმავლობაში, რუსი მესაზღვრეები დატოვებენ საქართველოს.
        აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს ხელისუფლება უდავოდ დათანხმდებოდა მათ დარჩენას ქვეყანაში (როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო საზღვარზე), თუ რუსები რეალურად განახორციელებდნენ აფხაზეთის საზღვაო ბლოკადას, ანუ შეუშვებდნენ სოხუმისა და გალის პორტებში სხვა ქვეყნების გემებს.
        მაგრამ რუსებმა ეს არ ინდომეს, ვინაიდან აფხაზურ მხარესთან ურთიერთობის გაფუჭება არ სურდათ. იმავდროულად კი უნდოდათ დარჩენილიყვნენ აფხაზეთში (ისევე, როგორც აფხაზეთის საზღვაო აკვატორიაში), რათა აღეკვეთათ მათთვის არასასურველი ტვირთების მოძრაობა ჩრდილოეთ კავკასიისაკენ; ანუ მოსკოვი აპირებდა «დაეცვა» აფხაზეთის საზღვრები მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და სრულებით არ გაეთვალისწინებინა საქართველოს ინტერესები. აქედან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლება მოიქცა სწორად, როდესაც გადაწყვიტა: სჯობს აფხაზეთის საზღვაო აკვატორია საერთოდ არ იყოს დაცული, ანუ პრობლემები შეუქმნას რუსეთსაც.
        პრობლემები კი რუსეთს უეჭველად შეექმნება: «ნეზავისიმაია გაზეტას» გაიძვერა ექსპერტები უკვე შეშფოთებით კითხულობენ: «გაუგებარია, აფხაზეთიდან რუსული სასაზღვრო შენაერთების გაყვანის შემდეგ ვინ იცავს დსთ-ს საზღვრის იმ მონაკვეთს, რომელიც ფეთქებადსაშიშ ჩრდილოკავკასიას ესაზღვრება?»
        ვინ და არძინბას სეპარატისტული რეჟიმი! რომელიც მოქმედებს სწორედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ანუ იგი, ადრე თუ გვიან, უეჭველად უზრუნველყოფს ანტირუსული მოძრაობის «ექსპორტს» ჩრდილოეთ კავკასიაში.
        მაშინ კი ინანებენ რუსები, მაგრამ გვიან იქნება.

მერიდიანი, 18 აგვისტო, 1999 წელი